კონგოში საათში 48 ქალს აუპატიურებენ
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყოველ საათში 48 ქალს აუპატიურებენ. სწავლულთა კვლევების შედეგად მიღებული ახალი დასკვნები ამ ცენტრალურ აფრიკულ ქვეყანაში ძალადობის მკვეთრ ზრდას მოწმობს.
კონგოს რესპუბლიკაში დღეისთვის დაახლოებით 70 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. გაირკვა, რომ 2006 წლიდან 2007 წლამდე, ანუ 12 თვის განმავლობაში, 400 ათასი 15-დან 49 წლამდე გოგონა და ქალი გააუპატიურეს. ეს 26-ჯერ მეტია, ვიდრე გაეროს წინა მონაცემები, რომლის თანახმადაც, კონგოში ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 16 ათასი გაუპატიურება ხდებოდა. წინა სტატისტიკა ეფუძნებოდა პოლიციისა და სამედიცინო დაწესებულებების მონაცემებს.
„ეს ძალზე დიდი ციფრებიც კი ვერ ასახავს სექსუალური ძალადობის რეალურ ვითარებას. ძალადობათა ეს რიცხვი არ რეგისტრირდება მსხვერპლთა სტიგმატიზაციის გამო, სირცხვილის გრძნობის გამო, მოძალადეთა დაუსჯელობის სინდრომის გამო“, – განაცხადა კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელმა ემბერ პეტერმანმა.
კონგოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი ციფრები გვიჩვენებს იმას, რომ ქალებს გაუჩნდათ დამატებითი შესაძლებლობები, განაცხადონ მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების შესახებ. „ეს იმითაცაა გამოწვეული, რომ სახელმწიფო სულ უფრო და უფრო ეფექტურად მოქმედებს. მთელ ქვეყანაში გზავნის მოსამართლეებს, პროკურორებსა და პოლიციელებს“, – განაცხადა ხელისუფლების პრეს-მდივანმა ლამბერ მენდემ.
ბელგიის ყოფილი კოლონია კონგო, თავისი ზომებით, მთელ დასავლეთ ევროპას შეიძლება შევადაროთ. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალი წლის განმავლობაში შინაგანი შეიარაღებული კონფლიქტის არენას წარმოადგენს, სადაც, როგორც ჩანს, სისტემატურად აუპატიურებენ ქალებს.