რა აკავშირებს მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტს რუსეთის დუმის დეპუტატთან და ვინ დაეღუპა მას ამერიკელების განხორციელებული სპეცოპერაციის დროს
ხანგრძლივი დროის განმავლობაში აიმან ალ-ზავაჰირი „ალ-ქაიდას” მეორე ლიდერად და ტერორისტული ქსელის მთავარ იდეოლოგად ითვლებოდა, ხოლო, მას შემდეგ რაც, ამერიკელებმა ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელს მიაგნეს პაკისტანში და მისი ლიკვიდირება მოახდინეს, „მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის” „საპატიო“ ტიტული და მსოფლიოში „ყველაზე ძებნილი ბოროტმოქმედის“ სახელი 59 წლის ალ-ზავაჰირის ეწოდა.
აიმან მუჰამედ რაბაიე ალ-ზავაჰირი 1951 წელს, ეგვიპტურ გიზაში დაიბადა. მისი მშობლები, რაბი ალ-ზავაჰირი და უმაიმა აზზამი, ცნობილი ეგვიპტური გვარების წარმომადგენლები იყვნენ. აიმანის ბაბუა დედის მხრიდან, აბდალ-ვაჰაბ აზზამი, ქაიროს უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და სხვადასხვა დროს ეგვიპტის ელჩი იყო პაკისტანში, საუდის არაბეთსა და იემენში. მისი დაარსებულია მეფე საუდის უნივერსიტეტი ერ-რიადში. აიმანის ნათესავები მამის მხრიდან, მედიცინის სფეროს მუშაკები იყვნენ, მამამისი კი დროთა განმავლობაში ქაიროს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში ასწავლიდა. აიმანი მამის კვალს დაადგა და, 1968 წელს, მაადის სახელმწიფო სკოლის დამთავრების შემდეგ, ქაიროს უნივერსიტეტის სამედიცინო სექტორში მოეწყო, სადაც ქირურგის პროფესიის შესწავლა დაიწყო (არაოფიციალური მონაცემებით, ქირურგიის ნაცვლად, აიმან ალ-ზავაჰირი პედიატრიასა და ოკულისტობას სწავლობდა). 1974 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, აიმანი სამი წლის განმავლობაში ეგვიპტის არმიაში ქირურგად მუშაობდა. 1978 წელს მან საკუთარი კლინიკა გახსნა მაადიში და იმავე წელს დაიცვა ქირურგის მაგისტრის ხარისხი.
14-15 წლის ასაკში აიმანი პირველად ჩაერთო ისლამისტურ დაჯგუფებებში, რომელთა მთავარი მიზანი ეგვიპტის მოქმედი რეჟიმის – გამალ ნასერის მთავრობის გადაყენება იყო. 1970 წელს ეგვიპტის სათავეში ნასერის ნაცვლად პრეზიდენტი ანვარ სადატი მოვიდა, რომელმაც სცადა ისლამისტებთან კავშირის დამყარება, თუმცა, არ გამოუვიდა. იმ დროისთვის აიმან ალ-ზავაჰირი 40-კაციან დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, 70-იანი წლების ბოლოსკენ კი იგი ისლამისტური ორგანიზაცია „ისლამის ჯიჰადის” წევრი გახდა, რომლის მიზანი სადატის მთავრობის გადაყენება იყო. 1979 წელს ანვარ სადატმა აკრძალა ყველა ისლამისტური პოლიტიკური ორგანიზიციის საქმიანობა და მშვიდობის ხელშეკრულება გააფორმა ისრაელთან, რამაც ალ-ზავაჰირისა და სხვა ისლამისტების უკმაყოფილება გამოიწვია. არსებობს ვერსია, რომ თავის კლინიკაში ალ-ზავაჰირის სპეციალური სამალავი ჰქონდა გაკეთებული, სადაც ორგანიზაციის მთლიანი შეიარაღება ინახებოდა.
მას შემდეგ, რაც საბჭოთა ჯარები ავღანეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, აიმან ალ-ზავაჰირი პაკისტანში გადავიდა, სადაც სამედიცინო დახმარების გაწევა დაიწყო ავღანელი დევნილებისთვის. პაკისტანში ალ-ზავაჰირი 1980-1981 წლებში იმყოფებოდა, რა დროსაც იგი ხშირად მიდიოდა ავღანელი მოჯაჰედების ბანაკებში. იმ პერიოდში „ალ-ქაიდას” ერთ-ერთი იდეოლოგი ღიად საუბრობდა, რომ მტრის რანგში, საბჭოთა კავშირთან და ისრაელთან ერთად, იგი ამერიკასაც განიხილავდა.
