როგორია ერეკლე მეორის დროინდელი თბილისის აღწერის შედეგები
თბილისის შესახებ არაერთი საინტერესო ნაშრომია შექმნილი, მაგრამ ქალაქის აღწერების შესახებ ცნობები მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნიდან არის მოცემული. ჩვენი რესპონდენტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი, ზაქარია ჭიჭინაძის მიერ 1917 წელს გაზეთ „საქართველოში” დაბეჭდილ პუბლიკაციის – „ძველი ტფილისის აღწერანი და მცხოვრებთა რაოდენობა” – მიხედვით გვთავაზობს რამდენიმე საინტერესო ცნობას ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ რამდენჯერ იქნა აღწერილი ერეკლეს თანამედროვე თბილისი, რამდენი უბანი, აბანო თუ ქარვასლა ფუნქციონირებდა მასში და რამდენია მაშინდელი თბილისის მოსახლეების რაოდენობა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო ლევან, რა ცნობას გვაწვდის ზაქარია ჭიჭინაძე თბილისის აღწერასთან დაკავშირებით?
– მეფე ერეკლეს დროს თბილისი ოთხჯერ ყოფილა აღწერილი. პირველი აღწერის ცნობები ჩვენამდე არ არის მოღწეული, მეორე აღწერა 1769 წელს მომხდარა, იმ დროს, როდესაც აკადემიკოსი გულდენშტედტი თბილისში იმყოფებოდა. ამ უკანასკნელმა აღწერა თბილისის ხალხი, ვაჭრები, სამეფო წყობილება და სხვა. მეორე აღწერა ეკუთვნოდა „ევროპაში გაზრდილს და ნასწავლს პაატა ბატონიშვილს.” ამ აღწერით ვიგებთ: „1769 წელს თბილისის მცხოვრებთა რიცხვი იყო 85 ათასი სრული ორივე სქესისა, ხოლო კომლეულად იყო 21 ათასი კომლი”.
თბილისის მესამე აღწერა მოხდა 1780 წელს. ამ აღწერას მეთაურობდნენ სოლომონ ლიონიძე და გარსევან ჭავჭავაძე. ამ დროისათვის თბილისში მცხოვრებთა რიცხვი ბევრად ნაკლები ყოფილა, ვიდრე 1769 წელს – „სულ 75 ათასი მცხოვრები, ამათში 50 ათასი ქართველი იყო ორივე სქესისა, 10 ათასი სომეხი, 10 ათასი მაჰმადიანი, რუსი, პოლონელი, ნემენცი, იტალიელი მცირე რიცხვი, ქართველი ურია 5 ათასი.” აქვეა მითითებული, თუ სად ცხოვრობდნენ ქართველი ურიები.
– სად ცხოვრობდნენ თბილისელი „ქართველი ურიები”?
– „ქართველი ურიები“ ცხოვრობდნენ სიონის შეყოლებაზე, ფეთხაინის ძირას: თვით ეს სიტყვა, „ფეთხაინი”, ურიულად თურმე „სასაფლაოს“ ნიშნავს. ასე რომ, „ამათი სასაფლაოც ვითომც აქვე ყოფილა ძველად”, – ვკითხულობთ ზაქარია ჭიჭინაძის პუბლიკაციაში.
იმხანად თბილისელი ურიები მდიდრები ყოფილან: მათ ორი სალოცავი და ორი ქარვასლა ეკუთვნოდათ. ურიებს თბილისში ოთხი ქუჩა სჭერიათ – ფეთხაინის უბნიდან მოყოლებული, მტკვრის პირამდე. აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის დარბევის შემდეგ ქალაქში მათი რიცხვი შემცირდა. როცა ქართლ-კახეთი რუსეთს შეუერთდა, თბილისში ურიების 20 კომლიღა ბინადრობდა და ისინი ამ დროისათვის ღარიბ-ღატაკები იყვნენ.
– როდის მოხდა თბილისის აღწერა მეოთხედ?
– თბილისის მეოთხედ აღწერა მოხდა 1790 წელს. ამ აღწერას, მეფე ერეკლეს დავალებით, ახორციელებდა დავით რექტორი. ამჯერად თბილისში მცხოვრებთა რიცხვი ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე 1780 წელს – სულ 72 ათასი სული. აღმწერი განმარტავს: „მიზეზი ამისა ის არის, რომ ხშირის ომებისა და თავდასხმისაგან მცხოვრებნი თფილისიდამ სოფლად იხიზნებოდნენ”. 1790 წლისთვის დედაქალაქში ყოფილა 44 ათასი ქართველი, 12 ათასი სომეხი, 5 ათასი ურია, 10 ათასი მაჰმადიანი და 2-3 ათასიც – სხვადასხვა ერის წარმომადგენელნი.
– ერეკლეს თანამედროვე თბილისის უბნების შესახებ რას გვამცნობს ზაქარია ჭიჭინაძის ეს პუბლიკაცია?
– მაშინდელი თბილისი 8 ნაწილად ყოფილა გაყოფილი: 1. ქვაშვეთის უბანი, 2. გარეთ უბანი, 3. განჯის კარი, 4. ავანაანთ უბანი, 5. ავლაბარი, 6. ჩუღურეთ-კუკია, 7. ვერა, 8. სეიდაბადი.
