თამაში ბედთან
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-20(542)
აეროპორტში ჩვეულებრივზე მეტი ხალხი იყო. შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რეისი გადაიდო წინა საღამოს უამინდობის გამო და ერთდროულად რამდენიმე თვითმფრინავი დაეშვა ასაფრენ მოედანზე.
დათუნამ ჭიქაში ჩარჩენილი ლუდი ბოლომდე გამოწრუპა და მეგობარს მხარზე წაარტყა ხელი:
– რაღას ვუცდით, ჩამოფრინდა უკვე ის ქალი. ლუდიც გათბა. ახალი ბოთლის გახსნას მაინც ვეღარ მოვასწრებთ და გავიდეთ დარბაზში.
– მერე, რა გავაკეთო იმ დარბაზში? ხომ იცი, ბევრ ხალხზე როგორი რეაქცია მაქვს. აქ ხომ ყველაფერი არანორმალური იციან: ერთი ჩამოდის, ოცდაათი ხვდება.
– ნუ დაგავიწყდება, რომ ამჯერად ჩვენ სწორედ დამხვდურთა რიცხვში ვართ, – გაიცინა დათომ.
– მე დედაჩემს ვხვდები.
– ვაჰ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? – გაუკვირდა დათოს, – ყველა ვიღაცას ხვდება, ზოგი შეიძლება, დედასაც. გააჩნია, ვის ვინ ეძვირფასება.
– ჰო, შეიძლება... რაღაც სისულელე ვთქვი. წეღან რომ მეუბნებოდი, სათხოვარი მაქვსო...
– მერე გთხოვ, არა უშავს, ახლა ამისთვის არ გცალია.
– რატომ არ მცალია? ჯერ დრო მაქვს. დედაჩემის ამბავი რომ ვიცი, ჯერ, სანამ ყავას არ დალევს თავისუფალ ზონაში და იქაურ მაღაზიებს არ შემოივლის, იქიდან არ გამოვა. ბარგიც ხომ უნდა აიღოს. ასე რომ, მიდი, გისმენ...
დათომ თითები გაატკაცუნა და გაიღიმა:
– ნიკუშ, რა არის, იცი? ცოტა ისეთი საქმეა... როგორ გითხრა...
– ბიჭო, რა უცნაურად ლაპარაკობ, პირდაპირ მითხარი, რა!..
– ერთი გოგო უნდა შეაბა.
ნიკას გაეცინა.
– მეღადავები?
– პირდაპირ მითხარიო და ესეც პირდაპირ... შენ ეგ არ გაგიჭირდება.
– მოიცა, ესე იგი, სერიოზულად ამბობ? რა იყო, ვინმე აგეკიდა და შენით ვეღარ იშორებ თავიდან?
– არა, არა, სულ სხვა რამეა... აგიხსნი, ოღონდ იცოდე, არ გავალდებულებ, მხოლოდ გთხოვ.
– დღეს რაღაც უცნაური ხარ. რა უნდა მთხოვო, რომ უარი გითხრა. მიდი... ვინ ნაშაა?
– ნაშა არის თუ არა, ეგ არ ვიცი. მარიკა ჰქვია და გამომძიებლის თანაშემწეა.
ნიკამ დაუსტვინა:
– გაგიჟდი? გამომძიებლის თანაშემწე უნდა გამაჟიმინო? რას მერჩი, დაგიშავე რამე? აჭერინებ ჩემს თავს?
– მოიცა, რა დროს მაიმუნობაა. გაჟიმე-მეთქი, როდის გითხარი. უბრალოდ, უნდა დაუახლოვდე, გაიცნო, გაიგო, რა ტიპია, რა უყვარს, რა აინტერესებს, რა გეგმები აქვს...
– შენ მე კერძო დეტექტივი ხომ არ გგონივარ? შებმით შევაბამ, კი ბატონო, მაგრამ, გამოძიებას ვერ ჩავატარებ.
– მაგას არც გთხოვ... ბიჭო, რა არის, იცი? მაკას აქვს აჩემეული, გინდა თუ არა, გული მიგრძნობს, ჩემი ქმრის საყვარელიაო.
– შენს მაკას გულისხმობ?
– ჩემს მაკას, აბა ვის? ვერაფრით ვერ დავამშვიდე და დავპირდი, ყველაფერს გაგირკვევ-მეთქი. ჩემს პონტში არ გამოდის, ხომ, ხვდები, რატომაც?
ნიკამ თავი დაუქნია.
