კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას წერდნენ ილიას მკვლელობის შემდეგ – ვაჟა-ფშაველა, კონსტანტინე გამსახურდია, იაკობ გოგებაშვილი და ნოე ჟორდანია

1907 წლის 31 აგვისტოს გაზეთმა „ისარმა” საქართველოს ამცნო საუკუნის ტრაგედია: „საგურამოს გზაზე მოუკლავთ ილია ჭავჭავაძე და დაუჭრიათ მისი მეუღლე”. საქართველო დარჩა უილიაოდ. თითქმის 40 წლის განმავლობაში ქართულ სინამდვილეში მომხდარი ყველა მოვლენა პირდაპირ, ან არაპირდაპირ უკავშირდებოდა ილიას. რა ხდებოდა ქვეყანაში ილიას მკვლელობის შემდეგ, როგორი იყო უილიაოდ დარჩენილი საქართველო, ამის შესახებ გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული.

– როგორ აღიქვა ქართულმა საზოგადოებამ საუკუნის ტრაგედია?

– ხშირად ისტორიკოსები სხვადასხვა მიზეზთა გამო, მოვლენას შეალამაზებენ და ანგარიშს არ უწევენ ისტორიულ რეალობას. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დროს ისტორიული რეალობა ასეთი იყო: ქართველი საზოგადოების უდიდეს ნაწილს ილიას მკვლელობა საუკუნის ტრაგედიად არ აღუქვამს. ეს ძალზე არასასურველი, შეიძლება ითქვას, სამარცხვინო რეალობაა. უფრო მეტიც, ილია, სიცოცხლეში საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არ იყო „ერის სულიერი მამა” და „საქართველოს უგვირგვინო მეფე”. მისი მკვლელობის შემდეგ, ვაჟა-ფშაველამ სცადა, ქართველი ერის გამოფხიზლება, მან პირველმა უწოდა ილიას „მამა”, „ქართველთათვის თავდადებული”, „ერთადერთი ბურჯი”, „პირველი ადამიანი”. ილიას დიდი ღვაწლი ვაჟა-ფშაველამ ძალზე მოკლედ და ორიგინალურად ასე შეაფასა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოჰკლავდნენ.” ვაჟა-ფშაველასეულ შეფასებას იზიარებდნენ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, მაგრამ ვაჟასეული პათოსი მთლიადან ქართველი საზოგადოებისთვის უცხო იყო. ილია ჭავჭავაძისადმი ასეთი დამოკიდებულება განაპირობა მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან და მეოცე საუკუნის დამდეგიდან ქართულ სინამდვილეში მომხდარმა დიდმა ცვლილებებმა.

– კერძოდ, რაში გამოიხატებოდა ეს ცვლილებები?

– მეცხრამეტე საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოში, სხვადასხვა მიზეზების გამო, სწრაფად გაძლიერდა სოციალისტური მიმდინარეობა. სოციალურმა დემაგოგიამ მოხიბლა ბურჟუაზიულ ურთიერთობათა განვითარების კვალობაზე სულ უფრო მზარდი მუშათა ფენა და ღარიბი გლეხობა. საქართველოში საშუალო ფენის სისუსტემ სოციალისტებს საშუალება მისცა, დაუფლებოდნენ მასას და თავისი სურვილის მიხედვით ემართათ ის. ყოველივე ამას დაემთხვა ეროვნული მოძრაობის დაშლა ცალკეულ მიმდინარეობებად. მართალია, ილია ჭავჭავაძე და შემდეგ არჩილ ჯორჯაძე ცდილობდნენ, ეროვნული მოძრაობის სხვადასხვა მიმდინარეობათა გაერთიანებას, მაგრამ ამას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია.

– ნუთუ ქართველი საზოგადოების ელიტამ ვერ შეამჩნია ეს საბედისწერო მოვლენა?

