კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები



როგორ გადავარჩინე დედა

და საკუთარი თავი

ძალიან რთულ და გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

დედა და მამა დიდი ხანია, გაშორებულები არიან. მამამ მეორე ცოლი შეირთო, შვილებიც ეყოლა და ცხოვრობს თავისთვის ბედნიერად. დედა დიდხანს არ თხოვდებოდა. ჩემი აზრით, გულში მაინც იმედი ჰქონდა, რომ მამაჩემი შეურიგდებოდა, რადგან ვგრძნობდი, რომ ყველაფრის მიუხედავად, ისევ უყვარდა ყოფილი ქმარი. მაგრამ მამამ ცოლი რომ შეირთო, იმ დღიდან დედა ძალიან შეიცვალა. რაღაცნაირი ნერვიული გახდა. მერე საეჭვოდ დაიწყო პრანჭვა და მივხვდი, რომ მეგობარი გაიჩინა. ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, თუმცა, რომ დავფიქრდი, ვერ გავამტყუნე – ახალგაზრდა ქალია და მასაც ხომ აქვს უფლება, პირად ცხოვრებაზე იფიქროს. თავიდან მიმალავდა ყველაფერს და ამიტომ ძალიან დაძაბული იყო, მერე კი მე თვითონ ვუთხარი, მესმის შენი და არ გამტყუნებ-მეთქი. ჩემმა ასეთმა საქციელმა მე და დედა ძალიან დაგვაახლოვა. ერთ დღეს კი მითხრა, ჩემი მომავალი ქმარი უნდა გაგაცნოო. გადავწყვიტეთ, რესტორნებსა და კაფეებს, ისევ სახლში დაპატიჟება სჯობდა.

დათქმული დღისთვის კარგი სადილი გავაკეთეთ თავისი რამე-რუმეებით და ჩემი მომავალი მამიკო დავპატიჟეთ. საკმაოდ სიმპათიური და დახვეწილი კაცი აღმოჩნდა. საუბარი, დონე, მიხვრა-მოხვრა – ვერაფერს დაუწუნებდი. სადილის შემდეგ ჩვენს თეთრ როიალს მიუჯდა და, კლასიკიდან დაწყებული, ბლუზით დამთავრებული, ყველაფერი „ჩაარაკრაკა“, რაც იცოდა. დამავიწყდა, მეთქვა, რომ საკმაოდ ხელდამშვენებული მოვიდა: მე და დედას ყვავილები, ძვირფასი სუნამოები და ტკბილეული მოგვართვა. ერთი სიტყვით, არაფერი შეშლია, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ მაინც უსიამოვნო გრძნობა დამრჩა. დიდხანს ვიფიქრე, რა იყო ამის მიზეზი და ბოლოს მივხვდი: უცნაურად ხარბად ათვალიერებდა ჩვენს ბინას, ავეჯს, ნივთებს. და, კიდევ, ისე იქცეოდა, თითქოს ჩვენ ვიყავით მისი სტუმრები.

ცნობისათვის, მინდა გითხრათ, რომ დედაჩემი ძალიან შეძლებული ოჯახიდანაა და ბინაც, თავისი მოწყობილობით, ძვირფასი მანქანაც და ფეშენებელური აგარაკიც, ბებიამ და ბაბუამ თავიანთ ერთადერთ შვილს, ანუ დედაჩემს მისცეს. მართალია, დედა საკმაოდ ლამაზი და წარმოსადეგი ქალია, კარგი წრით, სამსახურითა და ბანკში სოლიდური ანგარიშით. ამიტომ, ეჭვი გამიჩნდა, რომ ჩემს „სასიძოს“ დედაჩემის პიროვნულ ღირსებებზე მეტად მისი მატერიალური მდგომარეობა აინტერესებდა.

იმ საღამოს დედა ისეთი ბედნიერი იყო, ჩემი ეჭვების შესახებ ვერაფერი ვუთხარი – არ მინდოდა, ბედნიერება ჩამემწარებინა. გულში კი გადავწყვიტე, „კერძო დეტექტივის“ როლი თავად შემესრულებინა და ყველაფერი გამეგო ჩემი სამამინაცვლოს შესახებ, რადგან არ მინდოდა, დედა კიდევ ერთხელ გაწბილებულიყო.