– ჰოდა, თუ ხვდები, დამეხმარე, რა! მაკას დამშვიდება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ შემიძლია, ვუყურო, როგორ ნერვიულობს.
– კარგი, არ არის პრობლემა. შენ მარტო მისი ტელეფონის ნომერი გამიჩითე და დანარჩენს მე მივხედავ. ისე, კარგი ტიპია? ფიზიკურ მონაცემებს ვგულისხმობ.
– წარმოდგენა არ მაქვს, თვალით არასდროს მინახავს.
მაკას რომ ჰკითხო, მისი ოჯახის მთლიანობას დიდ საფრთხეს უქმნის. მინდა, ეს ეჭვები გავუქარწყლო.
– მაკა ასეთი ეჭვიანია? – სერიოზულად გაიოცა ნიკამ.
– ჰო. ეტყობა, შეამჩნია ქმარს რაღაც, თორემ... მოკლედ, არ ვიცი, რა. მთავარია, რომ მე მისი ცრემლების ყურება აღარ შემიძლია და უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე.
– პირდაპირ იმას რომ დალაპარაკებოდი?
– თემოს? არა. წეღან ხომ გითხარი, ჩემი მხრიდან არ გამოვა-მეთქი. თუ დამთანხმდები, ასე მირჩევნია.
ნიკამ მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა:
– კარგი. თხოვნა მიღებულია. გავიცნობ მარიკას და გეტყვი, წარმოადგენს თუ არა საფრთხეს შენი მაკასთვის.
– „ჩემი მაკასთვის“, – გაიმეორა დათომ და შუბლი მოისრისა, – მართალი ხარ, მაკა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ამქვეყნად.
***
ქალს ახალგაზრდა აღარ ეთქმოდა. დაკვირვებული თვალი მის სახეზე წლებისგან გაჩენილ ნაოჭებსაც შენიშნავდა. თავი ამაყად ეჭირა, ეცვა უბრალოდ და მკაცრად. არაფერი ზედმეტი. ხელში ძვირფასი ჩანთა ეკავა. იმავე ფერისა და მარკის ტყავის ფეხსაცმელი მის ჯერ კიდევ მშვენიერ ფეხებს მიმზიდველობას ჰმატებდა. ასეთი ქალები შეუმჩნეველნი არასოდეს რჩებიან. ამჯერადაც მიიპყრო რამდენიმე მამაკაცის ყურადღება...
– დედა! – ნიკამ ხალხის ნაკადი გაარღვია და ქალთან მიიჭრა, – როგორც იქნა...
ქალმა გაოცებით ასწია წარბები.
– მგონი, არც ისე დავაგვიანე. სულ რაღაც ერთი საათია, რაც ჩემი რეისი ჩამოვიდა. ხომ იცი, რომ გასასვლელში დგომას და ლოდინს ვერ ვიტან.
– ვიცი, ვიცი... წავიდეთ, – მოუთმენლად შეაწყვეტინა შვილმა და სამგზავრო ჩანთა გამოართვა, – კარგად დაისვენე?
– ნიკა, სამეცნიერო კონფერენციაზე ვიყავი, – მშვიდი, მკაცრი ტონით წარმოთქვა ქალმა.
– ჰო, რა თქმა უნდა. მაგრამ, სამი დღით ადრე უნდა ჩამოსულიყავი.
– ეს რა, პრეტენზიაა თუ საყვედური? – წარბი ასწია ქალმა, – ნიკა, ანგარიში უნდა ჩაგაბარო, სად ვიყავი და რისთვის?
– არა, დე... რას ამბობ? – ბიჭი დაიბნა და სიტუაციის გასანეიტრალებლად ისღა მოახერხა, დედისთვის ლოყაზე ეკოცნა, – წავიდეთ, დათო გველოდება.
ქალი გაჩერდა და შვილს მუქმინიანი სათვალის ზემოდან გადმოხედა:
– დათო?!
– ჰო, დათო გიორგობიანი, დედა, რა დაგემართა? მისი მანქანით ვართ.
– რატომ? შენი მანქანა სადაა?
– პროფილაქტიკაში.
ქალმა სწრაფად მოიხსნა სათვალე და შვილს თვალებში ჩააშტერდა:
– აბა, მოყევი, რა ხდება, რა სჭირს მანქანას? ნიკა, ოღონდ, იცოდე, არ გაბედო ჩემი მოტყუება.
