ტაისონის საჩუქარი კრიშტიანუ რონალდუს
ლეგენდარულმა და სკანდალურმა მსოფლიოს ექსჩემპიონმა მძიმე წონაში, მოკრივე მაიკ ტაისონმა „რეალის” პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს, თავისი ავტოგრაფით დამშვენებული საკრივო ხელთათმანები აჩუქა. ამის შესახებ რონალდუმ თავის მიკრობლოგში დაწერა და თან დაურთო საჩუქრის ფოტოილუსტრაციები. უცნობია, თუ როდის აჩუქა ტაისონმა რონალდუს ხელთათმანები, სამაგიეროდ, ახლახან პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა: მიმდინარე სეზონში გატანილი 49 გოლით რონალდუმ „რეალის” ლეგენდის, უნგრელი ფერენც პუშკაშის რეკორდი მოხსნა და ორი გოლით გადაუსწრო 1959-1960 წლებში დამყარებულ შედეგს.