კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹30–20(542)

– ახალდაქორწინებულებისთვის ხელის შეშლა არ მინდოდა, – მიუგო მინისტრს სპეცრაზმის მეთაურმა.

ვერტმფრენი თითქმის უხმაუროდ დაეშვა.

– სწრაფად, წავედით! – თქვა მინისტრმა და ვერტმფრენში პირველი შეხტა. მას უკან დაცვის უფროსი და ოთხი მცველი მიჰყვნენ.

ამასობაში კიდევ ორი ვერტმფრენი დაეშვა, რომლებშიც სპეცრაზმი და მოიერიშეთა ჯგუფი მოთავსდნენ და სამივე ვერტმფრენი ერთდროულად აიჭრა ცაში.

– გთხოვენ, – უთხრა მინისტრს დაცვის უფროსმა და სპეცკავშირის სატელიტური ტელეფონი მიაწოდა.

– ახალია რამე? – ჰკითხა მინისტრმა თავის სამხედრო კოლეგას.

– აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრისკენ საეჭვო ვერტმფრენი მიემართება. ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, ის მაინც ჯიუტად მიიწევს წინ და კონტაქტზე არ გამოდის, ალბათ, იმედი აქვს, რომ გააღწევს, – მოახსენა მინისტრს სამხედრო უწყების მეთაურმა.

– ვერ უნდა გააღწიოს, – მოკლედ მოუჭრა მინისტრმა.

– ჩამოვაგდოთ?

– გაგიჟდი? არავითარ შემთხვევაში! – ხმას აუწია მინისტრმა, – უნდა დასვათ.

– მაშინ, სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს. ოთხი რუსული „კრაკადილი“ აფრინდა ახლა ჰაერში და, ალბათ, იმ საეჭვო ვერტმფრენის ესკორტირებას შეეცდებიან.

– ახლა სად ხარ?

– თავდაცვის სამინისტროს სპეცბუნკერში.

– მე კი ჰაერში ვარ და ჩემს საუკეთესო მებრძოლებთან ერთად სამი ვერტმფრენით აფხაზეთისკენ მივემართებით. შენებს უბრძანე, რომ „კრაკადილების“ თარეში არ დაუშვან, საეჭვო ვერტმფრენი დასვან და ჩვენ ცეცხლი არ გაგვიხსნან. გაიგე?

– ბატონო მინისტრო, „კრაკადილების“ განადგურებას, შეიძლება უსერიოზულესი კონფლიქტი მოჰყვეს!

– კრეტინო! – ხმას აუწია მინისტრმა, – შენს ტერიტორიაზე შემოჭრილი მტერი გაანადგურე და ტერორისტებით სავსე ვერტმფრენი დასვი, თანაც, უდანაკარგოდ! გიმეორებ – უდანაკარგოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენივე ბუნკერში ვირთხასავით ჩაგკლავ ჩემი ხელით, გესმის?

– მესმის!

– ჰოდა, თუ გესმის, ახლავე შეასრულე შენი პირდაპირი მოვალეობა! – თქვა მინისტრმა, ტელეფონი გათიშა, დაცვის უფროსს მიაწოდა და ჩაილაპარაკა: – იდიოტი! ბუნკერში ჩამძვრალა და კამანდრობს!

– ბატონო მინისტრო, სახიფათო ზონას ვუახლოვდებით და რა ვქნათ? – ჰკითხა მინისტრს პილოტმა.

– რომელს? – იკითხა მინისტრმა.

– აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარს.

– რატომაა ის სახიფათო ზონა?

– იმიტომ, რომ იქ საჰაერო ბრძოლაა გაჩაღებული, – მიუგო მინისტრს პილოტმა, – ახლა გადმომცეს ხმელეთიდან რაციაში.

– იქით გაემართე და, თუ საჭირო იქნა, ბრძოლაშიც ჩავებათ, მაგრამ, ფრთხილად, ისე, რომ ჩვენებს ხელი არ შევუშალოთ! – უბრძანა მინისტრმა პილოტს, შემდეგ დაცვის უფროსს სპეცკავშირის ტელეფონი გამოართვა და თავის სამხედრო კოლეგას უპასუხა:

– გისმენ!

– მე ვარ, ბატონო მინისტრო, – თქვა სამხედროების შეფმა.

– ვიცი, გისმენ!

– ჩვენები რუსების „კრაკადილებს“ ებრძვიან და თან ტერორისტების ვერტმფრენის დასმას ცდილობენ.

– ვიცი.

– საიდან?

– ჩემმა პილოტმა მომახსენა.

– თქვენმა პილოტმა?