– რა თქმა უნდა, შეამჩნია, მაგრამ სოციალისტური ორიენტაციის ძალების წინააღმდეგ ბრძოლა არც ისე ადვილი იყო. სოციალისტებმა იმთავითვე მიმართეს ტერორს. ისინი არც მოწინააღმდეგეთა ფიზიკური ლიკვიდაციისაგან იკავებდნენ თავს. საზოგადოება დაშინდა. პირველი საგანგაშო მოვლენა მოხდა 1897 წელს, როდესაც სოციალ-დემოკრატებმა ფილიპე მახარაძის, სილიბისტრო ჯიბლაძისა და სხვათა წინამძღოლობით, არ დაუშვეს ილია ჭავჭავაძის 60 წლის იუბილეს აღნიშვნა. სოციალ-დემოკრატებმა ვითარება იმდენად დაძაბეს, რომ ხელისუფლებაც კი დაშინდა, იუბილეს რაიმე ექსცესები არ მოჰყოლოდა. სოციალ-დემოკრატებმა 1898 წელსაც არ დაუშვეს ილიას იუბილეს აღნიშვნა. კიდევ უფრო საგანგაშო იყო ის, რომ სოციალ-დემოკრატებისაგან წაქეზებულმა ბრბომ, 1903 წელს ნაძალადევში ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით მისული ილია კინაღამ ჩაქოლა. ასე რომ, ქართველ საზოგადოებას დაფიქრებისა და განსჯისათვის მასალა საკმაოზე ბევრი ჰქონდა, მაგრამ სოციალ-დემოკრატებთან დაპირისპირებას, ვერავინ ბედავდა. ხელისუფლებაც ორმაგ თამაშს თამაშობდა: ილიას წინააღმდეგ სოციალისტებს კარგად იყენებდა.

– მაინც როგორი იყო პირველი დღეები ილიას მკვლელობის შემდეგ?

– საზოგადოება დაიზაფრა. ყველას თავში უტრიალებდა ერთი კითხვა: ვინ მოკლა ილია? ამ კითხვაზე პასუხის ძიებამ საზოგადოებას დროებით დაუკარგა სურვილი და უნარი ეპასუხა კითხვისთვის, – ვინ მოკლეს?.. ვისაც არ უნდა მოეკლა ილია, ცხადია, ეს ვერ შეცვლიდა უმთავრესს: საქართველომ დაკარგა სულიერი მამა და უგვირგვინო მეფე. საზოგადოების დაბნეულობით კარგად ისარგებლეს სოციალ-დემოკრატებმა და დასაფლავების დღესაც გააგრძელეს ბინძური კამპანია ილიას წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ, როგორი დაჩლუნგებული და უუნარო უნდა ყოფილიყო საზოგადოება, როდესაც რამდენიმე ასეული ქართველი მორჩილად ისმენდა მთაწმინდაზე ილიას კუბოსთან სოციალ-დემოკრატ კარლო ჩხეიძის მიერ წარმოთქმულ შემდეგ სიტყვებს: „ჭეშმარიტებაზე ძლიერ შორს იქნება, თუ ვინმე იტყვის: თითქოს ჩვენ ყველანი ერთნაირად ვუყურებდეთ შენს წარსულს, ყველანი ერთნაირად ვაფასებდეთ შენს მოღვაწეობას... დაე, გაქონ და გადიდონ შოვინისტებმა – როგორც მამულის შვილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევუერთდებით ასეთების ქებათა ქებას...” და ყოველივე ეს, მშვიდად მოისმინა ილიას კუბოსთან მდგომმა ქართველობამ. ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სოციალ-დემოკრატებმა დააშინეს საზოგადოება.

– ცხადია, გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები შინაგანად არ გაიზიარებდნენ კარლო ჩხეიძის აზრს, მაგრამ საინტერესოა, რას ფიქრობდნენ სხვა ცნობილი სოციალ-დემოკრატები?

– ცხადია, შინაგანად არ გაიზიარებდნენ, თუმცა, რადიკალური მოქმედებებისაგან თავს იკავებდნენ. ამან სოციალ-დემოკრატები კიდევ უფრო წააქეზა. ილიას გარდაცვალებიდან 40 დღის თავზე, უფრო სწორად ერთი დღით ადრე, 1907 წლის 9 ოქტომბერს, გაზეთში „ჩვენი გზა” დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას წერილი – „ბნელი ძალები”. ამ წერილში ნოე ჟორდანია კატეგორიულად უარყოფს სოციალ-დემოკრატების რაიმე კავშირს ილიას მკვლელობასთან. ამავე დროს, იგი არ უარყოფს, რომ სოციალ-დემოკრატებმა მოამზადეს ნიადაგი ილიას მკვლელობისთვის. ნოე ჟორდანია ამაყობს იმით, რომ სოციალ-დემოკრატების მიერ მომზადებულმა ნიადაგმა წარმოშვა (1905-1907 წლების) რევოლუცია. თავის მსჯელობას კი ნოე ჟორდანია შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: „სადაც ხე იჭრება, იქ ნაფოტებიც ცვივა”. ცხადია, ნაფოტად ნოე ჟორდანია ილია ჭავჭავაძეს მიიჩნევდა.

– მაინც დაუჯერებელია, რომ თუნდაც რევოლუციით დაშინებულმა ქართველმა საზოგადოებამ, რაღაც ფორმით არ გამოხატა პროტესტი.