ხელოსანთა სახელოსნოები და სავაჭროები განლაგებული ყოფილა: 1. სირაჯ-ხანაში, ავლაბრის, ისნის შეყოლება აღმართზე. 2. ჭოინ-ხანა, ძირითადად, ტყავის ხელოსნებსა და მექუდეებს ეკავათ. 3 ხარაზ-ხანა სიონის პირისპირ მდებარეობდა. 4. ყასაბ-ხანა და 5. ზარაფხანის უბანი. ცნობილია, რომ ქართველ მეფეთა ზარაფხანა 1803 წელს ქართველთა სამღვდელოებამ წმიდა სანთლის ქარხნად გადააკეთა.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, თბილისი უბნებადაც იყო დაყოფილი.
– მაშინდელი უბნების რა დასახელებებია შემორჩენილი?
– სიონის უბანი, ფეთხაინის უბანი, კვირაცხოვლის უბანი, მეიდნის უბანი, ცხენის მოედანი, ჯვარის მამის უბანი, დაბახანა, ზარაფხანის უბანი, მეიდნის თავი და სხვა. თითო უბანში 10-15 ქუჩა მაინც იყო.
სახლები თბილისში ქვიტკირისა ყოფილა, მათი უმეტესობა ყავარით იყო გადახურული. ორ-სამსართულიანი სახლები უფრო მეტად აივნიანი და ფერადშუშებიანი ყოფილა. მაშინ, რა თქმა უნდა, შპალერი არ არსებობდა, ამიტომ კედლებს ძირითადად სხვადასხვაფრად ღებავდნენ საღებავით. ყველაზე ხშირად ორსართულიან სახლებს შეხვდებოდით იმდროინდელ თბილისში.
რაც შეეხება ერეკლეს სასახლეს, ის სამსართულიანი იყო, აივნებით, შუშაბანდებითა და ბაღებით. ეს შენობა, ისევე, როგორც მთლიანად თბილისი აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას განადგურდა.
– კიდევ რა ინფორმაციას ვიგებთ ამ პუბლიკაციიდან?
– თბილისში მრავლად ყოფილა წყაროები, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ დაკარგულა ძველი შენობების მოსპობის გამო. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანმა შემოსევისას თბილისის სახლები ისე მოსპო, მხოლოდ რამდენიმეღა დარჩენილა. ერთი – ჯვარის მამის ზემოთ, სადოვოის ქუჩაზე (როგორც მაშინ უწოდებდნენ) – მელიქიანთ სახლი, რომლის ბანზედაც იჯდა აღა-მაჰმად-ხანი და თბილისის აოხრებასა და დაწვას დურბინდით ადევნებდა თვალს და, ერთიც, ფეთხაინის უბნის ძირას – მუნთუაშვილების სახლი. მუნთუაშვილების სახლს ერთი დიდი დარბაზი ჰქონია. თურმე, ამ დარბაზს 1780 წლამდე საქორწინოდ ქირაობდნენ და „მუნთუნაანთ დარბაზად” მოიხსენიებდნენ. სხვა ყველაფერი მომსპარა იმდროინდელი თბილისის შენობათაგან და, მათთან ერთად – წყაროებიც.
– აბანოების ან ხიდების შესახებ თუ არის ცნობები შემონახული ამ პუბლიკაციაში?
– 1790 წელს თბილისში 3 ხიდი ყოფილა. ორი ხისა, ავლაბრისკენ და მესამე – ქვიტკირისა. ქვიტკირის ხიდიც აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას განადგურებულა.
რაც შეეხება აბანოებს, თბილისში 13 აბანო ყოფილა: ორი – სამეფო, ორი – ორბელიანებისა, ერთი – ბარათაანთი, ერთი – ციხისა, ერთი – ქართველთ მთავრობისა, ერთი – ციციშვილებისა, ერთი – ჯავახიშვილებისა, ერთი – ბებუთაშვილებისა, რომელიც 1760 წელს შეუძენიათ, ერთი – სომეხი მოქალაქისა.
ორმოცდაათამდე სავაჭრო და სახელოსნო ქარხანა ყოფილა ერეკლეს თანამედროვე თბილისში, მათ შორის – 24 ქარვასლა, რომელთაგან ოთხი – სამეფო ბატონიშვილებისა იყო, ერთი – მეფე ერეკლესი. მეოცე საუკუნის დასწყისში, ანუ მაშინ, როდესაც ზაქარია ჭიჭინაძე აღნიშნულ პუბლიკაციას ამზადებდა, ერეკლეს ქარვასლა, თურმე ეროვნებით სომეხ ონანოვს ეკუთვნოდა.
მთელ თბილისს გარს ეკვროდა გალავანი, რომელსაც ოთხი კარი ჰქონდა: ერთი – ორთაჭალისკენ, ანუ განჯისკარი, მეორე – ავლაბარში, მესამე – გარეთ უბანში მეოთხე კი – სოლოლაკში.
აი, ასეთია ერეკლეს თანამედროვე თბილისი, იმ ეპოქის ოთხი აღწერის მიხედვით.
აქვე მთავაზობთ ცხრილს, რომელიც, მჯერა, მკითხველისთვის ძალიან საინტერესო იქნება.