ვარსკვლავთცვენა გროზნოში
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა ამჯერადაც მოახერხა საფეხბურთო მსოფლიოს გაოცება, როდესაც გროზნოში, ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნაზე, მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდები მიიწვია. 30 ათას მაყურებელზე გათვლილ აჰმატ კადიროვის სახელობის სტადიონზე ჩატარდა ამხანაგური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „კავკაზი” და „მსოფლიო ნაკრები”, რომლის შემადგენლობაში გამოვიდნენ: დიეგო მარადონა, ივან სამორანო, ლუიშ ფიგუ, რობერტო აიალა, დიდა, ალესანდრო კოსტაკურტა, ფრანკო ბარეზი, სტივ მაკმანამანი, ენცო ფრანჩესკოლი, კრისტიან ვიერი, ალენ ბოგოსიანი, რობი ფაულერი და ფაბიენ ბარტეზი. კადიროვის გუნდის შემადგენლობაში, მხოლოდ ორი ვეტერანი ფეხბურთელი იყო: მეკარე რენატ დასაევი და ანდრეი ფედკოვი, ხოლო დანარჩენები, კადიროვის თაოსნობით, სხვადასხვა თანამდებობის პირები იყვნენ, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ჩრდილოკავკასიის ფედერალურ ოლქში – ალექსანდრ ხლოპონინი. მატჩი, ანგარიშით 5:2, კადიროვის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ის, თუ რამდენი მილიონი დაუჯდა ჩეჩნეთის მთავრობას ვარსკვლავების ჩამოყვანა, ჯერჯერობით არ ხმაურდება.