– ჰო, ჩვენც აქ ვართ და, ალბათ, ბრძოლაში ჩავებმებით. შენები გააფრთხილე, რომ შემთხვევით არ ჩამოგვაგდონ. დრო არ მაქვს, კავშირის დასასრული! – თქვა მინისტრმა, ტელეფონი დაცვის უფროსს გადასცა და ხუთასიოდე მეტრის დაშორებით მიმდინარე სასტიკ საჰაერო ბრძოლას მიაჩერდა.

ამერიკული წარმოების ქართული ვერტმფრენებისა და უახლესი რუსული ვერტმფრენების შეტაკება სულ რაღაც ათიოდე წუთს გაგრძელდა, ქართველებმა ორი „კრაკადილი“ ჩამოაგდეს, ოთხი კი გაიქცა. ქართველთა ვერტმფრენთაგან მხოლოდ ერთი დაზიანდა, მაგრამ ისიც თავისით დაეშვა მიწაზე და არავინ დაზარალებულა, ტერორისტების ვერტმფრენი კი ტყიან მდელოზე დაეშვა, რადგან მას საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს და გამტაცებლებმა სახმელეთო გზით სცადეს აფხაზეთში გადასვლა და გატაცებულების გადაყვანა.

– წავედით, გამოვიხსნათ! – უთხრა მინისტრმა სპეცრაზმისა და მოიერიშე ჯგუფ „ალფას“ მეთაურებს.

– ბოდიში, ბატონო მინისტრო, მაგრამ ეგ მისია ჩვენ მოგვანდეთ, – უთხრა მინისტრს სპეცრაზმის მეთაურმა. – თქვენ კი, ბატონო მინისტრო, – დაამატა „ალფელთა“ შეფმა, – კავშირზე დარჩით და ინფორმაციები მიიღეთ.

– კარგი, შეუდექით სპეცოპერაციას! – უბრძანა მინისტრმა ხელქვეითებს და ანიშნა – წადითო, თავად კი ვერტმფრენს მიეყუდა, გააბოლა და სპეცოპერაციაზე მიმავალ ხელქვეითებს გააყოლა თვალი.

ადგილზევე შემუშავებული გეგმის მიხედვით, სპეცრაზმის ნახევარი და „ალფელთა“ ჯგუფი ორი ვერტმფრენით ადმინისტრაციული საზღვრისკენ გაფრინდნენ, რომ ტერორისტებისთვის გზა მოეჭრათ და მათ წინ დახვედროდნენ. სპეცრაზმის მეორე ნახევარი კი „კუდზე დააჯდა“ ტერორისტებს და დევნას ახორციელებდნენ.

– სადაცაა გათენდება, – ჩაილაპარაკა მინისტრმა და დაცვის უფროსს მიაჩერდა, რომელიც მას მიუახლოვდა, ტელეფონი მისცა და ირონიით თქვა:

– გიხმობთ.

– ფელდმარშალი? – გაეცინა მინისტრს დს სპაცკავშირის ტელეფონს უპასუხა:

– გისმენ.

– ხომ კარგად ხართ? – მოიკითხა მინისტრი თავისმა სამხედრო კოლეგამ.

– არა, – მიუგო მინისტრმა.

– დაჭრილი ხართ? – წამოიძახა სამხედროების შეფმა.

– არა, მაგრამ, სანამ გატაცებულებს არ დავიბრუნებთ, კარგად როგორ ვიქნები?

– ჩემებმა შემატყობინეს, რომ სპეცოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა.

– მხოლოდ ნახევარმა. ყოჩაღ, კარგი მფრინავები გყოლია, რუსულ „კრაკადილებს“ აჯობეს – ჩემი თვალით ვნახე. აუცილებლად ვუშუამდგომლებ პრეზიდენტთან, რომ ჯილდოები მიანიჭონ.

– გმადლობთ.

– კარგი. თუ მეტი არაფრის თქმა არ გინდა, დროებით დაგემშვიდობები. სპეცოპერაციას პირადად ვხელმძღვანელობ და, თუკი შენი ხაზით რამე ახალი იქნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში დამიკავშირდით. აბა, დროებით, – მიუგო მინისტრმა კოლეგას და ტელეფონი გაუთიშა.

დილის ექვსის ნახევარი სრულდებოდა და უკვე გათენებული იყო, როდესაც ორივე ვერტმფრენი დაბრუნდა და იქიდან სპეცმეომრებთან ერთად საღ-სალამათი ჯაბა და შორენა გადმოვიდნენ.

– კარგად კი დაიწყო თქვენი თაფლობის თვე, – უთხრა მინისტრმა ქალ-ვაჟს და ორივეს ერთდროულად ჩაეხუტა.