– არა, დე... ტყუილის თქმას არ ვაპირებ. ზეთი არ გამომიცვლია დიდი ხანია და პატარა პრობლემები შეექმნა. ვეღარ მოვასწარი პროფილაქტიკაში მისვლა და წამოყვანა. მე და დათო კი ვარჯიშზე ერთად ვიყავით და... საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს? ქალმა არ უპასუხა. სათვალე გაიკეთა და გასასვლელისკენ გაემართა. ნიკამ შვებით ამოისუნთქა და უკან გაჰყვა...
***
თემომ ეჭვმიტანილი თავისთან ამოაყვანინა კაბინეტში და მდივან გოგონას მისთვის ყავის მოტანა სთხოვა. რამდენიმედღიან პატიმრობას ქალი შეეცვალა. ყოველ შემთხვევაში, თემოს დათრგუნული და გატეხილი მოეჩვენა. ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი და სანთებელა ამოიღო, მაგიდაზე დადო და საფერფლესთან ერთად ახლოს მიუჩოჩა.
– რა გინდათ ჩემგან? – დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა, – გადამიყვანეთ ციხეში და მოვრჩეთ ამით.
– ციხეში გადაგიყვანთ თუ არა, ამას სასამართლო გადაწყვეტს. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, არ მინდა, იმ დანაშაულისთვის აგოთ პასუხი, რაც არ ჩაგიდენიათ.
ქალმა თავი ასწია და გამომძიებელი ირონიული ღიმილით შეათვალიერა:
– არ გინდათ, ეგ ტაქტიკაც ვიცი. რა აზრი აქვს თქვენი მხრიდან სიბრალულის თამაშს, მაინც არ მჯერა თქვენი არც ერთი სიტყვის, ისევე, როგორც თქვენ არ გჯერათ ჩემი.
– მე მინდა, რომ მჯეროდეს, ძალიან მინდა. მაგრამ, არ მაძლევთ ამის საშუალებას – გულწრფელი არ ხართ.
ქალმა სიგარეტს მოუკიდა. თემომ ადროვა, სანამ მდივანი გოგონა ყავას შემოიტანდა და გავიდოდა.
– მომისმინეთ. იცით მაინც, რამდენს მოგისჯიან, განზრახ მკვლელობის ბრალდებით თუ გაგასამართლებენ?
– ვიცი, – ქალმა სიგარეტი საფერფლეზე დადო და ყავა მოსვა.
– ცხოვრება საბოლოოდ დაგენგრევათ.
– და ეს თქვენ ძალიან გაწუხებთ?
– იქნებ არ გჯერათ და, ალბათ, ეს ბუნებრივიც იქნება, მაგრამ, მაწუხებს.
– რატომ? ოღონდ, არ მითხრათ, რომ გეცოდებით.
– თუნდაც, განა სიბრალული დამამცირებელია?
– ჩემთვის დამამცირებელია. არ მინდა, ვინმეს ვეცოდებოდე.
– და... ციხეში ყოფნა გირჩევნიათ?
ქალმა დუმილი ამჯობინა პასუხს.
თემომ მაგიდას შემოუარა და გვერდით მიუჯდა:
– ია ლომიძე... იცნობთ ასეთ ადამიანს? უბრალოდ, მიპასუხეთ – ჰო თუ არა. თქვენგან მხოლოდ გულწრფელი პასუხი მინდა, მეტი არაფერი, მაგრამ, ამ პასუხზე ბევრია დამოკიდებული, ძალიან ბევრი.
ქალმა ეჭვით შეხედა:
– მაინც, რა არის დამოკიდებული? თუ გეტყვით – გამიშვებთ?
– ყოველ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.
– აჰა, აი, თურმე რას მპირდებით... რას ვიზამ, ამისთვისაც მადლობელი ვარ.
– ესე იგი, იცნობთ.
– გამიგია, – ორაზროვნად ჩაილაპარაკა ქალმა, – თუ ეგ ის ქალია, ვისაც მე ვგულისხმობ, მაშინ მას თითქმის ნახევარი ქალაქი იცნობს.
თემო შეიჭმუხნა:
– მოკლედ, არ გინდათ, რომ დამეხმაროთ.
– მინდა, მაგრამ, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ – მაინც არაფერი გამოვა, თქვენც ხომ იცით.
– მაინც უნდა ვცადოთ. თქვენს ადგილას, მე უმცირეს შანსსაც გამოვიყენებდი.
– ეს იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ ჩემს ადგილას და, ალბათ, არც არასოდეს იქნებით.
– არავინ იცის დაზუსტებით, როდის და სად იქნება. ადვოკატი მაინც თუ გყავთ?
