რა შეცდომას უშვებს ქალი, რომელიც დაქალს საკუთარი ქმრის მეთვალყურეობას ანდობს
ღალატზე ბევრი დაწერილა და თქმულა. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ღალატის მსხვერპლი ერთხელ მაინც, ყველა ხდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღალატს უნდა შევურიგდეთ, შევეგუოთ და, როცა ყოველდღიურობად იქცევა, მხოლოდ მაშინ გავილაშქროთ მის წინააღმდეგ. ღალატი ძალიან უარყოფითად აისახება ადამიანის ფსიქიკაზე, ურთიერთობებზე, აქვეითებს თვითშეფასების ხარისხს. ის, ვისაც უღალატეს, ეჭვით უყურებს სხვებსაც. სამწუხაროდ, ზოგჯერ ეჭვი სულაც არ არის საფუძველს მოკლებული. ღალატში ყველაზე ცუდი ის არის, რომ მოღალატეები ძირითადად უახლოესი, საყვარელი ადამიანები არიან, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ღალატით მიყენებულ ტრავმას.
ლელიკო (31 წლის): ჩემი მდგომარეობა ძალიან რთულია. რთული და განსხვავებული. ალბათ, გულში ფიქრობთ, ყველა ამას ამბობსო, მაგრამ მართლა უმძიმეს სიტუაციაში ვარ. მე თვითონ გამოვჩხრიკე დანა და ყელიც საკუთარი ხელით გამოვიჭერი. რა მინდოდა, რა მრჯიდა?! ვყოფილიყავი ისევ „ბრმა“ და „ყრუ“. სამაგიეროდ, გული ასე ძალიან არ მეტკინებოდა. გულისტკენა კიდევ რბილად არის ნათქვამი, განადგურებული ვარ იმ გაუგონარი სიბინძურით, რომელიც ჩემს თვალწინ დუღდა. მერჩივნა, საერთოდ არაფერი მცოდნოდა.
– თქვენ მეუღლის ღალატს გულისხმობთ და გერჩივნათ, არაფერი გცოდნოდათ და ტყუილში გეცხოვრათ?
– მერჩივნა. გააჩნია, ტყუილში ცხოვრებას რას ეძახით. იცით, როგორი ოჯახი მქონდა და როგორი ბედნიერი ქალი ვიყავი?! ქმარი თვალებში მიყურებდა, არაფერს მაკლებდა. ექვსი წლის განმავლობაში ერთხელაც არ მქონია ისეთი დღე, რომ მენანოს საკუთარი არჩევანი. არჩევანი კი ნამდვილად მქონდა. საკმაოდ ბევრი კანდიდატურა არსებობდა ერთ ვაკანსიაზე – ჩემს გულსა და ხელს ვგულისხმობ. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. გოგაზე არჩევანი იმიტომ გავაკეთე, რომ სერიოზული, განათლებული, სტაბილური მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ქალებისთვის ხომ ეს თვისებებია კაცში მთავარი. მით უმეტეს, როცა საუბარი ოჯახის შექმნაზე მიდგება. დარდიმანდი, მხიარული, მომღერალი და მოცეკვავე კაცი სუფრაზეა კარგი და, კიდევ, ძმაკაცების წრეში. ოჯახი ცოტა სხვა ფენომენია და სხვა პრიორიტეტებია საჭირო. თუმცა, საბოლოოდ, მაინც შეიძლება, შეცდე. ადამიანების ცნობა ძალიან რთული ყოფილა, ზოგჯერ კი – შეუძლებელიც, თორემ, როგორ ვერ მივხვდი, მთავარი მტერი ზურგს უკან რომ მყავდა ჩასაფრებული?!
– გულისტკენა ძირითადად ახლობელი ადამიანებისგან მოდის.