***

ახალდაქორწინებულები პირადად მინისტრმა მიაცილა სახლში და გაძლიერებული დაცვის ქვეშ დატოვა, წამოსვლის წინ კი უთხრა:

– აბა, თქვენ იცით, თაფლობის თვის სასიამოვნოდ და ტკბილად გაგრძელებას გისურვებთ. იმედია, რომ მეტი აღარავინ მოინდომებს თქვენს მოტაცებას და, რომც მოინდომონ, მაინც არაფერი გამოუვათ, რადგან თქვენ ისევე გაძლიერებულად გიცავენ, როგორც ქვეყნის პირველ პირს. თუმცა, თვალში არავინ შეგეჩხირებათ და თქვენს გემოზე ყოფნაში ხელს არავინ შეგიშლით.

– ახლა მაინც არ იტყვი, რა ხდება ჩვენს თავს? – ჰკითხა შორენამ ჯაბას, როდესაც მინისტრი წავიდა და ქალ-ვაჟი ერთმანეთის პირისპირ დარჩა.

– მხოლოდ ყველაფერი კარგი, ძვირფასო, – მიუგო მეუღლეს ჯაბამ, თმაზე მიეფერა და ამგვარად სცადა კითხვაზე პასუხისთვის თავის არიდება, მაგრამ შორენა არ ცხრებოდა:

– ეს პასუხი არაა, ჯაბა, მითხარი რა ხდება?

– დავქორწინდით, საყვარელო, უკვე ცოლ-ქმარი ვართ და, დროა, ჩვენი პირდაპირი მოვალეობები შევასრულოთ, – უთხრა ჯაბამ და შორენას საქორწინო კაბაზე მოჰკიდა ხელი, რომ გაეხადა, მაგრამ გოგონა განზე გაიწია:

– რა დროს ეგაა, ჯაბა, მითხარი, რა ხდება?

– სწორედ რომ ამის დროა, საყვარელო, თანაც, რა მოუთმენლად და რამდენ ხანს ველოდი ამ დღის დადგომას! – იმეორებდა ჯაბა, რომელსაც არც შორენას ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება უნდოდა და არც მოტყუების სურვილი ჰქონდა, მაგრამ, შორენაც იხევდა უკან და ჯიუტად ამბობდა:

– ნუთუ მე, შენს კანონიერ ცოლს, იმის გაგების უფლება არ მაქვს, რა ხდება ჩვენს ოჯახში?

– რა ხდება და, დიდი ბედნიერება.

– ჰო, მაგარი ბედნიერებაა, როცა ვიღაც გალავარეზები გიტაცებენ, შენს გამოსახსნელად კი საქართველოს მთელი სპეცნაზი ჩალიჩობს და თავს იმდენი დაცვა გახვევია, ამერიკის პრეზიდენტს რომ არ დასიზმრებია, – სხაპასხუპით თქვა შორენამ და ჯაბას შეხედა, – არ იტყვი, რა ხდება?

ჯაბამ საათს შეხედა და შორენას მიუგო:

– დღის პირველი საათია, ჩვენ კი მხოლოდ ფორმალურად ვართ ჯერჯერობით ცოლ-ქმარი. დაიღალე, საყვარელო და იმიტომ არ გინდა ჩემთან დაწოლა თუ უკვე აღარ გიყვარვარ?

– გეყოფა, ჯაბა, კითხვაზე მიპასუხე! – თქვა შორენამ.

– რა კითხვაზე?

– ჯაბა!

– ბატონო!

შორენამ, რომელიც ჯაბას სიმშვიდემ კიდევ უფრო გააღიზიანა, ოთახში გაიარ-გამოიარა, შემდეგ მეუღლის წინ დოინჯშემორტყმული დადგა და კითხვა გაუმეორა:

– ჯაბა! – ხმას აუწია შორენამ, – გეყოფა, ჩემი გაგიჟება. მითხარი სიმართლე!

– სიმართლე?

– ჰო, სიმართლე.

– კარგი, გეუბნები, – თქვა ჯაბამ, პაუზა გააკეთა, შორენას შეხედა და უთხრა, – მიყვარხარ, ჩემო მშვენიერო!

ჯაბას სიტყვებმა გოგონა უკიდურესად გააცოფა, მას სახე აელეწა, წამოწითლდა, სააბაზანოსკენ გაიქცა, თან ჯაბას დაუყვირა:

– ყელში ამოვიდა შენი იდიოტობა, გეყოფა. შხაპს მივიღებ და დავიძინებ!

შორენა ნახევარი საათის შემდეგ გამოვიდა სააბაზანოდან და მიუხედავად იმისა, რომ ჯაბაზე ისევ ნაწყენი იყო, ბევრად დამშვიდებული ჩანდა.

