რისი კომპლექსი აწუხებს ქალს იმის შემდეგ, რაც ქმარს ღალატს აპატიებს
ღალატის სიმწარე უკვე გამოსცადეთ. იწვნიეთ დამცირებაც და ტკივილიც. ისიც გიფიქრიათ, რომ უკვე ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ, მოულოდნელად, მოღალატე მონანიების სიტყვით წარდგა თქვენ წინაშე; გითხრათ, რომ „იმასთან“ ყველაფერი დამთავრდა, რომ უკვე იცის თქვენი ფასი და არსად წასვლას აღარ აპირებს... სიყვარული ხშირად ხდის დამოკიდებულს ერთ ადამიანს მეორეზე და ეს თითქმის ავტომატურად, ბუნებრივად ხდება. მით უფრო, შეყვარებული ქალისთვის არის ძნელი, უარი თქვას მამაკაცზე, რომელსაც საკუთარი თავი მიუძღვნა, თავისი ცხოვრების განუყრელ თანამგზავრად აქცია და თავისი სულისა და სხეულის ნაწილი გახადა. ამიტომაც, ქალები უფრო ხშირად პატიობენ მეუღლეებს ღალატს, ვიდრე პირიქით. მაგრამ, კიდევ ერთი შანსის მიცემა კაცისთვის, რომელმაც ერთხელ უკვე გიღალატა, საკმაოდ რთული ფსიქოლოგიური გამოცდაა, რომელსაც ყველა ვერ უძლებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, პატიება-არპატიების საკითხი ინდივიდუალურია და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტი. მაგრამ, დაფიქრება სერიოზული გმართებთ. რეციდივის ალბათობა ყოველთვის არსებობს – ამას ქალი მუდმივად გრძნობს და ნელ-ნელა კომპლექსდება.
ნონა (34 წლის): მე და ჩემი მეუღლე ერთად ვსწავლობდით, ერთ კურსზე და ერთ ჯგუფში. ჩვენი დაახლოება და სიყვარული რაღაცნაირად, თავისით მოხდა. უცებ აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთის გარეშე ყოფნა გვიჭირდა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს გადარეული, ვნებიანი და მგზნებარე გრძნობა იყო, რომელმაც დაგვაბრმავა და დაგვამუნჯა. მსგავსი არაფერი ყოფილა, მაგრამ მე ამაში ტრაგიკული არაფერი დამინახავს. აუცილებლობად არ მიმაჩნდა, რომ ისტერიკული სიყვარული უნდა გვქონოდა, ბნედებითა და ნერვიული კანკალით. პირიქით, სწორედ ზედმეტად ემოციური სიყვარული მეგონა ყოველთვის ყალბი და არამყარი.
– რატომ? სიყვარულს ემოცია არ უნდა ახლდეს?
– როგორ არ უნდა ახლდეს, მე ეს არ მიგულისხმია. უემოციო სიყვარული რა სიყვარულია. ემოციაც უნდა იყოს და ცოტა სიგიჟეც, მაგრამ, სისტემატურად ემოციებსა და სიგიჟეში ვერ იცხოვრებ, მართლა გააფრენ. მით უმეტეს, როცა უკვე ოჯახი გაქვს, რბილად რომ ვთქვათ, ვერ გაუძლებ. თქვენც ხომ იცით, რა არის ოჯახი, როგორია ყოველდღიური ყოფა, წვრილმანი თუ მსხვილმანი პრობლემები. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს რომანტიკა არანაირად არ ახლავს. არავინ მითხრას, რომ ქორწინებაში რომანტიკას ბოლომდე ინარჩუნებს – ჩვენი რეალობა არ არის რომანტიკული და იმიტომ. გამიგეთ, ხომ, რასაც ვგულისხმობ?
– დიახ. მაგრამ, ამ ლოგიკით ყველა ოჯახი თავიდანვე განწირული ყოფილა.
– როგორ გეკადრებათ... ოჯახი ნებისმიერი ადამიანისთვის უმთავრესია, ამას დამტკიცება არ სჭირდება. კაცებიც კი, რომლებსაც უფრო უჭირთ და ეძნელებათ ოჯახის შექმნა, დარწმუნებულები არიან ოჯახის აუცილებლობაში. სხვათა შორის, დადგენილიც არის, რომ მარტოხელა მამაკაცები უფრო ადრეულ ასაკში კვდებიან, ვიდრე დაოჯახებულები.
– ქალების შემთხვევაში როგორ არის საქმე?
