რა ისტორიული მომენტის დასაფიქსირებლად გააღვიძა ცარო ჯანაშვილმა მეუღლე ღამის 3 საათზე
ქალბატონი ცარო ჯანაშვილის ნაქარგები ისეთივე დახვეწილი, შეხამებული და გემოვნებიანია, როგორც თავად მათი შემსრულებელი. რა პერიოდს ანდომებს ერთი ნაქარგის შესრულებას, სულ რამდენი ნაქარგის ავტორია ის და როგორ შემოსა საკონცერტო ტანისამოსით მთელი ანსამბლი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ცარო ჯანაშვილი: ქარგვა დედამ მასწავლა. თავდაპირველად დავიწყე პუშკინის ზღაპრების გმირების ამოქარგვა, მერე ვაჟა-ფშაველას „ჩხიკვთა ქორწილიდანაც” გადავიტანე ქსოვილზე ერთ-ერთი სცენა. ამის შემდეგ პეიზაჟებზე დავიწყე მუშაობა. სულ პირველი – „ზამთარი” – ჩემი ძმისშვილის სკოლაში შესვლასთან დაკავშირებით მოვქარგე.
– ეს რამდენი წლის წინ იყო?
– ბევრი. ჩემი ძმისშვილი ახლა უკვე დაოჯახებულია და ძალიან მალე მამაც გახდება.
„ზამთარზე” მუშაობა საკმაო ხანს გაგრძელდა, ერთი შეხედვით, შეიძლება, გაიფიქროთ, არც ისე რთული შესასრულებელიაო, მაგრამ, ფერებზე მუშაობა და შეხამება დიდ დროსა და დაკვირვებას მოითხოვს. მახსოვს, ნემსის ბოლო ამოყრა რომ დამრჩა, ღამის 3 საათი იყო. მივედი მეუღლესთან და გავაღვიძე. რა იყო, ცარო, ცუდად ხომ არ ხარო, – მკითხა. არა-მეთქი. მაშ, რა მოხდაო? – გაუკვირდა. ისტორიული მომენტი დგება, „ზამთარს” ვამთავრებ-მეთქი. ორივემ ვიცინეთ. მეუღლე ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო. ხშირად ვეკითხებოდი, სად რა ფერი ჯობდა, გამომეყენებინა და ისიც სიამოვნებით მაძლევდა რჩევას. არასდროს უარს არ მეუბნებოდა ხოლმე ამ სამსახურზე – პირიქით.
გარკვეული ხნის შემდეგ წმიდანებზე დავიწყე მუშაობა, მაგრამ კურთხევა არ ამიღია. მერე და მერე გავაცნობიერე, რომ ეს საჭირო იყო. ამიტომ ქაშუეთის ტაძარში წავიღე ჩემი ნაქარგები და ვაკურთხებინე.
სულ პირველად წმიდა ნინოს ქარგვა დავიწყე დიდი განცდითა და პასუხისმგებლობით, რომ იტყვიან, სიცოცხლე დავამთავრე. სახის მოქარგვა ყოველთვის განსაკუთრებით მიჭირდა ხოლმე. სულ მეგონა, რომ ვტკენდი. ვიჯექი და ველოდებოდი, როდის დამტოვებდა ამგვარი ფიქრები და შევძლებდი მუშაობის გაგრძელებას. შემდეგ წმიდა გიორგის გამოსახულება ამოვქარგე, ამას მოჰყვა ყინწვისის ანგელოზი. მოგვიანებით წმიდა მარიამის ტაძარს შევწირე ჩემ მიერ ამოქარგული ღვთისმშობლის ხატი. მერე, ჩემი მოძღვრის შემოთავაზებითა და კურთხევით გარდამოხსნის ხატი ამოვქარგე ამავე ტაძრისთვის.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამჟამად „ვეფხისტყაოსანზე” ვმუშაობ, სამომავლოდ კი ფიროსმანის ნახატების ამოქარგვას ვგეგმავ. ძალიან მიყვარს ყვავილებიც. მახსენდება დედაჩემის ეზო, როგორი რუდუნებით უვლიდა ის ეზოს ყვავილებს. თითქმის ყველა ფერის „ივან და მარია” ჰქონდა ეზოში. ამ ყვავილების ამოქარგვისას, ყოველთვის დედაზე ფიქრები მეძალება ხოლმე.
