რონალდო ბანკის გაძარცვისთვის ემზადება
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, ლეგენდარული რონალდო, ჰოლივუდური დებიუტისთვის ემზადება – რეჟისორმა მარსიო გარსიამ ვეტერანი-ფეხბურთელი სათამაშოდ მიიწვია ფილმში „ღია გზა“ და, მართალია, ეპიზოდური, მაგრამ დასამახსოვრებელი პერსონაჟის განსახიერება ანდო – რონალდომ ბანკი უნდა გაძარცვოს. ფილმში მისი პარტნიორები ენდი გარსია და ჯულიეტ ლუისი იქნებიან. გადაღება ივნისშია დაგეგმილი ლოს-ანჯელესში. ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელმაც კარიერა თებერვალში მუხლის ქრონიკული ტრავმის გამო დაასრულა, ერიკ კანტონასა და სხვა ექს-ფეხბურთელების მსგავსად, ამჯერად კინოში ცდის ბედს და, როგორც მისი კომენტარებიდან ხდება ცნობილი, იგი სრული სერიოზულობით ეკიდება მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და „ტვიტერის” საშუალებით თავის ქომაგებს აცნობებს, რომ ბანკი „უმაღლეს” დონეზე გაიძარცვება.