– რა გაეწყობა, თუკი ასე გულით გინდა, ყველაფერს გეტყვი, მაგრამ, გევედრები, რომ ეს საუბარი ჩვენში უნდა დარჩეს, – უთხრა ჯაბამ განაწყენებულ ცოლს.

ჯაბას სიტყვებზე შორენას თვალები გაუბრწყინდა, შემდეგ ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიადო და უთხრა:

– ჩჩშშ, არ თქვა, არაა საჭირო. მჯერა, რომ თქმა არ შეიძლება. ჩემთვის მთავარი შენი ნდობა იყო და დავრწმუნდი, რომ მართლა გიყვარვარ, მართლა მენდობი და მართლა მზად ხარ, ყველაფერი მომიყვე. მაგრამ, აღარ მითხრა, მიყვარხარ!

– მეც ძალიან მიყვარხარ! მოდი ჩემთან, – ჯაბამ შორენა თავისკენ მიიზიდა და აკოცა, შემდეგ გოგონა ხელში აიტაცა და საძინებელში შეიყვანა...

***

პირველი სტუმრები ახალ ცოლ-ქმარს ქორწილის მეოთხე დღეს ეწვივნენ. დაცვის უფროსმა, ცოლ-ქმარს მორიდებულად უთხრა:

– ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ, სტუმრები მოვიდნენ და რა ვუთხრა?

– სტუმარი ღვთისაა, შემოიყვანე, – მიუგო ჯაბამ, შორენამ კი ჰკითხა:

– ვინ არიან?

– თქვენი მშობლები, – მიუგო გოგონას დაცვის უფროსმა.

– დედიკო და მამიკო! – წამოიძახა შორენამ, ტაში შემოჰკრა, – ჩქარა, ჩქარა შემოიყვანე, ორივე ძალიან მომენატრა!

დაცვის უფროსი წავიდა, ნახევარი წუთის შემდეგ კი ოთახში ელენე და მამა სერაფიმე შემოვიდნენ. მათ ძალიან სადად, მაგრამ არაეკლესიურად ეცვათ. შორენა დედ-მამას ერთდროულად ჩაეხუტა და მათი ფერებით რომ იჯერა გული, მხოლოდ ამის მერე მიუშვა ისინი სიძესთან.

– კიდევ ერთხელ გილოცავ, შვილო, – უთხრა ელენემ სიძეს და გადაკოცნა, იგივე გაიმეორა მამა სერაფიმემ და დაამატა:

– როგორ ხართ, როგორ ეგუებით ოჯახურ ცხოვრებას?

– კარგად, გმადლობთ, – მიუგო სიმამრს ჯაბამ.

– წამოდი, დედიკო, სადილი მოვუმზადოთ კაცებს, – უთხრა ელენემ შორენას და ხელკავი გამოსდო, რომ სამზარეულოში გაეყვანა, მაგრამ შორენამ უთხრა:

– მოსამსახურეს დავუძახებ, ის მოგვიმზადებს სადილს და სუფრასაც ის გაგვიწყობს, დედიკო, ჩვენ კი აქ ვიყოთ და ვილაპარაკოთ. სამი დღეა, არ მინახავხართ და ძალიან მომენატრეთ.

– მოსამსახურე არაა საჭირო, – თქვა ელენემ და სერაფიმეს გადახედა, – ჩვენ თვითონ მოვამზადოთ და სამზარეულოში ვილაპარაკოთ, აქაურობა კი დროებით კაცებს დავუთმოთ.

ელენემ ქალიშვილი სამზარეულოში წაიყვანა და ჯაბა მიხვდა, რომ ეს წინასწარ იყო შეთანხმებული. ქალები რომ თვალს მიეფარნენ, სერაფიმემ ჯაბას უთხრა:

– საქმეზე მოვედი.

– მოხდა რამე?

– საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია მივიღე და უნდა შეგატყობინო.

– გისმენ.

– შენზე ნადირობაა გამოცხადებული და არ მოგეშვებიან.

– ეს ხომ ისედაც ვიცი, – ჩაეცინა ჯაბას, მაგრამ, უკვე ყველაფერი რიგზეა და მინისტრმა ისეთი დაცვა დაგვინიშნა, რომ პრეზიდენტებსაც კი შეშურდებათ.

– ეს საკმარისი არაა, – თავი გააქნია სერაფიმემ.

– რა არ არის საკმარისი? – ვერ მიხვდა ჯაბა.

– რა და, მინისტრის მიერ გამოყოფილი დაცვა.

– კი მაგრამ, რატომ, რა ხდება?

– შენით ძალიან სარიოზული ძალები დაინტერესდნენ და მათ ვერაფერი დაუდგება წინ.

– რას ძალებს გულისხმობ? დავიჯერო, იმაზე უარესი ხალხია, ვინც ჩვენ გაგვიტაცა?

