როგორ აქციეს ორი შვილის მამა მკვლელად ცოლის საყვარელმა და „კანონიერმა ქურდმა“
ორი შვილის მამა, რომელმაც მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა, მოგვიანებით პოლიციაში ბრალის აღიარებით გამოცხადდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა და წინასწარი პატიმრობაც შეეფარდა, თუმცა, გასამართლებამდე ციხეში მეორე დანაშაულში ბრალდებულიც გახდა. მისი მსხვერპლი ქურდული ტრადიციების მიმდევარი ერთ-ერთი პატიმარი აღმოჩნდა, რომელსაც მინის ნატეხით ათზე მეტი ჭრილობა მიაყენა. ამის გამო მას ბრალდება დაუმძიმდა, მაგრამ, მოხდა სასწაული – მიუხედავად ყველაფრისა, მას პატიმრობა მხოლოდ და მხოლოდ 3 წლით მიესაჯა.
გიორგი ც., დაპატიმრებამდე დაახლოებით ორი წლით ადრე, ლელა კ-ზე დაქორწინდა. იმავე წელს მათ ტყუპი გოგონა შეეძინათ. როგორც ირკვევა, განსასჯელს ლელა ჯარში წასვლამდე მოსწონდა (და არა უყვარდა). მიუხედავად იმისა, რომ იქიდან დაბრუნებულს გოგოზე „ცუდი ჭორები” უთხრეს, ცოლად მაინც მოიყვანა. რატომ დაქორწინდა? საქმეში ამაზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ როგორც ჩანს, ერთ-ერთი მიზეზი გიორგი ც-ს ოჯახის უბინაობა გახდა – მისმა ოჯახმა ბანკში ჩადებული ბინა დაკარგა, რის გამოც ისინი ქირით გადავიდნენ, ლელას კი საკუთარი სახლი ჰქონდა, რომელიც ქორწინების შემდეგ მისი ქმრისაც გახდა... თუმცა, ძალიან მალე ქმარი ცოლს სწორედ ეჭვიანობის გამო დასცილდა, მაგრამ ისე, რომ შვილებთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია, მეუღლესაც ხშირად ხვდებოდა და მასთანაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა.
რაღაც პერიოდის განმავლობაში გიორგი ც-ს საყვარელიც ჰყავდა, მაგრამ, ჩვენებაში აცხადებს, რომ შვილების გამო მან საბოლოოდ ოჯახის შენარჩუნება, კვლავ ცოლის სახლში დაბრუნება არჩია და რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა ამ საკითხზე ცოლს დალაპარაკებოდა და გაუფრთხილებლად მივიდა მასთან სახლში, მაგრამ იქ მისთვის კარგად ნაცნობი სოსო დ. დახვდა, რომელზეც გაგებული ჰქონდა, რომ წარსულში მის ცოლსა და მას ერთმანეთი უყვარდათ, ანუ, ეს ის პიროვნება იყო, რომელზეც თავის დროზე გიორგიმ „თვალები დახუჭა”. ამიტომ, მის დანახვაზე ეჭვები კიდევ უფრო გაუმძაფრდა, თანაც, სოსო დ. ლელას ქმარყოფილის დანახვისთანავე ისე ადგა და წავიდა, გამარჯობაც კი არ უთქვამს.
განსასჯელის თქმით, მისი წასვლისთანავე ლელას რამდენჯერმე ჰკითხა, ხელი ხომ არ შეუშალა მისვლით, რაზეც ქალმა არაფერი უპასუხა. დუმილის გამო მან ცოლყოფილს მოულოდნელად სახეში გაარტყა და, ვინაიდან ბავშვები ძიძასთან ერთად ლელას მშობლებთან იმყოფებოდნენ, ცოლის სახლი ისე დატოვა, შერიგებაზე არაფერი უთქვამს.
