რა იწვევს ადამიანის ღმერთთან გაუცხოებას და როდის შეუძლია ქრისტიანს საკუთარი ნების თავისუფლად წარმართვა
მადლი, რომელიც ქრისტიანული თეოლოგიის განმარტებით, ღვთის განსაკუთრებული წყალობაა, ადამიანს ღვთაებრივი განგებულებით ენიჭება. იმის შესახებ, თუ როგორ ენიჭება ადამიანს მადლი, როგორია ეკლესიური სწავლება, გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– მამა გიორგი, ღვთისგან მინიჭებული მადლი – ეს თავისუფალი წყალობაა თუ პირადი დამსახურების შედეგიც?
– მადლი აღნიშნავს ადამიანში ღმერთიდან მომდინარე რელიგიურ სიცოცხლეს, ღმერთისგან ნაწყალობევ საჩუქარს. როგორც ამას იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: შჯული მოსესგან მიეცა (კაცობრიობას), ხოლო მადლი და – ჭეშმარიტება – ქრისტე იესოს მიერ იყო. მადლი ადამიანს ეხმარება ცოდვის დაძლევასა და ხსნაში. მადლის ცნება ამ გაგებით მომდინარეობს პავლე მოციქულისგან, რომლის მიხედვითაც, ყველა სიკეთე ადამიანში მხოლოდ ღვთის შეწევნით არის გამოწვეული, რადგან თვითონ ადამიანი თავისი ბუნებით ცოდვილი და ეგოისტური ქმედებებისკენ არის მიმართული. თეორიული დასაბუთება მადლის ცნების შესახებ პირველად გვხვდება ტერტულიანეს ნაწარმოებებში. მას მადლი ესმის, როგორც ღვთიური ძალის ინსპირაცია (შთაბერვა). „მადლის სუბსტანცია“ – ეს ცნება გაბატონდა სწორედ ევროპულ კათოლიციზმში და თავისი სრულყოფილი ფორმულირება ავგუსტინესთან გვხვდება: „მადლი არის ნაწყალობევი საჩუქარი“ – ასეთია ავგუსტინეს ცნობილი ფორმულა.
– როდესაც ადამიანი, ინდივიდი, პიროვნება ითვისებს ღვთის მადლს, რა არის ამ დროს მთავარი: ღვთაებრივი მადლი თუ პიროვნების ნება?
– ეს კითხვა განსაკუთრებით მწვავედ დაისვა მეხუთე საუკუნეში. ნეტარი ავგუსტინეს მოძღვრება მისი გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ცდაა. ავგუსტინემ თავისი თვალსაზრისი გამოკვეთილი სახით ჩამოაყალიბა ბერ პელაგიოსთან პაექრობაში, რომელიც ასწავლიდა, რომ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს სიწმიდესა და ხსნას საკუთარი ძალებითაც, ღვთაებრივი მადლის აუცილებელი დახმარების გარეშე. პირველი ადამიანი უცოდველი გამოვიდა ღვთის ხელიდან. ცოდვა შემთხვევითი მოვლენაა და ადამიანის ბუნება შეცოდების შემდეგ ისეთივე დარჩა, როგორც იყო შეცოდებამდე. ამიტომ, შთამომავლობა ისეთსავე მდგომარეობაში დარჩა, როგორშიც იყო ადამი შეცოდებამდე. მათ შეუძლიათ, შესცოდონ და შეუძლიათ, არ შესცოდონ – ყველაფერი მათ პირად ნებაზეა დამოკიდებული. ნეტარ ავგუსტინეს აქვს საწინააღმდეგო მოსაზრება: ღმერთს, როგორც აბსოლუტურ სრულქმნილებას, შეუძლია, უნდოდეს მხოლოდ სიკეთე, რადგან ის არის ყველაფრის საწყისი და შემქმნელი. ამიტომ, მისგანვე მომდინარეობს ადამიანური სიწმიდე და სიკეთე – ის, რაც ღმერთს შეუძლია, სურდეს. მაშასადამე, ადამიანი უნდა იყოს სიკეთისადმი, ღვთაებრივისადმი მიმართული ღვთაებრივი განგების ძალით. სწორედ ეს „უნდა“ არის ის აუცილებლობა, რასაც ნამდვილი თავისუფლება შეიძლება ეწოდოს. შესაბამისად, ადამიანის ნება მხოლოდ მაშინაა თავისუფალი, როცა ის შერწყმულია ღვთის ნებასთან, მისით არის სავსე და თავის თავს მისით წარმართავს. ხსნა, ცხონება ერთეულ ადამიანებს ეძლევათ ღვთის დახმარებით და ეს დახმარება არის მადლი. ღვთიური მადლი ჯერ განაწყობს ადამიანს სინანულისკენ, შეინანებს, აღვიძებს ღვთაებრივი დახმარების საჭიროების ცნობიერებას და, ამ საფეხურზე არის მოსამზადებელი წინასწარი მადლი. მეორე საფეხურზე მადლი თავისი მოქმედებით ადამიანში აღვიძებს ქრისტეს სიყვარულს და ის ამით ურთიერთობას ამყარებს ქრისტესთან, მისი მეშვეობით კი მას ეპატიება ცოდვები და იძენს სიკეთის ძალას. ეს მოქმედი მადლია. მხოლოდ ახლა შეუძლია ადამიანს, თავისუფლად წარმართოს თავისი თავი სიკეთისკენ. ცხადია, ადამი ახლაც მოქმედებს ადამიანში. ამიტომ, მას სჭირდება დამხმარე მადლი, რომელიც ადამიანს აძლევს უნარს, ცოდვასთან განუწყვეტელ ბრძოლაში ყოველთვის იდგეს კეთილის მხარეს. ბოლოს, ადამიანი მთლიანად განიმსჭვალება ღვთაებრივი ნებით და მას აღარ შეუძლია, უნდოდეს რამე ისეთი, რაც არ უნდა უფალს – ეს არის ნამდვილი თავისუფლება, მარადიული სიცოცხლე და ნეტარება.