– ჯერ ერთი, – ჩაეცინა სერაფიმეს, – თქვენი გამტაცებლები სწორედ იმ ძალებმა გამოგზავნეს, ვისზეც მე გელაპარაკები, მთავარი კი ისაა, რომ მათ უარესი ხალხი ჰყავთ შენ წინააღმდეგ და არავითარ შემთხვევაში არ დაგანებებენ თავს.

– კონკრეტულად?

– კონკრეტულად ის, რომ უკვე შენი განადგურების გადაწყვეტილებაა მიღებული, – დააკონკრეტა სერაფიმემ.

– საიდან იცი?

– ხომ არ გავიწყდება, რომ „კაგებეს“ ყოფილი გენერალი ვარ და ჩემი ქსელი მქონდა გაბმული? სწორედ იმ ქსელიდან ვიღებ ინფორმაციას და მაცნობეს, რომ ოთხი დღის წინ, ანუ, მას შემდეგ, რაც შენი გატაცების მცდელობა ჩაფლავდა, შენი ფიზიკური განადგურების გადაწყვეტილება მიიღეს და რამდენიმე შემსრულებელი უკვე შენს სალიკვიდაციოდ გამოგზავნეს.

– ჰო, მაგრამ, ამის გაკეთება არც ისე ადვილია, – თქვა ჯაბამ, – ჩვენს მინისტრს თუ დავუჯერებთ, შეუძლებელიც კი, რადგან, საუკეთესო ძალები გვიცავენ, რაც ამ ოთხი დღის წინაც კარგად გამოჩნდა.

– მერწმუნე, რომ ამქვეყნად არ არსებობს ადამიანი, რომლის მოკვლასაც მოინდომებენ და ვერ შეძლებენ, თანაც, ისეთი ძალები, რომლებიც ჩვენ გვებრძვიან.

– დარწმუნებული ხარ?

– ისევე, როგორც ახლა მე შენ, ჯაბა ონიანს გელაპარაკები და არა სხვა ვინმეს, – მიუგო სიძეს სერაფიმემ.

– დავიჯერო, აქ, ამ ციხესიმაგრესავით გამაგრებულ სახლშიც მომიხელთებენ?

– თუკი გავითვალისწინებთ მკვლელობის თანამედროვე ტექნოლოგიებს, გარწმუნებ, რომ მოუხელთებელი ადგილი და პიროვნება არ არსებობს და, ადრე თუ გვიან, მაინც მოგიხელთებენ. დამიჯერე, როცა არსებობს სამიზნე, მისი გამანადგურებელიც ყოველთვის მოიძებნება.

– მაშინ, რა აზრი აქვს შენს გაფრთხილებას და ჩემი გადარჩენის მცდელობას? შენივე ლოგიკით, განწირული ვყოფილვარ.

– განწირული ხარ მანამ, სანამ სამიზნეს წარმოადგენ, ხოლო, როცა ეს სამიზნე გაქრება, მაშინ არც მისი გამანადგურებელი იქნება და ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.

– შენი ლოგიკით, უნდა მოვკვდე, რომ ჩემზე აღარ ინადირონ?

– თითქმის, – გაეცინა სერაფიმეს, – შენ შენი მონადირეებისთვის უნდა მოკვდე, სინამდვილეში კი უნდა იცოცხლო.

– ისევ ბლეფი... – ჩაეცინა ჯაბას, – ასეთ რამეს უკვე აპირებდა მინისტრის მოადგილე, მაგრამ, როგორ დასრულდა მისი ეს მცდელობა, ხომ გახსოვს?

– ის ყველაფერს სწორად აკეთებდა იმის გარდა, რასაც ღალატი და პირადი ამბიციები ჰქვია. მინისტრის მოადგილეს რომ ჩვენი საქმისთვის არ ეღალატა, მაშინ ის ჩვენს რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული პიროვნება იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და ყველაფერი გართულდა.

– ეგ გასაგებია, მაგრამ, მე რას მთავაზობ? – ჰკითხა ჯაბამ სიმამრს და თვალი თვალში გაუყარა.

– გაქრობას, – მოკლედ მიუგო სერაფიმემ.

– გაქრობას?

– თანაც, სამუდამოდ, – დაამატა სერაფიმემ.

ჯაბას არ ეპიტნავა სიმამრის სიტყვები, რომელიც იმ მომენტში მას არა როგორც სიმამრი, არამედ როგორც ოფიციალური პირი ელაპარაკებოდა და ჰკითხა:

– და მაინც, ეს შენ როგორ წარმოგიდგენია?

– ბანალურად. ისევე, როგორც ხდება ხოლმე მსგავსი ათასობით შემთხვევა, მაგრამ ეს ყოველივე ძალიან ეფექტურად და დამაჯერებლად მოხდება და ეჭვს ამაში ვერავინ შეიტანს, – მიუგო სერაფიმემ.