დიდი წვალებისა და ჯახირის შემდეგ გავარკვიე, რომ პატივცემული ერეკლე ცოლს ყოფილა გაშორებული და ორი შვილიც ჰყოლია. თავისთავად ეს ფაქტი დიდი „გრეხი“ არ არის, მაგრამ, საქმე ისაა, რომ დედამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ერეკლეს ცოლთან გაყრის მიზეზიც დავადგინე: თურმე, ეს დახვეწილი ვაჟბატონი ცნობილი „იგროკი“ ყოფილა, კაზინოში უზარმაზარი თანხა წაუგია და ვალის გადასახდელად ბინა დაუგირავებია. მერე ისევ უთამაშია იმის იმედით, რომ ფულს მოიგებდა და ბინას გამოისყიდდა (ის ბინაც სიმამრის ნაჩუქარი ყოფილა), მაგრამ, მოგების ნაცვლად, ისევ წააგო და ვალს ვალი დაუმატა. ახალი ვალის გადასახდელად კი ცოლის ძვირფასეულობა მოუპარავს და გაუყიდია, მაგრამ ბინა ისევ გამოსახსნელი დარჩენია. სხვა რომ ვერაფერი მოუფიქრებია, მდიდარ ქალებზე „ნადირობა“ დაუწყია. ჯერ ვიღაც სხვას „ეჩალიჩებოდა“, მაგრამ ის, თურე, მიუხვდა და „დაუფრინა ანგელოზები“, მერე დედაჩემი „გამოიჭირა“ და ისე მოხერხებულად „შეაბა“, რომ დედას აზრადაც არ მოსვლია, გაეგო, ვინ არის და რას წარმოადგენს მისი რჩეული.

ერთი სიტყვით, დავადგინე ყველაფერი, ისიც კი, რომ მისი ყოფილი ცოლი მოუთმენლად ელოდება, როდის შეირთავს მისი ქმარყოფილი დედაჩემს და როდის „დაითრევს“ მის ქონებას, რომ მათი ბინა გამოისყიდოს და, რაც მთავარია, არა მარტო ელის, თვითონაც ხელს უწყობს, რომ ეს საქმე დააჩქაროს.

მე ეს ყველაფერი დავადგინე, მაგრამ დედაჩემისთვის არაფერი მითქვამს. მაინტერესებდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები და გადაწყვეტილი მქონდა, საჭირო შემთხვევაში რადიკალური ზომები მიმეღო.

ერთ დღესაც, დედამ მითხრა, ერეკლეს უნდა, თავისი და გაგვაცნოს და ხვალ საღამოს მოსვლას აპირებენო. მე გულმა რეჩხი მიყო. ვუთხარი, დის გაცნობა თუ უნდა, თავისთან დაგვპატიჟოს ან რესტორანში წაგვიყვანოს-მეთქი. თავისთან რემონტი აქვთ, რესტორანში კი შინაურული სიტუაცია არ იქნება და ამიტომ აქ ჯობია, მოვიდნენო.

მეორე საღამოს მართლაც გვესტუმრნენ. ერეკლეს თანმხლები ქალი მისი და კი არა, ყოფილი ცოლი იყო – როცა ამ ამბებს ვიკვლევდი, მაშინ ვნახე ეს ქალი მალულად. შემოვიდნენ. ისევ ღიმილი, ყვავილები და... ჩვენი სახლ-კარის ისევ მუშტრის თვალით თვალიერება... საწყალი დედაჩემი ცდილობდა, მაქსიმალურად ესიამოვნებინა სტუმრისთვის. ყავის დალევის შემდეგ ქალბატონმა ლიამ (ასე გაგვეცნო) გვთხოვა, ბინა დამათვალიერებინეთო. დედას ცოტა კი გაუკვირდა, მაგრამ უარი არ უთხრა და ყველა ოთახი მოატარა. არ დამავიწყდება მისი ხარბად მომზირალი თვალები. ბოლოს ისევ დავსხედით. ის იყო, ლიამ რაღაცის თქმა დააპირა, რომ ვეღარ მოვითმინე და მისი ნამდვილი სახელით მივმართე:

– ქალბატონო ნელი, როგორ ფიქრობთ, ეყოფა ჩვენი ქონება თქვენი ბინის გამოსყიდვას-მეთქი?

