კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაუარა მამამ ოთხი წლის შვილს თავზე მანქანით და როგორ დაასრულა მან სიცოცხლე მომხდარის შემდეგ

ალბათ, ყველას სმენია, რომ სიკვდილი ნებისმიერ ადამიანთან არის ჩასაფრებული და არავინ იცის, როდის წამოგეწევა, მახეს როდის დაგიგებს. ასევე, კარგად არის ხალხში ცნობილი „დაწყევლილი გვარის” ცნება. თუმცა, ის ისტორია, რომელიც ქალბატონმა ეკამ მიამბო, ნამდვილად გასაოცარი და შოკის მომგვრელი იყო. როგორც თავად ამბობს, მის გვარში სიკვდილს დაუსადგურებია და მისი ახლო ნათესავები, უცნაურად ტრაგიკული სიკვდილით მიდიან ამქვეყნიდან. ის რაზეც დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი ეკა ყვება, გორში დიდი ხანია, განსჯის საგანია და ამ ამბებს დღმდე სინანულით იხსენებენ.

ეკა: დამიჯერეთ, სიკვდილის პანიკური შიში მაქვს. მეშინია, ერთხელ კიდევ არ მოადგეს ჩემი სახლის კარს და რომელიმე საყვარელი ადამიანი არ გამომაცალოს ხელიდან. წარმოიდგინეთ, ჯერ ბაბუა, მერე რძალი, მერე ძმიშვილი, მერე ძმა და ახლა დედაჩემია უკანასკნელ დღეში. არ ვიცი, მე და ჩემი და რამდენ დარდს გავუძლებთ. რამდენჯერ მიფიქრია თვითმკვლელობაზე... რომ იტყვიან, ჩვენი გვარი დაწყევლილია და ასე ნელ-ნელა მიდიან ჩემი ოჯახის წევრები ნაადრევად და ტრაგიკულად ამქვეყნიდან.

– იქნებ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, ჩვენი გვარი დაწყევლილია და ჩემი ოჯახის წევრები უდროოდ და უცნაური სიკვდილით ტოვებენ ამ ქვეყანასო.

– დავიწყოთ იქიდან, რომ ბაბუაჩემი სულ პატარა ბიჭი ყოფილა, მამამისს თავი რომ ჩამოუხრჩვია. ყველას ეგონა, ბავშვი ვერ გააცნობიერებს, რა მოხდა და ეს ამაზრზენი ამბავი მის ფსიქიკაზე უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენსო. მაგრამ, ორმოცი წლის შემდეგ მეზობლები კიდევ ერთხელ შეძრწუნებულან ჩვენი ოჯახის უბედურებით. ბაბუამ კაკლის ხის ტოტზე ჩამოაბა თოკი, ყულფში თავი გაუყარა და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. თქვენ წარმოიდგინეთ, საამისო მიზეზი ნამდვილად არ ჰქონდა. არაჩვეულებრივი ოჯახი გვქონდა. ბებიაჩემი, მამაჩემი, დედაჩემი, მე და ჩემი და-ძმაც, ისე ვესიყვარულებოდით ყოველ წამს ერთმანეთს და ისე შეკრულები ვიყავით, ნამდვილად შეშურდებოდა გარეშე თვალს. ამ ამბის შემდეგ ბებიამ აიჩემა, თბილისში აღარ გავჩერდები, ჩემი ქმარი გორშია დასაფლავებული და მინდა, ხშირად ვიარო მის სასაფლაოზე. ეს სახლი მძულსო და მამა აიძულა თბილისში ბინა გაეყიდა და მამაპაპისეულ სახლში, გორში გადავსულიყავით საცხოვრებლად. ასეც მოხდა. მოკლედ, იქ ახალგადასულებს ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ რას ვიზამდით. გავიდა დრო. ჩვენც წამოვიზარდეთ. ისეთი ძმა მყავდა, რომ იტყვიან ავ თვალს არ დაენახვებოდა, მაღალი, ტანადი, ჭკვიანი, კეთილი, ულამაზესი...

– წარსულ დროში რატომ ახსენებთ?

