როგორ ავიცილოთ თავიდან ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩალაგება
სანაღვლე გზების დისკინეზია არის ნაწლავებში ნაღვლის გადმოდინების დარღვევა. ის შეიძლება იყოს: ჰიპერკინეტიკური, ანუ, როდესაც სანაღვლე გზების გლუვი კუნთების კუმშვადობა მომატებულია და ჰიპოკინეტიკური – როდესაც მოძრაობები შენელებულია.
თუ ადამიანს აქვს ჰიპოკინეტიკური დისკინეზია და ამას თან ახლავს გენეტიკური ფაქტორიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევისადმი, ანუ კენჭების წარმოქმნისადმი, მართლაც არსებობს ხელსაყრელი პირობები ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარებისთვის.
თუ ნაღვლის ბუშტი ნორმალურად ფუნქციონირებს, მხოლოდ გენეტიკური მიდრეკილება დაავადების განვითარებისთვის საკმარისი არ არის, რადგან ბუშტი შეკუმშვისას გადმოისვრის კენჭის წარმოსაქმნელად განწყობილ ნაღველს და მასში ნალექი აღარ დაილექება. ჰიპოკინეზის დროს კი ბუშტში დარღვეულია სფინსქტერის მუშაობა. თუ ამას დაერთვება რამე ინფექცია და კვების რეჟიმიც დარღვეულია, მაშინ ყველა პირობა იქმნება კენჭების წარმოსაქმნელად.
როცა შესაბამისი სპეციალისტი დასვამს ჰიპოკინეტიკური დისკინეზიის დიაგნოზს და ნაღვლის ბუშტში ჯერ კიდევ არ ჩანს კენჭები, შესაძლებელია კენჭოვანი დაავადების ეფექტური პროფილაქტიკა. კერძოდ, აუცილებელია კვების რაციონში მცენარეული ცხიმების ზომიერად ჩართვა, ცხოველური ცხიმებისა და ცხიმიანი რძის პროდუქტების შეზღუდვა. დღის რაციონი კი მდიდარი უნდა იყოს უჯრედისით, მაგალითად, ხილით, ბოსტნეულით, ღერღილითა და მწვანილით. ასევე, აუცილებელია დღის განმავლობაში აქტიური მოძრაობა და მსუბუქი ვარჯიშების ჩატარება.
ჰიპერკინეტიკური დისკინეზიის დროსაც იზღუდება ცხოველური ცხიმები და ავადმყოფს ენიშნება სპაზმოლიზური და დამამშვიდებელი საშუალებები.