როგორ გამოააშკარავა გიგი დედალამაზიშვილმა ანი ქორქიას სიყვარული და როდის აპირებს èის დაქორწინებას
ინტერვიუ საკმაოდ საინტერესო და დამაინტრიგებელი გამოვიდა. კარგ ჟურნალისტებსაც კი გაუჭირდებოდათ ამდენი საინტერესო ინფორმაციის „ამოღება“ რესპონდენტისგან, როგორც ეს ანუკი ქორქიამ და გიგი დედალამაზიშვილმა შეძლეს. ორივეს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გრძნობა – სიყვარული გაჩნდა.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ანუკი ქორქია
– გიგი, შენზე მეტ-ნაკლებად ყველაფერი ვიცი და, მაინც, ინტერვიუს სპეციფიკიდან გამომდინარე, ისეთი კითხვების დასმა მომიწევს, რომლებზე პასუხებიც ვიცი, მაგრამ მკითხველს, ალბათ, დააინტერესებს. პირველ ყოვლისა, მინდა, შენს შემოქმედებით გეგმებს შევეხოთ, ხდება თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი, რომელზეც გინდა, ახლა ვისაუბროთ?
– დიახ, ხდება მნიშვნელოვანი რაღაცეები. 25 რიცხვში თბილისში ჩამოდიან ჩვენი უკრაინელი მეგობრები, გადამღები ჯგუფი იკრიბება და ვიღებთ ორ კლიპს. რატომ ორს?! მაინც ჩამოდიან და ბარემ ორს გადავიღებთ! – ასეთი მიდგომა გვაქვს (იცინიან). ახლა ვარჩევთ სიმღერებს, რომლებზეც კლიპს გადავიღებთ. ის ჯგუფი, რომელთან ერთადაც სიმღერა ჩავწერეთ, სამწუხაროდ, ვერ ჩამოდის – კონცერტები აქვთ. ანუ, ამ დუეტზე კლიპს ვერ გადავიღებთ, ეს სამომავლო გეგმაა. ვინც ახლა ჩამოდის, ეს არის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გადამღები ჯგუფი, რომლებიც ძალიან ცნობილ ჯგუფებთან მუშაობენ რუსულ და უკრაინულ შოუ-ბიზნესში.
– ვინ არიან კონკრეტულად და თქვენ როგორ დაუკავშირდით მათ?
– კიევში გავიცანით საერთო მეგობრებთან. ძალიან მაგარი ადამიანები არიან...
– იქაც მეგობრობის ხარჯზე ხდება რაღაცეები?
– ჩვენთვის – კი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც კიევში პრაქტიკულად ყველაფერს იღებენ, სულ საქმე აქვთ. ხშირად მათ რუსები აძლევენ შეკვეთებს, რადგან უკრაინაში უფრო იაფი ჯდება კლიპის გადაღება, ვიდრე მოსკოვში. ამ „კამანდამ” „ა-სტუდიოს” გადაუღო ბოლო კლიპი, „გლუკოზას”... მე საერთოდ არ ვიცოდი, ვინ იყვნენ, ჩემი ძალიან ახლო მეგობრების მეგობრები არიან. ამ ჩემმა მეგობარმა დარეკა – გიგიშ, თბილისში მოვდივარ, ჩემი ორი მეგობარი მომყავს და, შეგიძლია, დაგვხვდეო? რაზე იყო ლაპარაკი. დავხვდით, ხუთი დღე ერთად გავატარეთ, მოვატარეთ ყველაფერი, გვქონდა კონცერტები. ერთხელაც, გვითხრეს, არ გინდათ, კლიპი უფასოდ გადაგიღოთ მეგობრულ ამბავშიო? ასე დაიწყო ყველაფერი. ახლა ველოდებით მათ ჩამოსვლას და გადავიღებთ კლიპებს. მართალია, უფულო კლიპია, მაგრამ, იდეაა საინტერესო და, დარწმუნებული ვარ, კარგი გამოვა.
– მეორე ალბომსაც უშვებთ, როგორც ვიცი.
– დიახ, როგორც იქნა. რამდენიმე დღეში დავამთავრებთ ალბომზე მუშაობას, ჩავუშვებთ გაყიდვაში და ძალიან მალე ვაპირებთ გრანდიოზულ კონცერტს. რამდენიმე დღეში გადაწყდება ყველაფერი კონცერტის გარშემო.
– სხვათა შორის, „მგზავრების” ალბომს ვეძებდი ადრე. ერთ-ერთ ცნობილ მუსიკალურ მაღაზიაში მივედი, მითხრეს, არ აქვთ გამოშვებულიო, მაგრამ, იმდენი ვეხვეწე, რომ მოკრიბეს თქვენი სიმღერები და იქვე ჩამიწერეს ალბომი. მგონი, ახლა ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება თქვენს სიმღერებზე.
