როგორ დაკარგეს სიყვარული ნანი ბრეგვაძემ და ეკა მამალაძემ და იყვნენ თუ არა ბედნიერები ისინი ქმრებთან
ნანი ბრეგვაძის ცხოვრების გზა ია-ვარდებით მოფენილი არასდროს ყოფილა, როგორც ბევრს ჰგონია, – ამბობს მისი ქალიშვილი ეკა მამალაძე. მათ მიუხედავად სახელისა თუ კარგი მატერიალური შესაძლებლობებისა, პირად ცხოვრებაში ქალური ბედნიერება ვერ პოვეს. სამაგიეროდ, გაჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ამ მშვენიერი ქალბატონების ყოფაში დიდი სიხარული, მეტი სილაღე და სითბო შეიტანეს. ესენი მათი შვილები და შვილიშვილები არიან. ეკას სამი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს. ახალგაზრდა ბებია ბავშვების გარემოცვაში თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.
– ეკა, თავისი გარეგნობიდან, საუბრიდან და ურთიერთობიდან გამომდინარე, ნანი მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორი იყო შენთან დამოკიდებულებაში?
– ბებია უფრო მკაცრი იყო, ვიდრე დედა. საერთოდ, ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა. ოთხი წლიდან ფრანგულს მასწავლიდნენ ფრანგი ქალი იყო ჩამოსული, რომელიც ქართველზე იყო გათხოვილი, კერძო ბაღი ჰქონდა, რამდენიმე ბავშვი ჰყავდა და მეც მათ შორის ვიყავი. მერე პირველი სკოლის შენობაში იყო ბაღი და იქ დავდიოდი. შემდეგ პირველ სკოლაში შევედი. ჩემს გაზრდაში აქტიურად იყო ჩართული ბებია, ის განაგებდა მთელ ოჯახს, რადგან ნანი ხშირად დადიოდა გასტროლებზე, თუმცა, ზაფხულში არდადეგები რომ მქონდა, ნანის სულ თან დავყავდი. ასე რომ, არ ვიყავი დაჩაგრული შვილი, უბრალოდ, უფრო მეტად მინდოდა მასთან ყოფნა. შეიძლება, შენიშვნა ახლაც მომცეს, მაგრამ ნორმის ფარგლებში. რაღაც გავლენა ყოველთვის აქვს მშობელს შვილზე, მაგრამ იმდენად ბუნებრივი და მეგობრული იყო ჩემთან, თვითონ მიკვირდა, ვგიჟდებოდი.
– „ორერა“ მაშინ მართლაც ბევრს მოგზაურობდა საბჭოთა კავშირსა თუ უცხოეთში. რა შემორჩა შენს მეხსიერებას დედასთან ერთად მოგზაურობიდან?
– რუსეთის თითქმის ყველა ქალაქში ვართ ნამყოფი, მოსკოვსა და ლენინგრადზე აღარაფერს ვამბობ. ძალიან მომწონდა, კარგად ვერთობოდი, რადგან „ორერას“ წევრებს ყველას თავისი შვილი ჰყავდა წამოყვანილი და იქ ვერ მოიწყენდი, ფაქტობრივად, კულისებში გავიზარდეთ. კონცერტი რომ დამთავრდებოდა, ინსტრუმენტებს მივუსხდებოდით. სიმღერა იმდენად ბუნებრივი და ორგანული იყო ჩემთვის, რომ, სახლში თუ გარეთ არც სცენა მიკვირდა და არც ინსტრუმენტები, მაგრამ ძალიან მსიამოვნებდა ინსტრუმენტებთან შეხება.
– როდესაც უმაღლესში ჩაბარების დრო მოგივიდა, ალბათ, ოჯახში აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა. რას გირჩევდნენ?