– იმიტომ, რომ დღეს ის ცოცხალი აღარ არის. მოდი, ცოტა შორიდან დავიწყებ. ჩემი ძმა, დათო, ნამდვილად თითით საჩვენებელი იყო, კარგი გაგებით, სანათესაო თუ სამეგობრო წრეში. ოცი წლის რომ გახდა, ცოლი შეირთო – მანანიკო. ისეთი ქორწილი გადაუხადა მამამ, კარგა ხანს სალაპარაკო იყო – ეს რა ნეფე-პატარძალი იყო, რა მოლხენა, როგორი სუფრაო. მაგრამ რად გინდა? ერთი წლის თავზე, მანანიკო მშობიარობას გადაჰყვა. მისმა გარდაცვალებამ ყველანი შოკში ჩაგვაგდო, დათუნა ისე გაუბედურდა, თავის მოკვლამდე მივიდა. მაგრამ, ბავშვის გამო ვერ გაბედა სიკვდილი, გიგუნა მისი ერთადერთი დანატოვარი იყო მანანიკოსგან. რასაკვირველია, ჩემი რძლის სიკვდილი დღესაც ვერ მოგვინელებია და მიწისთვის გვენანება ეს ულამაზესი არსება, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდგომ, ისეთი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს ოჯახში, სულ გადაგვავიწყა ეს ანგელოზივით გოგო.

– ასეთი რა მოხდა? უფრო სწორად, ამაზე საშინელი რა უნდა მომხდარიყო, ვერ ვხვდები.

– ახლავე მოგახსენებთ. მოკლედ, გიგუნას თითოეული წამოტიტინება, ღიმილი თუ ცუღლუტობა, ისეთ იმედს გვაძლევდა, ენით ვერ გადმოგცემთ. ასე გვეგონა, დათუნა ცოლის დარდს გადაჰყვებოდა, მაგრამ გიგუნამ გამოიყვანა მდგომარეობიდან. სულ ხელში აყვანილი დაჰყავდა, არავის ანდობდა მის თავს. ჩვენც კი გვაკონტროლებდა, რამე არ მოსწიოთ, არ დატოვოთ წამით, კარგად მოუარეთო. რომ იტყვიან, გიჟი მამა იყო. ოთხი წლის რომ გახდა ბავშვი, დათომ გაგვანდო, ერთი გოგო შემიყვარდა, მის გვერდით თავს კარგად ვგრძნობ და ჩემგან ორსულად არისო. ამ ამბავმა შოკში ჩაგვაგდო. ვერ გავიგეთ, უნდა გაგვხარებოდა თუ გვწყენოდა. მაგრამ, არაფერი შევიმჩნიეთ. დედამ უთხრა, შენ იყავი, შვილო, ბედნიერი და არაფერს დაგიშლით, ოღონდ ამ სახლში ნუ მოიყვან, სადაც გინდა იცხოვრეთ. სტუმრადაც ხშირად მოდით, არც არაფერს მოგაკლებთ, მაგრამ გიგუნას ვერ გაგატანთ, აქ გავზრდითო. მოკლედ, თითქოს ყველაფერი დალაგდა – დათუნას თვალებში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა, არც მანანიკოს საფლავს ტოვებდა ყურადღების გარეშე, ყოველ შაბათს ადიოდა და ყვავილები აჰქონდა, მის საყვარელ ქალსაც არაფერს აკლებდა, ბავშვსაც თითქმის ყოველ მეორე დღეს ნახულობდა. მაგრამ, როგორც გითხარით, ჩვენი გვარი ისეთი დაწყევლილი აღმოჩნდა, დიდხანს არ გასტანა ჩვენმა ბედნიერებამ, უბედურება კიდევ ერთხელ დატრიალდა ჩვენს თავს. ახლა, ისევ რომ ვყვები ამ ამბავს, მინდა ვიკივლო და სამყარო შევაჩვენო, მაგრამ, ადამიანი ყველაზე დიდი ცხოველი ყოფილა. მოკლედ, ერთ დღესაც, მოვიდა დათუნა. დედამ სუფრა გაუშალა, სამსახურიდან ხარ მოსული და ცოტა რამ ჭამეო. გიგუნა კისერზე ეკიდებოდა, არ შორდებოდა მამას. დედამ უთხრა, დააცადე, ბებო, მამიკომ ცოტა ჭამოს, ეზოში ითამაშე და ესეც მალე მოვაო. ბავშვმა სათამაშო თოფი მოურბენინა დათოს და უთხრა: მამი, მალე ჭამე და ომობანა ვითამაშოთ, ეზოში დავიმალები და დაგელოდები, რომ სროლა დაგასწროო. მართლაც, გავიდა ეზოში. ფანჯრიდან ვუყურებდით, როგორ თამაშობდა. უცებ, ტელეფონზე დაურეკეს დათოს, ნანას მშობიარობა დაეწყო და დროზე მოდიო. ნანა მისი მეორე ცოლია. გიჟივით წამოხტა ჩემი ძმა, გავარდა გარეთ, დაქოქა მანქანა და... თურმე, ბავშვი მანქანის ქვეშ შემძვრალა დასამალად. დათომ ვერ შენიშნა, დაძრა მანქანა და გადაუარა. ბავშვის განწირული ხმა რომ გაიგო, დაიბნა, მანქანა უკან დახია და გიგუნას ხმაც შეწყდა. აი, ამ მომენტში დასრულდა ჩვენი ცხოვრება. მკვდარი ბავშვის დანახვისას, დათო გავარდა გარეთ, მერე ისევ სახლში შემოვარდა ღრიალით, ისევ დახედა ბავშვს, ავარდა სახლის სახურავზე, იქიდან გადმოხტა და ეზოში დასხმულ ბეტონზე დაეცა თავით. მამა-შვილი ერთად დავასაფლავეთ მანანიკოს გვერდით. ასეთი ტრაგედია, არც გამიგია სადმე მომხდარიყოს. ნამდვილად კოშმარი იყო და ახლაც შოკში ვარ. თვალიდან არ ამომდის ის სიტუაცია. ისეთი გაოგნებულები ვიყავით პანაშვიდებზე, ხმას ვერ ვიღებდით. დედაჩემს შვილიშვილი გულში ჰყავდა ჩაკრული და ვერაფრით გამოგლიჯეს ხელიდან. მამა კი დათოს კუბოს გადაფარებული გაოგნებული იყო. წარმოიდგინეთ, ხალხი შოკში ვარდებოდა ამის დანახვისას.