– ჩვენთან მაინც ისე ვრცელდება სიმღერები, რომ ალბომისგან დიდი მოგება არ გექნება. მე ვარ მელომანი, ტიპი, რომელსაც თავისი საყვარელი შემსრულებლების ორიგინალი დისკები აქვს, მაგრამ, ყველა ასე არ არის. თუმცა, არა უშავს. მთავარია, ეს სიმღერები უყვართ, რასაც ჩვენს კონცერტებზე ვგრძნობთ.
– შენ არ გითქვამს, მაგრამ, დავამატებ, რომ ჩემი უკრაინელი მეგობრებისგან ვიცი, იქ საკმაოდ პოპულარულები ხართ. დიდი მადლობა ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის. ახლა მინდა, მარინაჩკაზე მომიყვე, როგორ მოგხიბლა? კი ვიცნობ და აღფრთოვანებული ვარ ამ გოგოთი, მომხრე ვარ თქვენი ურთიერთობის, მაგრამ, შენგან მაინტერესებს, შენ რით მოიხიბლე და რითი შეგაყვარა თავი, გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი ვიზუალი აქვს?
– რაც ცოტა გავიზარდე, სიმართლე გითხრა, ვიზუალური მხარე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ, უფრო ის გახდა ჩემთვის საინტერესო, შიგნით რა ხდება. მთავარი მაინც ისაა, რა ადამიანია. მარინას შემთხვევაში ყველაფერი მარტივად მოხდა: წვეულება, ფართი თუ რა ჰქვია, მანდ ვიყავით. ბევრი ხალხი იყო ჩვენ გარშემო შემოკრებილი და იქ იყო მარინაც. ერთმანეთი გაგვაცნეს და ძალიან მომეწონა. იქიდან კიდევ ბევრ ადგილას წავედით და, მახსოვს, სახლში არ გავუშვი.
– ის თვისებები მაინტერესებს, რომლებმაც შენზე ყველაზე მეტად იმოქმედა...
– თბილია, ყურადღებიანი და პრობლემებს არ მიქმნის. ქალებს შეუძლიათ, არაფრისგან საშინელი პრობლემები შექნან, მარინა კი ასეთი არაა, უპრობლემო ტიპია, ეს ძალიან მომწონს. სიმართლე გითხრა, საკმაოდ რთული ხასიათი მაქვს და ჩემი გაგება იოლი ნამდვილად არ არის.
– თვითონ რა დამოკიდებულება ჰქონდა ქართველების მიმართ?
– სხვათა შორის, ორი ქართველი თანაკლასელი ჰყავდა, რომლებიც იქ იყვნენ დაბადებული-გაზრდილები. საერთოდ, როგორც დავაკვირდი, ქართველი კაცები უკრაინელ ქალებს ძალიან მოსწონთ. თვითონაც ამბობენ ხოლმე, რომ ბევრი მამაკაცური თვისება გვაქვს, ანუ, ქართული სიმკაცრე მოსწონთ. როდესაც ქართველი ამბობს „არას“, ეს „არას“ ნიშნავს. ჩემი აზრით, ქალებს აკრძალვები უყვართ. რა თქმა უნდა, ამასაც თავისი ფარგლები აქვს.
– ფარგლები აქვს, მაგრამ, როგორც ამბობენ, ქალი კაცის ხელს უნდა გრძნობდეს.
– ჩემი აზრით, ქალს მოსწონს, როდესაც მას უთითებენ. შეიძლება, ქართველებს ეს ცოტა დიდი დოზით გვაქვს, მაგრამ, სულ არარაობას, მგონი, ჯობია. თვითონ საოცრად ყურადღებიანი, თბილი და კომუნიკაბელურია. მასთან ურთიერთობაში საერთოდ არანაირი პრობლემა არ ყოფილა მენტალიტეტთან დაკავშირებით. რაც, ვთქვათ, მე არ მომწონს უკრაინელებში, მასაც არ მოსწონს.
– მოქართველო გოგოა?
– კი, კი, ზუსტად ასეა. სითბო უყვარს. ერთი, რაც მიყვარს, რაღაცნაირად, ძალიან დამოკიდებულია ჩემზე. ზუსტად მინდა გამიგო – ოღონდ, საოცრად დამოუკიდებელი ადამიანია. ბავშვია, ჯერ 21 წლისაა, მაგრამ უკვე თავისით მიაღწია ყველაფერს – არის ფოტოგრაფი, რომელიც ცალკე მუშაობს ძალიან ბევრი ჟურნალისთვის. მაგრამ, ჩემზე, როგორც პიროვნებაზეა დამოკიდებული, მოყრდნობილი. მიყვარს, როდესაც გოგო ჩემზე მოყრდნობილია.
– გრანდიოზული ქორწილი ჯერ არ იგეგმება?
