ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: რა არის შემაკავებელი ორდერი და, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ მოახდინა შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რა ვადას არ უნდა აღემატებოდეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, სასამართლო ამტკიცებს შემაკავებელ ორდერს და განსაზღვრავს შემაკავებელი ორდერის მოქმედების კონკრეტულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს.
კითხვა: პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც დაამტკიცა სასამართლომ. შემაკავებელი ორდერი შეეხებოდა არასრულწლოვანს. სად იგზავნება სასამართლოს მიერ გამოცემული ასეთი სახის გადაწყვეტილება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემულია აქტი, რომლითაც განისაზღვრა ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის, კერძოდ კი, არასწრულწლოვნის დაცვის დროებითი ღონისძიება და აღნიშნული შემაკავებელი ორდერი დაამტკიცა სასამართლომ, გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა გადაიგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში.
კითხვა: რა კატეგორიის საქმეებზე გამოიცემა შემაკავებელი და დამცავი ორდერები, რა იგულისხმება ოჯახში „ძალადობის“ ცნების ქვეშ?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრა ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიება, გამოიცემა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
კითხვა: ეკისრება თუ არა პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დანაშაულებრივი ქმედებისთვის, როდესაც თვითონ არ იცოდა, რომ ჩადენილი ქმედება იყო დასჯადი?
პასუხი: სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის 36-ე მუხლი ეხება პირის შეცდომას. ამ მუხლის მიხედვით, ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც სჩადის, აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეცდომა მისატევებელია. ამავე მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულია, რომ შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას, ანუ კანონმდებელი გულისხმობდა, რომ, თუ ობიექტური გარემოებების გამო, პირს არ შეეძლო, გაეცნობიერებინა ჩადენილი ქმედების დასჯადობა, ამ შემთხვევაში მისი ქმედება შეფასდება შეცდომად და მისი ბრალეულობა გამოირიცხება.
კითხვა: ჩემი შვილი სასჯელს იხდის ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის. პროკურატურამ და სასამართლომ უარი თქვეს საპროცესო შეთანხმებაზე. ჰქონდათ თუ არა მათ ამის უფლება?
პასუხი: საპროცესო შეთანხმების არსი და შემადგენელი პირობები განხილულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავში, რის მიხედვითაც საპროცესო შეთანხმება დგება მხარეების – ბრალდებულისა და პროკურორის თანხმობის საფუძველზე. საპროცესო შეთანხმების ვალდებულებისგან ორივე მხარე თავისუფალია. რაც შეეხება სასამართლოს, ის ამოწმებს საპროცესო შეთანხმების კანონიერებას. სხვა სახის ზემოქმედების საშუალება საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე სასამართლოს არ გააჩნია. შესაბამისად, თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ პროკურორი არ არის ვალდებული, გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად.
კითხვა: როდესაც პირს მისჯილი აქვს პირობითი სასჯელი გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენისთვის, ემატება თუ არა პირობითი სასჯელის წლები ახლად ჩადენილი დანაშაულის სასჯელს?
პასუხი: სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მიხედვით, თუ პირობითმა მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, პირობითი მსჯავრის ძალაში დატოვების ან გაუქმების საკითხს წყვეტს სასამართლო, ანუ, ამ შემთხვევაში, პირობითი მსჯავრის გაუქმება ან ძალაში დატოვება რიგ გარემოებებთან ერთად დამოკიდებულია როგორც ბრალდებულის პიროვნულ, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მახასიათებლებზე, რის მიხედვითაც გადაწყვეტილება გამოაქვს საქმის განმხილველ სასამართლოს.
კითხვა: შეიძლება თუ არა რაიმე გავლენა იქონიოს ჩემს საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერებაზე მოსამართლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენებამ?
ასევე, მაინტერესებს, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისას უნდა დაველოდო თუ არა დისციპლინური უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილებას?
პასუხი: საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, კანონით განსაზღვრული წესით. დისციპლინური საქმის წარმოების შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი დგება მხოლოდ მოსამართლის მიმართ. შესაბამისად, თქვენ მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა სცილდება დისციპლინური საქმეების განმხილველი ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს და მოსამართლის მიმართ განხორციელებული დისციპლინური საქმის წარმოების შედეგებმა არ შეიძლება, რაიმე გავლენა იქონიოს სასამართლო გადაწყვეტილებაზე. გასაჩივრების უფლება უნდა გამოიყენოთ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის თქვენთვის ჩაბარებიდან საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა აღსრულების მიქცევა მოვალის სხვა ქონებაზე, თუ უზრუნველყოფის საშუალება სრულად ვერ ფარავს კრედიტორის მოთხოვნას?
პასუხი: მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა ან გირავნობა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით ან გირავნობით დატვირთული უძრავ-მოძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით ან გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნების დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
კითხვა: სასამართლოს მიერ გამოტანილია ჩემ მიმართ გადაწყვეტილება, რომლითაც დამეკისრა თანხის გადახდა, აღმასრულებელმა მოგვმართა წინადადებით და მთხოვა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ვალდებული ვარ თუ არა, აღმასრულებელს მივაწოდო ინფორმაცია ქონებრივი მდგომარეობის შესახებ? რა ხდება არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენისას?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე მოვალე ვალდებულია, აღმასრულებელს წარუდგინოს ქონებრივი ნუსხა. თუ მოვალე აღმასრულებელს, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში არ წარუდგენს ქონების ნუსხას, ან, უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან შეგნებულად წარუდგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, კერძოდ კი, მოეთხოვება პასუხი აღმასრულებლისთვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობაზე.
კითხვა: გვაქვს იპოთეკით დატვირთული ბინა რამდენიმე იპოთეკარის სასარგებლოდ. ბინის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. როგორ მოხდება აუქციონზე ამოღებული თანხის განაწილება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება თითოეული კრედიტორის მოთხოვნის პროპორციულად.