რატომ დაშორდა ანრი ჯოხაძე ფინანსისტ შეყვარებულს და რის ფასად უღირს მას საკუთარი თავისუფლება
ანრი ჯოხაძე ცოტა ხნის წინ იტალიაში იმყოფებოდა, სადაც ძმა, რძალი და პატარა, უსაყვარლესი ძმისშვილი მოინახულა. თბილისში კი იტალიური ემოციებით დაბრუნდა. რაც შეეხება კარიერას, ის ბოლოს გადაღებულ კლიპზე ამთავრებს მუშაობას. ბევრი იდეა აქვს და ახლო მომავალში ფოლკლორული სიმღერის გაკეთებას აპირებს.
– ინტერვიუზე, როდესაც მოვდიოდი, ბლანჟეიან ანრის ველოდი, ბლანჟეს გარეშე დამხვდი.
– ბევრი მეუბნება, ბლანჟეიანს, უფრო მკაცრი შეხედულება გაქვსო. ამ დროს ისეთი შინაგანი განწყობა მაქვს, რომ მინდა, ვიყო ცოტა რაფინირებული, გაწონასწორებული და ცოტა მკაცრი. როცა ბლანჟე არ მაქვს, მაშინ საკუთარ თავს ბევრის უფლებას ვაძლევ. ახლა, ამ მდგომარეობაში უფრო მსუბუქად ვარ, სამყაროსთან ჰარმონიაში და ეს მომენტი მომწონს. შეიძლება, თავქარიანობის მომენტებმაც შეგაწუხოს და სწორედ ამ საკითხში იყო ცოტა მჩატე, მსუბუქი. მოკლედ, შემოქმედებითი ნატურა ვარ და ჩემთვის ამ ყველაფერში მოულოდნელი და გასაკვირი არაფერია.
– შენ სამყაროსთან ყოველთვის ჰარმონიაში ხარ...
– რა თქმა უნდა. სამყაროს მე კი არ ვირჩევ, თვითონ მირჩევს. სამყარო ჩემში იმდენად ლაგდება, რომ ურჩევნია, ჩემთან იყოს. მთავარია, საკუთარ თავთან ვიყო გაწონასწორებული, მშვიდობიანი, კონფლიქტების გარეშე. თუმცა, კონფლიქტებიც ხდება და ეს დამოუკიდებლად მოდის, იმიტომ რომ ვაზროვნებ, ვიცი, რა მინდა. ეს ჩემთვის ჰარმონიულობის რეცეპტია.
– საკუთარ თავთან კონფლიქტი ხშირად გაქვს?
– საკუთარ თავს, ძირითადად, იმაზე ვესაუბრები, რომ უფრო მეტი ვიმუშაო. საკუთარ თავთან მხოლოდ საქმიანი კონფლიქტები მაქვს. ვერ ვიტან უსაქმურად ჯდომას, ამიტომ ვეუბნები – მიდი, რამე მოიფიქრე, გააკეთე. საკონფლიქტოდ არ ვიხდი თავს, არც სხვებთან ურთიერთობაში ვარ კონფლიქტური. რა თქმა უნდა, თუ არ დაიმსახურეს. საკუთარი თავი კონფლიქტის დროს არ მომწონს, მინუსს ვუწერ.
– თავქარიანობა ახსენე. ასაკის მატებასთან ერთად თავქარიანობა ქრება თუ პირიქით, ემატება ადამიანს?
– რაღაც მომენტში, შეიძლება, ადამიანი დაღვინდეს, წლებს თავისი მიაქვს და მოაქვს. შენც უფრო სერიოზულად უყურებ ბევრ რამეს. თუმცა, მე ისედაც ყველაფერს სერიოზულად ვუყურებ მთელი ცხოვრება. არასერიოზული მიდგომა არ მახასიათებს, განსაკუთრებით საქმესთან და ურთიერთობებთან. არასერიოზულობა შეიძლება, მეგობრების წრეში დავიწყო – ავცანცარდე, ავმჩატდე, საოცრებები ჩავიდინო. ეს მისაღები და საჭიროა. რადგან სერიოზულად ვუდგები ყველაფერს, ამიტომ მარტივად ვჭრი ურთულეს პრობლემებს.
