შიდსის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ გამოცდა წარმატებით გაიარა
ამერიკელმა სწავლულებმა შექმნეს ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელმაც სპეციალისტებს პირველად მისცა საშუალება, მთლიანად გაესუფთავებინათ საცდელი მაიმუნების სისხლი ვირუსისგან, რომელიც „შიდსის“ მსგავს დაავადებას იწვევს.
ვაქცინის შემქმნელები ვარაუდობენ, რომ ამ ვაქცინის ანალოგის გამოცდა ადამიანების მონაწილეობით სამი წლის შემდეგ დაიწყება.
კვლევების ავტორები არიან ორეგონის ვაქცინაციისა და გენური თერაპიის ინსტიტუტის სწავლულები. მათ მიერ შექმნილი ვაქცინა 24 ჯანმრთელ მაკაკა-რეზუსებს შეუყვანეს, რომლებიც შემდგომში მაიმუნების იმუნოდეფიციტის ვირუსით დაასნებოვნეს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ, სახელდობრ, მისგან წარმოიშვა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელიც შიდსს იწვევს. ვაქცინის მოქმედების შედეგად 13 მაიმუნის ორგანიზმში შეწყდა ვირუსის გამრავლება. მაიმუნების სისხლში ეს ვირუსი ყველაზე მგრძნობიარე ტესტებმაც კი ვერ აღმოაჩინა. 12 მაიმუნისთვის დამცავი ეფექტი ვაქცინაციიდან ერთი წლის შემდეგაც შენარჩუნდა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვაქცინა საშუალებას მოგვცემს, ვირუსი კონტროლზე ავიყვანოთ ან სრულიად გავთავისუფლდეთ მისგან“, – განაცხადა კვლევების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლუის პიკარმა.
ახალი ვაქცინის საფუძველი გახდა ვირუსის ფართოდ გავრცელებული სახე – ციტომეგალოვირუსი. გენური ინჟინერიის დახმარებით, ის ისე შეცვალეს, რომ მეხსიერების E-უჯრედების გამომუშავება დაიწყეს, რომლებიც აღაგზნებენ იმუნურ სისტემას და მიმართავენ იმუნოდეფიციტის ვირუსის გასანადგურებლად. ვინაიდან ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ციტომეგალოვირუსი სამუდამოდ რჩება იქ, ვაქცინის მოქმედება, როგორც ამას სწავლულები ვარაუდობენ, მუდმივი იქნება.