ნუ „შეუჩიჩხინებ“
თუ ნაკვერჩხალს შეუჩიჩხინებთ, გააღვივებთ ცეცხლს და არც ეს არის ზოგჯერ სასურველი, მაგრამ, თუ შეუჩიჩხინებთ მამაკაცს, რომელიც ცდილობს, თქვენს „პროვოკაციაზე” არ წამოეგოს, ხელში სკანდალი თუ არა, ჩხუბი მაინც აუცილებლად შეგრჩებათ. არ იფიქროთ, გირჩევთ, საერთოდ არ შეაწუხოთ მისი უდიდებულესობა მამაკაცი, რადგან, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია. მაგრამ, „შეჩიჩხინება” სხვა რამეა. ახლავე განგიმარტავთ მის არსს. ყველას, თითოეულ ჩვენგანს, გვაქვს რაღაც „ხელშეუხებელი” და მას მხოლოდ უახლოეს ადამიანებს ვანდობთ. მაგალითად, მტკივნეული, სევდიანი მოგონება; საკუთარ თავზე გადახდენილი ისეთი ამბავი, რომელიც დღესაც უსიამოვნოდ გიწუხებთ სინდისს; ან, თქვენი ხასიათის რომელიმე თვისებიდან გამომდინარე ჩადენილი შეცდომა. როცა პარტნიორი მსგავს „ინტიმურ” წვრილმანებს განდობთ, ის უსაზღვრო ნდობას გიცხადებთ. და თქვენ მისი სულის რაღაც ნაწილის თანამესაკუთრე ხდებით. არასოდეს ისარგებლოთ ბოროტად ამით. მისი საიდუმლოს შენახვა თუ არა, დავიწყება მაინც უნდა შეძლოთ და, ღმერთმა არ ქნას, ოდესმე წამოაძახოთ. ჯერ ერთი, ეს სულმდაბლობაა და, მეორეც – შეიძლება, ერთ წამში ისე გაიფუჭოთ ურთიერთობა, ვეღარასოდეს გამოასწოროთ. თუ ფიქრობთ, რომ მასთან საერთო აღარაფერი გაქვთ, თქვენი ნებაა, მაგრამ, წამოძახება, იმ ცოდვების გახსენება, რომელსაც თავადვე მიიჩნევს ცხოვრების ლაქად, ახლობელი ადამიანისგან განსაკუთრებით მტკივნეულია. ამიტომ, შეიკავეთ თავი და ნუ გამოიწვევთ ქარიშხალს.