კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქაღალდები დოლარების სანაცვლოდ

ჰარისონ ფელი ძალიან დიდხანს ჰყავდათ გაფეტიშებული ერთ-ერთ უდიდეს სარეკლამო კომპანიაში. მისი ყველა პროექტი განხილვის გარეშე გადიოდა და ყველაზე მსხვილი ლუკმებიც მას ერგებოდა ხოლმე. მაგრამ, მოხდა სასწაული და „ჰოლდველ სეიფ კორპორეიშენთან“ სარეკლამო კამპანია ჩაუვარდა. ამ ახალი ამბის შესახებ ყველამ იცოდა, ამიტომ, ძალიან გაუკვირდათ, როცა იმ დილით ბედნიერი სახით შეაბიჯა დერეფანში და პრეზიდენტის მდივანს, ჰილდასაც კი გაეთამაშა.

– თქვენ პრეზიდენტმა დაგიბარათ. როგორც კი მოვა, მაშინვე ჩემთან შემოვიდესო. მგონი, გაბრაზებულია, – უთხრა მდივანმა.

ჰარისონს ყურადღება არ მიუქცევია მისი ბოლო სიტყვებისთვის, გაუღიმა და სტვენა-სტვენით შეაღო ჰოვარდ ბლისის კაბინეტის კარი.

– მხოლოდ ხუთი წუთი მაქვს, ჰარისონ! – წარბშეკვრით მიახალა ჰოვარდმა.

– მეტი არც დამჭირდება, შეფ. მე ვიცი, როგორ გადავარჩინო პროექტი „ჰოლდველი“.

– მაგ პროექტზე შენ აღარ მუშაობ.

– ჰო, მაგრამ, გენიალური გეგმა მაქვს, არაჩვეულებრივი. უნდა მენდოთ. უბრალოდ, მომისმინეთ. როგორც იცით „ჰოლდველი“ ახალი სეიფის „801-ის“ წარმოებაში ჩაშვებას აპირებს. მე მაქვს ფანტასტიკურად წარმატებული იდეა, როგორ გავაფიაროთ ის. აი, ნახეთ, – ფელმა ჯიბიდან გაზეთის ამონაჭერი ამოიღო და შეფს წინ დაუდო, თვითონ კი რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და გულზე ხელები დაიკრიფა.

– აქ მხოლოდ ის წერია, რომ სემი – „მგრძნობიარე თითები“ კარგი საქციელისთვის ვადაზე ადრე გამოუშვეს ციხიდან.

– დიახ, და ჩემი გენიალური იდეაც ამაზეა დამყარებული. სემი „მგრძნობიარე თითები“ სეიფების ყველაზე ცნობილი მტეხავია მთელ ამერიკაში. თუ „801-ს“ ვერაფერს მოუხერხებს, მაშინ, ეს ამ სეიფის საუკეთესო რეკლამა იქნება. ოღონდ, ეს პრესისა და ტელევიზიების თანდასწრებით უნდა მოხდეს, პოლიციის თანდასწრებითაც. შეფ, აღიარეთ, რომ გენიალური იდეაა!

ჰოვარდ ბლისმა შუბლი მოისრისა:

– მგონი, არც ისე ცუდი იდეაა. ვცადოთ, გავაცნოთ „ჰოლდველ სეიფ კორპორეიშენის“ პრეზიდენტსა და დირექტორთა საბჭოს.

– ეს სენსაცია იქნება, დამიჯერეთ. სემი „მგრძნობიარე თითების“ დათანხმება კი, ალბათ, არ გამიჭირდება.

ჰარისონ ფელი განცვიფრდა, როცა სემი მორისეი დაინახა. მან აშკარად გაუცრუა იმედები – ერთი ჩია, გალეული ტიპი იყო, ორმოცს კარგად გადაცილებული. თან, ცოტათი დამფრთხალიც ჩანდა.

– დაბრძანდით, – თავაზიანად შესთავაზა სკამი ჰარისონმა.

– მე წავიკითხე თქვენი წერილი, მისტერ ფელ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, კარგად ვერ გავიგე, პოლიციის თანდასწრებით სეიფი როგორ გავაღო, თან, ამ საქმეს უკვე შევეშვი, სხვა ბიზნესი მაქვს.

– მომგებიანი ბიზნესია? – ირონიით ჰკითხა ფელმა.

– არც ისე, მაგრამ, საარსებოდ მყოფნის.

ჰარისონ ფელი მოიღუშა. ამ კაცუნას სიჯიუტე ნერვებს უშლიდა. ვერ დაუშვებდა, მთელი შრომა წყალში ჩაჰყროდა.

– სემ, ერთი წუთით მომისმინეთ. ხომ იცით, რეკლამა რა არის?

– რა თქმა უნდა, სარეკლამო განცხადებებს ყოველ ნაბიჯზე შეხვდები.

– ჰოდა, ესეც რეკლამა იქნება. თანაც თქვენ, პირველად თქვენს ცხოვრებაში, სეიფის გატეხაში ფულს კანონიერად აიღებთ: 5 ათასს – თუ ვერ გატეხავთ და, კიდევ 50 ათასს – იმ შემთხვევისთვის, თუკი სეიფის გახსნას შეძლებთ.

სემმა ამოიოხრა – შემოთავაზება საკმაოდ მაცდუნებელი იყო.

– მისტერ ფელ, განა არ იცით, რომ არ არსებობს სეიფი, რომლის გატეხაც არ შეიძლება?