– როგორც ვხედავ, ერთ ჟანრში არ მუშაობთ: „ვეფხისტყაოსნის”, ზღაპრების პერსონაჟები, წმიდანები, ნატურმორტები, პეიზაჟები... რომელ თემაზე მუშაობაა ყველაზე შრომატევადი და რთული შესასრულებელი?
– წმიდანების თემას არ განვიხილავ ამ კუთხით, რაც შეეხება დანარჩენ თემებს, ჩემი აზრით, ყველაზე რთული შესასრულებელი პეიზაჟებია, მათ შორის, კი გამოვყოფდი „მზის ჩასვლას”, ალბათ, ორმოცდაათამდე ფერი მაქვს ამ ნაქარგში გამოყენებული.
– დღეისათვის რამდენი ნაქარგის ავტორი ბრძანდებით?
– უამრავის, ალბათ, ორასზე მეტის.
– გაჩუქება თუ შეგიძლიათ?
– ქუდები, ხელსახოცები, ჩანთები, შეიძლება ითქვას, სიამოვნებით და გულუხვად მაქვს გაჩუქებული. რაც შეეხება კედელზე დასაკიდ ნამუშევრებს, ვერ ველევი, მათ გარეშე არ შემიძლია. მახსოვს, ერთხელ მე და დედა ბორჯომში მივდიოდით დასასვენებლად, სახლში ჩემი მეუღლე რჩებოდა. მეუღლე სახლიდან რომ გავიდეს და კარი ღია დარჩეს, რა მეშველება, ჩემი ნაქარგები რომ მოიპარონ-მეთქი, – ავიკვიატე და, რომ იტყვიან, ვერ მოვისვენე, სანამ საკუთარი ხელით არ ჩამოვხსენი ყველა ნაქარგი და საგულდაგულოდ არ შევინახე. საღამოს მეუღლე რომ მოვიდა და ცარიელი კედლები დახვდა, მითხრა: ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სხვაგან მოვხვდი. გეხვეწები, ისევ დაკიდე ნაქარგები თავის ადგილას, თორემ, მათ გარეშე არ შემიძლიაო (იცინის).
– ამ კოლექციაში კიდევ ერთი ნივთია, რომელიც გაფორმებულია არაჩვეულებრივი ნაქარგებით, მხედველობაში მაქვს საკონცერტო კაბა. როგორ მოხვდა ეს კაბა თქვენს კოლექციაში?
– ეს კაბა ჩემი შექმნილია თავიდან ბოლომდე. ის მე ახლობელს შევუკერე, რომელიც ძალიან კარგად ცეკვავს და ქართული ცეკვების ერთ-ერთი ცნობილი ანსამბლის წევრიცაა. ეს კაბა რომ უნახავთ, ანსამბლის დანარჩენი წევრებიც მოვიდნენ ჩემთან თხოვნით და მეც არ მითქვამს უარი – 30 კაბა შევკერე და მოვქარგე ხევსურული ცეკვისთვის.
– რა პერიოდს ანდომებთ ერთი ნამუშევრის სრულყოფას?
– რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია ნამუშევრის სირთულეზე, მაგალითად, „მზის ჩასვლას” ექვსი თვე ვქარგავდი, – „ზამთარს” ოთხი.
– რა პროფესიის ხართ?
– პროფესიით პედაგოგი ვარ, რუსული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი. თავდაპირველად სკოლაშიც ამ საგანს ვასწავლიდი, დაახლოებით 20 წლის წინ კი დაწყებითი კლასების პედაგოგად დავიწყე მუშაობა.
– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ პროფესიონალი მხატვარი არ ხართ? გულწრფელად გამიკვირდა.
– (იცინის) დედისგან მომდგამს.
– გამოფენაზეც გვიამბეთ, რა ემოციებით დატოვეს დამთვალიერებლებმა დარბაზი?
– იყო უამრავი კომპლიმენტი. არ დამავიწყდება, ერთი პატარა ეპიზოდი: ქალი და მამაკაცი შემოვიდნენ დარბაზში, მიმოიხედეს და ერთმანეთს გადაულაპარაკეს, აქ ნახატებია, მეორე დარბაზში გავიდეთ ნაქარგების დასათვალიერებლადო. მათ ჩემი ნაქარგები ეგონათ ნახატები, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი იყო. ხშირად მეკითხებოდნენ, ამის ნერვები თუ გაქვსო. ქარგვა სიმშვიდეს მმატებს და, ეს ის საქმიანობაა, რასაც სიამოვნებით ვაკეთებ.