როგორ გადაწყვიტა ერთმა „შატალომ“ ბაჩო ჩაჩიბაიას ცხოვრება და როდის უჩნდება მას რამე „ბომჟურის” გაკეთების სურვილი
მსახიობ ბაჩო ჩაჩიბაიას ძალიან აქტიური ცხოვრება აქვს. ის რუსთაველის თეატრის მსახიობია, ცოტა ხნის წინ კი გამოჩნდა სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”, სადაც უიმედოდ შეყვარებულის როლს თამაშობს. როგორია სინამდვილეში ბაჩო ჩაჩიბაიას ცხოვრება და რატომ უყვარს მას დაუგეგმავი დღე, ამაზე თავად მსახიობი გვესაუბრება.
– ფილმებში იშვიათად ჩანხარ, უფრო თეატრში ხარ დაკავებული. რატომ?
– სიმართლე გითხრათ, ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ კინოში თამაშიც მომწონს. რაც შეეხება თეატრს, ის ჩემი სამყაროა, მის გარეშე ვერც ვიცოცხლებდი. მიმაჩნია, რომ თეატრში უფრო იგრძნობა სიცოცხლე, ვიდრე კინოში, ემოციაც უფრო გულწრფელია. კინოში ყველაფერი სხვაგვარადაა. მაგალითად, სერიალის გადაღების დროს, ერთ-ერთ სცენაში ჯერ ვითამაშეთ ფინალი და მერე დასაწყისი, ანუ, გინდა-არ გინდა, შენი წარმოსახვით უნდა გაიარო ის გზა, რაც დასაწყისიდან ფინალამდეა. მერე ისევ უკან დაბრუნდე. კინო მაინც არის რეჟისორისა და ოპერატორის. როდესაც სპექტაკლზე გამოვდივარ, იმ წუთიდან მავიწყდება, რომ ბაჩო ჩაჩიბაიას სახლში რაღაც პრობლემები აქვს, ან, დენის ფული აქვს გადასახდელი და ასე შემდეგ. ყველაფერი მავიწყდება.
– ცოტა ხნის წინ გამოჩნდი სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”. ეს დებიუტი იყო შენთვის კინოში?
– არა, მანამდეც მქონდა რაღაც როლები, მაგალითად, „შუა ქალაქში”. თუმცა, ასეთ დიდ, სერიოზულ ფილმში არასდროს მითამაშია. როგორც უკვე გითხარი, სურვილი არ მქონია, არ მაინტერესებდა ეს სფერო, მაგრამ, ამ ბოლო დროს ვხვდები, რომ მომწონს. ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა, იმხელა სიამოვნება მიმეღო კინოსგან, რასაც თეატრში თამაში მანიჭებს. თუმცა, ისეთი რეჟისორები შემხვდნენ ამ სერიალში, რომ, დავრწმუნდი, კინოში თამაშიც ძალიან მაგარია.
– შენს პერსონაჟზე მითხარი, როგორია ის, თუ ამსგავსებ რამით შენს თავს?
– ის არის სტომატოლოგი ბიჭი, რომელსაც შეუყვარდა გოგო. შეიძლება, საზოგადოების თვალში ის გოგო ლამაზი არ არის, მაგრამ ამ ბიჭს მოსწონს. მახსოვს, ერთ ჩემს ახლობელს ჰყავდა ცოლი, რომელზეც ყველა ეუბნებოდა, მახინჯიაო. ამ კაცმა კი ერთ დღეს ყველას ასე უპასუხა: ერთი, ჩემი თვალით განახათ, რა ლამაზიაო. რაც შეეხება მსგავსებას, მე და ჩემი გმირი ნამდვილად არაფრით არ ვგავართ ერთმანეთს, ძალიან შორს ვარ სტომატოლოგობასთან და, არც უიღბლოდ შეყვარებული ვარ (იცინის).
– აქტიური ადამიანი ხარ?
– აქტიური ადამიანი ნამდვილად ვარ, თუმცა, ხანდახან მაქვს ხოლმე პაუზები. ამ პაუზაში შედის გართობა, დასვენება, – მოკლედ, მაინც აქტიურობა. ეს პერიოდი ძალიან დაკავებული ვარ, დღე-ღამეში ოთხი საათი მძინავს. ბევრი რაღაც დაემთხვა ერთმანეთს და ამიტომ გადაღლილობის პერიოდი მაქვს.
– მოკლედ, სულ გადარბენაზე ხარ.
– დიახ, სულ დავრბივარ აქეთ-იქით. ეს, გარკვეულწილად, მსიამოვნებს კიდეც. იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ჩემია, რაც მიყვარს. არ არსებობს ნარკოტიკი, რომელიც ისეთ სიამოვნებას მომანიჭებს, რასაც სპექტაკლის დასრულების დროს განვიცდი. ხანდახან ვნერვიულობ ხოლმე, როგორ ვითამაშებ, ხალხს როგორ მოეწონება.
– შენს პირად ცხოვრებაში რა სიახლეებია, სიყვარულისთვის თუ გრჩება დრო?
– დიახ, მშვენივრად ვახერხებ დროის გადანაწილებას პროფესიასა და პირად ცხოვრებაზე. ჩემი აზრით, არც ერთს არ ვაკლებ ყურადღებას. ხანდახან ისეც ხდება, რომ საკუთარ ოჯახსაც კი ვერ ვნახულობ, მაგრამ, იშვიათად. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, რომელიც მაგალითად, დღეს სულ ხუთი წუთით ვნახე. თუმცა, ერთადაც ძალიან დიდ დროს ვატარებთ. რაც უნდა გადაღლილი და განადგურებული ვიყო, მისთვის მაინც ყოველთვის ვიცლი.
– ისიც მსახიობია?
– არა, ის მხატვარია. ძალიან კარგი გოგოა, ძალიან კარგად ხატავს, გამოფენაც ჰქონდა უკვე. მოკლედ, ნელ-ნელა იზრდება პროფესიულად. მე ყველანაირად მხარში ვუდგავარ.
– როგორი შეყვარებული ხარ, სიურპრიზებით თუ ანებივრებ ხოლმე?
– კი, მიყვარს სიურპრიზები. ყველაზე მეტად მიყვარს, როცა რაღაცას ექსპრომტად ვწყვეტთ. მაგალითად, უცბად დაგვარტყამს თავში და სადმე შორს წავალთ. ძალიან გვიყვარს ფეხით სიარული – ცოტა ხნის წინ მცხეთიდან თბილისში ჩამოვედით ფეხით. ლამაზ ბუნებაზე ვგიჟდებით. ყველაზე მეტად კი დაუგეგმავი დღე მიყვარს, თუმცა, ამას ხშირად ვერ ვახერხებ. ყოველთვის ჩაწერილი მაქვს, რა რის შემდეგ უნდა გავაკეთო, მაგრამ, ხანდახან მინდება ჩემი გეგმებიდან გადახვევა და რამე „ბომჟურის” გაკეთება. მე, ჩემი შეყვარებული და საერთო მეგობრები ვიკრიბებით ხოლმე ერთმანეთთან სახლში ან სადმე ბუნებაში. განა რამე განსაკუთრებულს ვაკეთებთ, უბრალოდ, ერთად რომ ვართ, უკვე საკმარისია.
– ეჭვიანი ხარ?
– არა, ეგ საერთოდ არ მესმის, რა არის, ჩემი გადმოსახედიდან, ეგ, უბრალოდ, ადამიანის ფანტაზიაა. რასაც საკუთარი თვალით ნახულობ, ეს უკვე რეალობაა. ეჭვიანი ადამიანი ძალიან საცოდავია. არასდროს მიეჭვიანა ჩემს შეყვარებულზე. ჩვენ ბევრჯერ გვქონია ამ თემაზე საუბარი. თუ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება, პირველ ყოვლისა ეს ჩვენ გვეცოდინება.
– ბავშვობიდან მსახიობობა გინდოდა თუ სხვა გეგმები და ოცნებები გქონდა, როგორც ყველა ბავშვს?
– ოცნებისა და გეგმების დრო არ მქონია, მეექვსე კლასში ვიყავი, როცა მსახიობობა დავიწყე და ეს ჩემს ცხოვრებაში თავისთავად მოხდა – უბრალოდ, „შატალოზე“ წავედი (იცინის). ჩემს სკოლაში იყო ერთი დარბაზი, რომელშიც არასოდეს არ ვიყავი ნამყოფი. კლასიდან გამოვიპარე და, ის იყო, უნდა გავსულიყავი სკოლიდან, რომ, უცბად, დავინახე, კიბეზე მასწავლებელი ამოდის, სხვა გზა არ მქონდა, უნდა შევვარდნილიყავი ამ დარბაზში. უცებ ბევრი ხალხი დავინახე და უნებურად წამომცდა სიტყვები: „აუ, აქ რა „პონტია?“ მიპასუხეს – მოდი, მოდი, კაი „პონტიაო“ (იცინის). შევედი და ვიღაც ქალი მეუბნება, აბა, ლექსი წაიკითხეო. გულში გავიფიქრე – რა ლექსი, შენ გიჟი ხომ არ ხარ-მეთქი. (იცინის). ამ დროს კი გარედან მესმის ისტორიის მასწავლებლის კივილი: „სად არიააააან”! და მივხვდი, რომ ლექსი უნდა წამეკითხა, სხვა გზა არ მქონდა (იცინის). წავიკითხე გალაქტიონის „ქარი ქრის“. ჩაიწერეს ჩემი სახელი და გვარი და მითხრეს, რომ დავრჩენილიყავი. შემდეგ დამაკავეს სხვადასხვა სპექტაკლში. მოკლედ, ასე დავიწყე მსახიობის კარიერა.