– თქვენ ხუმრობთ, მაგრამ, ფაქტია, რომ ქალები უფრო ეგუებიან მარტოხელობას, ვიდრე მამაკაცები. მით უმეტეს, თუ ქალს ჰყავს შვილი, ის უკვე აღარ არის მარტო. კაცის შემთხვევაში კი, ეს საქმეს ვერ შველის, ანუ, რეალურად, კაცს გაცილებით მეტად სჭირდება ოჯახი, ვიდრე ქალს, მიუხედავად იმისა, რომ ქალები უფრო მიილტვიან ოჯახის შექმნისკენ.
– ანუ, მამაკაცებს მხოლოდ პოზა უჭირავთ, რომ ქალები ძალით ვაბამთ უღელში?
– შეიძლება ითქვას, რომ, ასეა. ჩემი ქმრის მაგალითით დავრწმუნდი, რომ კაცებს საკმაოდ ბევრი კომპლექსი აქვთ, მერე ამ კომპლექსების შენიღბვას ცდილობენ და კიდევ უფრო კომპლექსდებიან. ჩემს ქმართან ერთად ბევრი სიძნელე გადავლახე. იყო დრო, როცა პურის ფულიც კი სანატრელი გვქონდა, მაგრამ, არც მიწუწუნია და არც ის მითქვამს, რომ მარტო ჩემი ქმრის კისერზე უნდა ყოფილიყო ოჯახის უზრუნველყოფა. ერთად ვშრომობდით და ძალიან ბევრი რამე გვაკლდა კიდეც, მაგრამ, თავი არც დაჩაგრულად მიგრძნია და არც უბედურად. კარგა ხანს გვქონდა დროებითი შემოსავლები და, ამის მიუხედავად, მაშინ ჩემი ქმარი სულ სხვანაირი იყო.
– როგორი, კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– ჩემიანი იყო, მთლიანად ჩემიანი. ყოველგვარი „გვერდზე“ გახედვებისა და „გადახვევების“ გარეშე. ხვდებით, ხომ, ეს რას ნიშნავს? უსიტყვოდ რომ გესმის მისი და იმას – შენი. საერთოდ, რა არის, იცით? მგონი, ყველა ჭკვიანი ქალი ხვდება, როდის ემართება მის ქმარს „რაღაც“. შეუძლებელია, ამას ვერ მიხვდე. პრინციპში, კი არ ხვდები, გრძნობ. ამიტომ, არ მჯერა იმ ქალების, რომლებიც ამბობენ, რომ ქმრის ღალატს იქამდე ვერ მიხვდნენ, სანამ ვიღაცამ არ უთხრა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მანამდეც არ იცნობდა საკუთარ ქმარს. არ გეგონოთ, რომ ვინმეზე ჭკვიანად მინდა მოგაჩვენოთ თავი. უბრალოდ, ხანდახან ქალებიც ვცოდავთ.
– თქვენ რა შესცოდეთ ქმარმა რომ გიღალატათ?
– ყურადღება მოვადუნე, მეტისმეტად საქმიანი გავხდი. ორივემ ერთდროულად ვიშოვეთ სამსახური ერთსა და იმავე კომპანიაში, მაგრამ, სხვადასხვა განყოფილებაში და მთელი დღე ვერ ვხედავდით ერთმანეთს. სახლშიც ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა მისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც. ბავშვებიც თავისას ითხოვდნენ და... მოკლედ, კაცს ერთი წამი სჭირდება, ჩასაფრებულები არიან ქალები.
– ქალმა აცდუნა თქვენი ქმარი და არა პირიქით? ანუ, ცდილობთ, გაამართლოთ?
– არა, ამას არ ვცდილობ. ძალიანაც რომ მოვინდომო, ისე მომექცა ვერ გავამართლებ. მაგრამ, მე ისიც ვიცი, ვინ არის, იმ ქალს ვგულისხმობ. მარტო ჩემს ქმარს კი არა, ყველა კაცს აბამდა კომპანიაში, ვისგანაც კი რამის გამორჩენის იმედი ჰქონდა. მე ორმაგად შეურაცხყოფილი დავრჩი: ერთი – რომ მიღალატეს და, მეორე – ეს ისე აშკარად გააკეთეს, თითით საჩვენებელი გავხდი. ჩემი ქმარი ბრიყვულად მოიქცა.
– ან – ბრიყვია...
– არ ვიცი, შეიძლება, ასეც არის. პრინციპში, კაცები მაინც ბრიყვები არიან, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ვითომ პატიოსანი კაცის როლი ითამაშა და გული მომიკლა. როცა ვუთხარი, შენსა და ლიკას შორის რა ხდება-მეთქი, ეგრევე მიპასუხა პატარა რომანი გვაქვსო.
– ჰკითხეთ იმიტომ, რომ მათი ურთიერთობა თვალშისაცემი გახდა?
