მწვანე კუთხე
კითხვა: ხშირად უნდა მოვრწყა თუ არა ექვერია და რა ადგილას მირჩევთ მის დადგმას?
პასუხი: ზაფხულობით ნიადაგს შეშრობა აცადეთ და ისე მორწყეთ, რომ მიწა კარგად დასველდეს. ზამთარში მას ხშირი მორწყვა არ სჭირდება. თუ მცენარეს ფოთლები დაურბილდა ან დაუჭკნა, ეს იმას ნიშნავს, რომ წყლის დასხმა უნდა. მორწყვისას ქოთანი რამდენიმე წუთით წყალში ჩადგით და შემდეგ დაწრიტეთ. ასე ფოთლები მშრალი დარჩება და აღარ დაულპება. სინათლის ნაკლებობამ შეიძლება, ძალიან დააზიანოს თქვენი მცენარე ან მისი დეფორმაცია მოხდეს. ამიტომ, დადგით განათებულ ადგილას. ბინაში მისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი მზიანი ფანჯარაა.
კითხვა: როდის უნდა იყოს ყოჩივარდას მიწა ტენიანი და რამდენ ხანში ერთხელ მირჩევთ, მისთვის დამატებითი საკვების მიწოდებას?
პასუხი: სამ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. დაყვავილების შემდეგ თანდათან შეამცირეთ მორწყვა მანამ, სანამ ფოთლები გაყვითლდება. ზაფხულის ბოლოს ან ადრიან შემოდგომაზე ბოლქვი გადარგეთ. დადგით ნათელ ადგილას. მიწა ტენიანი უნდა იყოს, სანამ მცენარე ზრდას არ დაიწყებს. შემდეგ კი ჩვეულებრივად მორწყეთ.
კითხვა: რა ტემპერატურას იტანს კუფეა ზამთარში?
პასუხი: ამ მცენარეს მზე უყვარს, თუმცა იტანს დაბალ ტემპერატურასაც. ზამთარში მისთვის უმჯობესია 8-10 გრადუსი, რადგან მეტისმეტ სიცივეში შეიძლება, მცენარეს ფოთლები დასცვივდეს. კარგია თუ მზიან ფანჯარაზე დადგამთ.
კითხვა: როგორ გავუხანგრძლივო სპარსულ იას ყვავილობა და რა ტემპერატურაზე ვამყოფო ის?
პასუხი: ზრდის მთელი სეზონის განმავლობაში მიწა ტენიანი უნდა იყოს. ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. დამჭკნარი ყვავილები მცენარეს რეგულარულად მოაშორეთ და ასე, ყავილობის პერიოდი გაუხანგრძლივდება. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, ამ მცენარეს მით მეტი ტენი სჭირდება. თუ ბინაში მშრალი ჰაერია, მაშინ ის სველკენჭებიან ლანგარზე დადგით. მისთვის კარგია ოთახის ტემპერატურა. ამ იას გამოსაზამთრებლად მინიმუმ 11 გრადუსი მაინც სჭირდება.
კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო პატარძალა?
პასუხი: ამ მცენარეს კაშკაშა სინათლე სჭირდება, მაგრამ მოარიდეთ შუადღის მზეს. რაც შეეხება ტემპერატურას, პატარძალას სიგრილე უყვარს, მაგრამ ოთახის ტემპერატურაზეც ძლებს. ზამთარში მინიმუმ 14 გრადუსი უნდა იყოს, რომ მცენარემ თავი კარგად იგრძნოს. დადგით დაჩრდილულ სასტუმრო ოთახში.