– ასეა. უცხო იმდენს ვერაფერს დაგიშავებს, რამდენსაც შენიანი, რომელსაც ენდობი და ყველა საიდუმლოს უმხელ, რადგან, გგონია, ჭირშიც და ლხინშიც გვერდით დამიდგება და გამიტანსო. სწორედ ამ მიამიტობამ დამღუპა. ზედმეტად მიმნდობი არ უნდა იყო, თურმე, არ შეიძლება. გვიან მივხვდი, რომ შინაურიც და გარეულიც ცდილობს, ისარგებლოს ამით. ჩემით ნამდვილად ისარგებლეს. ქმარმა რაც გამიკეთა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ, ღალატიც არის და ღალატიც.
– თუ ასეთი ბედნიერი იყავით, რატომ დაეჭვდით, რომ ქმარი გღალატობდათ?
– სრულიად შემთხვევით. სიმართლე გითხრათ, ამას ეჭვიც არ ჰქვია. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ, იცით, როგორ მოხდა?! თითქოს რაღაცამ მანიშნა: უცებ დავფიქრდი: ნუთუ ჩემი ქმარი ისეთი უნაკლოა, რომ გვერდზე არ იხედება, ოჯახის გარდა არავინ უნდა და მართლაც გამონაკლისია-მეთქი? ხომ ხდება ხოლმე, ეშმაკი რომ შეგიჩნდება და აღარ მოგასვენებს. თურმე, რა გინდა, რას ეძებ, დაეტიე, რა, შენს ქერქში! ქალებს ისეთი ქმრები ჰყავთ, ჯოჯოხეთი იმასთან არაფერია, მე კი ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავი, არც ქმრის მოფერება და ალერსი მაკლდა. ვერც იმას ვიტყვი, რომ რამით მზღუდავდა. დაქალები ქმრებზე რომ ვიწყებდით ლაპარაკს, ყველა მეუბნებოდა, შენ რა გიჭირს, გოგა არაჩვეულებრივი კაცია, გადაყოლილია შენზე. მაგისთანა ქმარს ღალატსაც აპატიებს ქალიო.
– ამით ხომ არაფერზე მიგანიშნებდნენ?
– არა მგონია. ეს ისე, ზოგადად ვლაპარაკობდით ხოლმე. ის ქალბატონი, ვინც ჩემი ბედნიერი ცხოვრება დაანგრია, ყველაზე ხმამაღლა და მგზნებარედ აქებდა ჩემს ქმარს. თვითონ გაცილებულია მეუღლეს. ხომ ჩემი დაქალი იყო, მათი გაყრის მიზეზი დღესაც არ ვიცი, უფრო სწორად, ზუსტი მიზეზი არ ვიცი. შორიდან, ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ. მერე თქვა ქალბატონმა, სულ მღალატობდაო. ახლა უკვე ეჭვი მაქვს, რომ ის კი არა, ეს ღალატობდა. უბრალოდ, ის ღირსეული კაცია და თავისი შვილის დედაზე სიბინძურეები არ ილაპარაკა. მე ისეთი რაღაც გამიკეთა, ისე გამაცურა და გამამასხრა, ქმარს რას უზამდა, წარმომიდგენია. სულ არ გაუჭირდებოდა ქმრის მოტყუებაც. მე სულელმაც რომ ის ავირჩიე ექსპერტად?!
– რატომ ის, რადგან ოჯახი ჰქონდა დანგრეული?
– ვიფიქრე, რადგან ქმარს ღალატის გამო გაშორდა, მოღალატე კაცის ფსიქოლოგია კარგად ეცოდინება-მეთქი. გულიც გადავუშალე და დახმარებაც ვთხოვე.
– დახმარება რაში?
– რომ ჩემი ქმრის ღალატი, თუკი ეს ღალატი მართლაც არსებობდა, გამომეაშკარავებინა. როცა ვუთხარი, მგონი, გოგა მღალატობს-მეთქი, ძალიან ბევრი იცინა – რა სულელი ხარ, საიდან მოიტანე, გადასარევი ქმარი გყავს და გაუფრთხილდიო.
– ანუ, არ წაუქეზებიხართ იმისკენ, რომ ქმართან ურთიერთობა გაგფუჭებოდათ?
