სად დუღდებოდა ყველაზე გემრიელი ჩაი თბილისში და როგორ ვრცელდებოდა ჭორი და მართალი აბანოთუბნის ჩაიხანებში
70 წლის თბილისელი თეიმურაზ ჯალაღონიას ოჯახში ერთი მეტად უჩვეულო კოლექცია ინახება. ჩვენი რესპონდენტი დაახლოებით 35-40 წლის წინ შეუდგა სამოვრების შეგროვებას. დღეისათვის მის კოლექციაში სამოცდაათამდე ნიმუში ინახება. ბატონი თეიმურაზი ისეთივე საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა, როგორიც ის უბანი, რომელშიც თავად დაიბადა და გაიზარდა და მოგონებები, რომლებიც ამ კოლექციის დანახვისას უცოცხლდება, ჩვენც თვალწინ გადაგვიშალა.
– ბატონო თეიმურაზ, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, როდესაც შევიტყვე, რომ სამოვრების კოლექციონერი, რომელთანაც მე ინტერვიუ უნდა ჩამეწერა, ეროვნებით ქართველი თეიმურაზ ჯალაღონია აღმოჩნდა. როდის და რატომ გაგიტაცათ სამოვრების შეგროვებამ?
– დავიბადე და გავიზარდე, თბილისის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს უბანში – აბანოთუბანში, რომელსაც ჩემს ბავშვობაში თათრის მოედანს, მეორენაირად კი „შაითანბაზარსაც“ უწოდებდნენ. „შაითან“ აზერბაიჯანულად ეშმაკს ნიშნავს. ამ ტერიტორიაზე წინათ ბაზარი ყოფილა და როდესაც დედა შვილს რამის საყიდლად აგზავნიდა, არიგებდა: ხომ იცი, შვილო, ბაზარში ბევრი „შაითანია“ და არ მოგატყუონო. ეს სახელწოდებაც ამ პერიოდის დროინდელია. უკვე 70 წლის ვარ და დაბადებიდან აბანოთუბანში ვცხოვრობ. ჩემს ბავშვობაში ამ უბნელების უმრავლესობას აზერბაიჯანელები წარმოადგენდნენ, აგრეთვე აქ ცხოვრობდნენ: ებრაელები, სომხები, რუსები, ლეკები, ქართველები – თავისთავად და სხვებიც. ამიტომაც, ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ უბანში ერთ-ერთი პოპულარული სასმელი იყო ჩაი. თავდაპირველად მთელ აბანოთუბანში ორი ჩაიხანა იყო, შემდეგ, 50-იან წლებში, მათი რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. როგორც ცნობილია, ყველაზე გემრიელი ჩაი სამოვარში ადუღებული წყლით მზადდება, ხოლო ფერი ყენდება ცალკე – ნაკვერჩხალზე. ფერი რომ არ გაცივდეს, ისიც პატარა ჩაიდანში სამოვრის თავზე იდგმევა. ამიტომაც, ამ ჩაიხანებში უზარმაზარი სამოვრები იდგა – ერთი ან ორი. ერთი რომ იცლებოდა, ამ დროს მეორე დუღდებოდა. თითოეული ეს სამოვარი 50-100-ლიტრიანი იყო.
იმხანად ჩაიხანა იყო ხოლმე თავშეყრის ყველაზე კარგი და მყუდრო ადგილი. თავისუფლად შეიძლება, ამ ადგილს კაცების საჭორაო ადგილიც ვუწოდოთ. თუ ქალაქში რამე მოხდებოდა, პირველად ამის შესახებ ჩაიხანაში შეიტყობდით. თუკი ოჯახში რამე ამბავს გაიგებდნენ, ოჯახის უფროსი ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად ჩაიხანაში მიდიოდა. ჩაიხანაში საჭმელებიც მზადდებოდა ხოლმე, ძირითადად ეს იყო ლავაშში გახვეული ქაბაბი და ფითი თიხის ქოთნებში, იმხანად ფითი ძალიან პოპულარული წვნიანი იყო, მზადდებოდა სამი-ოთხი ნაჭერი ცხვრის ხორცის, ორი პატარა კარტოფილის ნაჭრისა და ერთი მთლიანი ხახვისაგან. ჩაიხანებში წარმოდგენებიც იმართებოდა ხოლმე, პატარა პიესებიც იდგმებოდა, რომლის ძირითადი გმირი ყოველთვის დიდცხვირა და დიდთვალება კომიკური გმირი „ყარაგიოზა“ იყო, რაც „შავთვალებას“ ნიშნავდა.
სხვათა შორის, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ დროს, საქართველოში მხოლოდ ქართულ ჩაის სვამდნენ, რომელიც ძალიან ხარისხიანი და გემრიელი იყო. ჩვენს ოჯახშიც ინახებოდა სამოვარი, რომელსაც ხშირად ვიყენებდით.
დაახლოებით 35-40 წლის წინ საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა რიგის ავეჯი. ამას მოჰყვა ის, რომ ხალხი ძველ და ანტიკვარულ ავეჯსა და ჭურჭელს სიამოვნებით ელეოდა. მე კი იმ დღიდან უფრო მეტად შემიყვარდა ის, რაც ძველია და სწორედ იმ პერიოდიდან დავიწყე სამოვრების შეგროვებაც.
– ამჟამად რამდენი სამოვარი ინახება თქვენს კოლექციაში?