– თქვენს მეორე რძალთან ურთიერთობა გაქვთ?

– რასაკვირველია. მისგან ჩემს ძმას შვილი – თეკუნა დარჩა. სხვათა შორის, ხშირად მოდის ჩვენთან და ბავშვიც მოჰყავს. ის გვაძლევს ცოტა იმედს, თორემ თავს მოვიკლავდით. თან, თეკუნა ისე ჰგავს გიგუნას, ვერ წარმოიდგენთ. სულ მისი ნაკვთები აქვს, მასავით იცინის, მასავით იქცევა და სწორედ იმ ადგილას უყვარს თამაში, სადაც მისი ძმა თამაშობდა. გიგუნას ამოჩემებული ჰქონდა ადგილი ბუხრის გვერდით და სულ იქ იჯდა, თამაშობდა. თეკუნაც, მოვა თუ არა, იმ ადგილას ჯდება და თამაშობს. ხშირად ვფიქრობ, რა დააშავა ასეთი ჩემმა წინაპარმა, რომ ასე დაგვსაჯა განგებამ. თან, თეკუნას რომ ვხედავ, იმასაც ვფიქრობ, იქნებ ღმერთმა ეს მაინც არ გაწიროს და საფრთხე ააცილოს თავიდან-მეთქი. ეს ერთი იმედიღა გვყავს, თორემ ჩვენი ცოდვით, ყველა იწვება. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა ამ ამბის მოყოლა, მაგრამ გიგუნას დაბადების დღე მოდის და მინდა, ამ მოგონებით იმქვეყნად მივულოცო. იმედია, გვაპატიებს, რომ ვერ გავუფრთხილდით.


скачать dle 11.3