ამ სიტყვების მერე იქ რა მოხდა, ვერ აგიწერთ. ცოტა ხანში კი პატივცემული „და-ძმა“ კუდამოძუებული გავაბუნძურე სახლიდან. მერე კი ყველაფერი მოვუყევი სახტად დარჩენილ დედაჩემს.

დედამ ეს ტკივილიც გმირულად გადაიტანა. მართალია, დეპრესიაში იყო კარგა ხანს, მაგრამ დეპრესია მერე ენახა, იმ აფერისტს რომ გაჰყოლოდა ცოლად.

ასე რომ, მინდა, ყველა გასათხოვარი (და შეძლებული) ქალი გავაფრთხილო: სანამ გვირგვინს დაიდგამთ, მანამდე კარგად შეამოწმეთ, ვის უკავშირებთ თქვენს ცხოვრებას!

დედაჩემი (და საკუთარი თავიც) კი ნამდვილად გადავარჩინე ქუჩაში დარჩენას.

ლალი, 20 წლის.

ჩვენ რა დავაშავეთ?!

ჩემი ქმარი ნარკოტიკების გასაღების გამო დაიჭირეს. კი არ ვამართლებ, მაგრამ ეს მისი პირველი მცდელობა იყო და მაშინვე „ჩაავლეს“. ვიცი, ყველა ღირსია, ვინც ასეთ საშინელებას სჩადის, მაგრამ ერთია, რომ დაიმსახურებ ადამიანი სასჯელს, მაგრამ, მეორეა, როცა შენი ახლობელი შურისძიების მიზნით „გაგიჩალიჩებს“.

ამ ყველაფერს კი საკმაოდ ბანალური (ჩვენი დღევანდელი ყოფისთვის) ისტორია უძღვის წინ: დაახლოებით ოთხი წლის წინ ჩემი ქმარი თავის სიძეს (დის ქმარს) დაუდგა თავდებად და ვიღაც ნაცნობისგან ათი ათასი დოლარი ასესხებინა პროცენტით. როგორც უმრავლეს შემთხვევაში ხდება ხოლმე, სიძემ ორი თუ სამი თვის პროცენტი გადაიხადა და მერე ხელი დაიბანა – რა ვქნა, არ მაქვს და საიდან მოვიტანოო. ფულის პატრონი კი თავისას ითხოვდა. რამდენიმე თვის პროცენტის გადახდა ჩვენ მოგვიწია. ჩემი სიძე „გვამშვიდებდა“, როგორც კი თანხა გამომიჩნდება, ყველაფერს გავისტუმრებო, მაგრამ როდის იქნებოდა ეს, „როგორც კი“, კაცმა არ იცოდა. ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდით და-ძმას შორისაც ძალიან დაიძაბა ურთიერთობა, რადგან ჩემი მული სულაც არ ამტყუნებდა ქმარს და აქეთ იყო შარზე.

ჩვენი უსიამოვნების შესახებ ჩემმა მამამთილმა რომ გაიგო, ძალიან გაბრაზდა და ორივე შვილს მაგრად ეჩხუბა, მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა, დახმარებოდა და სასწრაფოდ გაყიდა სოფელში უზარმაზარი სახლი (რომელიც მემკვიდრეობით ჩემს ქმარს ეკუთვნოდა), ოცი ჰექტარი ბაღ-ვენახი და შემოგვითვალა, ჩამოდით და ფული წაიღეთო. ამასობაში თვეები იყო გასული და იმდენი პროცენტი იყო დაგროვილი, ლამის თავანს უტოლდებოდა, მაგრამ მამამთილის ფული მთლიანად ფარავდა ვალს და ცოტა რჩებოდა.