– დაახლოებით სამოცდაათი სამოვარი ინახება ამ კოლექციაში. მათ შორის, პირადად ჩემთვის, თავისი სიძველით, სილამაზითა და უნიკალურობით, ყველაზე ძვირფასია ეს სამოვარი, რომელიც აშხაბადიდან 20 წლის წინ ჩამოვიტანე. ის მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებს განეკუთვნება. ეს ერთადერთი სამოვარია ამ კოლექციიდან, რომელიც თბილისში არ მაქვს შეძენილი. მასში დაახლოებით ორი-სამი ლიტრი სითხე ეტევა.
– თქვენი კოლექციიდან ყველაზე ტევადი სამოვარი რამდენ ლიტრ სითხეს იტევს?
– ამ კოლექციიდან ყველაზე ტევადი სამოვარი 16 ლიტრს იტევს, ყველაზე პატარა კი – 2 ლიტრს.
– ეს სამოვრები მხოლოდ რუსული წარმოებისაა?
– ამ კოლექციაში ძირითადად ნიკოლოზის მეფობის ბოლო წლებში და მისი გადაგდების შემდგომ წლებში დამზადებული სამოვრებია თავმოყრილი. საბჭოთა პერიოდში ელექტროსამოვრებიც გამოუშვეს, ხუთლიტრიანი. რა თქმა უნდა, ელექტროსამოვარიც არის ამ კოლექციაში გაერთიანებული.
საერთოდ, სამოვრების ფაბრიკები რუსეთში 1800-იანი წლებიდან არსებობდა. მათი წარმოებით დაკავებული იყო ტულის, ბატაშოვის, ტეილის, ძმები პოპოვების, ტენილევის ფაბრიკები და სხვა. საქართველოში ვარშავაში დამზადებული სამოვრებიც შემხვედრია, მართალია, იშვიათად, მაგრამ მაინც.
– ძირითადად რა მასალისგან მზადდება სამოვარი?
– სამოვარი მზადდება თითბერის, ფრაჟეს, სპილენძის, ოქროსა და ვერცხლისგანაც. ცნობილია, რომ, ბატაშოვის სამოვრების ფაბრიკის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვეს 10 ცალი ვერცხლის სამოვარი, ხოლო ამავე ფაბრიკის 50 წლის იუბილეზე – 5 ოქროს სამოვარი. რა თქმა უნდა, ბევრი ფიქრი არ უნდა იმას, რომ ყველა ამ სამოვარს რომელიმე კოლექციონერი ან შეძლებული პიროვნება შეიძენდა. ბევრმა ჩვენგანმა, ალბათ, არ იცის, რომ ვერცხლის სამოვრებს, როგორც წესი, ჰქონდათ პლატინის საკვამლე, რადგან ვერცხლი მაღალ ტემპერატურაზე დეფორმირებას იღებდა. ვინც ეს არ იცოდა, ალბათ, იმასაც ვერ მიხვდებოდა, თუ რატომ ეძებდნენ გადამყიდველებში ასე დაჟინებით მაინცდამაინც ვერცხლის სამოვრებს.
სამოვრები მრავალნაირი არსებობს: ერთსართულიანი, ორსართულიანი, მუცლიანი, მაღალი, დაბალი...
– გაჩუქება თუ შეგიძლიათ?
– რატომაც არა... ოჯახში ხშირად მსაყვედურობენ ამის გამო (იცინის). არ მენანება. ბევრჯერ გამიჩუქებია და ჩემთვისაც ბევრჯერ უჩუქებიათ.
– რა ეღირება ეს კოლექცია?
– ეს კოლექცია დაახლოებით 15-20 ათასი დოლარი ეღირება. შეიძლება, რომელიმე სამოვარს შეველიო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ აშხაბადიდან ჩამოტანილ სამოვარს ნამდვილად ვერასოდეს შეველევი.
– რა მასალისგანაა დამზადებული სამოვრები ამ კოლექციიდან?
– აქ თავმოყრილია ძირითადად თითბირის, მელქიორის, ფრაჟეს და სპილენძისგან დამზადებული სამოვრები, რამდენიმე მათგანი მოვერცხლილი ან მოოქროვილიცაა. ძალიან დიდი იშვიათობაა სამოვარი, რომელსაც აქვს ფითილი და ნავთზე ადუღებს წყალს. ჩემს კოლექციაში ასეთ სამოვარსაც ნახავთ.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– ამ კოლექციაში თავმოყრილია ბავშვობის ემოციები და მოგონებები. ამ სამოვრებს რომ ვუყურებ, თვალწინ ის ადამიანები, ის სცენები, წარმომიდგებიან, ვინც ამ სამოვრებიდან ჩაის მიირთმევდნენ – თითქოს ისინი მელაპარაკებიან. ასე რომ, ეს ემოციები ძვირფასი და შეუფასებელია.
ამ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი რაოდენობით გამოჩნდნენ სამოვრების შემძენთა მსურველები, რომელთა უმრავლესობა სპარსეთიდან ან აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქიდან არიან. ეს მე არც გამკვირვებია, იქ ხომ ჩაი განსაკუთრებით პოპულარულია.
ქართველ კაცთან სტუმრად რომ შეხვალ, იქ აუცილებლად ღვინოს შემოგთავაზებენ, აზერბაიჯანელები კი – ჩაის.
– ჩაი თუ ღვინო?
– ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. ხან ერთია უფრო კარგი, ხან – მეორე... მაგრამ უღვინოდ მაინც არ შეიძლება (იცინის).
ეკა სალაღაია