1981 წელს ისლამისტებმა ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადატი მოკლეს. ალ-ზავაჰირიმ განაცხადა, რომ მან ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე იცოდა, რომ სადატი მოკვდებოდა. ეგვიპტის მთავრობამ, ჰოსნი მუბარაქის ხელმძღვანელობით, ომი გამოუცხადა რადიკალურ ისლამისტებს და ბევრი მათგანი დააპატიმრა, მათ შორის ალ-ზავაჰირიც, რომელმაც ციხეში სამი წელი გაატარა და სადაც იგი ჭეშმარიტ რადიკალურ ისლამისტ ფუნდამენტალისტად იქცა. 1984 წელს ალ-ზავაჰირი ციხიდან გათავისუფლდა და სამედიცინო პრაქტიკას დაუბრუნდა. 1985-1986 წლებში იგი ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე დაბანაკდა, სადაც, სხვადასხვა წყაროს ცნობით, პირველად შეხვდა ოსამა ბინ ლადენს, ადამიანს, რომელიც ავღანელ მოჯაჰედებს ფინანსურ დახმარებას უწევდა. 1987 წელს აიმან ალ-ზავაჰირიმ, მისმა ძმამ მუჰამედ ალ-ზავაჰირიმ და ეგვიპტელმა ექიმმა საიდ იმამმა, ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადი” ააღორძინეს. არსებობს ვერსია, რომ ორგანიზაციას ფინანსურ დახმარებას „ცეერუ” უწევდა. იმ პერიოდში ალ-ზავაჰირისა და ბინ ლადენს შორის მჭიდრო ურთიერთობა დამყარდა, „ალ-ქაიდა” კი, სწორედ მათი ერთობლივი იდეით, 1988 წელს ჩამოყალიბდა, როგორც ორგანიზაცია, რომლის წევრები ავღანეთის ომის ვეტერანები იყვნენ. სხვათა შორის, ავღანეთის ომის დროს აიმან ალ-ზავაჰირის აბდელ მუიზის სახელით იცნობდნენ.
90-იანი წლების დასაწყისში იყო რამდენიმე ვერსია თუ სად ცხოვრობდა აიმან ალ-ზავაჰირი. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, „ალ-ქაიდას” დამაარსებელი თავს აფარებდა შვეიცარიას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ავღანეთსა და პაკისტანის ქალაქ პეშავარს. იგი ბევრს მოგზაურობდა: ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, არგენტინაში, ფილიპინებზე, იემენში, ერაყში, ირანსა და ავსტრიაში. ბალკანეთის ომის დროს ალ-ზავაჰირი ბინ ლადენის უშუალო დავალებით ბოსნიაში იყო ჩასული, სადაც კოორდინაციას უწევდა „ალ-ქაიდას” მიერ დაფინანსებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს. 1992 წლიდან ბინ ლადენი სუდანში დაფუძნდა და მოგვიანებით მას ალ-ზავაჰირიც შეუერთდა, რომელიც, „ისლამური ჯიჰადისთვის” დაფინანსების წყაროების მოძიების მიზნით, რამდენჯერმე ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა, უშედეგოდ. 1995 წელს ალ-ზავაჰირის ორგანიზაციამ ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს ტერაქტი მოუწყო, რომლის დროსაც მუბარაქი არ დაშავებულა, რის საპასუხოდაც ეგვიპტის მთავრობამ ალ-ზავაჰირისა და მის ორგანიზაციაზე ძებნა გამოაცხადა. მუბარაქისა და დანარჩენი მსოფლიოს ზეწოლის შედეგად, სუდანის მთავრობამ აიძულა ბინ ლადენი და ალ-ზავაჰირი, რომ სუდანის ტერიტორია დაეტოვებინათ. დღემდე უცნობია, თუ რომელ ქვეყნებში ცხოვრობდა ალ-ზავაჰირი 1995-1996 წლებში. ამბობენ, რომ ეს პერიოდი მან ევროპაში გაატარა, სადაც თავისუფლად გადადგილდებოდა, რადგან ჰქონდა ფრანგული და შვეიცარიული პასპორტები. 