ქალმა თავი გააქნია.
– სახაზინო ადვოკატს დაგინიშნავენ, რომელიც თავს დიდად არ შეიწუხებს.
– ეგ ყველაფერი ვიცი და შეგუებულიც ვარ.
– კარგი. მე სათქმელი აღარაფერი მაქვს. თქვენ, ალბათ, გაგასამართლებენ, ძალიან მინდოდა, ერთმანეთისთვის გაგვეგო.
– მე ცუდად მესმის ადამიანების... – თქვა ქალმა და ადგა, – ყავისთვის მადლობა. ძალიან მიყვარს და ეს დღეები სიზმარში ვხედავდი.
– ვიზრუნებ იმაზე, რომ ყავა ყოველდღე მოგიტანონ.
– მადლობელი ვარ.
თემომ თავი დაუქნია და ყურმილს დასწვდა...
***
... უსამართლობით გამოწვეული ტკივილის შეგრძნება სადღაც სიღრმეში... შებოჭილობა, რომელიც მოძრაობაშიც იგრძნობა. იგრძნობა შიში და ყოყმანი. ნეგატიური ემოციების სრული ნაკრები ისეთი თვალშისაცემია, რომ ეს ტალღა შენზეც გადმოდის... მერე კომპლექსდები და ხვდები, რომ უნდა გაიქცე... გაიქცე, რაც შეიძლება შორს... შორს იმ ადამიანისგან, რომლისგანაც საფრთხესა და შიშს გრძნობ...
დათომ მობილურზე ნომერი აკრიფა, რამდენიმე ზარი გაუშვა და გათიშა. ლოდინს ვერ იტანდა. სავარძელზე უფრო მოხერხებულად მოკალათდა და მუსიკა ჩართო. ნიკამ დააგვიანა. ნახევარ საათში დათო აწრიალდა... ისევ მობილურისკენ წაიღო ხელი და ნიკაც გამოვიდა სადარბაზოდან.
– აუ, სად იყავი ამდენ ხანს, დამაწყდა ნერვები! რა იცი ხოლმე, რა, მაცდევინებ, თითქოს შენი პირადი მძღოლი ვიყო.
– ნუ წუწუნებ. გამოვიყვან საღამოს მანქანას პროფილაქტიკიდან და მოისვენებ.
– მე ამ შემთხვევაზე კი არა, ზოგადად ვამბობ – ხასიათი გაქვს ასეთი.
– დედაჩემს ველაპარაკებოდი.
– უთხარი, ავარია რომ მოგივიდა?
– გააფრინე? სიტყვა არ დაძრა, იცოდე! თანაც, ეგ რა ავარია იყო, გვერდი გავკარი უბრალოდ. გადაღებავენ და არაფერი შეეტყობა.
– ერთხელაც დაჯდები ნასვამი საჭესთან და მე თვითონ ვეტყვი დედაშენს.
– ეტყვი და, მერე, შეგიძლია, სხვა მოძებნო იმ შენი მარიკას შესაბმელად.
– შანტაჟს მიწყობ? არ გრცხვენია?
– შენ მიწყობ შანტაჟს – მემუქრები. მე თვითონაც აღარასოდეს დავჯდები საჭესთან ნასვამი. მაგარი ცუდი პონტია. კიდევ კარგად გადავრჩით...
– კარგია, რომ ხვდები. აი, გამომართვი, – დათომ პატარა ფურცელი გაუწოდა.
– ეს რა არის?
– იმ გოგოს ტელეფონის ნომერია. დღესვე დაურეკე.
– ვაა, ნამდვილი კერძო დეტექტივი ხარ. როგორ გაჩითე?
– მე რა, მაკამ გაჩითა – აიღო ქმრის მობილური და ამოიწერა.
ნიკამ წაუსტვინა:
– მიკვირს ეგეთი ქალების. რაში სჭირდება ქმარი, რომელსაც არ ენდობა? მოსწონს, თავს რომ იტანჯავს? რა მაზოხიზმია!
– მოიცა, – მოიღუშა დათო, – ჩემს მაკაზე ლაპარაკობ, ხომ არ დაგავიწყდა. ზედმეტი არ მოგივიდეს!
– ცუდი არაფერი მითქვამს. უბრალოდ, ვერ ვიგებ-მეთქი. გაშორდეს და სხვასთან იქნება ბედნიერი. ასე ეჭვში და ნერვიულობაში მე ვერ ვიცხოვრებდი. არა, ძმაო, სად შემიძლია.