– დიახ. მანამდე სახლში დაგვიანებით დაიწყო მოსვლა. „შეხვედრები“ და „მნიშვნელოვანი თათბირები“ ძალიან გაუხშირდა, თან, ლაპარაკისას თვალს მარიდებდა. სულ კარგ გუნებაზე იყო, ცქმუტავდა, ცერცეტობდა, სულელურად ხუმრობდა...
– ამ პერიოდისთვის როგორი იყო თქვენი ფინანსური მდგომარეობა?
– ძალიან კარგი. ამანაც იმოქმედა და წააქეზა. როცა კაცს ზედმეტი ფული უჩნდება, ის ცერცეტობას იწყებს. ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ, ზოგადად კაცის ფსიქოლოგია ასეთია. როცა რაღაცის დანაკლისი აქვს და მერე ამ დანაკლისს შეავსებს, უნდა, ამის შესახებ ყველამ იცოდეს. თავის მოწონების ეტაპი დგება, ანუ, შემომხედეთ, მეც რაღაც შემძლებიაო. ესეც კომპლექსია, რა თქმა უნდა. ცუდი ის არის, რომ ყველაფერი ჩემ თვალწინ და ჩემი ნერვების ხარჯზე მოხდა. ახლა უკვე მე ვარ დაკომპლექსებული, თანაც, ძალიან მტკივნეულად. მეშინია, რომ ამისგან ვეღარ გავთავისუფლდები. მე ჩემი ქმრისთვის არც ისტერიკა მომიწყვია და არც მისი სახლიდან გაგდება მიცდია. ვერ ვიტყვი, რომ არ მქონდა ამის სურვილი, მაგრამ, რაღაცნაირად, შევძელი თავის შეკავება. მაშინ ვფიქრობდი, რომ ბავშვების გამო მოვიქეცი ასე, მაგრამ, სიმართლე ის არის, რომ მისი დაკარგვა არ მინდოდა. რომ გამეგდო, გარანტია არ მქონდა, რომ უკან დაბრუნდებოდა, მე კი ერთ დღესაც ვერ გავძლებდი მის გარეშე. სხვათა შორის, არც ერთი ღამე არ გაუტარებია სახლის გარეთ.
– ეს მოღალატე კაცისთვის პლუსია?
– პლუსი არ არის. ღალატი – ღალატია და პლუსებზე ლაპარაკი ამ დროს სასაცილოა, მაგრამ, ამით იმის თქმა მინდა, რომ იმ ქალზე სერიოზულად არ ფიქრობდა. როგორც მითხრა, პატარა „რომანჩიკი“ მაქვსო და მართლა ასე იყო.
– ეს თქვენთვის შეღავათია?
– ვაიმე, ეგ მეც რამდენჯერმე ვკითხე საკუთარ თავს და პასუხი დღემდე არ მაქვს. ალბათ, მაინც უნდა ჩაითვალოს შეღავათად. ხომ ფაქტია, რომ მე იმ მომენტში ეს ცოტათი მამშვიდებდა? კი, აგვიანებდა და მე სულ ატირებული ვხვდებოდი, მაგრამ, იმასთან დარჩენის სურვილი ხომ არც ერთხელ არ გასჩენია?!
– ამიტომაც პატიობდით ღალატს?
– ღალატს რატომაც ვპატიობდი, გითხარით უკვე. მიუხედავად იმ ტკივილისა, რომელიც მისმა ღალატმა განმაცდევინა, მაინც ვერ დავთმე. სამთვიან ჯოჯოხეთს გავუძელი, მაგრამ, საკუთარი თავი ძალიან დავაზარალე. სამსახურში ხომ ვეღარ მივდიოდი – მრცხვენოდა, მეგონა, ყველა კუთხეში, ყველა ოთახსა თუ დერეფანში ჩემზე ჭორაობდნენ და დამცინოდნენ. ზოგიერთი „დაუზარებლად“ მაძლევდა რჩევებს, როგორ უნდა გადამეხადა სამაგიერო მოღალატე ქმრისთვის. იყო შემოთავაზება, თმით მეთრია ის ქალი, ან, იმდენი მომეხერხებინა, რომ საერთოდ გაეგდოთ სამსახურიდან, როგორც ამორალური, ცოლიანი კაცების მაცდუნებელი. ვიცი, რომ ჩემს ადგილას, ძალიან ბევრი ქალი გააკეთებდა ამას. მე კი მხოლოდ საკუთარ ნაჭუჭში ვიკეტებოდი, ვითრგუნებოდი და სულ დამალვას ვცდილობდი. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ იმოქმედებდა ჩემზე იმ ქალის დანახვა! ერთხელ ისიც კი დავინახე, როგორ ეფერებოდა თმაზე ჩემს ქმარს და ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა – საერთოდ შევწყვიტე სამსახურში სიარული – შვებულება ავიღე და დავჯექი სახლში. თმასაც აღარ ვივარცხნიდი. მთელი დღე მოჩვენებასავით დავფარფატებდი ოთახიდან ოთახში. დედაჩემი მოდიოდა და ბავშვებს ის უვლიდა, ხვდებოდა ქმართან რომ მქონდა პრობლემები, მაგრამ, ძალიან თავისებური ქალია და ერთხელაც არ ჩამძიებია, არ უკითხავს, რა ხდებოდა. ალბათ, ელოდებოდა, მე თვითონ როდის გავუხსნიდი გულს.