1996 წლის 1 დეკემბერს ალ-ზავაჰირი ცდილობდა ჩეჩნეთში გადასვლას, თუმცა რუსმა მესაზღვრეებმა იგი დაღესტანში დააკავეს. რუსი სამართალდამცველების ცნობით, ალ-ზავაჰირი სუდანელ მეწარმედ ასაღებდა თავს, თუმცა, ჩხრეკისას მას ყალბი დოკუმენტები აღმოუჩინეს და რუსულმა სასამართლომ კანონის დარღვევისთვის სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ალ-ზავაჰირი 1997 წლის აპრილში გაასამართლეს, მაგრამ, ერთ თვეში იგი გაათავისუფლეს. არსებობს მოსაზრება, რომ ალ-ზავაჰირის გათავისუფლებაში ოსამა ბინ ლადენმა რამდენიმე მილიონი დოლარი გადაიხადა, ხოლო შუამავალი ამ საქმეში რუსეთის დუმის დეპუტატი ნადირ ჰაჩილაევი იყო. გათავისუფლების შემდეგ ალ-ზავაჰირი საბოლოოდ შეუერთდა ბინ ლადენს და ოფიციალურად გახდა მეორე კაცი „ალ-ქაიდაში”. ლონდონში საიდუმლო ვითარებაში მოწამლული და გარდაცვლილი „ეფესბეს” ყოფილი აგენტის, ალექსანდრ ლიტვინენკოს ცნობით, ალ-ზავაჰირი 1998 წელს დაღესტანში ჩავიდა, სადაც „ალ-ქაიდას” მებრძოლებთან ერთად წვრთნებს გადიოდა „ეფესბეს” სპეცბანაკში. თუმცა, რუსული მხარე ამ ცნობას კატეგორიულად უარყოფს.
90-იანი წლების ბოლოსკენ „ალ-ქაიდა”, ბინ ლადენისა და ალ-ზავაჰირის ლიდერობით, გააქტიურდა და რიგი ტერაქტების სერია განახორციელა კენიასა და ტანზანიაში, სადაც იერიში ამერიკის საელჩოებზე მიიტანა. გარდა ამისა, ბინ ლადენის დავალებით, ალ-ზავაჰირი დაკავებული იყო ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შექმნით, რომელიც ტერაქტებისთვის უნდა გამოყენებულიყო.
2001 წლის ივნისში „ალ-ქაიდა” და „ისლამური ჯიჰადი” ოფიციალურად გაერთიანდნენ, თუმცა, არსებობს ვერსია, რომ ეს შერწყმა გაცილებით ადრე, 1998 წელს მოხდა. 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში განხორციელდა ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი კაცობრიობის ისტორიაში. ამერიკელი სამართალდამცველებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლების ცნობით, ამ ტერაქტის მთავარი იდეოლოგი აიმან ალ-ზავაჰირი გახლდათ. იმავე წელს ამერიკამ წამოიწყო სამხედრო ოპერაცია ავღანეთში, რომლის მთავარი მიზანი „ალ-ქაიდას” ქსელის განადგურება იყო. 2001 წლის დეკემბერში თორა-ბორას მთებში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, რომლის მიზანი „ალ-ქაიდას” ხელმძღვანელების ლიკვიდირება იყო, აიმან ალ-ზავაჰირის მეუღლე და სამი შვილი დაიღუპნენ, თუმცა, თვითონ ალ-ზავაჰირი გადარჩა. მას შემდეგ ამერიკული სპეცსამსახურები ჯერჯერობით უშედეგოდ ეძებენ ალ-ზავაჰირის, რომელიც, ჯერ კიდევ ცოცხალი ბინ ლადენის დროს, ფაქტობრივად, „ალ-ქაიდას” მეთაურად ითვლებოდა, როდესაც თავად ბინ ლადენი მხოლოდ ორგანიზაციის სიმბოლო იყო. ამ ათი წლის განმავლობაში ამერიკის, პაკისტანისა და კოალიციური ჯარების კონტინგენტი არაერთხელ იყო ინფორმირებული ალ-ზავაჰირის ადგილსამყოფლის შესახებ, თუმცა, ბოლო მომენტში, „ტერორისტი ¹2” მუდამ ახერხებდა მიმალვას. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ალ-ზავაჰირის ოსამა ბინ ლადენის გარეშე გაუძნელდება მსოფლიო ტერორიზმის მართვა, რადგან მას არ აქვს ის ქარიზმა და ფინანსები, რითიც განთქმული იყო ოსამა ბინ ლადენი.