ამ ფაქტს გაგრძელება მესამე დღეს მოჰყვა: 24 მარტს გიორგი ც-მ დროებით ბავშვების თავისთან წაყვანა გადაწყვიტა და ამის შესახებ მან არა ცოლყოფილი, ბავშვების ძიძა გააფრთხილა. ძიძამ უთხრა, რომ, ვინაიდან ბავშვები კვლავ ლელას მშობლებთან იყვნენ, მეორე დღეს მოსულიყო, რადგან ლელას სახლში გადაბარგებას საღამოს აპირებდნენ. თავის მხრივ, ძიძას ლელა არ გაუფრთხილებია, რადგან უმანქანობის გამო საღამოს სახლში ვერ დაბრუნდნენ. ასე რომ, მეორე დილით, გიორგი ც-მ შვილებს ტყუილად მიაკითხა ანუ ცოლის სახლში კვლავ მოულოდნელად მოუხდა მისვლა. ამას კი მკვლელობა მოჰყვა...
25 მარტს, როდესაც გიორგი ც. ცოლყოფილის სახლში მივიდა კარი ღია დახვდა და პირდაპირ შევიდა, რა დროსაც მისი ცოლყოფილი სოსო დ-სთან ერთად ყავას სვამდა. მისი ოთახში შესვლისთანავე მეორე, სრულიად უცნობი პოროვნება შემოვიდა, რომელმაც სამი ბოთლი ლუდი შემოიტანა. გიორგი ც-ს მათთვის არც შეუხედავს, გვერდი აუარა და ბავშვების ოთახისკენ წავიდა, მაგრამ სოსო დ-მ შენიშვნა ჯერ იმაზე მისცა, რატომ გამარჯობა არ თქვიო, შემდეგ კი ირონიულად უთხრა, რომ მისი შვილები სახლში არ იყვნენ. გიორგი ც-მ მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, მხოლოდ ცოლს შეხედა, რომელიც მის დანახვაზე არც კი წამომდგარა. გიორგი ც-მ წასვლა დააპირა და, ის იყო, გასვლას აპირებდა, რომ სოსო დ-მ უსაყვედურა, ჩემ გამო ლელას რატომ ეჩხუბე და რატომ გაარტყიო. მათ საუბარში ლელა კ. ჩაერია, ორივეს გაჩუმებას ურჩევდა, მაგრამ როგორც ჩანს, გვიან იყო – სოსო დ. მთელი ხმით ყვიროდა, რომ მას ლელა უყვარდა და მასთან ურთიერთობა მათ დაქორწინებამდე ჰქონდა...
სიტუაციის განმუხტვა მისმა მეგობარმა, დათო მ-მ, ამაოდ სცადა, რადგან სოსო დ-მ იარაღი ამოიღო და ლელას ქმარყოფილი მიზანში ამოიღო და ისროლა კიდეც, მაგრამ, ჭერში. ელვისებური სისწრაფით გიორგი ც-მ იქვე, მაგიდაზე დადებული დანა აიღო, რაც სოსო დ-მ შენიშნა და კიდევ ესროლა, თუმცა, ააცდინა. ხოლო, იმის გამო, რომ მას იარაღიანი ხელი თავისმა მეგობარმა დათო მ-მ დაუჭირა, არც ის დაინდო და მასაც ხელში ესროლა. შემდეგ ის ისევ გიორგი ც-სთვის აპირებდა სროლას, მაგრამ, როგორღაც, გიორგიმ დაასწრო და სოსო დ. დანით დაჭრა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გიორგი ც-მ კი, რომელმაც შემთხვევის ადგილი მაშინვე დატოვა, თან წაიღო მკვლელობის იარაღი და პოლიციაში გამოცხადდა...