– ნანიმ არანაირად არ განსაზღვრა ჩემი ბედი, სად ჩამებარებინა. არ მეუბნებოდნენ, მომღერალი უნდა გამოხვიდეო. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი. ძალიან ძლიერი სკოლა იყო. ამიტომ ჩემებს აქცენტი იმაზე ჰქონდათ, რომ ნორმალურად დამეკრა და კონსერვატორიაში ჩამებარებინა. სხვათა შორის, ნანისაც საფორტეპიანო აქვს დამთავრებული. საერთოდ არ იყო ლაპარაკი სიმღერაზე – დედაჩემს, თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე, არ უნდოდა რადგან ძალიან დიდი წვალება იყო მისთვის. ეს სხვას ჰგონია, რომ ია-ვარდებით იყო მოფენილი მისი გზა. გასტროლები, მოგზაურობა, ფიზიკური შრომა, ცუდი პირობები – ძალიან დამღლელი იყო და სულაც არ ვემეტებოდი ამისთვის. მოკლედ, როგორც დედაჩემს უწყობდა ბებია თავის დროზე ხელს, რომ ესწავლა, ასევე მიწყობდნენ მეც. ნატალიაზეც იყო ლაპარაკი, რომ კარგი ხმა აქვს და იმღეროსო. ახლა კონსერვატორიაში ვოკალის განხრით სწავლობს.
– ტრადიციულ ოჯახში ხარ გაზრდილი. ჩარჩოებში მოქცევა არ გაკომპლექსებდა და არ გიჩენდა პროტესტის გრძნობას, თუნდაც მაშინ, როცა თაყვანისმცემლები გაგიჩნდნენ?
– დიდი მოსიარულე არ ვიყავი, ამდენად, დროსტარებაც არ ყოფილა. მეგობრები უფრო ჩვენთან მოდიოდნენ. ბებიაჩემს ეს ტრადიცია ჰქონდა, რომ ყველას შეეძლო ჩვენს სახლში შემოსვლა. არ ხდებოდა გამორჩევა, ვინ როგორი ოჯახიდან იყო. უბრალოდ, ყველაფერი ეს კონტროლის ქვეშ ჰქონდა. დედა და ბებია გრიბოედოვზე, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ. ბაბუაჩემი რაიონში მუშაობდა და ხშირად არ იყო სახლში. დედაჩემის მეგობრები დღემდე იხსენებენ, რა ბედნიერება იყო, ნანისთან მისვლა, სულ მღეროდნენ, მხიარულობდნენ, ბებიაჩემი კი უმასპინძლდებოდა. ბებიას ექვსი და ჰყავდა. გაჭირვებაც ბევრი ნახეს, მაგრამ მაინც ბედნიერები იყვნენ, იმიტომ, რომ იმ დროს მეტი სილაღე იყო. იმ ერთ ოთახში იმდენი კარგი რაღაც ხდებოდა, შეიძლება, ოცი ოთახი გქონდეს და მსგავსი არაფერი მოხდეს. სადაც ნანი დაიბადა, იქაც კარგი ეზო იყო, ბრეგვაძეების – ბებიას მულები, მულიშვილები ცხოვრობდნენ.
– როგორც ბევრი მამა, ალბათ, მამაშენიც არ იყო დაკავებული შენი აღზრდით.
– მამაჩემი არ იყო ჩართული ჩემს აღზრდაში, რადგან დედაჩემი და მამაჩემი რაღაც პერიოდი არ იყვნენ ერთმანეთთან კარგად, მერე ისევ ერთად იყვნენ...
– განიცდიდი, რომ დედა და მამა ერთად არ ცხოვრობდნენ?
– განცდები არ მქონია, მაგრამ, რა თქმა უნდა, რაღაცნაირად აისახებოდა ჩემზე ეს მდგომარეობა, თუმცა, ძალიან ნორმალურად ვუყურებდი ამას. შეიძლება, რომ გავიზარდე, მერე უფრო მქონდა ეს განცდა.
– როცა გათხოვება გადაწყვიტე, ნანი თუ ჩაერია შენს პირად ცხოვრებაში?
