კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

შვილი ვეღარ მიტანს

ჩემი შვილი გარდატეხის ასაკშია – 15 წლის გახდა. პრაქტიკულად, მარტომ გავზარდე და ოცნებით წარმოვიდგენდი ხოლმე იმ დროს, როცა ეკა გაიზრდებოდა და დაქალებივით ვივლიდით ყველგან ერთად; მეგონა, რომ ძალიან ახლოს ვიქნებოდით ერთმანეთთან სულიერად, ვიმეგობრებდით და არაფერს დავუმალავდით ერთმანეთს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით მოხდა: მას არაფერი აქვს ჩემთან საერთო, არაფერს მიყვება, პრაქტიკულად, არც კი მეკონტაქტება. ჩვენი ურთიერთობა ყოფითი ფრაზებით ამოიწურება: „სად მიდიხარ? როდის მოხვალ?” და ასე შემდეგ. ძალიან ვცდილობ, დავიახლოვო, მაგრამ, არაფერი გამომდის. ამ ბოლო ხანებში იმასაც კი ვგრძნობ, რომ საშინლად ვაღიზიანებ. წყობიდან გამოჰყავს ჩემს ყოველ სიტყვას (თუნდაც მოსაფერებელს), ყოველ ქმედებას. ყველაფერზე უხეშად და აგრესიულად მპასუხობს. მთლად ბოლომდე ვერ მიბედავს, თორემ, მზადაა, ცუდი სიტყვაც მაკადროს. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ეკას ჩუმად კლასის დამრიგებელთან მივედი (იმ დღეს თვითონ არ წავიდა სკოლაში) და დაველაპარაკე. მითხრა, სწავლას კი მოუკლო, მაგრამ, სხვა მხრივ პრობლემა არ მაქვს, ძალიან ხალისიანი, კეთილი და კომუნიკაბელური ბავშვიაო. აღარ ვიცი, რას დავაბრალო. ესე იგი, გამოდის, რომ ჩემთან აქვს დისკომფორტი. ღამეებს თეთრად ვათენებ და სულ იმაზე ვფიქრობ, სად დავუშვი შეცდომა, როდის გამისხლტა ბავშვი ხელიდან და როდიდან დაიწყო ჩვენი ასეთი გაუცხოება, მაგრამ, ვერ ვიხსენებ. დაახლოებით 12-13 წლამდე ისე ახლოს იყო ჩემთან, ჩემი დაქალები შემომნატროდნენ, ახლა კი ლამის მოსისხლე მტრად გამომაცხადოს. თუ რამე ვურჩიე, ვთქვათ, ჩაცმის ან რამე მსგავსი საკითხის შესახებ, ჯინაზე უკუღმა აკეთებს. ისე განვიცდი და ვნერვიულობ, ლამის გული გამისკდეს. გამოდის, რომ ტყუილად მიცხოვრია ამქვეყნად, არაფერი გამიკეთებია ერთადერთი შვილისთვის.

ვიცი, რომ ბევრი დედაა ჩემს მდგომარეობაში, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია ჩემთვის. შეიძლება, ბევრი შეცდომა დამიშვია მისი აღზრდის დროს, შეიძლება, რამე შემშლია კიდეც, მაგრამ, ესეც მხოლოდ მისი სიყვარულიდან გამომდინარე მომსვლია.

ძალიან ვნერვიულობ და მეშინია, სულ მთლად არ ჩამომშორდეს და პროტესტის ნიშნად, რამე უგუნური საქციელი არ ჩაიდინოს. ახლა რომ ვფიქრობ, მგონია, რომ მისი ასეთი დამოკიდებულება ჩემდამი იმ სიმკაცრის ბრალია, რომელსაც მე მის მიმართ ვიჩენდი, ვთქვათ, იგივე მეცადინეობასთან ან სადმე წასვლასთან დაკავშირებით. ახლა ძნელია დასკვნების გამოტანა, მაგრამ, შედეგი სახეზეა – ჩემს შვილს აშკარად არ ვუყვარვარ და, თუ ასე გაგრძელდა, აუცილებლად წავალ სახლიდან, თანაც ისე, რომ მას არ ეცოდინება, სად ვიქნები. ეგებ, რომ მოვენატრები, მაშინ მიხვდეს ჩემს ფასს.

ნანა, 36 წლის.



მეგობარმა მშრალზე დამტოვა

მე და ჩემმა მეგობარმა მცირე ბიზნესი წამოვიწყეთ – პატარა მაღაზია გავხსენით და საქონელი ხან ერთს ჩამოგვქონდა უცხოეთიდან, ხან – მეორეს. ფულის სამი მეოთხედი ჩემი იყო და ამიტომ, „სტოსი“ მე მიმყავდა. თუმცა, ისეთი ახლო მეგობრები ვიყავით, რომ არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია და საქმე კარგად მიდიოდა. ერთხელ ერთმა ჩემმა ნათესავმა მკითხა, როგორ მიდის თქვენი საქმე, შენმა პარტნიორმა თუ გაამართლაო. მე ძმაკაცის ქება დავიწყე და ვუთხარი, საკუთარ თავზე მეტად ვენდობი-მეთქი, ნათესავმა კი იჭვნეულად მითხრა, ფული ისეთი რამ არის, ბოლომდე საკუთარ შვილსაც არ უნდა ენდო. ისე კი, გახსოვდეს, არასდროს ბიზნესში ახლობელი არ შეიამხანაგო, თორემ, ან ბიზნესს დაკარგავ, ან ახლობელს, ან – ორივეს ერთადო. მე ამაზე საშინლად გავბრაზდი და ლამის ვეჩხუბე, მაგრამ, ამ ამბიდან ძალიან მალე დავრწმუნდი მისი სიტყვების სისწორეში. ერთ დღესაც, როდესაც საქონლის ჩამოტანის ჯერი ჩემს ძმაკაცზე მიდგა, მივეცი საყიდელი საქონლის სია, ფული და გავუშვი. ერთი კვირის შემდეგ კი გავიგე, რომ მთელი ჩემი თანხიანად იმ ქვეყანაში დარჩა და ქვეშევრდომობა ითხოვა. მე, რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებ, რომ ყველა მისნაირია, მაგრამ, საერთოდ, მართალი ყოფილა: თუ გინდა, რომ მეგობარი დაკარგო, ან პარტნიორად გაიხადე, ან ფული ასესხე.