– არა, არა, პირიქით! მითხრა, მოიშორე ეგ სულელური ეჭვი და ცხოვრება ჩვეულებრივ კალაპოტში გაგრძელდებაო. მადლობელიც ვიყავი, ასეთი გონივრული რჩევისთვის. მე ხომ არ ვიცოდი, რა ხდებოდა სინამდვილეში და რატომ მომევლინა ფრთიან ანგელოზად. მაგრამ, მე რატომ აღმოვჩნდი ასეთი გულუბრყვილო?! ჩემი დაქალის რჩევა ცოტა ხანს მეყო, თითქოს დავმშვიდდი. ვცადე, აღარ მეფიქრა ღალატზე, საკუთარ თავს ვიწყნარებდი – რა ჯანდაბად ავიკვიატე ეს სისულელე-მეთქი. მაგრამ მერე მოხდა ის, რამაც ეჭვი ისევ გამიღვიძა: ჩემმა ჭკვიანმა და მოხერხებულმა მეორე ნახევარმა შეცდომა დაუშვა. ეტყობა, დიდხანს მაინც არაფერი იმალება. როგორი მოხერხებულიც უნდა იყო, როგორ საიმედოდაც უნდა შეინიღბო, სიმართლე მაინც გაჟონავს. ძალიან პატარაა ეს ქალაქი, რომ საიდუმლოება დაიმალოს. ერთმა ჩემმა თანამშრომელმა ბინა იყიდა და, ერთ დღესაც მითხრა, შენი ქმარი დავინახე, გვერდით სადარბაზოდან გამოდიოდა, შენი დედამთილი ხომ არ ცხოვრობს ჩემს მეზობლადო. ქალაქის იმ უბანში ნათესავიც არ გვყავდა. ვიფიქრე, ვიფიქრე, დილაუთენია იქ ჩემს ქმარს რა საქმე შეიძლებოდა ჰქონოდა-მეთქი. ძალიან შევწუხდი. ჩემი თანამშრომელი მიხვდა, შეცდომა რომ დაუშვა. ალბათ, ინანა კიდეც, რა ძალა მედგა, ენაზე ვინ მექაჩებოდა, ჩემი ნათქვამით ოჯახი რატომ უნდა დაინგრესო. ვითომ დავმშვიდდი, მაგრამ ეჭვის ჭია მღრღნიდა. იცით, რა საშინელებაა, როცა ფიქრში სულ ის გაქვს, რომ ქმარი გღალატობს, ტყუილში ცხოვრობ და მოჩვენებითი ბედნიერებით ხარ კმაყოფილი?! არადა, მოჩვენებითი ბედნიერება არ არსებობს – ან ხარ ბედნიერი, ან არა.
– ეს სადავო თემაა. მე შემიძლია, მოგიყვანოთ „მოჩვენებითი ბედნიერების“ უამრავი მაგალითი.
– შეიძლება. ვერ დავამტკიცებ იმას, რაშიც დარწმუნებული არ ვარ, თუმცა, არ მჯერა, რომ ბედნიერება შეიძლება იყოს „მოჩვენებითი“. იმ წუთში ხომ ხარ ბედნიერი? ბედნიერება ისედაც არ არის ხანგრძლივი. ამ ლოგიკით, ყველაფერი მოჩვენებითი შეიძლება იყოს, სიხარულიც კი. თვითონ ცხოვრებაც მოჩვენებითია და ამაზე ლაპარაკი, ალბათ, ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ, რეალობას ხომ ვერსად წავუვალთ! ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ ყველაფერი სიზმარი ყოფილა. თანაც, შენს მიერ შეთხზული სიზმარი. წარმოიდგინეთ, მე მყავდა ქმარი (უფრო სწორად, მყავს), რომელიც, თურმე, საერთოდ არ მცნობია და დაქალი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში თვალში ნაცარს მაყრიდა. იცით, როგორი შოკია, როცა ერთ დილით სამყაროს სრულიად სხვა თვალით დაინახავ?! საშინელებაა. მეგონა, მოვკვდებოდი. არ ვიცი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, სინამდვილისთვის ფარდა მე თვითონ რომ არ ამეხადა. დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდხანს ვიქნებოდი სირაქლემის პოზიციაში.
– იქნებოდით კმაყოფილი ამ პოზიციით?