ჩემი ქმარი იმ დღეებში მაღალი სიცხით იწვა, მე არ გამიშვა ფულის ჩამოსატანად და ამიტომ ჩემი სიძე და მულიშვილი წავიდნენ. ჩემი მულიშვილი 23 წლის ბიჭია, ცოტა ავარდნილი ტიპია და სულაც არ მინდოდა, რომ ისიც გაერიათ ამ საქმეში, მაგრამ ჩემმა ქმარმა გამაჩუმა – შენი საქმე არ არისო.

მოკლედ, სიძემ და მისმა ვაჟბატონმა ფული კი წამოიღეს, მაგრამ ჩვენამდე ერთი კაპიკიც კი არ მოსულა. შუაღამისას დაგვირეკეს და გვითხრეს, ტრასაზე ბანდიტები დაგვხვდნენ, გვცემეს და ფული წაგვართვესო. ამის გაგონებაზე ჩემი ქმარი ისე ცუდად გახდა, ძლივს მოაბრუნა სასწრაფოს ექიმმა.

მეორე დღეს ფულის პატრონი დაგვადგა თავზე, რადგან ნათქვამი გვქონდა, რომ თანხას მთლიანად მივცემდით. ჩემი სიძის შემონათვალი „ზღაპარი“ რომ მოვუყევით, სულ გაგიჟდა – მე თქვენ ვინ გგონივართო და ერთი საათის შემდეგ ვიღაც შავი ტიპები დაგვაყენა თავზე. საერთოდ, გაგონილი მქონდა, რომ ეგრეთ წოდებული „შავები“ პროცენტიან ვალთან დაკავშირებულ საქმეებში არ ერეოდნენ, მაგრამ, ეტყობა, ეს ადრე იყო. ერთი სიტყვით, ჩვენთან სახლში მოვიდნენ და სიტუაციის გარკვევა (ანუ საქმის გარჩევა) დაიწყეს. რა თქმა უნდა, ჩვენი სიძე და მისი ვაჟიშვილიც ძალით მოიყვანეს, რადგან არ უნდოდათ მოსვლა გარკვეული მიზეზების გამო. მოკლედ, ყველაფერი რომ გაარკვიეს, ფულის გადახდა ჩვენს სიძეს დაავალეს. დამავიწყდა მეთქვა, რომ თავიდან ის ჰკითხეს მამა-შვილს, ის ათი ათასი რისთვის ისესხეთო. ხან რა მობოდეს, ხან რა მოიტყუეს, მაგრამ, ბოლოს გაირკვა, რომ ჩემს მულიშვილს რვა ათასი დოლარი კაზინოს ვალი ჰქონია, დანარჩენი ორი ათასი კი ნარკოტიკების „ბარიგების“ ემართა. კინაღამ გული გამისკდა, ეს რომ გავიგე. მთლად წმინდა წყლის რომ არ იყო ვაჟბატონი, კი ვხვდებოდი, მაგრამ ასეთი ნაძირალა და წყალწაღებული თუ იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი.

ერთი სიტყვით, ვალის გადახდა მათ დაევალათ და ერთი თვის ვადა მიეცათ, რომ ამასობაში ბინისა და აგარაკის გაყიდვა მოესწროთ (ჩვენს სიძეს ყველაფერი ორ-ორი ჰქონდა: ბინაც, აგარაკიც, მანქანაც).

ასე იყო თუ ისე, იმ მევალესთან საქმე გასწორდა, მაგრამ ჩემი მულის ოჯახი მტრად გადაგვეკიდა, მით უმეტეს, რომ ჩემმა მამამთილმა დაადგინა, მისი გამოტანებული თანხით ისევ პირადი ვალები რომ გაისტუმრა მისი ქალიშვილის ქმარ-შვილმა და არავითარი ძარცვა რომ არ მომხდარა, რის გამოც საერთოდ უარყო ისინი და ყველაფერი, რაც მაშინ გაყიდვას გადაურჩა, ჩემს ქმარზე გადმოაფორმა.