– ქმარია და უყვარს! ნუ, თავისებურად უყვარს, რა...
– მაშინ, უნდა ენდოს.
– მეც ვეუბნები მაგას, მაგრამ, მაინც ეჭვიანობს. მოკლედ, ყველა ქალი ერთნაირია, რა...
– გინდა, მთავარი რაღაც გითხრა?! ქალებს ევასებათ, კაცებს რომ დასცინიან და აწვალებენ.. ყოველთვის ასე იყო, ფსიქოლოგია აქვთ ასეთი. თითქოს რაღაცისთვის სამაგიეროს უხდიან. არ მახსოვს, სად წავიკითხე, მაგრამ, ვეცდები, სიტყვასიტყვით გავიმეორო. მგონი, ასე იყო: ქალები არ გამოირჩევიან არც ორიგინალობით და არც გონებამახვილური იუმორით. ისინი ყველგან ერთნაირად აზროვნებენ – ჩინეთშიც, ინდოეთშიც, სპარსეთშიც, სამხრეთ ამერიკაშიც და ევროპაშიც... ყველა ქალში სძინავს გველს, რომელიც აუცილებლად გაიღვიძებს ერთხელ მაინც და დაგესლავს იმას, ვინც გვერდით ეყოლება. თუ უყვარს ის კაცი, თავადვე მოურჩენს ნაკბენს, თუ არა, სასიკვდილოდ ისე გაწირავს, თვალს არ დაახამხამებს. გველივით შხამიანია, ბრაზიანი და აგრესიული... უნდა გეყოს ჭკუა და თავი არ დააგესვლინო...
– ეს რა, აღმოსავლური სიბრძნეა თუ ახლა, ექსპრომტად მოიგონე? – მეგობარს შუბლზე მიუკაკუნა თითი დათომ.
– რა მოვიგონე, მართლა წავიკითხე, გეფიცები.
– კარგი, მჯერა. დღესვე დაურეკე, რა, ძალიან გთხოვ. შენ რომ იცი ხოლმე, ისე არ გადადო...
– არა, არა, დავრეკავ, მაგრამ, არ მეტყვის, ვინ ხარ, რა გინდა, ან ჩემი ნომერი ვინ მოგცაო?
დათო ახტა:
– აუ, ახლა ნუ დაიწყე! ვითომ ჯერ არავინ შეგიბამს. მიდი, რა, რას მახვეწნინებ.
– კარგი, მოვიფიქრებ რაღაცას. პროფილაქტიკიდან მანქანას წამოვიყვან, დედაჩემს სამსახურში მივიყვან და შევუდგები საქმეს.
– დედაშენს შენ რატომ მიიყვან, თვითონ ვერ წავა?
– რა ვიცი, შენ მიმიყვანე, თავს ცუდად ვგრძნობ და საჭესთან ვერ დავჯდებიო. უარს ხომ არ ვეტყვი? შენ არ ინერვიულო, შევაბამ მაგ გოგოს...
***
... სისხლი, როგორც სუბსტანცია, მაგიურია. ის შიშს ჰგვრიდა ყველაზე მამაც მეომრებს, ნაკლებად – ქალებს და ესეც უკვე არის მისი მაგიურობის დამადასტურებელი. სისხლის სუნი ძალიან ჰგავს შიშის სუნს... მასავით მსუყეა, ტკბილი და გულისამრევი... ძნელია, მოერიო თავს, როცა ამ სუნით გაჯერებული ჰაერი შენს სხეულსა და ტვინში აღწევს, ნელ-ნელა თავის ნებას უმორჩილებს და იმას გაგაკეთებინებს, რაც თავად სურს...
