რა ოცნება აუსრულა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ბრიტანეთში ქეთი მელუას და სად უმღერა მას დედოფლის ფავორიტმა მომღერალმა „ციცინათელა”
ინგლისში მცხოვრები ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას შესახებ, ბოლო დროს უამრავი ინფორმაცია გავრცელდა. ხმა დაირხა, თითქოს სერიოზულად დაავადდაო, ბევრი იმასაც ამბობდა, შეყვარებულია და დროებით შემოქმედებითი ტაიმაუტი ამიტომ აიღოო. ამ ჭორ-მართლის გადამოწმება ქეთის ბაბუასთან, ბატონ ამირან მელუასთან გადავწყვიტეთ, რომელმაც აბსოლუტურად საპირისპირო ინფორმაცია მოგვაწოდა და ქეთის მომავალი გეგმებიც გაგვანდო.
ამირან მელუა: ახლა ქეთი საფრანგეთშია, კერძოდ, პარიზში. მერე ნორვეგიაში უნდა ჩაატაროს კონცერტი, შემდეგ კი თავის ჯგუფის წევრ ბიჭებთან ერთად, მთელი ტურნე აქვს დაგეგმილი ევროპაში.
– ბევრი დაიწერა იმაზე, რომ ქეთი სერიოზულად არის ავად და ამის გამო, შემოქმედებითი პაუზა აიღოო. არადა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ის დღესაც აქტიურად განაგრძობს სცენაზე გამოსვლას. ამაზე რას იტყვით?
– მართალია, ეს მეც გავიგე. ინტერნეტშიც ეწერა და ბევრ ჟურნალ-გაზეთშიც, რომ თითქოს ქეთი სერიოზულად ავად არის და ის სცენას ამის გამო ჩამოშორდა. დამიჯერეთ, ეს ტყუილია. მას, მართლაც ჰქონდა ძალიან დაძაბული დღის რეჟიმი, მრავალ ქვეყანაში მოუწია გადაფრენ-გადმოფრენა, ზედიზედ ბევრი კონცერტის ჩატარება და ამის გამო სერიოზულად გადაიღალა. ბოლოს და ბოლოს, ადამიანია, რკინა ხომ არ არის? ამიტომ, გადაწყვიტა ცოტა ხნით შვებულების აღება და დასვენება. წავიდა კანარის კუნძულებზე დასასვენებლად ოჯახის წევრებთან ერთად და იქ ერთი თვე დაჰყო. აქ კი ჭორი გავრცელდა, თითქოს, ავად არის და ამიტომ არ ჩანსო. არადა, ინტერნეტში ქეთიმ შეტყობინება დატოვა, გადავიღალე და დასასვენებლად მივდივარო. ასე რომ, ავად ნამდვილად არ ყოფილა და რომ ურეკავდნენ, აქ მცხოვრები მისი დაქალები – რა გჭირს, გავიგეთ, ავად გამხდარხარო, ძალიან სწყინდა. რა არის, დასასვენებლად წავედი და ასეთი ჭორის მოგონება როგორ შეიძლება, არ მაქვს უფლება, დავისვენოო.
– ძალიან გამიკვირდა, ქეთი სამეფო ქორწილში რომ არ იყო. როგორც ვიცი, ის ბრიტანეთის დედოფლის ფავორიტია და მასთან ხშირად მიდის სტუმრად. დაპატიჟებული არ იყო?
– დაპატიჟებული კი იყო, მაგრამ კონცერტები ჰქონდა დაგეგმილი ევროპის ზოგ ქვეყანაში და ამიტომ, ვერ მოახერხა ქორწილში მისვლა. ხომ იცით, ქეთი საკუთარ თავს არ ეკუთვნის, მისი კონცერტები ერთი წლით ადრეა დაგეგმილი, ბილეთები რამდენიმე თვით ადრე იყიდება და ამიტომ, ვერაფერს შეცვლიდა. არადა, მელაპარაკა, იქ თუ მივიდოდი, ერთი სიმღერა მქონდა მოფიქრებული, სამეფო ქორწილში, ახლადდაქორწინებულებისთვის რომ მემღერაო. ეჭვი მაქვს, ქართულ სიმღერას გულისხმობდა (იცინის). სხვათა შორის, ფესტივალი იგეგმება სექტემბერში ბათუმში, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ კონკურსანტები. აჩი მეფარიძე ყოველდღე მირეკავდა, ქეთისთან დამაკავშირეთ, მინდა, ჟიურის წევრი იყოსო.
– მერე ქეთიმ უარი თქვა ჩამოსვლაზე?
– არა, უარი არ უთქვამს. ილაპარაკა აჩისთან და აუხსნა, უკვე დაგეგმილი მაქვს მთელი შემოდგომა, გულით მინდა, მანდ ვიყო, მაგრამ, აბა, როგორ მოვახერხოო. ისე, გაგანდობთ, რომ ზაფხულში ქეთი ნამდვილად აპირებს ბათუმში ჩამოსვლას და დასვენებას. გიჟდება ამ ქალაქზე, ბინაც გაარემონტა და ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვა. ყოველ ზაფხულს ახერხებს აქ ჩამოსვლას, ჩვენს მოსიყვარულებას და გემრიელად დასვენებას ახლობლებთან და ბავშვობის მეგობრებთან ერთად. თან, ისე ჩუმად ჩამოდის, არავის აგებინებს. ამბობს, ქუჩაში რომ მშვიდად დავდივარ და ვერავინ მცნობს, მიხარიაო. ისე არ გამიგოთ, თითქოს არ უყვარს ხალხთან ურთიერთობა. მაგრამ, როცა დასვენება გინდა, ხომ ხვდებით, ასე ჯობია. ახლა კი მის „ბანდასთან” ერთად (იცინის), ასე ვეძახი მისი ჯგუფის წევრ ბიჭებს, დაფრინავს დედამიწის გარშემო სიმღერ-სიმღერით. მოკლედ, იმდენს დაფრინავს, მიკვირს, როგორ უძლებს ასეთ გიჟურ რეჟიმს. მგონი, დროს გაუსწრო (იცინის). ამიტომ, მწყინს ავადმყოფობა რომ მოუგონეს. გადაღლასა და დაავადებას შორის, ხომ არის განსხვავება? თან, ყველამ იცის, რამდენს შრომობს.
