მკურნალი ცაცხვი
ცაცხვის ყვავილი შეიცავს ეთერზეთებს, ჰესპერილინს, ტილიანცინს, საპონინებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ხოლო მისი ეთერზეთის შემადგენლობაში ნაპოვნია ფარნეზოლი.
ცაცხვის ყვავილი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ნახარშებისა და ნაყენების სახით, როგორც ოფლმდენი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ასევე, იყენებენ ნერვული აღგზნების, კრუნჩხვების, უძილობის, თირკმელების, ღვიძლის, ჰიპერტონიული დაავადებების დროს.
ცაცხვის ყვავილების ჩაი ძალიან ეფექტურია გაციების დროს. მისი ნახარშები იხმარება, ასევე, ზედა სასუნთქი გზების დაავადებებისა და მწვავე ბრონქიტის სამკურნალოდ; გამოიყენება პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად ანთებითი პროცესების და ანგინის შემთხვევაში.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ცაცხვის ფოთლების, ქერქისა და დაქუცმაცებული კვირტების ლორწოვანი ნახარშები ცხელი ან სველი საფენების სახით; დამწვრობის, წყლულების, სარძევე ჯირკვლის ანთების, ბუასილის, რევმატიზმის და ნიკრისის ქარის დროს.
გაციების დროს 2 სადილის კოვზ ყვავილს ასხამენ 2 ჭიქა ადუღებულ წყალს და აყენებენ ჩაის პრინციპით – აჩერებენ 20 წუთს, რის შემდეგაც ნაყენი მზადაა გამოსაყენებლად. მეორე რეცეპტით, 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ყვავილს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ადუღებენ 10 წუთის განმავლობაში, გადაწურავენ და იღებენ 2 ჭიქას საღამოს საათებში.
თირკმელების, ღვიძლისა და ჰიპერტონიული დაავადების დროს ცაცხვის ჩაი უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჭიქა.