მსოფლიოს რომელი მწვერვალი აქვს დაპყრობილი სექსუალურ ჯესიკა ბილს და რატომ არის ჯენიფერ ანისტონისთვის ასაკი მხოლოდ ციფრი
ჰოლივუდში ბევრი ვარსკვლავია, რომელთა სხეულს თამამად შეიძლება ეწოდოს იდეალური, თუმცა, მათ შორის მაინც ჭარბობენ ისინი, რომელთა იდეალურობა და სექსუალურობა პირდაპირ არის დაკავშირებული პლასტიკური ქირურგების ჯადოქრობასთან. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ იმ სელებრითი ვარსკვლავების ჩამონათვალს, რომლებმაც დიდი ძალისხმევითა და არაერთი წვეთი ოფლის დაღვრით მიაღწიეს იმ შედეგს, რომ დღეს მათ ყველაზე სექსუალური და მიმზიდველი სხეულები აქვთ.
კიმ კარდაშიანი
სომხური წარმოშობის ამერიკელმა სელებრითმა, კიმ კარდაშიანმა, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი დიეტა დაიცვა, მაინც მოახერხა იმ ფორმების შენარჩუნება, რომლითაც იგი განთქმულია მთელ მსოფლიოში. დღესდღეობით კიმი ბრწყინვალე ფორმაშია და სექსუალურობაში ბევრად აღემატება თავის ყოფილ დაქალს, პერის ჰილტონს. თანამედროვე ჰოლივუდში არაერთი ლამაზმანი, მკერდთან ერთად, თავის უკანალსაც ილამაზებს იმპლანტანტებით. კიმის უკანალი კი იმიტომ არის მიჩნეული ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ უკანა ნაწილად ჰოლივუდელებს შორის, რომ მას ყველაფერი ბუნებრივი აქვს.
მეგან ფოქსი
მართალია, მეგან ფოქსის ფილმების უმეტესობა სრული იდიოტიზმია და მათი უმრავლესობა კინოგაქირავებაში საბიუჯეტო თანხების ამოღებასაც ვერ ახერხებს, მაგრამ, ის ფაქტი, რომ მეგანის სხეული ძალზე მიმზიდველი და სექსუალურია, კამათს არ საჭიროებს. ამბობენ, რომ ახალგაზრდა მსახიობს ჯერაც არ მიუმართავს პლასტიკური ქირურგებისთვის და ამიტომაც არის, რომ იგი ცხოვრებაში უფრო ლამაზია, ვიდრე ეკრანზე. მეგანი თამამად პოზირებს „გულახდილ“ საცურაო კოსტიუმებში და არ ერიდება პიკანტურ პოზებში გადაღებას. სწორედ ამიტომ, იგი თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობად მიიჩნევა. სხვათა შორის, ფორმის შესანარჩუნებლად მეგან ფოქსს პირადი ფიტნეს-მწვრთნელი ჰყავს, რომელიც ვარსკვლავს მიუთითებს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სასურველ კონდიციებს მცირე დროში.
რაიან რეინოლდსი
რაიან რეინოლდსს ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ფიგურით იცნობენ. მისი ექს-მეუღლის, სკარლეტ იოჰანსონის განცხადებით, მას ყველაზე მიმზიდველი და დაკუნთული სხეული აქვს იმ მამაკაცებს შორის, რომელთანაც მას ურთიერთობა ჰქონია. რაიანის განცხადებით, იგი სულაც არ არის ჩაკარგული სატრენაჟორო დარბაზში და არ მოიხმარს სპეციალურ პრეპარატებს. მისი თქმით, ის დღეში ორჯერ იკვებება, თავს არიდებს „ფასტ-ფუდებს”, დღეში ორ-სამ საათს ვარჯიშობს პირადი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ და სვამს დღეში რამდენიმე ლიტრ წყალს.
მირანდა კერი
ორლანდო ბლუმის მომხიბვლელმა მეუღლემ, მოდელმა მირანდა კერიმ, სულ ახლახან იმშობიარა, თუმცა, მალევე მოახერხა ფორმის აღდგენა და დღესდღეობით მისი სხეულით ნამდვილად შეუძლია იამაყოს მისმა მეუღლემ. მირანდას საიდუმლო კი შემდეგში მდგომარეობს. იგი მხოლოდ ჯანმრთელი საკვებით იკვებება, მისდევს იოგასა და პილატესს და ყოველდღიურად აკეთებს აზიდვებს.
ჯესიკა ბილი
ფილმის – „ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით“ ვარსკვლავი ჯესიკა ბილი ნამდვილი სპორტსმენია. იგი გატაცებულია სპორტული დარბაზებითა და ალპინიზმით. მას კილიმანჯაროს მწვერვალიც კი აქვს დალაშქრული, რაც სახუმარო საქმე არ არის ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მსახიობისთვის. ბილის შესაშური აღნაგობის რეცეპტი კი შემდეგში მდგომარეობს: იოგა კვირაში სამჯერ, ჯანმრთელი საკვები, ფიზიკური შრომა და... მეტი არაფერი.
ჯენიფერ ანისტონი
ბრედ პიტის ექსმეუღლის, ჯენიფერ ანისტონისთვის, ასაკი მხოლოდ ციფრია. ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ, 41 წლის ასაკში იგი ისევე სექსუალურად გამოიყურება ბიკინიში, როგორც 10-15 წლის წინ. მისი მუცელი ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მუცლად არის მიჩნეული ჰოლივუდელ ლამაზმანებს შორის. აღსანიშნავია, რომ ჯენიფერი თავს არიდებს პლასტიკური ქირურგების კაბინეტებს. მისი სხეულის სექსუალურობის ფორმულა კი მარტივია: დიეტა, ფიზიკური ვარჯიშები და იოგა.
ტეილორ ლოტნერი
„ბინდის” ვარსკვლავმა ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიპყრო ყურადღება თავისი ათლეტური სხეულით და დასვა საუკუნის კითხვა: „ვინ ჯობია – ვამპირი ედვარდი თუ მაქცია ჯეიკობი?“ თინეიჯერი გოგონების უმეტესობა მაქციისკენ იხრება და არც არის გასაკვირი, რადგან დაკუნთული ტეილორი გაცილებით სასიამოვნო საყურებელია, ვიდრე ფერმკრთალი და გამხდარი რობერტ პატინსონი. ტეილორს საკუთარი გვერდი აქვს ცნობილი ჟურნალის – „მენ ჰელსის” ელექტრონულ ვერსიაში, რომელიც მიძღვნილია ვარჯიშებისა და იმ მეთოდებისადმი, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა ასეთ ფორმას დამოუკიდებლად. ლოტნერის პირადი მწვრთნელის, ჯორდან იუამის განცხადებით, ტეილორი იმდენად მონდომებული ვარჯიშობს ტრენაჟორებზე, რომ ხანდახან დღე-ღამეში 14-16 საათს ატარებს დარბაზში. აქედან გამომდინარე, არც არის გასაკვირი, თუ როგორ მოიმატა მან „ბინდის” მეორე ნაწილის გადაღებებისთვის 30 ფუტი კუნთოვანი მასა.
ბრედლი კუპერი
ბრედლი ჰოლივუდის ახალი გულთამპყრობელია. „წვეულება ვეგასში” და „გუნდი ა-ს” ვარსკვლავის ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით, არც არის გასაკვირი, თუ რატომ ჰყავს მას მრავალმილიონიანი თაყვანისმცემელი ქალების არმია. სხვათა შორის, ამ შედეგის მიღწევისთვის ბრედლიმ რთული სავარჯიშო კურსი გაიარა პირად მწვრთნელთან, ჰოლივუდში განთქმულ ეშლი კონრადთან, რომელიც სპეციალურად მისთვის შედგენილი პროგრამით ავარჯიშებდა მსახიობს, რათა სასურველი შედეგი მიეღოთ. საინტერესოა, რომ კონრადი დიდ ყურადღებას უთმობდა გულის ვარჯიშებს და დღეში ერთ საათს ბრედლი სპეციალურ დავალებებს ასრულებდა, რათა გული უფრო გამძლე გამხდარიყო ფიზიკური დატვირთვების დროს.
კრის ჰემსვორტი
სულ ახლახან კინოეკრანებზე გამოვიდა ბლოკბასტერი „თორი,” რომლის ახალბედა ვარსკვლავმა, კრის ჰემსვორთმა, მაყურებელს თავი ბრწყინვალე ფიზიკური ფორმით დაამახსოვრა. კრისი ბოდიბილდინგით არის გატაცებული და, ასევე, კალიფორნიის სანაპიროზე სერფინგით ერთობა. სხვათა შორის, სპეციალურად „თორის” როლისთვის მან ექვსი თვე ფიტნესის მწვრთნელებთან ერთად გაატარა, რათა რეჟისორის მიერ ჩაფიქრებული პერსონაჟი დიდ ეკრანზე გაეცოცხლებინა, რაც საკმაოდ კარგად გამოუვიდა, რადგან, სწორედ მისი სხეულის სანახავად, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მილიონობით ქალბატონი გაეშურა კინოთეატრებისკენ.