მამათა შეგონებანი
ნიკოლოზ სერბი: ღრუბლებიდან ჩამოუღვრელი წვიმა ჯერ კიდევ არაა სუფთა და ჭუჭყიან წყლებად დაყოფილი. მხოლოდ მდინარება და ნაკადულებში ჩადენილი წვეთები გადაიქცევიან სუფთა და ჭუჭყიან წყლებად. ასევეა სიყვარულიც, დაცემის შემდეგ ყველაფერს სიკეთედ და ბოროტებად ყოფს და ყველაფერს მოვალეობის საზომით აფასებს.
გაბრიელ ეპისკოპოსი: უმეტესად ღმერთის სიყვარული მოყვასის სიყვარულით მჟღავნდება. როგორც იოანე ღვთისმეტყველი გვასწავლის, თუ ადამიანმა მოყვასი ვერ შეიყვარა, რომელიც ყოველთვის მის წინაშეა, მით უმეტეს, ვერ შეიყვარებს ღმერთს, რომელიც არასოდეს უხილავს.
ეპიფანე თეოდოროპულოსი: ქორწინებაში თავშეკავება მხოლოდ და მხოლოდ ღვთისადმი სიყვარულის გამო, ეს მწვერვალია სრულყოფილებისა. როცა მეუღლეების თავშეკავების მიზეზია – არ იყოლიონ ბავშვები, ისინი კარგად იქცევიან; მაგრამ თუ აქვთ ურთიერთობა და არ ეწინააღმდეგებიან ბავშვების გაჩენას, ეს უფრო უკეთესია. ყოველ შემთხვევაში, ერთნი და მეორენიც სათანადოდ მოქმედებენ. უფრო მაღალი დონის მიღწევა დამოკიდებულია მეუღლეთა ორმხრივ სურვილზე და არავითარ შემთხვევაში, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე. ეს უკანასკნელი არის ცოდვა!
ეპისკოპოსი პეტრე: შვილო ჩემო, ავადმყოფობა გამოსაცდელად გვეძლევა, ხოლო გამოცდა გამოცდილებას გვძენს. „რომელ ღუაწლსა არა გამოცდილ არნ, მან მცირედ თუ რაიმე უწყინ“. „ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაი – სასოებასა, ხოლო სასოებამან არა არცხვინოს“.
ეფრემ ასური: თუკი სული კაცისა კეთილმსახური და ღვთის სათნომყოფელი ცხოვრებით არ იცხოვრებს, მისთვის არავითარი სარგებლობა არ ექნება მეცნიერებათა შესწავლას. ყველა ბოროტების მიზეზი კი შეცთომილება, საცთური და ღმრთის უცნობლობაა.
მარკოზ განშორებული: როცა ღვთის ნებით მრავალი შეგაქებს, შენთან დაკავშირებულ ღვთის განგებას არაფერი სატრაბახო შეურიო, რათა ცვლილების შედეგად კვლავ საწინააღმდეგო არ დაგეუფლოს.
პაისი მთაწმინდელი: თუკი ვინმე უბედურზე გული შეგტკივა და ეხმარები მას, იფიქრე, თუ რა მსხვერპლს გაიღებდი, მის ადგილას თავად ქრისტე რომ ყოფილიყო. ამგვარად აბარებს ადამიანი გამოცდებს. მოყვასის სახეში მორწმუნე ქრისტეს ხედავს, ხოლო ქრისტე თვითონვე ამბობს, რომ როდესაც რაიმეს აკეთებთ უბედურებისთვის, ამას აკეთებთ ჩემთვის. რა თქმა უნდა, თითოეულს მისთვის განკუთვნილი პატივი უნდა მივაგოთ, მაგრამ სიყვარული ყველასადმი ერთი და იგივე უნდა იყოს. მინისტრი და ღატაკი, გენერალი და ჯარისკაცი მორწმუნის გულში ერთსა და იმავე ადგილზე უნდა იდგნენ.
იოანე ოქროპირი: თუკი ხორციელი სიყვარული ესოდენ იმონებს სულს, რომ მას სხვა ყოველივესგან განაშორებს და მხოლოდ საყვარელ არსებას მიაჯაჭვავს, მაშ, რას არ გააკეთებს ქრისტესადმი სიყვარული და მასთან განშორების შიში?
ლეონიდე ოქროპირიძე: გარნა რით იყო შესანიშნი და კაცის გულის მიმზიდველი ედემი; ნუთუ მხოლოდ გარეგანი მოხდენილობა, მარტო საამური შეხედულება და საოცნებო განწყობილება შეადგენდნენ ედემის უმაღლეს მშვენებას? არა, ედემი ძვირფასი და სანატრელი იყო პირველი კაცისთვის იმითი, რომ იქ ეცხადებოდა მას ცისა და ქვეყნის გამჩენ-დამბადებელი ღმერთი და პირისპირ, გულშემატკივარი მამის მსგავსად ასწავლიდა, წვრთნიდა მას სიკეთეში. აი, უმაღლესი მშვენება სამოთხისა, აი, უმთავრესი ღირსება მისი.
წმიდა სილუანი: რაც მეტია უღმერთო სიმდიდრე, მით მეტია სიღატაკე. რაც მეტია უღმერთო ცოდნა, მით მეტია სიცარიელე. მხოლოდ ღმერთი აძლევს ადამიანს სიმდიდრესა და სიბრძნეს. უღმერთო სამყარო ღატაკებსა და სულელებს შობს.