გავიდა რაღაც პერიოდი. ჩემს ქმარს რაღაც საქმე ჩაუვარდა, დიდი ვალი დაედო და იძულებული გავხდით, ბინა გაგვეყიდა. ვალი კი გადავიხადეთ, მაგრამ ქუჩაში დავრჩით. მამამთილის მოცემული მიწის ნაკვეთი და პატარა ქოხი სოფელში ჩვენს პრობლემას ვერ უშველიდა. ვიქირავეთ ბინა. ამასობაში ისე მოხდა, რომ ჩემი სამსახურიც დაიხურა და აბსოლუტურად შემოსავლის გარეშე დავრჩით სამი პატარა ბავშვით ხელში. ჩემმა ქმარმაც ვერანაირი სამუშაო ვერ იშოვა და, როგორც ჩანს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა გადაწყვიტა, ამ ცოდვიანი გზით ეშოვა ოჯახის სარჩო (კიდევ ვიმეორებ, მაინც არ ვამართლებ). ეს ნარკომანები და „ბარიგები“ ხომ ლამის ყველა იცნობს ერთმანეთს. ჩემს მულიშვილსაც გაუგია ბიძამისის შესახებ და იმ პირველივე დღეს ნარკოტიკი თავისი ახლობლისთვის გამოუტანებია, მერე კი პოლიციაც დააყენა თავზე (ოღონდ, მას შემდეგ, რაც ის ახლობელი იმ ტერიტორიას მოშორდა) და ეს დებილი ჩემი ქმარი, ამ ხნის კაცი, ტაბლეტებით ხელში დაიჭირეს შუა ქუჩაში და მთელმა უბანმა დაინახა, როგორ ჩასვეს მანქანაში ხელბორკილდადებული.

ჩემმა ქმარმა იცის, ვისი წყალობითაც ზის ციხეში, მაგრამ კატეგორიულად მიკრძალავს ხმის ამოღებას. არ ვიცი, როდის ეღირსება იქიდან გამოსვლა, მაგრამ, როგორც ჩანს, მერე აპირებს შურისძიებას.

მე და ბავშვები კი უკიდურეს გაჭირვებაში ვართ. რამდენიმე მოსწავლე ავიყვანე და დღისით პიანინოზე და გიტარაზე დაკვრას ვასწავლი, საღამოს კი ნამცხვრებს ვაცხობ და ახლობლის მაღაზიაში ვაბარებ, მაგრამ ეს თანხა გადასახადებზე და ქირაზეც არ მყოფნის. მამამთილი კი გვეხმარება ცოტ-ცოტას, მაგრამ ქმარსაც ხომ უნდა ციხეში ხანდახან მაინც რამის შეგზავნა?

ახლა ისე ვარ გამწარებული, რომ ხმამაღლა ვამბობ: ჩემს ქმარზე ყველაფერი ახია, რაც დაიმსახურა, ის მოიმკო, მაგრამ მე და ბავშვებმა რა დავაშავეთ?!

თამრიკო, 39 წლის.

მამის გამო სახლიდან წამოვედი

სკოლა შარშან დავამთავრე და ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში მოვეწყვე. ერთი სული მქონდა, სტუდენტი როდის გავხდებოდი და დამოუკიდებელ (მეტ-ნაკლებად) ცხოვრებას დავიწყებდი, რადგან მთელი ბავშვობა და მოზარდობა დედაჩემისა და მამაჩემის ჩხუბში, ურთიერთსაყვედურებსა და გაქცევა-შერიგებაში მაქვს გატარებული. პატარა ვიყავი და აქტიურ პროტესტს ვერ გამოვხატავდი. ჯერ ერთი, მამის მეშინოდა, მეორეც – დედა მეცოდებოდა.