– მამაო, ყველა ადამიანზე არ გადმოდის უფლის მადლი?
– ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით, ღვთის მადლი მხოლოდ რჩეულებზე გადმოდის, იმისგან დამოუკიდებლად, იმსახურებს თუ არა. ავგუსტინეს შემდეგ აღარასდროს შეწყვეტილა კამათი მადლისა და პიროვნების თავისუფლების გარშემო როგორც თეოლოგიაში, ასევე, ფილოსოფიაში. მადლის მართლმადიდებლური გაგებისთვის, ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაცხოვრის ცნობილ იგავს, რომლის მიხედვითაც, მადლი ეწყალობება ყველას; მაგრამ, მადლმოსილება გახდება „ქვეყანა კეთილი“, ის გული, „რომელმან სიტყვა იგი ისმინა და გულისხმაყო, რომელმან გამოიღო ნაყოფი“. მადლის განაწილების ჟამს, სულიწმიდისგან ზოგს ბრძნადმეტყველების ნიჭი მიეცა, ზოგს – მეცნიერების, ზოგს – მტკიცე რწმენა და განკურნების ძალა, სხვას – წინასწარმეტყველებისა და სასწაულის მოხდენის უნარი, ზოგს – ენების ცოდნა და ასე შემდეგ. მადლის განაწილება ისე მოქმედებს „ვითარცა ნებავს“, ესე იგი, თავისი ძირითადი თვისებების მიხედვით, რომელიც არის სიბრძნე, სიკეთე და სამართლიანობა. ხშირად, ბუნებით ნიჭიერი კაცი ვერ ხდება ღირსი სულიერი წყალობის მიღებისა, ამიტომ მისი საქმე, სიტყვა უმადლოა, ღვთის სამსახურისთვის სრულიად უვარგისი. მორწმუნე მეზვერე კი სულიწმიდისგან მინიჭებული მადლის წყალობით მახარებლად იქცა, მეთევზე – ღვთისმეტყველად, ხოლო ქრისტეს მდევნელი – მოციქულად. სულიწმიდა მადლს იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს გამართულ სამსჯავროზეც გაანაწილებს. მართალთ, ნიშნად წყალობისა, გვირგვინები ებოძებათ, ხოლო, ვინც მინიჭებული წყალობა მოძმეთ არ გაუნაწილა და ამ გზით არ გაამრავლა, მას ისიც წაერთმევა, რაც მიიღო და სხვას მიეცემა. როგორც მოციქული ამბობს, ამგვარნი სრულიად განიკვეთებიან. განკვეთა სულიწმიდისგან ადამიანის საბოლოო გაუცხოებას გულისხმობს. სული განიკვეთება, რადგან შეითვისა ცოდვილი სიბრძნე და სხეულს თანამოზიარედ ექნა ბოროტების ჩადენისას. ამიტომაც არის „სიკვდილისა შინა მოხსენიება და ჯოჯოხეთსა შინა აღიარება“, რომ განკვეთილ სულებს აღარ ექნებათ შემწეობა სულიწმიდისგან. ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, მიჰბაძოს ქრისტეს თავისი ცხოვრებით, რადგან, როგორც წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: „მადლი ეძლევა არა იმას, ვინც ლაპარაკობს, არამედ იმას, ვინც სიკეთით ცხოვრობს“. მადლის მიღება კი ნიშნავს არა სულიწმიდის ფიზიკურ მიახლოებას კაცთან, არამედ, იმ ვნებათა განდევნას, რომელიც კაცის სულში მისი მატერიალური სხეულით შესვლის შედეგად შევიდა.