– ვთქვი, რომ ეს ადამიანი მიყვარს და გავთხოვდი. არანაირი პრობლემა არ მქონია. მაშინ 18 წლის ვიყავი. ჩემი მეუღლე, გოგი საყვარელიძე, რომელიც ექიმი-ტრავმატოლოგი იყო, ჩემზე ათი წლით იყო უფროსი. ძალიან ავადმყოფობდა და გარდაიცვალა. ცხადია, ეს ჩვენი ოჯახისთვის სერიოზული ტრავმა და დანაკლისი იყო. ძვირფას ადამიანს რომ კარგავ და ბავშვები უმამოდ რჩებიან, სხვანაირად როგორ შეიძლება მოხდეს?! ძალიან ძნელი აღმოჩნდა ორი შვილის გაზრდა. რა თქმა უნდა, დედა ყველანაირად მეხმარებოდა იმ პერიოდში, მართალია, ადვილად გასაზრდელები იყვნენ, მაგრამ ფიზიკურ ყურადღებას ითხოვდნენ, მეტი მზრუნველობა იყო საჭირო. ამ დროს უკვე მეორე მეუღლე მყავდა, მერაბ ქუთათელაძე, რომელიც ამაში ძალიან დამეხმარა, – ბიჭებს კაცის გვერდზე დგომა სჭირდებოდათ. მერე ნატალი შემეძინა. ვგიჟდებოდი, ისე მინდოდა, გოგონა მყოლოდა, გადარეული ვიყავი მისი დაბადებით.
– შენ და ნანი თუ დასხდებით და ლაპარაკობთ ხოლმე თქვენს ცხოვრებაზე და, თუ აპირებ, ისევ შექმნა ოჯახი?
– ნატალი უფრო გახსნილია ჩემთან, ვიდრე მე, საერთოდ, ვინმესთან. არავისთან არ შემიძლია, დავჯდე და ვისაუბრო გულახდილად. დედას ისეთ რაღაცას ვერ ეტყვი, რასაც მეგობარს, ამიტომ ბევრი რამ ჩემში რჩება. რაც შეეხება გათხოვებას, მესამედ ნამდვილად აღარ ვაპირებ, მეყოფა. არც ის მინდა, ახლა ნატალი რომ გათხოვდეს, ძალიან მეწყინება და არ მესიამოვნება. არაფერს ვუშლი, როგორც უნდა, ისე იყოს, მას თავისი ჭკუა აქვს, მაგრამ ჯერ სხვა მიზნები დაისახა, სწავლის გაგრძელება უნდა უცხოეთში. იმდენად კარგი ხმა აქვს, არ შეიძლება, ისე დარჩეს. ვოკალზე რომ სწავლობ, მთელი შენი ოცნებაა, იტალიაში მოხვდე. ალბათ, ასეც მოიქცევა.
– თქვენი შვილები რას საქმიანობენ?
– ჩემი უმცროსი ვაჟი გიორგი, არქიტექტორია, ბევრი პროექტი აქვს და მუშაობს. ლევანიკო სამედიცინოზე სწავლობდა, სტომატოლოგიურზე. ახლა სპეციალობა შეიცვალა, არ გაჰყვა მედიცინას. კომპიუტერულმა გრაფიკამ დააინტერესა და ისიც მუშაობს. გიორგი დაოჯახებულია. როცა შვილი ქორწინდება, ყველა მშობელს, იმის განცდა აქვს, ვინ იქნება რძალი ან სიძე, როგორი ადამიანი. ცოლად არაჩვეულებრივი გოგო ჰყავს ნატო მახალდიანი და ღმერთს ვთხოვ, ბოლომდე ბედნიერად ამყოფოს. გადასარევი ადამიანია, ძალიან კარგი. ექიმების ოჯახიდანაა, ჩვენს წრეში ცნობილია. არანაირად არ ჩავრეულვარ მის არჩევანში. პირიქით, რომ გვითხრა, ეს გოგო უნდა მოვიყვანო ცოლადო, ძალიან გაგვიხარდა. მის მშობლებს ძალიან კარგად ვიცნობდი ჩემი ქმრის წრიდან.
– ბებიობა როგორ მოირგე?
– ბავშვების დაბადება ძალიან დიდი სიხარული იყო. სასიამოვნო განცდაა ბებიობა. დიმიტრი ოთხი წლის გახდა, პატარა კი წლინახევრის არის. ისინი ცალკე ცხოვრობენ. შაბათ-კვირას, თუ შემიძლია, ბავშვები ჩემთან მომყავს ან მათთან მივდივარ.
ეკა პატარაია