ცოტა რომ წამოვიზარდე, მათი ერთ-ერთი ჩხუბისა და მერე შერიგების დროს ორივეს ვუთხარი, როგორ არ დაიღალეთ ასეთი ცხოვრებით. თუ გიყვართ ერთმანეთი, რაღას ჩხუბობთ, თუ არ გიყვართ – რატომ არ შორდებით-მეთქი. ჩემი სიტყვები ორივემ თავის საწინააღმდეგოდ მიიღო და ორივემ ცალ-ცალკე მითხრა, მეგონა, მე დამიჭერდი მხარს და შენ კი იმისკენ ყოფილხარო. მაშინ მეტი ვეღარაფერი ვუთხარი, ვეღარ გავბედე.

სკოლა რომ დავამთავრე და სტუდენტი გავხდი, მეგონა, რამე შეიცვლებოდა მათ ურთიერთობაში, თუნდაც იმიტომ, რომ უკვე ზრდასრული შვილი ჰყავთ და შერცხვებათ ყოველ წუთში გაწევ-გამოწევა, წიოკი და აყალმაყალი-მეთქი, მაგრამ შევცდი – ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა.

ხშირად ვფიქრობ და მინდა, გავარკვიო (ჩემთვის მაინც), რომელია დამნაშავე, რომ ამდენი წელია, ვერა და ვერ ააწყვეს ურთიერთობა. დედა, რომ იტყვიან, ნამდვილი ოჯახის ქალია: სახლი, კარი, ბაზარი, სადილი, ქმარ-შვილი, რემონტი და ხელოსანიც კი – ყველაფერი საკუთარ თავზე აქვს აღებული და, პრინციპში, კარგადაც ართმევს თავს. ჰო, თან მუშაობს კიდეც დილის 10-დან საღამოს 5 საათამდე და ხელფასსაც ნორმალურად უხდიან. ანუ, მატერიალურად მთლიანად ქმარზე არ არის დამოკიდებული. პატარა რომ ვიყავი, ვერც ვამჩნევდი, მაგრამ ახლა უკვე სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს და ვხვდები, რაშია დედა დამნაშავე: საკუთარი თავი ყველასა და ყველაფერზე ბოლოს დააყენა. ამას წინათ, სახლში მარტო რომ ვიყავი, დედას ტანსაცმლის კარადა გამოვაღე და მის გარდერობს გადავხედე. სიმართლე გითხრათ, სიბრაზენარევი სიბრალული ვიგრძენი: ყველაფერი ძველი, მოდიდან გადასული, ასი წლის წინ ნაყიდი და, რაც მთავარია, ამ მოძველებულ ტანსაცმელსაც პრაქტიკულად არ იცვამდა, ვის უნახავდა, არ ვიცი. არც თავის მოვლით იყო დაკავებული – თმას თუ შეიღებავდა ხოლმე, ეგ იყო და ეგ. არადა, დედა საკმაოდ ლამაზი ქალია. ოდნავ მეტი ყურადღება რომ მიაქციოს თავს, ქუჩაში გავლილს თვალს გააყოლებენ. ინტელექტითა და განათლებითაც წუნს ვერ დასდებს კაცი, მით უმეტეს – მამაჩემისნაირი, რომლისთვისაც ქალს (უფრო სწორად – ცოლს), როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე, სამი ფუნქცია აქვს: „სამზარეულო, ქმარ-შვილის მოვლა და ხანდახან – ლოგინი“ (ეს მამაჩემის სიტყვებია. ერთხელ ნასვამმა უთხრა თავის ძმაკაცს და შემთხვევით გავიგონე).

დედას კარადის შემდეგ მამას კარადა დავათვალიერე: ყველაფერი მოდური, ახალი, გაპიწკინებული; რამდენიმე ხელი შარვალ-კოსტიუმი, რამდენიმე წყვილი უძვირფასესი ფეხსაცმელი, ძვირფასი ოდეკოლონების მთელი არმია (ჰალსტუხზე და ასეთ „წვრილმანებზე“ არაფერს ვამბობ).