– ვიცი, მესაიდუმლე ბაბუა ხართ. გავიგე, ქეთი შეყვარებულს დაშორდაო. ალბათ, ამის შესახებაც გეცოდინებათ.
– (იცინის). რასაკვირველია, მესაიდუმლე ბაბუა ვარ და მისი ყოველი ნაბიჯი ვიცი. არც არაფერი აქვს ჩემგან დასამალი. მირჩევნია, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ჩემგან გაიგოთ და სიმართლე დაწეროთ, ვიდრე, მერე ჭორები გავრცელდეს. მოკლედ, გეტყვით, რომ ქეთი ყოფილ შეყვარებულს დაშორდა. ისიც საკმაოდ ცნობილი მომღერალია ინგლისში. ასე ვთქვათ, მათი რომანი დასრულდა. ქეთი 26 წლისაა და მინდა, მალე შექმნას ოჯახი, მაგრამ თავად მეუბნება – ბაბუ, ახლა შემოქმედებით ზენიტში ვარ და არ მინდა, რაიმემ ხელი შემიშალოს. როცა ხალხს მოვბეზრდები და ტაშს აღარ დამიკრავს, მივხვდები, რომ ჩემს ცხოვრებაში დაღმავალი პერიოდი დადგა და აი, ამ დროს დავფიქრდები პირადი ცხოვრების მოწყობაზეო. ასევე, მითხრა, თუ შემიყვარდა ვინმე, ვერაფერი დამაკავებსო. ჩემი აზრით, ეტყობა, ჯერ ნამდვილი სიყვარული არ სწვევია, თორემ სხვანაირად იფიქრებდა. ფაქტია, ახლა მისი ენერგიის ასი პროცენტი სცენაზე იხარჯება და არა პირად ცხოვრებაზე.
– ბატონო ამირან, უწმიდესი და უნეტარესი, საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე ქეთის ბრიტანეთში შეხვდა და დაასაჩუქრა. ამ თემაზე არ გისაუბრიათ მასთან?
– დიახ, ვისაუბრეთ და ქეთი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ბრიტანეთში გახლდათ, თავის თანმხლებ პირებთან, საპატრიარქოს გუნდთან. ქართველ ემიგრანტებთან ერთად იქ ქართული ეკლესია გახსნა. ქეთიმ საპატრიარქოს გუნდთან ერთად შეასრულა ორი ქართული და ერთი ინგლისურენოვანი სიმღერა. მათ შორის იყო „ციცინათელა” და „ყვითელი ფოთლები”. თურმე პატრიარქს ძალიან მოეწონა მათი შეხამებული ხმები. ქეთი ჩაიხუტა, ჩაკოცნა და ხატი უსახსოვრა. ქეთი ამბობდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ჩამეხუტა და მაკოცა. ეს ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემთვის. ის სამი დღე, სანამ აქ იყო, ყოველდღე მასთან დავდიოდი და უდიდესი სულიერი სიმშვიდე მოვიპოვეო. სხვათა შორის, გამანდო, ეს ჩემი ოცნება იყო და ამიხდაო. თურმე, პატრიარქი რომ ჩავიდა იქ, თავად დაუბარებია ქეთი რეზიდენციაში. ქეთიზე კი ამბობენ, დაავიწყდა ქართული, უჭირს საუბარიო, მაგრამ, აბა, ოცი წელი თავად წავიდნენ უცხოეთში და იქ იცხოვრონ და მერე მითხრან, როგორ არ შეეშლებათ წერა-კითხვა ქართულად. ქეთი, ყველა კონცერტზე სანამ სიმღერას დაიწყებს ამბობს, მე ქართველი ვარო. ამაზე მეტი პატრიოტობა რაღა გინდათ? სახლშიც ქართულად საუბრობენ. თუ რაიმე შეეშალა, ეს ბუნებრივია და ამაში დასაძრახი არაფერია. ის 8 წლის ასაკში წავიდა უცხოეთში და ქართული ცნობიერება არ შეუცვლია. ზოგი კი აქ ცხოვრობს, ქართულად კარგად მეტყველებს, მაგრამ რად გინდა? ცნობიერება რა ეროვნებისა აქვს, კაცმა არ იცის.
– ქეთი, „ოპელის” სახე გახდა. მართლა აჩუქა მას ამ ფირმამ უნიკალური და ძვირად ღირებული მანქანა, რომელიც ელექტროენერგიაზე მუშაობს?
– დიახ, ქეთი „ოპელის” ფირმის სახე გახდა და მას მართლაც აჩუქეს ძვირად ღირებული მანქანა, რომლის ძრავა ელექტროენერგიაზე მუშაობს და ჩვეულებრივ იტენება, მაგრამ, ქეთი სულ ცაშია და როდის მოახერხებს მის დატენვას, ეს ნამდვილად არ ვიცი (იცინის).