– როგორც ვიცი, შენმა ძმამ ცოლი მოიყვანა და ახლა ძალიან საყვარელი შვილი ჰყავთ.
– ახლახან ჩემს ძმასთან ვიყავი იტალიაში. მისი მეუღლეა ნინო გოგიჩაიშვილი. ისიც მომღერალია, ვოკალისტი. სხვათა შორის, საქართველოდან ერთად წავიდნენ სასწავლებლად. ეტყობა, მერე ერთმანეთს სხვა თვალით შეხედეს და დაქორწინდნენ. ძალიან კარგი რძალი მყავს და ჩემი ძმის არჩევნით აღფრთოვანებული ვარ. არაჩვეულებრივი მომღერალია. ამას წინათ ნინო სურგულაძემ მითხრა, ძალიან ნიჭიერი რძალი გყავსო. ეს მესიამოვნა. სხვებისგან გამიგია, რომ ძალიან კარგი მომღერალია. მე რასაც მოვუსმინე, შემიძლია ვთქვა, რომ ულამაზესი ხმა აქვს. ასეთ ხმებს „ვერდის ხმას“ ეძახიან.
– დაქორწინების შესახებ ძმამ წინასწარ გითხრათ?
– არაფერი უთქვამს, ისიც ჩემსავით დამოუკიდებელი ადამიანია. ერთ დღეს დაგვირეკა: მე და ნინომ გადავწყვიტეთ, შევუღლდეთო. მანამდე არაფერი ვიცოდით. სიურპრიზი გამოუვიდა. საერთოდ, რა საჭიროა, ზედმეტი ინფორმაციები. ასეთ საკითხებში მე და ჩემი ძმა ერთმანეთს ვგავართ. დედაჩემს ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდა. ჯერჯერობით რძალს მხოლოდ სკაიპით იცნობს. როდესაც ჩემი რძალი პირადად გავიცანი, იდეალური შთაბეჭდილება დამრჩა. ძალიან დადებითი ადამიანია. ისეთი კარგი აღზრდილია, დედას ვუთხარი: ძალიან ბედნიერი ხარ, რომ სუპერრძალი გყავს-მეთქი. ჩემს შემთხვევაში რა იქნება, ჯერ არ ვიცი. მეოჯახე ადამიანია, ჩემი ძმა ძალიან უყვარს, ბუნებით შემოქმედია და სასწაულად კარგი მზარეულია. პირველი, რაც დედაჩემს ვუთხარი, ის იყო, რომ შენ არ ხარ კარგი მზარეული და შენი რძალი არაჩვეულებრივი მზარეულია-მეთქი. ისეთი საჭმელები დამახვედრეს, მაშინვე 5 კილოგრამი მოვიმატე და ვებრძვი ამ ზედმეტ წონას.
– ფოტოები ვნახე, ძალიან საყვარელი ძმისშვილი გყავს.
– ბავშვი გვყავს არაჩვეულებრივი. ჩემი დისშვილები, რომ დაიბადნენ, მეც პატარა ვიყავი. ახლა უფრო სხვა მიდგომა მაქვს, მეტ მზრუნველობას ვგრძნობ. ვუყურებდი და მინდოდა, მეც მგვანებოდა. დედის თვალები აქვს, მაგრამ ერთი შეხედვით, მამას ჰგავს. ერთადერთი, რაშიც მგავს, ის არის, რომ მეც მის ასაკში სიმსუქნისგან ჩამოვარდნილი მქონდა მარცხენა ტუჩის კუთხე. ძალიან მუსიკალურია, როცა უმღერიან, მაშინვე რიტმში ჰყვება, სიმღერის შეგრძნება აქვს.
– შენც ხომ არ გაგიჩნდა ოჯახის შექმნის სურვილი?
