არაქალწულური თეთრეული საქორწინო ღამისთვის და თეთრი კაბები გლეხის გოგონებისთვის
ფანჯრებში მზის დანახვაც კი არ არის საჭირო, „დოლჩე და გაბანას” ახალი კოლექცია იმდენად აგავსებთ მზით და ზაფხულით, თვალს თუ დახუჭავთ, შეიძლება სამსახურში, კომპიუტერთან მჯდომმა ზღვის ხმაურიც კი გაიგონოთ. გარდერობში „დოლჩე და გაბანას” კოსტიუმიც თუ გექნებათ, ეს ხომ იმხელა ბედნიერებას მოგანიჭებთ, უზარმაზარი გემით კრუიზში მოგზაურობისას რომ განიცდით. ბავშვური, რომანტიკული, ჰაეროვანი და თეთრი კოლექცია ქალებს გონებას აკარგვინებს.
დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა წელს მოდის ბიზნესში მოღვაწეობის ოცდამეხუთე წლისთავს აღნიშნავენ. როგორ უნდა გაეცილებინათ მეოთხედი საუკუნე მათ იმაზე უკეთესად, ვიდრე ეს გასული წლის სექტემბერში, მილანში ახალი სრულიად თეთრი კოლექციით შეძლეს. თუ საიდან გაჩნდა თეთრი კოლექციის იდეა, ეს მათ ჩვენებამდე, ბექსთეიჯში განმარტეს – ეს ის ნივთები და სამოსია, რომელიც პატარძალმა ქორწილის შემდეგ უნდა ჩაალაგოს, ახალ სახლში წაიღოს და ცხოვრების სრულიად ახალი თავის წერა დაიწყოს.
კოლექციას ემატებოდა არცთუ ისე ქალწულური, პირველი თეთრეული, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ოდნავ ვულგარულიც კი იყო. თუმცა, დანარჩენი ვულგარულობისგან ძალიან შორს გახლდათ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს „დოლჩე და გაბანას” გოგონა, ქალაქიდან შორს, პატარა გამწვანებულ სოფელში ცხოვრობდა, სადაც ქსოვილის ხარისხსა და დიზაინზე არ ფიქრობენ. სამაგიეროდ, აქვთ გემოვნება და ნებისმიერ გადასაფარებელს, ფარდასა თუ ლოგინის თეთრეულს ლამაზ კაბად, შორტებად და ქვედაბოლოდ აკეთებენ. მაქმანებიანი თოჯინური კაბები საოცრად რომანტიკულ შტრიხებს სძენდა მოდელებს.
თუმცა, დიზაინერებს მხოლოდ თეთრი არ გამოუყენებიათ. მათ აქცენტი მოქარგულ აბრეშუმზეც გააკეთეს. კორსეტსა და ქვედაბოლოზე ნაზი, გამჭვირვალე, ყვავილებიანი აბრეშუმი იყო გადაცმული, რაც ქალის სინაზესა და სექსუალურობას ერთდროულად გამოკვეთდა. „დოლჩე და გაბანა” არც ლეოპარდის პრინტის გარეშე დარჩენილა. მართალია, ის სულ ორ თუ სამ კოსტიუმში ჰქონდა გამოყენებული, მაგრამ ეფექტურად ერწყმოდა მთელ კოლექციას და ხაზს უსვამდა ქალის ღრმა, მტაცებლურ ინსტინქტებს. კოლექციის ბოლოს, პოდიუმზე გამოჩნდა, გლეხის გოგოს სამოსი, როგორც ამ ჩვენებას მოდის კრიტიკოსებმა უწოდეს. ეს იყო მბრწყინავი თვლებით გაფორმებული, მოკლე თეთრი კაბები, რომლებიც მოდის დედაქალაქებში წვეულებებზე ნებისმიერ მნახველს მოჭრიდა თვალს.
საინტერესოა, რომ ამ სტილის კოლექციისთვის იტალიელმა დიზაინერებმა მაინც შეძლეს საქმიანი ქალისთვის საჭირო და უფრო მეტიც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შტრიხების შეტანა. მიუხედავად იმისა, რომ „ბიზნესლედის” იმიჯი მკაცრი შავი პიჯაკებითა და ზოლიანი შარვლებით არ იყო წარმოდგენილი, მაინც შეძლო მნახველის მოხიბვლა. განიერი, მიდი ქვედაბოლო, კორსეტზე მოცმული კლასიკური პერანგები, ღია საზაფხულო ფეხსაცმელი და ულამაზესი სათვალე, იდეალურია ზაფხულის დღეებში ოფისში ჩასაცმელად. თუ თქვენი სამსახურის შენობისთვის „დოლჩე და გაბანა” მაინცდამაინც „გეზედმეტებათ”, შეგიძლიათ, ძველი შალითა დაჭრათ, ლამაზი ქვედაბოლო შეკეროთ, კორსეტზე კი გარდერობში დიდი ხნით მივიწყებული ცისფერი პერანგი შემოიცვათ. ასეთი პერანგი ხომ ნებისმიერ საქმიან ქალს, როგორც მინიმუმ, ერთი მაინც ექნება სამსახურებრივ კოლექციაში.