ექიმის რჩევები
კითხვა: გვხვდება თუ არა მამაკაცებში ცელულიტი?
პასუხი: მამაკაცებს ცელულიტი უვითარდებათ კისრისა და მუცლის მიდამოში.
კითხვა: იქნებ დაგვისახელოთ ექსტრასისტოლური არითმიის მიზეზები ახალგაზრდა ასაკში (35 წელი).
პასუხი: ეს ძალიან მოცულობითი კითხვაა. ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს ნეიროცირკულატორული დისტონია, გადატანილი მიოკარდიტი, ნაღვლის ბუშტის დაავადებები, მოწევა, სტრესი და კიდევ 40-მდე დაავადება, რომელიც არ არის გულთან დაკავშირებული.
კითხვა: მამა 65 წლისაა. აქვს შაქრიანი დიაბეტი, მაღალი წნევა, გულის და თირკმელების პრობლემები. არის თუ არა კავშირი ამ დაავადებებს შორის?
პასუხი: კავშირი არის. დიაბეტი იწვევს თირკმლის სისხლძარღვების დაზიანებას, რაც არტერიულ წნევას მაღლა სწევს; მაღალი არტერიული წნევა აუარესებს დიაბეტის მიმდინარეობას და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, მას იშემიური დაავადების რაღაც ფორმაც ექნება.
კითხვა: შეიძლება თუ არა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს აორტოკორონაროგრაფიამ?
პასუხი: ეს გამოკვლევა განეკუთვნება ინვაზიურ, კარდიოქირურგიულ გამოკვლევათა რიცხვს. ახლა ის რუტინული გახდა, დაგროვილია დიდი გამოცდილება, გამომუშავებულია მეთოდოლოგია, მაგრამ გართულებების საშიშროება ყოველთვის რჩება. ავადმყოფს აფრთხილებენ ამის შესახებ.
კითხვა: ამბობენ, თუ ვაშლის ძმარს (1 სადილის კოვზი) დავუმატებთ თაფლს (1 სადილის კოვზი), გავაზავებთ ერთ ჭიქა წყალში და უზმოზე მივიღებთ, ეს ხელს შეუწყობს სისხლში ქოლესტერინის დაქვეითებას. მართალია ეს?
პასუხი: ვაშლის ძმარი (საერთოდ ვაშლი და ვაშლის წვენი) მართლაც, უწყობს ხელს ამას. თაფლი კი საკმაოდ კალორიული პროდუქტია, რომელსაც ათეროსკლეროზის დროს უნდა მოვერიდოთ.
კითხვა: რა უფრო სასარგებლოა გულისთვის: ღვინო (როგორც ადრე ითვლებოდა) თუ ლუდი (როგორც ბრიტანელი პროფესორი მარტინ ბორაკი ამტკიცებს)?
პასუხი: რთული საკითხია. მცირე რაოდენობით ალკოჰოლი ხელს უწყობს სისხლში ალფალიპოპროტების გამომუშავებას (რომლებიც ქოლესტერინის დონეს ამცირებს). ამას გარდა, ნივთიერებები, რომლებიც წითელ ღვინოშია, ამცირებს სისხლძარღვების კედლების დაზიანებას. მეორე მხრივ, ლუდის საფუარი B1 ვიტამინის მდიდარი წყაროა, რომელიც ფართოდ გამოიყენება კარდიოლოგიაში. ამის მიუხედავად, არ გირჩევთ, ალკოჰოლის სამკურნალო მიზნით მიღებას.
რუბრიკას უძღვება
ოჯახის ექიმი