– ილიას მკვლელობიდან 2-3 წლის განმავლობაში სოციალ-დემოკრატები პირში ბურთს სჩრიდნენ ყველას, ვინ კი ილიას მკვლელობას მათ სახელს უკავშირებდა. ამავე დროს, განაგრძობდნენ ილიასა და მისი ნააზრევ-ნაღვაწის განქიქებას. ილიას მკვლელობის შემდეგაც მის წინააღმდეგ ბრძოლის მთელი გაბოროტებით გაგრძელება, მართლაც რომ, აუტანელი იყო. ყოველივე ამის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა იაკობ გოგებაშვილმა თავის შესანიშნავ წერილში: „ილიას მეორედ მოკვლის წადილი”, რომელიც 1908 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდა ჟურნალ „საქართველოში”. იაკობი წერდა: „ილიას მეორედ მოკვლა მოიწადინეს. მოკვლა არა ფიზიკური, რომლის გამეორება შეუძლებლად გახადეს უსულგულო ავაზაკებმა, არამედ მოკვლა სულიერი. ეს უკანასკნელი მკვლელობა, რასაკვირველია, უფრო მძიმეა, უფრო საზიზღარია, ვიდრე პირველი.” სამწუხაროდ, იაკობ გოგებაშვილის წერილის მსგავს წერილებს იმდროინდელ პრესაში თითქმის ვერ წააწყდებით. პირიქით, ფილიპე მახარაძე და პეტრე გელეიშვილი კვლავ განაგრძობდნენ ილია ჭავჭავაძის ნააზრევისა და ნაღვაწის განქიქებას. დასცინოდნენ ილიას ეროვნულ პროგრამას. 1914 წელს ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე ცინიკური განცხადება გაკეთდა: „ილიას ძველი საქართველო დამარცხდა... ის მოკვდა და ალაგი ახალ საქართველოს დაუთმო... ძველ საქართველსთან ერთად დამარცხდა მისი დაუღალავი იდეოლოგი ილიაც... ილია დარჩა მარტოდმარტო, უმწეო, უამხანაგო, უკარისკაცო და მარტოდმარტო დაიღუპა.” ასეთ ვითარებაში საქართველოში არ დაწერილა წიგნი, რომელიც ობიექტურად შეაფასებდა ილია ჭავჭავაძეს, მის ნააზრევსა და ნაღვაწს.

– როდემდე გაგრძელდა ასეთი დამოკიდებულება ილია ჭავჭავაძისადმი?

– გაგრძელდა ძალიან დიდხანს. საბოლოო ჯამში, 1934 წლამდე. თუმცა, მანამდეც შეინიშნებოდა სასიკეთო მოვლენები. 1917 წელს კონსტანტინე გამსახურდიამ, აბაშისპირელის ფსევდონიმით, დაბეჭდა წერილების სერია სათაურით: „ილია ჭავჭავაძე თუ არჩილ ჯორჯაძე“. იმავე წელს გამოქვეყნდა არტურ ლაისტის „მოგონება ილია ჭავჭავაძეზე”. 1917 წელსვე ილიას ნაწარმოებები შეიტანეს სკოლაში საკითხავ წიგნში, ხოლო 1918 წელს საშუალო სკოლების ქართული ლიტერატურის ქრესტომათიის კრებულში.

– რა უშლიდა ხელს ილიას ჯეროვნად დაფასებას?

– ილიას ჯეროვნად დაფასებას 1921 წლიდან ხელს უშლიდა საქართველოში დამყარებული პოლიტიკური რეჟიმი – საბჭოთა ხელისუფლება. საქართველოში ამ დროს პირველკაცობდნენ ილიას მკვლელობის ორგანიზატორები: ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ის ადამიანები, რომლებიც თავგამოდებით ებრძოდნენ ილიას, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დამდეგიდან. ცხადია, ილია ჭავჭავაძის იდეური და ფიზიკური მკვლელები არ დაუშვებდნენ მის ჯეროვნად დაფასებას. გარდა ამისა, ილია, როგორც მოაზროვნე, მიუღებელი იყო საბჭოთა ხელისუფლებისთვის. ასე რომ, მისი უარყოფა მოსკოვის გეგმებშიც შედიოდა. ილია გამოცხადდა „თავად-აზნაურობის იდეოლოგად”, „რეაქციონერად”, „გლეხობის მჩაგვრელად”, „სასტიკ მემამულედ” და ასე შემდეგ. არავინ იცის, როდემდე იქნებოდა შენარჩუნებული ილია ჭავჭავაძის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რომ არა, სრულიად კონკრეტული მიზნით, იოსებ სტალინის დაინტერესება ილიათი. თუმცა, თვით სტალინისთვისაც ძალზე ძნელი გამოდგა, ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანიის შეწყვეტა.


скачать dle 11.3