... სისხლის არ ეშინოდა. მის მიმართ გაურკვეველი გრძნობა ჰქონდა... თვითონაც ვერ ხსნიდა, მაგრამ, ცდილობდა, ამაზე ნაკლებად ეფიქრა... ინსტინქტურად ერიდებოდა და ცდილოდა, ისე მოემთავრებინა თავისი საქმე, სისხლი ნაკლები ყოფილიყო... ამჯერად გაუთვალისწინებელი მოხდა – დაუოკებელმა სურვილმა შეიპყრო, ეგრძნო სისხლის სუნი. როგორც მტაცებელ ნადირს, ისე დაებერა ნესტოები და შეაჟრჟოლა... დანა მოძებნა. დიდი დრო არ დაუკარგავს – იქვე იყო, პატარა მაგიდაზე. ერთი შეხედვით უწყინარი და საჭირო ნივთი. ხელში აიღო და ალესილ პირზე სიყვარულით მოუსვა თითები... მერე შებრუნდა და სავარძლისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი... დანა რბილად შესრიალდა ხორცში. ბოლომდე შევიდა, მაგრამ, სისხლი არ ჩანდა... ხელის აქნევით დანა უკანვე გამოსწია. წითელი სითხე ჯერ წვრილ ნაკადად გადმოიღვარა, მერე იხუვლა და პატარა შადრევანივით ამოჩქეფდა... რამდენიმე თბილი წვეთი სახეზე შეესხურა... ამან გამოაფხიზლა... შემკრთალმა ზიზღით დახედა ხელში შერჩენილ დანას... სააბაზანოში გავიდა, დანა ნიჟარაში ჩადო და წყალი მოუშვა... ხელები შეუშვირა წყლის ნაკადს და გაიღიმა... მერე შიში იგრძნო... შიში იმ სიმშვიდისა და ნეტარების გამო, რომელიც სისხლის სუნმა მოჰგვარა...
***
მარიკა მოუსვენრად წრიალებდა მისაღებში. რამდენჯერმე საათზეც დაიხედა.
– დარწმუნებული ხართ, რომ მოვა? – ჰკითხა მისაღებში კომპიუტერთან მჯდარ გოგონას.
– დიახ. დარეკა და თქვა, მოვალო... ქალბატონი ია არასდროს აგვიანებს.
– არასდროს? – გაეღიმა მარიკას.
– დიახ, არასდროს, – სერიოზულად გაიმეორა გოგონამ და შემოსასვლელისკენ გაიხედა, – აი, მოვიდა კიდეც. ჯერ ნუ შებრძანდებით. მე ვეტყვი, რომ ელოდებით...
ქალმა საყელო შეისწორა და მარიკას გაუღიმა. მის ღიმილში იყო რაღაც ისეთი, რამაც მარიკა პირველივე წუთიდან სიმპათიით განაწყო. მარტო სიმპათიით კი არა, აღფრთოვანებაც იგრძნო და ერთბაშად კინაღამ დაავიწყდა ის, რის სათქმელადაც იყო მოსული.
– აბა, გისმენთ, საყვარელო. რა პრობლემა გაქვთ?
– მე... – მარიკამ სათქმელს თავი ვერ მოაბა.
– დიახ. ნუ ნერვიულობთ. თუ გნებავთ, ჯერ სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. მომიყევით რამე თქვენ შესახებ, ის, რაც თქვენში სასიამოვნო მოგონებებს და ემოციებს გამოიწვევს. ასე შებოჭილობას მოიხსნით, გათავისუფლდებით და ადვილად მეტყვით იმას, რაც გაწუხებთ... მერე, როცა უკვე თავს უცხოდ აღარ იგრძნობთ, გაგსინჯავთ.
– მე პაციენტი არ ვარ, – ერთი ამოსუნთქვით თქვა მარიკამ და რატომღაც გულზე მოეშვა.
ქალმა გაოცებით შეხედა:
– გისმენთ...
– პოლიციიდან ვარ. თქვენი დახმარება გვჭირდება.
– იცით, გოგონა, პოლიციასთან აღარ ვთანამშრომლობ. სხვა სპეციალისტს მიმართეთ. მე თვითონ შემიძლია, გირჩიოთ. ახლავე დაგიწერთ ტელეფონის ნომერს. შეგიძლიათ, მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ შეგეპაროთ.
– ქალბატონო ია, თუ ძალიან არ შეწუხდებით, თქვენთან რამდენიმე შეკითხვა მაქვს.
– რა გნებავთ? – ქალს აშკარად შეეცვალა სახე.
– რამდენიმე წლის წინ თქვენ გაეცით დასკვნა ძალადობის ფაქტზე. ეს დასკვნა მერე, რატომღაც, დაიკარგა. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ საქმეში წერილობითი ფორმით ის აღარ არსებობს...
– ძალიან კარგი, – ჩაილაპარაკა იამ ხმამაღლა.
– რა ბრძანეთ? – ჩაეკითხა მარიკა.
– არაფერი. გისმენთ, მაგრამ, მაინც ვერ გავიგე, რას მოითხოვთ ჩემგან. ხომ არ ფიქრობთ, რომ ის დასკვნა მე მაქვს, მე მოვიპარე?