– ჯერ არა, რადგან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი მანამ, სანამ ქორწინებაზე ვიფიქრებთ. ცოტა არაორგანიზებულად ვარ ახლა. უცებ რომ დამირეკონ და მითხრან: გიგი, კონტრაქტია და ერთი წლით სადღაც უნდა წახვიდეო, წავალ. არ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ მარინამ არ იმუშაოს, იმიტომ, რომ ძალიან მომწონს, რასაც აკეთებს, უყვარს თავისი საქმე და კარგად გამოსდის.
– სასწაული ბიჭი ხარ.
– „ხუთიანი“.
– ახლა გამახსენდა; სახლში არ გავუშვიო, რომ ახსენე. ანუ, ეს იყო პირველი ჟესტი, სადაც შენ თქვი: „სდეს ია ხაზიაინ”? (იცინიან).
– ეგეც და, პირველი შოკი მიიღო, კაფეში რომ ვიყავით და მე გადავიხადე. გაოცდა – რას აკეთებო. ასეთი რაღაცეები ბევრი იყო.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია გიგი დედალამაზიშვილი
– პირდაპირ ვთქვა ჩემი დამოკიდებულება თუ არ ვთქვა?! მართლა ძალიან მიყვარს ანი, დიდ პატივს ვცემ და დიდი სიმპათიებით ვიყავი მის მიმართ, სანამ ერთად დავიწყებდით მუშაობას. ამის შემდეგ კი ძალიან შემიყვარდა. მოკლედ, მიყვარს ეს ადამიანი. ძალიან გამიხარდა ერთი ფაქტი: ერთ-ერთი გადაცემის დაწყებამდე, შემოვედი საგრიმიოროში და ანისთან ერთად ერთი ადამიანი დავინახე. ეგრევე მივხვდი, რომ ის „ის“ იყო, აღარ უნდოდა ამას ბევრი ახსნა-განმარტება. მართლა გამიხარდა ეს ამბავი, რადგან ისიც საოცრად პოზიტიური ადამიანია. ახლა მოყევი, ვინ არის „ის”? (იცინიან).
– სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ (სანდო წყაროს ინფორმაციით, ეს გახლავთ კახა ჩიქოვანი, – ავტორი) ისე, რა უცნაურია, საერთოდ არ მეგონა, დღეს ამაზე საუბარი თუ მომიწევდა. გიგიმ გამოააშკარავა ყველაფერი. მოკლედ, ეს არის ერთი ძალიან, ძალიან კარგი ბიჭი, არ არის ცნობილი. წლების განმავლობაში ცხოვრობდა ბარსელონაში და ახლახან დაბრუნდა თბილისში. ჩემზე ერთი წლით უფროსია. ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გავიცანით. მაგრამ, მანამდე, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, „ფეისბუქით” გვქონდა ურთიერთობა. მუსიკალური ფირმა აქვს და მისი სახელით დამემატა. მეც ამიტომ დავამატე, თორემ, ისე, მოგეხსენებათ, „ფეისბუქზე” უცხო არავინ მყავს. როგორც აღმოჩნდა, მას სულ ჰქონია ჩემ მიმართ სიმპათიები, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მერე ნელ-ნელა განვითარდა ყველაფერი. თვითონ ძალიან მოინდომა.
– რთული იყო შენი მოხიბვლა?
– არ ვიცი ურთიერთობებში აჩქარება. საოცრად ფრთხილი ვარ და რთულად ვიღებ ხოლმე გადაწყვეტილებებს. ძალიან კარგი ბიჭია, თორემ, არავითარ შემთხვევაში არ ავყვებოდი ემოციებს.
– ჩემს აზრს ვიტყვი, თუ შეიძლება: როდესაც გავიცანი ეს ბიჭი, მართლა მოვიხიბლე და ანისაც ეგრევე ვუთხარი ამის შესახებ. თან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენ თვითონ ძალიან დაფიქრებული, ჭკვიანი ადამიანი ხარ, რაც კიდევ უფრო დადებითად მეტყველებს შენზე, ეს გამოარჩევს ანი ქორქიას ძალიან ბევრი ლამაზი გოგოსგან. აქედან გამომდინარე, რადგან ეს ბიჭი გაჩნდა მის ცხოვრებაში, ნიშნავს, რომ ბიჭი მართლაც ღირსეულია. მთელი საქართველო ფიქრობდა, ვინ შეიძლება იყოსო...