– არა, ჯერ არ მოსულა ამის დრო. მე ჯერ ჩემი თავისუფლება მიღირს მარტოობად. არავინ დაიტრაბახოს, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ არ იზღუდება. იზღუდები კიდეც და თუ კაცი ხარ, ამ დროს უნდა გიმძაფრდებოდეს პასუხისმგებლობის გრძნობა. მერე თითზე და იდაყვზე კბენა, როდესაც ოჯახურ სასიამოვნო მარწუხებში ექცევი, უკვე გვიანაა. ცოლიც და შვილიც დიდი პასუხისმგებლობაა.
– არ ხარ მზად ამ პასუხისმგებლობისთვის? ალბათ, ასე იმიტომ ფიქრობ, რომ არავინ გიყვარს?
– მეტ-ნაკლებად მზად ვარ. თუმცა, წინასწარ ვერ იტყვი, როდის მოვა ეს გრძნობა, ურთიერთობა. პრინციპში, ადამიანი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. მე არ გავურბივარ პირად ურთიერთობებს, პირიქით, ვეძებ. მე ხომ მაძიებელი ბუნების ვარ.
– მახსოვს, ერთ გოგონასთან, რომელიც უცხოეთში ცხოვრობდა, გარკვეული გრძნობა გაკავშირებდა. დამთავრდა ეს ურთიერთობა?
– კი და გინდა გითხრა, რა მოხდა? ძალიან სერიოზული ურთიერთობა დასრულდა იმით, რომ მას არ მოეწონა ჩემი პოპულარობა. ძალიან დიდი დისკომფორტი შეექმნა, როდესაც მე ხალხი მცნობდა ქუჩაში.
– ანუ ჩამოვიდა?
– იყო ჩამოსული. ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობა გვქონდა, თბილი. ის ფინანსისტია, მათემატიკური აზროვნების ადამიანი, მე ხელოვანი ვარ და ვერ მოხვდა ჩვენი მდგომარეობის თანხვედრა. მას უყვარს ოჯახური გარემო, სიმშვიდე, მე, ალბათ ეს ვერ შევძელი. იქ წავედი, აქ წამოვედი, გაგიჟდა. ვერ ავაწყვეთ ურთიერთობა. ძალიან ცივილიზებულად დავამთავრეთ ყველაფერი. მან მითხრა, არ მომწონს შენი პოპულარობა, ვერ ვიქნები მშვიდადო. მან ჩემს „პეროების გარჭობას“ შოუ-ბიზნესში, არ ანაცვალა თავისი სიმშვიდე. ჩემი მდგომარეობით დაითრგუნა?! არ ვიცი, შეეშინდა?
– ალბათ. ნებისმიერი სერიოზული ურთიერთობა, რომ მთავრდება, ადამიანს ეს გარკვეულ გამოცდილებას აძლევს.
– გამოცდილებას, ალბათ, იმას უფრო მისცემდა. მე ვერ შევცვლი ჩემს ცხოვრებას. უარი ვთქვა კარიერაზე და ოჯახს შევუდგე მხრებით, ეს რის ხარჯზე უნდა გავაკეთო? იმისიც მესმის, მაგრამ ჩემი უფრო მეტად მესმის. არ გამოვიდა და ნუ გამოვიდა – „იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა“. ანუ, წავედი მე და ის „ტურფასა საბაღნაროსა“ გაემართა. ჩვენ დღესაც გვაქვს მიმოწერა, თბილი ურთიერთობა. მაგრამ, არა ისეთი, როგორც გვქონდა.
– როგორ ფიქრობ, ქალი რომ იყოს შენზე წარმატებული, პოპულარული, შენც შეიძლება, დაითრგუნო და არ მოგეწონოს მისი მდგომარეობა?
– არ მგონია. მე ყველაფერს სწორად გავიგებდი. ვიცი, რას გრძნობს პოპულარული სახე და მასაც გავუგებდი. უაზრო კონფლიქტს არ წამოვჭრიდი. პირიქით, მიყვარს წარმატებული, ლიდერი ქალიც და კაციც. თუ შენ ჩემზე წარმატებული ხარ, ეს დისკომფორტს არ უნდა მიქმნიდეს.