– არა, არა, საფუძველი არ გვაქვს, რომ ეს ვივარაუდოთ, ერთადერთი, რასაც გთხოვთ, დაგვიდასტუროთ, რომ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი და ის ქალიც ამოიცნოთ. ფოტოები წამოღებული მაქვს.
ია შეიჭმუხნა:
– მე ცოტა დრო მაქვს. ამიტომ, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.
– მარიკამ ჩანთიდან ფოტოსურათები ამოიღო და მაგიდაზე გადაშალა.
– ქალბატონო ია, მხოლოდ ფაქტი დაგვიდასტურეთ.
– კი, მაგრამ, შეიძლება, გავიგო, რაშია საქმე? – წარბი ასწია ქალმა. მბრძანებლური გამოხედვა ჰქონდა, მომთხოვნი და პრეტენზიული. მარიკამ იფიქრა, ეს ალბათ ყოველთვის აღწევს იმას, რასაც მიზნად დაისახავსო...
– დაგვეხმარებით ეჭვმიტანილის დაზარალებულთან ნაცნობობის დადასტურებაში. ამჯერად ამას ვერ ვახერხებთ. დაზარალებული, ფაქტობრივად, მკვდარია, – მარიკა მიხვდა, სისულელე რომ თქვა და გაწითლდა, მაგრამ მაინც გააგრძელა, – ეჭვმიტანილი უარყოფს, რომ საერთოდ იცნობდა მას. თქვენს სიტყვებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.
– მაინც, რა არის დამოკიდებული? – გულგრილი სახითა და ცივი ხმით წარმოთქვა ქალმა.
– გაასამართლებენ თუ არა ეჭვმიტანილს განზრახ მკვლელობის ბრალდებით.
– გასაგებია, – იამ ფოტოებიდან ერთი აიღო და ჩააშტერდა, – ესე იგი, შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს. ამიტომ, უფლებას ვიტოვებ, ეჭვი შევიტანო საკუთარი მეხსიერების სისხარტეში. მოკლედ, ჩემო გოგო... ვერ გეტყვით, რომ ეს სახე აბსოლუტურად უცხოა ჩემთვის, მაგრამ, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მე ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, მათი უმრავლესობა კი ქალები არიან, არაფერი უცნაური ამაში არ არის.
მარიკამ ტუჩზე იკბინა.
– იმედია, ჩემი პასუხით გამოძიებას ჩიხში არ შევიყვან, – გაუღიმა იამ და მობილურის განათებულ ეკრანზე მიუთითა, – ტელეფონი გირეკავთ.
– უკაცრავად, – მარიკამ მობილურს დახედა, – წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის. უკვე ორჯერ ვუთხარი, რომ არ მაქვს მისი გაცნობის სურვილი, მაგრამ, მაინც რეკავს... – თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ დადგა გულახდილობის გუნებაზე.
– ფრთხილად იყავით უცნობებთან – ეს ჩემი მეგობრული რჩევაა, – ისევ ალერსიანად გაუღიმა იამ და თავაზიანად შეახსენა, – მგონი, დავამთავრეთ, არა, საუბარი?
– დიახ, თუმცა, მე კიდევ სიამოვნებით ვისაუბრებდი თქვენთან.
– როცა გენებოთ, ოღონდ, წინასწარ ჩაეწერეთ მიღებაზე, რომ არ გალოდინოთ.
– სხვაგან რომ შევხვედროდით? მაგალითად, სადმე ყავა დაგველია. ძალიან საინტერესო ქალბატონი ბრძანდებით. თქვენნაირები ბევრნი არ არიან.
– ამას კომპლიმენტად მივიღებ. რაც შეეხება ყავას, საერთოდ არ ვსვამ. ისე კი, როცა დრო მექნება, შევხვდეთ და ვისაუბროთ.
მარიკა მიხვდა, რომ ძალიან ზრდილობიანად მოიშორეს თავიდან. ექიმს ხელი ჩამოართვა და კარისკენ გაემართა.
– ვწუხვარ, რომ ვერ დაგეხმარეთ, – თქვა იამ, – იმედია, ამით პრობლემებს არ შეგიქმნით, წარმატებებს გისურვებთ!
***
კაბინეტში მძიმე და დაძაბულმა ატმოსფერომ ახვლედიანზე დამთრგუნველად იმოქმედა. ვერც მალავდა თავის შეშფოთებას. ვერც სიგარეტის ამოღებას ახერხებდა და ვერც ოფლით დასველებული შუბლის მოწმენდას.