– ჰოდა, მით უკეთესი თქვენთვის. გახსენით სეიფი „801“ და მიიღეთ ჯილდო 50 ათასი დოლარი. წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება. თქვენი უარი, რბილად რომ ვთქვათ, გაუმართლებელი იქნება.

სემმა კეფა მოიქექა:

– თანახმა ვარ, ოღონდ, იცოდეთ, პოლიციასთან პრობლემები არ უნდა შემექმნას.

– მოვილაპარაკეთ, – გაბრწყინებულმა ფელმა მეგობრულად ჩამოართვა ხელი სეიფების გამხსნელს.

სეიფი „801-ის“ საიმედოობის საჯარო დემონსტრაციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კომპანია „ჰოლდველ სეიფ კორპორეიშენის“ საწყობში უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. აქ რეპორტიორებიც მრავლად იყვნენ, პოლიციელებიც და უბრალო ადამიანებიც. თავად ქალაქის მერმაც კი ინება მობრძანება. ფელი სიხარულისგან ცმუკავდა. მოურიდებლად მიეჭრა ჰოვარდ ბლისს და უცერემონიოდ სთხოვა სიგარა, თან, მხარზე მეგობრულადაც მოუტყაპუნა ხელი. სხვა დროს ფელი ამას ვერ გაბედავდა, მაგრამ ახლა შეფმა არათუ არაფერი თქვა მის სითავხედეზე, მეგობრულადაც გაუღიმა. ფელმა მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა: „ჯენტლმენებო! თქვენ არაჩვეულებრივი სანახაობის მოწმენი გახდებით. ეს შთამბეჭდავი ორთაბრძოლა იქნება. ერთი მხრივ – სეიფების რისხვა, სემი მორისეი, „მგრძნობიარე თითები“, მეორე მხრივ კი – სეიფი „ჰოლდველ 801“. თქვენ თვალწინ, მე 50 ათას დოლარს სეიფში ჩავკეტავ, თუ სემი მორისეი სამი საათის განმავლობაში სეიფს გახსნის, ეს თანხა მისი იქნება, თუ არა – მხოლოდ ხუთი ათასს დასჯერდება.“

აპლოდისმენტები სემის პატივსაცემად გაისმა, ძირითადად პოლიციელები სკანდირებდნენ. ეს მართლაც უჩვეულო სანახაობა იყო. ფელს გული აუჩუყდა, მორისეისთან მივიდა და გადაეხვია, მერე უბიდან დოლარების დასტა ამოიღო და ყველას თვალწინ სეიფში ჩაკეტა. წამზომი ჩაირთო. ხალხი დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ადამიანისა და რკინის ყუთის შერკინებას. მორისეის თავად პოლიციელებმა მიართვეს ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც მან შეუკვეთა. გაფაციცებულნი ადევნებდნენ თვალს სეიფის გამტეხის საქმიანობას უმსხვილესი ბანკების წარმომადგენლები... საათ-ნახევარში სემი „მგრძნობიარე თითები“ ოფლში გაიხვითქა. სეიფი კი მაგრად იდგა... კიდევ საათ-ნახევარი და... სემი მორისეი დამარცხდა, მას პოლიციელებიც კი თანაუგრძნობდნენ. სამაგიეროდ, ფელსა და მისი სარეკლამო კომპანიის შეფს უხაროდათ... სემი „მგრძნობიარე თითები“ ძლივსღა სუნთქავდა... სული ერთი ყლუპი ვისკით მოიბრუნა. სეიფს ნაკაწრიც კი არ აჩნდა. „ჰოლდველ სეიფ კორპორეიშენის“ წარმომადგენლები გამარჯვებას ზეიმობდნენ...

მეორე დილით ჰარისონ ფელი ტელეფონის ზარმა გააღვიძა. ყურმილში შეფის ხრინწიანი ხმა გაისმა. ბლისი ბღაოდა.

– რა მოხდა, ჰოვარდ?

– რა მოხდა?! ის მოხდა, იდიოტო, რომ შენმა „მგრძნობიარე თითებმა“ მაგრად გაგვაცურა – ორმოცდაათი ათასი დოლარის ნაცვლად სეიფში ქაღალდი დატოვა, კრეტინო!

– რა ქაღალდი? – ჰარისონი საბოლოოდ გამოფხიზლდა.

– რა ქაღალდი და ასდოლარიანების ზომაზე დაჭრილი ქაღალდი. არ გეგონოს, რომ ამ საქმიდან მშრალი გამოძვრები, ტყავს გაგაძრობ! მაგ 50 ათას დოლარს ბოლო ცენტამდე გადაგახდევინებ!

– არა, არა, ეს შეუძლებელია, ფული მე თვითონ შევდე სეიფში! წარმოუდგენელია... სემი... მან ეს შეძლო!.. – ფელმა დაიგმინა: – რა იდიოტი ვარ! მან დასტა მაშინ შემიცვალა, როცა გადავეხვიე, არადა, მითხრა, სხვა ბიზნესში გადავედიო. რა თქმა უნდა! მან კვალიფიკაცია აიმაღლა და სეიფების მტეხავიდან ჯიბის ქურდად გადაიქცა! მართლა იდიოტი ვარ! რატომ არ დავინტერესდი, რა ბიზნესზე მელაპარაკებოდა?..

თარგმნა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3