რატომ დაკარგეს ერთმანეთი მეგობრებმა და ვის ეძებენ ბუინაკსკიდან საქართველოში
47 წლის სონია იაკობის ასული განიპაევა ეძებს 48 წლის ირაკლი ვლადიმერის ძე მაჭავარიანს.
ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 48 წლის ირაკლი ვლადიმერის ძე მაჭავარიანს. მე და ირაკლიმ ერთმანეთი დაღესტანში გავიცანით. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ირაკლი საქართველოში დაბრუნდა, მასთან კონტაქტი შეწყდა. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი. შეიძლება, ის კოორდინატები, რაც მან დამიტოვა, მე არასწორად ჩავწერე. 29 წელია გასული მას შემდეგ, რაც ირაკლი ბოლოჯერ ვნახე, ძალიან მინდა, მის პოვნაში დამეხმაროთ.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი და როგორ დაახლოვდით, მოგვიყევით თქვვენი ისტორია.
– მე ვცხოვრობდი და ამჟამადაც ვცხოვრობ ქალაქ ბუინაკსკში. ირაკლი სწორედ აქ იყო ჩამოსული და ჯარში მსახურობდა. სამხედრო ნაწილის მახლობლად იყო ჩემი სახლიც. მე და ირაკლიმ ერთმანეთი სწორედ ამ ქალაქში გავიცანით. თავდაპირველად მე ის ძალიან მომეწონა, გარეგნობით მიიქცია ჩემი ყურადღება – ის იყო ძალიან მაღალი და სიმპათიური გარეგნობის ახალგაზრდა. შემდგომ კი, როდესაც ჩვენ პირველად ვისაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ მას საქართველოში, თუ არ ვცდები, ჭიათურაში, ჰყავდა საცოლე, რომელიც ძალიან უყვარდა და მასთან მალე შეხვედრაზე ოცნებობდა. იმ დროს მეც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ, მიუხედავად ჩემი გამოუცდელობისა და ახალგაზრდობისა, მაინც შევძელი, რომ ირაკლისთან დიდი მეგობრობა დამემყარებინა. ჩვენ მართლაც დავმეგობრდით. ხშირად ვსეირნობდით და ის მიყვებოდა თავის სამშობლოზე, მეგობრებზე, საცოლეზე... მაგრამ ირაკლის სამსახურის დრო დასრულდა და ის თავის სამშობლოში დაბრუნდა. გავაცილე. მან მომწერა თავისი მისამართი და ტელეფონის ნომერი. მას შემდეგ მე არაერთხელ მივწერე წერილი, ვრეკავდი იმ ნომერზე, მაგრამ უშედეგოდ. ძალიან მინდა მისი მოძებნა და ურთიერთობის აღდგენა. მაინტერესებს, როგორ აეწყო ცხოვრება და როგორ არის ის დღესდღეობით.
– როგორ გადაწყვიტეთ მეგობრის მოძებნა და აქამდე თუ გიცდიათ ირაკლის პოვნა?
– ნამდვილად ვეძებდი სხვადასხვა საიტზე, სპეციალურად ამისთვის დავრეგისტრირდი კიდეც თითქმის ყველგან, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ან ინტერნეტთან არ აქვს შეხება, ან, შეიძლება, ფსევდონიმით არის დარეგისტრირებული. ასევე, განვათავსე ჩემი განაცხადი ძებნის შესახებ „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე, სადაც თქვენი მონაცემები მომცეს და გადავწყვიტე, თქვენთვის მომემართა. იმედი მაქვს, ირაკლიმ არ მიატოვა თავისი ქვეყანა და დღემდე საქართველოში ცხოვრობს. ვფიქრობ, რომ მასაც ძალიან გაუხარდება, თუკი ერთმანეთს ვიპოვით და გავიხსენებთ ჩვენს ახალგაზრდობას. შეიძლება, მას ამჟამად უკვე დიდი შვილები ჰყავს, მე, მაგალითად, უკვე შვილიშვილიც კი მყავს, მაგრამ, ახალგაზრდობის მეგობრები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, ამიტომ, ძალიან მინდა, ირაკლი ვიპოვო. მახსოვს, როდესაც ის ჯარში მსახურობდა და ჯერ კიდევ ქალაქის ქუჩებში ნაკლებად ერკვეოდა, მე დამყავდა და ვათვალიერებინებდი ჩვენს ქალაქს. ის კი სულ მეუბნებოდა: სონია, თუ შენ საქართველოში ჩამოხვალ, მეც ძალიან ბევრ რამეს დაგათვალიერებინებ, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყანა სავსეა ღირსშესანიშნავი ადგილებით და ძეგლებითო.
– როგორ ფიქრობთ, ირაკლი თუ გეძებთ?
– ნამდვილად არ ვიცი, მეძებს ის თუ არა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დაბრუნდა, ჩემმა ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ბინა და ამჟამად მე სულ სხვა მისამართზე ვცხოვრობ. იმედი მაქვს, რომ მასაც უნდა ჩემი პოვნა. შეიძლება, ჩვენ ერთმანეთს არც შევხვდეთ არასდროს, მაგრამ გვქონდეს მიმოწერა ან სატელეფონო კონტაქტი. ძალიან მინდა, გავიგო, როგორ აეწყო მას ცხოვრება.
– თქვენი ოჯახის წევრებმა, მეუღლემ თუ იცის, რომ მეგობარს ეძებთ?
– მე და ჩემს მეუღლეს, ანდრეის, ყოველთვის ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა. ის ყველა ჩემს მეგობარს იცნობს და ისიც იცის, რომ დაკარგული მყავს ახალგაზრდობის დროინდელი ქართველი მეგობარი. ამიტომ, არანაირი პრობლემა მეუღლესთან დაკავშირებით არ მაქვს. პირიქით, ის ძალიან მგულშემატკივრობს ამ საკითხში. სწორედ ანდრეის რჩევა იყო, რომ განაცხადი „ჟდი მენიას“ საიტზე გამეკეთებინა. მართალია, ანდრეი ფიქრობს, რომ, შეიძლება, ირაკლისაც შეცვლილი აქვს საცხოვრებელი მისამართი, ან, სულაც, სხვა ქვეყანაში გადავიდა, მაგრამ, ცდას წინ არაფერი უდგას. ერთი სიტყვით, მთელი ჩემი ოჯახი ძალიან მგულშემატკივრობს.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.