მეორე დანაშაული, რის გამოც მას ციხეში ბრალი წაუყენეს, სასამართლოს დაწყებამდე ერთი თვით ადრე მოხდა. გიორგი ც. კრიმინალური მენტალობის მქონე პატიმართან ერთად ღამით ტელევიზორს უყურებდა. ისედაც გაღიზიანებულ გიორგი ც-ს მან რამდენჯერმე ირონიულად უთხრა ტელევიზორი სხვა არხზე გადაერთო, რაც გიორგი ც-ს არ ესიამოვნა, მაგრამ მოთხოვნა შეუსრულა. ამის შემდეგ მან იმავე ტონით გიორგი ც-ს სასწრაფოდ სიგარეტის შოვნა მოსთხოვა. გიორგი ც-მ უთხრა, რომ ცუდად იყო და თავი დაენებებინა, მით უმეტეს, სხვების თანდასწრებით ასეთი საუბარი მიუღებელი იყო. მაგრამ, პატიმარმა წინააღმდეგობა იუკადრისა და ჯერ ხელკეტის მსგავსი ძელი ჩაარტყა გიორგის, შემდეგ კი დაუმორჩილებლისთვის მინის ნამსხვრევით ცდილობდა ჭრილობის მიყენებას, თუმცა, გიორგი ც-მ დაასწრო და სწორედ მინის ნატეხით ათზე მეტი ჭრილობა მიაყენა...
განსასჯელის ჩვენებიდან: „წინასწარი განზრახვით არც ერთი დანაშაული არ ჩამიდენია... ცოლთან ოფიციალურად გაყრილი არ ვიყავი. ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ ერთმანეთთან ხშირი ურთიერთობა გვქონდა. მკვლელობის წინა დღეებში ბავშვებს რომ მივაკითხე და სოსო დ. იქ დამხვდა, არ მესიამოვნა – ლელა აბაზანიდან ახალგამოსული, ფაქტობრივად, ნახევრად შიშველი იყო. ბუნებრივია, ვიეჭვიანე და, არ ვუარყოფ, ამის გამო გავარტყი კიდეც...
მკვლელობაზე არც მიფიქრია. ერთადერთი, იმაში დავრწმუნდი, რომ ლელას საყვარელი ჰყავდა და ცოტა ხნით ბავშვების ჩემთან წაყვანა გადავწყვიტე. ჩხუბი რომ მდომებოდა, ლელას დავურეკავდი, მაგრამ, მის ნაცვლად ძიძას დავურეკე. შემდეგ რაც მოხდა ჩვენებაში დეტალურად ვთქვი... ყველაზე ძალიან იმან გამაღიზიანა, რომ ლელამ საყვარელს უამბო, თუ როგორ გავარტყი. ასე რომ არ მოქცეულიყო, შესაძლოა, გარდაცვლილი ასე გაღიზიანებული არ ყოფილიყო. ის ლელამ წააქეზა...
ლელაზე გაგონილ ბევრ ჭორზე ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა, ჩემზე ძალიან იმოქმედა მისი საყვარლის სიტყვებმა, რომელმაც დაცინვით მითხრა, რომ მას ლელასთან ურთიერთობა ჩემამდეც ჰქონდა. ამან ჩემზე საშინლად იმოქმედა, თვალებში დამიბნელდა. მას იქ მყოფმა თავისმა მეგობარმა უთხრა, დაფიქრდი, რას ამბობო, მაგრამ იმან იარაღი დაუმიზნა – ნუ ერევი ჩვენს საქმეშიო. შემდეგ კი, წართმევა რომ დაუპირა, მე კი არა, ჯერ მას ესროლა... აზრზე რომ მოვედი და გავაცნობიერე, რაც ჩავიდინე, პოლიციაში ჩემი ფეხით მივედი”, – აცხადებდა განსასჯელი, რომელმაც ციხეში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის იმდენად გამოიყვანა პატიმარმა მდგომარეობიდან, რომ თავის ქმედებას ვერ აკონტროლებდა: „იმ ღამით საკანში ტელევიზორს ვუყურებდით. ის იქვე ახლოს იჯდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, რამდენჯერმე ბრძანებით მითხრა, ადექი და ტელევიზორი სხვა არხზე გადართეო. მისი ტონი დამამცირებელი იყო. ამის შემდეგ კი იმავე ტონით სიგარეტის მოტანა მომთხოვა და თან შემაგინა. ამის გაკეთებაზე უკვე უარი ვუთხარი, რაზეც გაბრაზდა და ხელკეტი დამარტყა. თან მაფრთხილებდა, ხომ იცი, ქურდი ვარ და ხელის შებრუნება არ გაბედოო. ამის მიუხედავად, ხელი ვკარი და მოვიშორე. დღესაც მეტყობა მის მიერ მოყენებული დაზიანებები. მინის ნატეხი, რომლითაც ჭრილობები მივაყენე მასვე წავართვი. რამდენჯერ დავარტყი, ეს არ მახსოვს, მაგრამ, ასე რომ არ მოვქცეულიყავი, შესაძლოა, ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი”.