– სხვათა შორის, ამაზე მეც მიფიქრია. ამ ქალაქში ყველა ისეა ათქვეფილი: ის ამისი შეყვარებული იყო, ეს იმისი ყოფილი ქმარი, იმას სამი ცოლი ჰყავდა... – სულ ასეთი რაღაცეები ხდება. გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც აქ არ უცხოვრია და, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს ამბავი კომფორტს მიქმნის. მისი თბილისური ცხოვრება ბევრი „ლავ სთორებითა” და ასი ათასი დაშორება-გაშორებით არ არის სავსე. ისედაც ძალიან სხვანაირი ადამიანია, სიყვარულის ამბავში ჩემნაირია. უდიდესი კომფორტი შემიქმნა, რაღაცნაირად მომერგო.
– რა იყო პირველი, რის გამოც ანი ქორქიას ის მოეწონა?
– პირველი იყო ის, რომ ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ჩვენი ურთიერთობა არ დაწყებულა ერთ დღეში. ვერ ვიტყვი, ისე “ავჟიტირდი”, რომ ეგრევე შემიყვარდა-მეთქი. ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს ურთიერთობაში ხდება, მისი დამსახურებაა, მისი მონაპოვარი. ძალიან კომფორტულად, მშვიდად და კარგად ვგრძნობ თავს. ისეთი ტიპია, როგორიც, ალბათ, ნებისმიერ გოგოს უნდა, გვერდით ჰყავდეს. მიუხედავად ჩემი ძალიან პრეტენზიული ხასიათისა, მომერგო.
– ლიკა როგორ შეხვდა ამ ამბავს? მინდა აღვნიშნო, შენ და ლიკას საოცარი დობა აქვთ. მაგალითად: ლიკა რომ მოდის გადაღებაზე, სულ გისწორებს დგომას. არადა, მშვენივრად დგახარ. მაგრამ, მაინც სულ გაკრიტიკებს და, როგორც მითხრეს, პირიქითაც იგივე ხდება. ანუ ერთმანეთზე სულ ზრუნავთ, რაც დებში იშვიათად ხდება.
– მართლა საოცარი დობა გვაქვს, ჩემი ნაწილია, დადაც ვერ აღვიქვამ. შვილი არ მყავს და ვერ შევადარებ შვილის სიყვარულს, მაგრამ, ლიკა ყველანაირად მიყვარს – როგორც და, მეგობარი, შვილი... რაც შეეხება ამ ამბავს, წარმოგიდგენია, ალბათ, ჩემთვის რამხელა მნიშვნელობა ექნებოდა ლიკას აზრს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე საოცრად მოწეპებულია და ზოგადად ერთმანეთზე ისეთი ჩაბღაუჭებულები ვართ, რომ ნებისმიერი სერიოზული ურთიერთობის დაწყება მისთვისაც და ჩემთვისააც, წესით, უდიდესი დისკომფორტი უნდა იყოს, მაინც ამბობს, რომ ძალიან უყვარს ის ადამიანი. მთავარია, დაინახა, რომ იმ ადამიანს ძალიან ვუყვარვარ და დამშვიდდა. ვთქვათ, ერთად სადღაც ვიყავით და, სახლში რომ მოვედით, მითხრა: „აუ, როგორ უყვარხარ!“
– ანუ, უშენოდ ცხოვრება უკვე წარმოუდგენია?
– სულ აღნიშნავს, რომ ვენატრები. არადა, ყველგან ისევ ერთად ვართ, მაგრამ, ალბათ, ყურადღება რაღაც დოზით მაინც მოაკლდა. რადგან ვემეტები, ესე იგი, თვითონაც ძალიან მოსწონს.
– შენს საქმიანობაში რამე ახალი ხომ არ არის? ვთქვათ, ფილმი.
– სხვათა შორის, ზუსტად დღეს იყო მოსული ერთი რეჟისორი, რომელსაც ფილმში ჩემი და ლიკას ერთად გადაღება უნდოდა. ისე, ფილმებთან დაკავშირებით შემოთავაზებები ხშირადაა, მაგრამ, მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემთვის და ლიკასთვის საუკეთესო ვარიანტი შევარჩიო. ფილმი მაინც ფილმია, რჩება და, ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ხარისხს. ხარისხის გარანტიას კი ყველა ვერ იძლევა. იყო რამდენიმე ძალიან კარგი შემოთავაზება არაქართულ ფილმთან დაკავშირებით, რუსეთის მეგა-ვარსკვლავები თამაშობენ, მაგრამ, იქ ერთი-ორი ისეთი პირობაა, რასაც, არა მგონია, გავუმკლავდე. ამიტომ, შეიძლება, უარის თქმა მომიწიოს. ეს ძალიან დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯზე უარის თქმაა, მაგრამ, მიღირს. არის იქ რაღაც სცენები, არა ამორალური, მაგრამ, თუნდაც უწყინარი კოცნა, რაც საქართველოში ჩემს პირად ურთიერთობას ხელს შეუშლის, პრობლემებს შემიქმნის, ერთი სიტყვით, მირჩევნია, წყნარად, მშვიდად წავიდე წინ.