გული ჩამწყდა. რა თქმა უნდა, მამაც მიყვარს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, სიმართლეს თუ ვიტყვი, ვინ იქნებოდა მამაჩემი, დედა რომ არ შეერთო ცოლად? ვინ და, ერთი სოფლელი ბიჭი, უქონელი და უყოლელი. თავისი ლამაზი თვალებითა და მოთაფლული ენით შეაყვარა თავი დედისერთა გოგოს, ჩაესიძა და ყველაფერი, რასაც მიაღწია, ბაბუაჩემის წყალობით იყო. მართალია, თვითონაც გამოიჩინა მარიფათი, მაგრამ, ახლა რომ წრით, სამეგობროთი და წარმატებული კარიერით მოაქვს თავი, დაავიწყდა, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი?! დედა კი ძალიან სუსტი აღმოჩნდა. ისე უგონოდ და უაზროდ შეუყვარდა ქმარი, რომ, საბოლოო ჯამში, მის მონად იქცა. და, რაც მთავარია, ამით ბედნიერი იყო მანამ, სანამ სრულიად შემთხვევით არ გაიგო, რომ მამა ღალატობდა. სწორედ მაშინ დაიწყო მათ შორის უსიამოვნებები, რის დამთავრებასაც აღარ დაადგა საშველი. ამას წინათ ისე გამაგიჟეს, დედაჩემს პირდაპირ ვუთხარი, გაშორდი-მეთქი. ტირილი დაიწყო და მითხრა, მამაშენის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ, მაშინვე მოვკვდებიო.

მერე ვცადე, მამას დავლაპარაკებოდი. ვთხოვე, ცოტა თბილად მოქცეოდა დედას. მან კი მითხრა, აღარ მიყვარს, არ არის საინტერესო ქალი, სხვა შემიყვარდა და ეს კი არ მიშვებს, უფლებას არ მაძლევს, პირადი ცხოვრება ავიწყოო. მე თუ გახსოვართ რომელიმეს-მეთქი, ვკითხე ნაწყენმა. შენ უკვე დიდი გოგო ხარ, გათხოვდები და შენი ოჯახი გექნება, მე კი ამ ისტერიჩკასთან მთელი ცხოვრება როგორ უნდა გავძლოო. ისე შემეცოდა დედა, ისე შემეკუმშა გული, რომ პირდაპირ ვახალე მამაჩემს, მე ჩაგიწყობ დედასთან საქმეს გაყრაზე, ოღონდ, რითაც მოხვედი ამ ოჯახში, იმითვე დაბრუნდი უკან-მეთქი. ისე გამწარდა, თავი ვეღარ მოთოკა და სილა გამაწნა. მერე, უცებ გამოფხიზლდა და მოფერება დამიწყო, მუხლებზე დავარდნილი მეხვეწებოდა, მაპატიეო. მე კი ვუკივლე, წაეთრიე დედაჩემის სახლიდან და იმ შენს ბოზებს ულაწუნე, შენ ჩემი მამა აღარ ხარ-მეთქი. მაინც ეგონა, რომ ვაპატიებდი, მაგრამ ისე მინდოდა გამემწარებინა, რომ მეორე დღესვე შევიტანე განცხადება საპასპორტოში და რამდენიმე დღის შემდეგ დედის გვარზე გადავედი. მამის სახელი კი დამრჩა, მაგრამ მისი გვარი მოვიშორე.

დედას კი პირდაპირ დავუსვი საკითხი: აირჩიე, რომელი გირჩევნია, ეგ არაკაცი თუ ერთადერთი შვილი-მეთქი. ჯერჯერობით ის ვაჟბატონი არ წასულა სახლიდან. სამაგიეროდ, მე ჩავალაგე ჩემი ტანსაცმელი და დაქალთან გადავედი. დედაჩემს ვუთხარი, სანამ ეგ ნაძირალა სახლში გდია, მანდ არ დავბრუნდები-მეთქი. დედა ძალიან განიცდის, რადგან იცის ჩემი ხასიათის ამბავი. იმ კაცს კი, ჩემს ყოფილ მამას, თუ ვინმემ ჭკუა არ ასწავლა, ისე ვერ მიხვდება, რომ დედამიწა მის გარშემო არ ბრუნავს.

ნანიკო, 19 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3