– დეტალებსაც ხომ ვერ მეტყვი, თუ ჯერ არ მოგიფიქრებია?

– კი, რატომაც არა, – უთხრა სერაფიმემ.

– გისმენ, თქვი, – მიუგო ჯაბამ.

სერაფიმემ ხმას დაუწია და ჯაბას უთხრა:

– გადაცემა „ბედნიერი ოჯახები“ რომ დასრულდება, რომელშიც შენ და შორენაც მიიღებთ მონაწილეობას და მისი მონაწილეები ჯერ კიდევ სტუდიაში იქნებიან, იქ ძლიერ მოქმედი ნაღმი აფეთქდება, – სერაფიმემ პაუზა გააკეთა და ჯაბას მიაჩერდა, რომელმაც მას უთხრა:

– გამოდის, რომ უდანაშაულო ადამიანები უნდა დაიღუპონ?

– სამწუხაროდ, ასე გამოდის, მაგრამ, ამ შემთხვევაში ეს მსხვერპლი გამართლებულია და დიდი საქმისთვის იქნება გაღებული, – მიუგო სიძეს სერაფიმემ.

– ესე იგი, ჩვენ ჩვენივე ხალხს უნდა ჩაუვუდოთ ბომბი?

– ბომბს რუსები ჩადებენ.

– ეგ როგორ?

– როგორ და, შენზე მონადირეებს გავაგებინებთ, რომ კონკრეტულ დღესა და საათზე შენ კონკრეტულ ადგილზე იქნები და ისინი თვითონ გააკეთებენ ყველაფერს, ჩვენ კი მათ ამაში ხელს არ შევუშლით, მხოლოდ პროცესს გავაკონტროლებთ.

– თუკი მე და შორენაც სტუდიაში უნდა ვიყოთ, მაშინ, აფეთქებას როგორ გადავურჩებით?

– ესეც გათვლილია, – გაიცინა სერაფიმემ.

– როგორ?

– როგორ და, – ჩაახველა სერაფიმემ, – გადაცემაში არის თამაში „გვირაბი“, რომლის დროსაც შენ და შენი ცოლი გვირაბში შეძვრებით და სამ-ოთხი წამის განმავლობაში კამარები ვერ დაგაფიქსირებენ. ამ დროს თქვენ სპეციალურად გამზადებულ „ლუკში“ ჩაძვრებით და უსაფრთხო ადგილზე გაგიყვანენ, თქვენს ადგილს კი თქვენი ორეულები დაიკავებენ და შეცვლას ვერავინ მიხვდება. სულ რაღაც 15 წუთში გადაცემა დასრულდება, აფეთქება მოხდება და იქაურობა ისე დანახშირდება, რომ გვამების იდენტიფიცირება შეუძლებელი შეიქნება. ჩვენს მტრებს ეჭვიც არ შეეპარებათ, რომ მოგკლეს, შეგეშვებიან და ასე გავაცურებთ მათ. რას იტყვი?

– რა უნდა ვთქვა, რომ უვერაგულესი გეგმაა, – მიუგო ჯაბამ.

– უვერაგულესია, ვერაფერს იტყვი, მაგრამ ეს მსხვერპლი დიადი საქმისთვის იქნება გაღებული და გამართლებულია.

– დაახლოებით რამდენი ადამიანი დაიღუპება?

– რატომ დაახლოებით, ზუსტად გეტყვი.

– თქვი.

– სტუდიაში აფეთქებას ოთხმოცდახუთი ადამიანი შეეწირება.

– მათი ნახევარი, ალბათ, ახალდაქორწინებულები იქნებიან, – დაამატა ჯაბამ.

– სამწუხაროდ, კი.

– ახალდაქორწინებულებს შორის, ალბათ, ორსულებიც იქნებიან.

– გამორიცხული არაა, – ხელები გაშალა სერაფიმემ, – მაგრამ, რას იზამ!

ჯაბა წამოდგა და ოთახში უხმოდ გაიარ-გამოიარა. სერაფიმე მშვიდად უყურებდა სიძეს, რომელიც მის წინ შეჩერდა და ჰკითხა:

– ჩემი და შორენას სიკვდილის მერე რა ბედი გვეწვევა?

– ორივემ პლასტიკური ოპერაცია უნდა გაიკეთოთ.

– ისევ ძველი მოტივები, – ჩაეცინა ჯაბას, – კიდევ ვინ იცის ამ ამბის შესახებ?

– ამ წუთისთვის შენ, მე, მინისტრმა და ნაწილობრივ – ელენემ, – მიუგო სერაფიმემ.