– თქვენს ქმართან არ გქონიათ საუბარი?
– თქვენ წარმოიდგინეთ, არა. არ ვიცოდი, რაზე უნდა მელაპარაკა ან რატომ უნდა მელაპარაკა. რას შევცვლიდი ამით? – ვერაფერს. ამეშლებოდა ისედაც ძაფზე დაკიდებული ნერვები და დავამხობდი სახლს თავზე და ეს რომ არ მომხდარიყო, საერთოდ არ ვიღებდი ხმას. მხოლოდ ვტიროდი და მის მოვლაზეც ხელი ავიღე. ერთ დღესაც, ვერც ერთი სუფთა პერანგი ვერ იპოვა და მაისურით წავიდა სამსახურში. საღამოს კი თვითონ შეაწყო თავისი ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში.
– საერთოდ არაფერს გეუბნებოდათ? არაფერს გთხოვდათ, არ გსაყვედურობდათ?
– არა. ერთმანეთს ხმას არ ვცემდით. მე არაფერს ვეუბნებოდი და ისიც დუმდა. ეს თავისებური ბრძოლა იყო. ტაქტიკას ამას ვერ დავარქმევ და არც არავის ვურჩევ, ასე მოიქცეს. თუმცა, ფაქტია, რომ ჩემს ქმარზე ამან გაჭრა თუ იმოქმედა: სახლში მოსვლას აღარ აგვიანებდა, წარბშეკრული დადიოდა. მობილურს მიაგდებდა ხოლმე და მესიჯებს არ ნახულობდა. მერე მესიჯები შეწყდა. „კეთილის მსურველებმა“ შემატყობინეს, რომ იმ ქალთან ურთიერთობა გაუფუჭდა. ერთ საღამოს კი, ვითომ სხვათა შორის, თქვა, განცხადება დავწერე და სხვა ფილიალში გადავდივარო. არაფერი ვუპასუხე. მერე მეც დამირეკეს და მომთხოვეს, სამსახურში დავბრუნებულიყავი. სურვილი გამიჩნდა, ჩემს თანამშრომლებს სხვანაირი ვენახე, არ მინდოდა, მათში სიბრალულის გრძნობა გამომეწვია. ისეთი მივედი, გაოცებულები მიყურებდნენ. იყო მსუბუქი მინიშნებები, რომ მე გავიმარჯვე. ქმარმა რომ არ მიმატოვა ჩემს დამსახურებად არ მივიჩნევ, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლები ნამდვილად მქონდა. ჩემს ოჯახში სიტუაციამ დასტაბილურება დაიწყო. ჩემი ქმარი ნელ-ნელა ისეთივე ყურადღებიანი, მზრუნველი გახდა, როგორიც ადრე იყო. ფაქტია, რომ სხვა ქალი მის ცხოვრებაში აღარ არის, მაგრამ მე მაინც არ ვგრძნობ თავს კარგად, მაინც შიში მაქვს და განცდებში ვარ: რამდენ ხანს გასტანს მისი ერთგულება? კიდევ ხომ არ გამოჩნდება სხვა ქალი? ისევ ხომ არ აცანცარდება და ამჩატდება? მაგრამ, ყველაზე ცუდი ისაა, რომ აღარ მჯერა მისი, უნდობლობის კომპლექსი გამიჩნდა. საშინელი განცდაა, გეფიცებით, არანაკლებ შემაწუხებელი და მტანჯველი. მის საქციელშიც და სიტყვებშიც ეჭვი მეპარება. ეჭვი მეპარება მის გულწრფელობაშიც. იქნებ, ერთი მაგრად რომ მეჩხუბა და გულიდან ყველაფერი ამომეღო, უფრო მშვიდად ვყოფილიყავი?! ერთი სიტყვით, ძალიან საბრალონი ვართ ქალები. მარტო ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გავუძლებთ გამოცდებს და ოჯახს შევინარჩუნებთ თუ ვერა. და თუ შევინარჩუნებთ, რის ფასად?! – საკუთარ „მეზე“ გადავლის ხარჯზე.