სასამართლო პროცესზე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა გარდაცვლილის მეგობარი, დათო მ. რომელსაც წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება საერთოდ არ შეუცვლია: „იმ დილით სოსოს ეზოში შევხვდი. წინა ღამით ერთად ვიქეიფეთ და „პახმელიაზე” ვიყავით. მითხრა, რომ ლელასთან ავსულიყავით, რომელმაც ყავაზე დაპატიჟა. ვუთხარი, რომ თვითონ ასულიყო და მეც მივიდოდი, რადგან, მინდოდა, ლუდი მეყიდა. სახლში რომ ავედი, სოსო უკვე გაღიზიანებული იყო და ლელას ყოფილ ქმარს საქმეს ურჩევდა, თუ რატომ გაარტყა წინა დღეს ლელას – შენი ცოლი ჩემთანაა, მასთან ურთიერთობა ახლაც მაქვს და, ვიდრე მოიყვანდი, მანამდეც მქონდაო. ვუთხარი, ბიჭო, რას ამბობ, გაჩუმდი-მეთქი. ამის გამო იარაღი დამიმიზნა. ამ დროს მოულოდნელად გიორგი ც. მაგიდაზე დადებულ დანას მისწვდა, რაც სოსომ დაინახა და ესროლა, შემდეგ კი მე დამჭრა. ელვისებურად განვითარდა მოვლენები...” – განაცხადა დაზარალებულმა, რომელიც ასევე ლელას ადანაშაულებდა, რადგან ქალმა აწ გარდაცვლილი თავისი ყოფილი ქმრის წინააღმდეგ აამხედრა.
ლელა კ-ს ჩვენებიდან: „ოფიციალურ ქორწინებაში ვიმყოფებოდი, მაგრამ ერთად არ ვცხოვრობდით. გიორგი პერიოდულად მოდიოდა ბავშვების სანახავად და ჩემთან ურთიერთობასაც განაგრძობდა. მე მისთვის არაფერი ამიხსნია, არც სოსოსთვის მითქვამს, რომ წინა დღეს გიორგიმ გამარტყა, არ ვიცი, ვინ უთხრა...“
საბოლოოდ, სასამართლომ ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა არა განზრახ მკვლელობას, არამედ აუცილებელ მოგერიებას. ამიტომ გიორგი ც-ს მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს. სასამართლომ დაადგინა, რომ იგი ინციდენტის მომენტში თავს იცავდა, რაც თავად გარდაცვლილის მეგობარმაც დაადასტურა. თუმცა, სასამართლომ ჩათვალა, რომ განსასჯელმა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადააცილა და ამის გამო 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რაც შეეხება პატიმრის დაჭრას, სხვა პატიმრებისა და ციხის თანამშრომელთა ჩვენებით დადგინდა, რომ ბოლო დღეებში ქურდობის მოსურნე პატიმარი მართლაც აგრესიულად იქცეოდა და გიორგი ც-ს გარდა, მას ციხეში სხვებთანაც მოუხდა კონფლიქტი. ამიტომ, სასამართლომ გიორგი ც-ს მხოლოდ ერთი წელი დაუმატა ანუ, საბოლოოდ, ის საპატიმროში 3 წელს გაატარებს.