– ელენემაც? – გულწრფელად გაუკვირდა ჯაბას, რადგან ელენე სერაფიმეზე ბევრად წესიერ ადამიანად მიაჩნდა, ამიტომ, ვერ წარმოედგინა, რომ ქალი ასეთ საშინელებაზე დათანხმდებოდა და ყოველგვარი პროტესტის გარეშე დახუჭავდა თვალს.

– ხომ გითხარი, მხოლოდ ნაწილობრივ, – მიუგო სერაფიმემ, – მან იცის, რომ შენ და შორენა უნდა გაუჩინარდეთ, აფეთქებისა და მსხვერპლის შესახებ კი საქმის კურსში არაა.

– დავუშვათ და დაგეთანხმეთ, სადაა იმის გარანტია, რომ ჩვენი მტრები ყველაფერ ამას დაიჯერებენ და თავს დაგვანებებენ?

– 99 პროცენტით ასეა.

– ის ერთი პროცენტი რომ გამართლდეს?

– ასპროცენტიანი თითქმის არაფერია, – თქვა სერაფიმემ, სიძეს მწველი მზერა ესროლა და დაამატა, – მაგრამ, ჩათვალე, რომ ეს საქმე ასპროცენტიანია. თანახმა ხარ?

– არა! – მტკიცედ თქვა ჯაბამ და სიმამრს თვალებში შეხედა.

– ჯაბა, მესმის, რომ ძალიან მძიმე საქმეა და, ერთი შეხედვით, ჯოჯოხეთური, მაგრამ, მერწმუნე, შენი სიკვდილი უფრო მეტ საშინელებასა და გამოუსწორებელ კატასტროფას გამოიწვევს.

– და მაინც არა! – გაიმეორა ჯაბამ.

– ეს საბოლოო პასუხია? – ჰკითხა სიძეს სერაფიმემ.

– საბოლოო და, მერწმუნე, რომ აზრს ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს.

– გასაგებია, – თქვა სერაფიმემ, – შეიძლება, ერთი რამ გკითხო?

– მკითხე.

– ოდნავ შორიდან დავიწყებ.

– დაიწყე, გისმენ.

– ჰიტლერის სახელი ხომ გაგიგონია?

– კი.

– ისიც ხომ იცი, რა უბედურებები დაატრიალა მან მსოფლიოში?

– ვიცი.

– იცი ხომ, რომ ის სატანა ყოვლად უდანაშაულო ადამიანებს, მათ შორის ბავშვებსაც, ხოცავდა და ადამიანებისგან საპონს ამზადებდა?

– კი, ვიცი.

– ძალიან კარგი, – თქვა სერაფიმემ, – მითხარი, რას იმსახურებს ასეთი კაცი?

– სიკვდილს.

– შენ თუ მოკლავდი მას?

– თვალის დაუხამხამებლად.

– ძალიან კარგი, – ჩაეცინა სერაფიმეს, – ახლა კი ძალიან კარგად, ყოველგვარი ემოციების გარეშე დაფიქრდი და მიპასუხე: ჰიტლერს, ოღონდ ბავშვს, მოკლავდი?

– არა!

– რატომ? მან ხომ მილიონობით უდანაშაულო ადამიანი უნდა დახოცოს, შენ კი შანსი გაქვს, რომ ისინი ამისგან იხსნა და მხოლოდ, ისაა საჭირო, რომ აკვანში მწოლი ნეხვის ჭია, იგივე შიკლ-გრუბერი, შხამიანი გველივით გაჭყლიტო. ნუთუ არ იზამ ამას და კაცობრიობას კატასტროფისგან არ იხსნი?

– ბავშვს, მით უმეტეს, ჩვილს და აკვანში მწოლს მე არ მოვკლავ, ჰიტლერი იქნება ის თუ სხვა ვინმე და ამ პოზიციას არასდროს შევიცვლი.

– მტკიცედ ამბობ?

– უმტკიცესად, – მიუგო ჯაბამ და სერაფიმეს თვალი თვალში გაუყარა.

– კარგად დაფიქრდი.

– არა! – თქვა ჯაბამ და დაამატა, – მტკიცედ და ცალსახად ვაცხადებ, რომ, თუკი ასეთ საშინელებებში უნდა მივიღო მონაწილეობა, მაშინ ყველაფერზე უარს ვამბობ!

– საბოლოოდ?

