მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: მიუხედავად იმისა, რომ მეუღლესთან ჯვარდაწერილი ვარ, ვერაფრით ვერ ავაწყვეთ ოჯახური ცხოვრება, ჩვენი ერთად ცხოვრება შეუძლებელი გახდა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ასეთ დროს ეკლესია მეუღლეებს ახსენებს იმ ვალდებულებებს, რაც მათ ჯვრისწერისას აიღეს – ორი ადამიანის ერთსულ და ერთხორც ყოფნა და ღვთისა და ერთმანეთის სიყვარული. თუმცა, ზოგჯერ ადამიანის ბუნება ვერ უძლებს მოვალეობების ტვირთს და ორი ადამიანის თანაცხოვრება შეუძლებელი ხდება. უფრო მეტიც – ამას ბოროტებაც მოჰყვება. ასეთ შემთხვევაში, ეკლესია ირჩევს, დათანხმდეს ჯვრის ახსნას, რათა უფრო დიდი ბოროტება აიცილოს თავიდან. ჯვრის ახსნის თხოვნით მეუღლეებმა უნდა მიმართონ იმ ეპარქიის მღვდელმთავარს, სადაც ცხოვრობენ.
კითხვა: სამწუხაროდ, მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში არ ვარ კარგად გათვითცნობიერებული, არადა, ჩემმა მეგობარმა შვილის მონათვლა მთხოვა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ნათლიას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ღმერთის წინაშე ნათლულის სულიერი აღზრდისთვის. რადგან თქვენ თვითონ არ ხართ სარწმუნოებაში გათვითცნობიერებული, ბავშვის ნათლია ვერ გახდებით, რადგან ამას ექნება ფორმალური სახე. ჯერ თქვენ შეუდექით ეკლესიურ ცხოვრებას, იმარხულეთ, ილოცეთ, იარეთ ტაძარში, ეზიარეთ და შემდეგ შეძლებთ, ჭეშმარიტი ნათლიობა გაუწიოთ სხვა ადამიანს, დაეხმაროთ მას ნამდვილ ქრისტიანად ჩამოყალიბებაში.
კითხვა: სახარების მიხედვით, თუ ერთ ლოყაში გაგარტყამენ, მეორე უნდა მიუშვირო. ეს იმას ნიშნავს, რომ მტერს პასუხი არ უნდა გავცეთ?
პასუხი: ეს იმას ნიშნავს, რომ ბოროტებას ბოროტებით ვერ დავამარცხებთ; სიძულვილს, აგრესიასა და ბოროტებას სიყვარული უნდა დავუპირისპიროთ. აგრესიას თუ აგრესიით ვუპასუხეთ, პრობლემა, მოგვარების ნაცვლად, უფრო გაღრმავდება. სიძულვილზე სიყვარულის შეგებების ნიმუში თვით მაცხოვარმა მოგვცა თავისი ჯვარცმის დღეს, როდესაც მას შეურაცხყოფდნენ, ხოლო ის ლოცავდა და მიუტევებდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ ვუპასუხოთ იმ აგრესიას, როცა საფრთხე ემუქრება სამშობლოს, როდესაც ზარალდება მოყვასი და ზნეობა კი უზნეობად იქცევა. ასეთ დროს, შესაძლოა, აგრესიას ძალაც დავუპირისპიროთ.
კითხვა: ეკლესიური წესით, რამდენი დღე უნდა იმარხულოს ადამიანმა ზიარების წინ?
პასუხი: თუ არ არის მარხვის პერიოდი, საეკლესიო წესით, ზიარების წინ ქრისტიანი ერთი კვირის განმავლობაში უნდა ემზადებოდეს, მარხულობდეს. ხოლო, თუ არსებობს საპატიო მიზეზი, შეიძლება, მარხვა შემოკლდეს სამ დღემდე; აუცილებლობის შემთხვევაში კი, როდესაც ახლობელი გარდაიცვლება ან სახიფათო მოგზაურობა გელით, შეიძლება, იმარხულოთ ერთი დღე.