– არ ვიცი. შეიძლება, მერჩივნა კიდეც, ჩემი ქმრისა და დაქალის ჭეშმარიტი სახეები არ დამენახა, მაგრამ მოსახდენი მოხდა. მოკლედ, ჩემს ქმარს უკვე გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი. ვამოწმებდი მის მობილურს, ტანსაცმელს, მაძებარ ძაღლად ვიქეცი. პიჯაკებსა და პერანგებს ვყნოსავდი, უცხო სუნამოს სუნი ხომ არ ასდის-მეთქი. რამდენჯერმე სამსახურშიც გამოვეცხადე მოულოდნელად. ყველაზე ორიგინალური ამ ყველაფერში ის არის, რომ თურმე მისი საყვარლის მითითებების და რჩევების მიხედვით ვმოქმედებდი.
– თქვენს დაქალთან გღალატობდათ?
– დიახ. სწორად მიხვდით, ჩემი დაქალი იყო ჩემი ქმრის საყვარელი, თანაც, იმდენწლიანი ურთიერთობა ჰქონიათ, თვითონ ქალბატონს რომ არ ეღიარებინა, არ დავიჯერებდი. შეიძლება, ოჯახიც ჩემი ქმრის გამო დაანგრია. ძალიან წესიერი კაცია მისი ყოფილი ქმარი და ერთი სიტყვაც ვერ დავაცდენინე, პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. შეიძლება, უფრო ჩემს გულისტკენას ერიდება, ვიდრე თავისი ცოლის რეპუტაციის შელახვას. ამას, პრინციპში, აღარც აქვს მნიშვნელობა. მთავარი ამ ადამიანის ვერაგობაა. რომ მახსენდება, როგორ შემომთავაზა დახმარება, ჩემი ქმარი ღალატში ერთად გამოგვეჭირა, ჭკუიდან ვიშლები.
– როგორ ფიქრობთ, რა იყო მისი მიზანი?
– ჩემი კონტროლი – რად უნდა ამას ბევრი ფიქრი? ჩემმა ქმარმა, ალბათ, უთხრა, მგონი, ლელიკო რაღაცას მიხვდაო, ამან კი დაამშვიდა – მაგ საქმეს მე მივხედავო. ბუნებრივია, ჩემი ყველა ნაბიჯი წინასწარ იცოდა. თან, ვითომ ბრაზობდა გოგაზე: ეგ საზიზღარი, არადა, მოღალატესაც რომ არ ჰგავს?! ასეა, ყველა მამაკაცი ნაძირალაა. მეც ხომ გადავიტანე ასეთი სიმწარეო. სულ მატყუებდა, თანაც, შესაშური ოსტატობით. ჩემი ქმარი უკეთეს მოკავშირეს ვერ ინატრებდა. მშვენივრად დაგეგმეს ყველაფერი. მე და ჩემი დაქალი, ერთად ჩატარებული „სამძებრო სამუშაოების“ შემდეგ, მივდიოდით დასკვნამდე, რომ საყვარელ მეუღლეს ტყუილად ვდებდი ბრალს ღალატში. წარმოგიდგენიათ, სადამდე მივიდა ამ ორი „იუდას“ ფანტაზია?!
– მგონი, ბუნებრივია, რომ მათ თავიანთი ურთიერთობის დაფარვა სურდათ.
– ის თუა ბუნებრივი, დაქალს ცხვირწინ ქმარს რომ ააცლი?!
– ქმარმა არ უნდა გაიხადოს „ასაცლელად“ საქმე.