– დიახ, საბოლოოდ, – თქვა ჯაბამ და კისერზე ჩამოკიდებულ ოქროს გასაღებს ჩაავლო ხელი, რომ ჯაჭვიანად მოეხსნა, მაგრამ სერაფიმემ უთხრა:

– ხელი არ ახლო, – შემდეგ სიძეს გადაეხვია, მხარზე ხელი დაარტყა და დაამატა: – ყოჩაღ, შენ ნამდვილი რაინდი და წინამძღოლი ხარ და საბოლოო გამოცდაც წარმატებით ჩააბარე. ჩვენი საძმო უპირველესად მორალურ პრინციპებზეა დამყარებული და მმართველიც შესაბამისი ჰყავს. ყოჩაღ!

– ესე იგი, – თქვა ჯაბამ, – რაც შენ მითხარი, ყველაფერი გამოგონილი იყო?

– რას გულისხმობ?

– მკვლელებს და ასე შემდეგ.

– არა, ყველაფერი აბსოლუტური სიმართლეა და შენს მოსაკლავად რამდენიმე ჯგუფია ამოქმედებული, რომლებიც შენთან მოსასვლელ გზებს ეძებენ. ამიტომ, შენ მართლა უნდა გაქრე, მაგრამ, ეს უდანაშაულო მსხვერპლის გარეშე უნდა მოხდეს.

– როგორ?

– ამ საკითხზე ვმუშაობთ, – მიუგო სერაფიმემ.

– პლასტიკური ოპერაციებიც დაგვჭირდება?

– ვცდილობ, რომ ეს არ გახდეს საჭირო, ჩემო ჯაბა, მაგრამ, საამისოდაც მზად უნდა იყო, – მიუგო სიძეს სერაფიმემ, – აი ამაზე კი უარი ნამდვილად არ უნდა თქვა, თუკი სხვა საშუალება ვერ გამოვნახეთ.

– რა გაეწყობა, ამაზე თანახმა ვარ, – მიუგო ჯაბამ სიმამრს.

– ქალები მოდიან, სხვა თემაზე გადავერთოთ, – უთხრა სიძეს სერაფიმემ და შორენას მიუბრუნდა, რომელმაც ტკბილეულით სავსე ლანგარი მაგიდაზე დადგა და მამას გაუღიმა.

– შვილო, როგორ ხარ, ხარ თუ არა ბედნიერი?

– კი, მამიკო, ძალიან ბედნიერი ვარ, – მიუგო შორენამ სერაფიმეს და ჩაეხუტა.

***

ახალდაქორწინებულები განცხრომაში ატარებდნენ თაფლობის თვეს. ასე განვლო ერთმა კვირამ. ერთ დილას კი, როდესაც შორენა სააბაზანოში იყო შესული შხაპის მისაღებად, ჯაბას ტელეფონმა დარეკა, რომელიც მხოლოდ საძმოს წევრებისთვის იყო განკუთვნილი, ანუ, მასზე უცხო და არასანდო ადამიანი ვერ დარეკავდა.

– გისმენთ! – თქვა ჯაბამ.

– გამარჯობა, ჯაბა, – მოესმა ჯაბას მამაკაცის ხმა.

– გაგიმარჯოს.

– გაბედნიერებას გილოცავ!

– გმადლობთ.

– ჯაბა, ნაშუადღევს ჩვენთან უნდა მოხვიდე.

– სად?

– სადაც ერთხელ უკვე იყავი, გახსოვს ის სახლი?

– კი, მახსოვს.

– ახლა ათის ნახევარია. საათ-ნახევარში გელოდებით.

– რა ხდება?

– შევიკრიბოთ და დავილაპარაკოთ.

– ტელეფონით არ ითქმის?

– არა, იმიტომ, რომ ვინმე მოგვისმენს. უბრალოდ, ეს საკითხი მრგვალი მაგიდის გარშემო უნდა გადაწყდეს და იმიტომ გიხმობთ.

– კარგი, მოვალ.

– მაშინ, თორმეტის ნახევარზე შავი „მერსედესი“ მოგაკითხავს.

– გასაგებია.

– ოღონდ, მარტო უნდა მოხვიდე და კუდი უნდა მოიშორო, რომელიც აუცილებლად აგეკიდება.

– გასაგებია. უკუდოდ მოვალ.

– ნახვამდის, – მიუგო ჯაბას მამაკაცის ხმამ და ტელეფონი გაითიშა.

სააბაზანოდან გამოსული შორენა სამზარეულოსკენ გაემართა, რომ საუზმე მოემზადებინა. ჯაბამ კი ტელევიზორი ჩართო და საინფორმაციო გამოშვებას შეხედა, სადაც ვიღაც მოკლულების გვამებს უჩვენებდნენ. დიქტორმა თქვა, რომ ქართველმა ძალოვნებმა თბილისში შემოგზავნილი ტურისტული ჯგუფი გაანადგურეს.

ტელეფონმა დარეკა. ჯაბამ ყურმილი აიღო და სერაფიმეს ხმა მოესმა:

– ტელევიზორს უყურე?

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3