– ვიცი, რომ გიჭირს იმის გაკეთება, რასაც შენგან ითხოვენ. მაგრამ, უნდა შეძლო. ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, უპირველესად კი – შენი მომავალი. მგონი, ღირს, იფიქრო ამაზე.
– გავიგე, ბატონო ვახტანგ, გავიგე, მაგრამ, გამომძიებელი...
– ვიცი, თემო პაპავას ვიცნობ და, პრინციპში, ის თავის საქმეს აკეთებს. ამისთვის კი, ვერც დასჯი და ვერც უსაყვედურებ.
– აბა, რა ვქნა? – საცოდავად წამოსცდა ახვლედიანს.
– ო, აი, ეგ შენ უნდა მოიფიქრო. მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ გირჩიო და, თან – გაგაფრთხილო: პრობლემას ნუ შექმნი ნურც ჩვენთვის და ნურც საკუთარი თავისთვის.
– მესმის, ბატონო ვახტანგ, მაგრამ...
– „მაგრამ“ გამორიცხე. არ არის იოლი საქმე. ყველაფერი ვიცი და არც გართულებებს გამოვრიცხავ, მაგრამ, ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია, ჩვენგან გავიდეს ეს საქმე. ხვდები, ხომ, რასაც ვგულისხმობ? პაპავას კი ნურაფერს დაუშლი, გააკეთოს ის, რასაც საჭიროდ ჩათვლის...
– ეს როგორ, ბატონო ვახტანგ?
– ამით მოვრჩეთ. გიორგი, იფიქრე საკუთარ მომავალზე... იფიქრე და ეს გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება...
***
დევიმ ორი თითით ამოიღო დანა პირსაბანი ნიჟარიდან და ქვემოდან შეხედა.
– ჩვეულებრივი დანაა, არც ისე ბასრი პირით... მდაა, თემურ, ეს უკვე სერიული მკვლელის ნახელავს ჰგავს.
– საიდან დაასკვენი?
– გვამიდან, საყვარელო, გვამიდან... უკვე მკვდარს რომ დანას გულში გაუყრი, შიგ კარგად დაატრიალებ, რომ, რაც შეიძლება, ბევრი სისხლი წამოვიდეს, ამით სიამოვნებას უნდა იღებდე. ხომ ასეა?
– არ ვიცი. ადამიანი ჯერ არ მომიკლავს, – პირქუშად ჩაილაპარაკა თემომ და გვამს ჩააშტერდა.
– შენ დღეს გუნებაზე არ ხარ, – დაასკვნა დევიმ, – პრობლემები ოჯახში?
– ჯობია, არაფერი მკითხო. რაც შეეხება პრობლემებს, არც ოჯახში ვუჩივი ამის დეფიციტს და არც სამსახურში. მარიკა იმ ექიმს ელაპარაკა. იმან კი არც დაადასტურა და არც უარყო. იმ ქალზე, ნათია დეისაძეზე გეუბნები. სხვა გზა აღარ მრჩება, უნდა დავხურო და გადავცე სასამართლოს.
– მიკვირს, ამას რომ ამბობ.
– მეც მიკვირს, მაგრამ, მაშინ, ახვლედიანს აშკარად უნდა დავუპირისპირდე. როგორ გგონია, მაქვს საფუძველი ამ ყველაფერს მშვიდად შევხედო?
– ჰო, მართალია. ახვლედიანმა იცის ამის შესახებ? – დევიმ სავარძელში გაშხლართულ გვამზე მიუთითა.
– არ მგონია. ვურეკავდი, მაგრამ მობილური გამორთული აქვს.
– აჰა, ესე იგი, სიურპრიზი ელოდება.
თემომ სავარძელთან ჩაიმუხლა და ხალიჩას ხელისგული მოუსვა.
– მშრალია.
– მე ვიტყოდი, ნოტიოა-მეთქი. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლმა გაშრობა მოასწრო. მკვლელობა სავარაუდოდ, ორი-სამი დღის წინ მოხდა.
– ჯანდაბა... – თემომ შეიგინა.
– მეზობლები რომ არა, კიდევ დიდხანს ვერ გავიგებდით. წყლის ხმამ შეაწუხათ და საპატრულო პოლიციაში დარეკეს.
– შენ ამბობ, რომ ეს სერიული მკვლელის ნამოქმედარია?
დევიმ მხრები აიჩეჩა.
– იცი, რა... ეს მხოლოდ ვარაუდია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ საფუძველს მოკლებული...
გაგრძელება შემდეგ ნომერში