– გეთანხმებით. მე არ ვამბობ, რომ ჩემი ქმარი უდანაშაულოა და ფრთიანი ანგელოზია. რა თქმა უნდა, არანაირი გამართლება არ აქვს მის საქციელს. რა პირით მთხოვს, ყველაფერი ვაპატიო? სულ დაკარგა სინდისი, თორემ თვალებში ვერ უნდა მიყურებდეს? ისევ იმ ჩემს თანამშრომელს შევეცოდე და მითხრა სიმართლე. ისიც მაშინ, როცა მე მოვუყევი, როგორ მეხმარებოდა ჩემი დაქალი და როგორი მადლიერი ვიყავი მისი. მგონი, ჭკუიდან შევშალე ქალი. ვინ გეხმარება, ეგ ქალიო? ჰო. ჩემი უახლოესი დაქალია-მეთქი. ისეთი თვალებით შემომხედა, მივხვდი, რაღაც საშინელება რომ უნდა ეთქვა. თან იმასაც ვატყობდი, რომ ყოყმანობდა. იცი, რა? – ამოღერღა ბოლოს, როგორც იქნა, – მგონი, აჯობებს, იცოდე, რა ხდება სინამდვილეში. მე ერთხელ მყავს ნანახი ეგ შენი დაქალი. შენი ქმარი მაგასთან დადის. ზუსტად ვიცი. ჩემს მეზობლად აქვთ ბინა დაქირავებული და იქ ხვდებიან ერთმანეთს. მაშინ რომ გითხარი, ვიღაცაში შემეშალა-მეთქი, არ შემშლია, მაგრამ, გული აღარ გაგიხეთქეო. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა! მეგონა, ფეხქვეშ დედამიწა შემერყა. გაშტერებული შევცქეროდი ჩემს თანამშრომელს და მაგრადაც შევაშინე. ეტყობა, იფიქრა, გონება დაკარგაო.
– ეჭვი არ შეგპარვიათ მის სიტყვებში?
– არანაირად, არც ერთი წამით. რატომ მომატყუებდა? არ მიეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, სხვებზე სპეციალურად რომ იგონებენ ბინძურ ჭორებს, რომ გაამწარონ. პირიქით, ძალიან თბილი და გულისხმიერი ადამიანია. თან, ჩემზე ბევრად უფროსი. მერე მითხრა, ერთი სიკვდილი გავათავე, არაფრით არ მინდოდა, ჩემგან გაგეგო ეგ ამბავი, მაგრამ როდემდე უნდა ყოფილიყავი მოტყუებული და განადგურებულიო. სახლში მივედი და იმავე საღამოს გამოვუცხადე ჩემს ქმარს: ყველაფერი ვიცი-მეთქი. როგორც კი ჩემი დაქალის სახელი ვახსენე, მაშინვე ჩაფლავდა. კი არ მიკითხავს – ასე და ასე გავიგე და მართალია თუ არა-მეთქი, პირდაპირ დავეტაკე – თათუკაა შენი საყვარელი-მეთქი. არც უცდია თავის მართლება. საცოდავად აბლუკუნდა: არ ვიცი, ეს როგორ დამემართა, მარტო შენ მიყვარხარ, მაპატიეო. რომ მომეხრჩო, ის მინდოდა. დავურეკე ჩემს დაქალს. ვუთხარი, მოდი, გოგა ფაქტზე დავიჭირე-მეთქი. ჯერ პასუხი არ გამცა, მერე მითხრა, ცოტა შეუძლოდ ვარ და ვერ მოვალო. ეტყობა, გულმა უგრძნო. ჩემი ქმარი ვაიძულე, გამომყოლოდა მასთან. კარი რომ გააღო და ორივე ერთად დაგვინახა, გალურჯდა შიშისგან. აი, მოგიყვანე და დაიტოვე, მე აღარაფერში მჭირდება-მეთქი, – ვუთხარი და წამოვედი. ჩემი ქმარი უკან გამომეკიდა. სამი თვეა, ზედაც არ ვუყურებ. რა უნდა გააკეთოს, რომ მომხდარი დამავიწყდეს. ერთ სახლში ვცხოვრობთ, მაგრამ, დღეები ისე გადის, ხმას საერთოდ არ ვცემ.
– უნდა გაშორდეთ?
– არა, მაგრამ ძველებურადაც ვერ ვიქნებით. მართალია, ლამის იტიროს, ისე ინანიებს, მაგრამ ამ ეტაპზე, მგონია, მის მიმართ ნდობა აღარ მექნება. რაც შეეხება ჩემს დაქალს, ვუსურვებ, ცხოვრებამ მასაც ისეთი ტკივილი მიაყენოს, როგორც მე მომაყენა.
დალი მიქელაძე