ზურაბი, 40 წლის.



ცოლი მალე გამაკოტრებს

სანამ ჩემი ცოლი უმუშევარი იყო და სახლში იჯდა, არაჩვეულებრივი ხასიათი ჰქონდა და საოცრად შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით. არც პრეტენზიული იყო, არც ქალური ხუშტურებით მაწუხებდა – იცოდა, რისი შესაძლებლობებიც გვქონდა ოჯახში და ზედმეტს არაფერს ითხოვდა. გარდა ამისა, შესანიშნავი მზარეული იყო და ყოველდღე უგემრიელეს კერძებს მიმზადებდა, მაგრამ, ჩემი უჭკუობით, გადავეკიდე, მუშაობა უნდა დაიწყო, გაერთობი კიდეც და მეც ცოტათი წამეშველები-მეთქი. სიმართლე უნდა ვთქვა, რომ არ უნდოდა, მეუბნებოდა, ოჯახის მოვლას ვეღარ მოვახერხებო, მაგრამ, მაინც ჩემი გავიტანე და საკმაოდ პრესტიჟულ სამსახურში მოვაწყვე. ჩვენი წვრილ-წვრილი უთანხმოება რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო, როცა ჯერ უსადილოდ დამტოვა რამდენჯერმე, მერე სამსახურის შემდეგ დაქალებთან ერთად ბარებსა და კლუბებში დაიწყო სიარული და, შესაბამისად, სახლში გვიან ბრუნდებოდა, ერთ დღეს კი გამომიცხადა, დამლაგებელი და მზარეული უნდა ავიყვანოთ, მე ძალიან ვიღლები და, თანაც, გოგოებმა დამცინეს, როცა გაიგეს, რომ სახლში ყველაფერს თვითონ ვაკეთებო. თავიდან კატეგორიული უარი ვუთხარი – მაგის საშუალება არ მაქვს-მეთქი. ადგა და გამებუტა – მთელი კვირა ხმა არ გაუცია, თან, ყოველ საღამოს (თუკი სახლში იყო) ტირილით ისიებდა თვალებს. მე შევეცადე, დაყვავებით ამეხსნა, რომ ეს ჩვენთვის წარმოუდგენელი ფუფუნებაა და ამაში ფულის გადაყრას, ჯობია, იმ თანხის სამზარეულოს აპარატურა ან სხვა რამე ვიყიდოთ-მეთქი. მაგრამ, განაწყენებულმა მომახალა, ნამდვილი პლებეი ხარო. მე მაინც ვიმედოვნებდი, რომ დაფიქრდებოდა და მიხვდებოდა, რომ მართალი ვიყავი, მაგრამ, ამის ნაცვლად, ფრიად ორიგინალური პროტესტის ხერხს მიაგნო: მაშინ, როდესაც თვითონ ჯერ კიდევ არ იმყოფებოდა სახლში, დარეკავდა რომელიმე რესტორანში, მისცემდა ძვირფასი სადილის ან ვახშმის შეკვეთას და პირდაპირ ფაქტის წინაშე მაყენებდა: სახლში მოჰქონდათ ათასნაირი ნუგბარი და დელიკატესი (მერე გავიგე, თურმე მისი ახალი დაქალები სწორედ ამ კერძებს მიირთმევდნენ ყოველდღე), მე კარს ვაღებდი, რესტორნის კურიერს ეს ყველაფერი შინ შემოჰქონდა და მეც იძულებული ვიყავი, საფასური გადამეხადა. მერე ჩემი ცოლი თვითონაც ბრუნდებოდა სახლში და ტელევიზორთან მოკალათებული მიირთმევდა (ცოდვას ვერ ვიტყვი, მეც მთავაზობდა, მაგრამ იმხელა ფასი მქონდა გადახდილი, იმას როგორ დავაკარებდი პირს). მერე კი ჩემთან შეუთანხმებლად აიყვანა დამლაგებელიც და მზარეულიც – ჩემი პროტესტების მიუხედავად, მაინც თავისი გაიტანა. მართალია, მე ბოლომდე გამატყავა (თვითონ არც ერთს არ უხდის ფულს), მაგრამ, სამაგიეროდ „სვეცკი” ცხოვრება მოიწყო და ახლა თვითონაც შეუძლია, დაქალებში იტრაბახოს, რამდენი აუთვისებელი სადილი და დესერტი გადაყარა ბუნკერში.

გაგა, 34 წლის.



ჩემი ლექტორი შემიყვარდა

მეორე კურსი რომ დაგვეწყო, ერთ-ერთ საგანში ლექტორი შეგვეცვალა – ხნიერი და ბუზღუნა შინაბერას ნაცვლად, აუდიტორიაში ძალიან სიმპათიური მამაკაცი შემოვიდა. გოგოების უმრავლესობას დანახვისთანავე შეუყვარდა და მათ შორის ვიყავი მეც. ეს ის კაცი იყო, როგორზეც მთელი ცხოვრება ვიცნებობდი: საშუალოზე მაღალი, სპორტული აღნაგობის, შეჭაღარავებული, სათვალეებიანი... ყველაფერ ამასთან ერთად, საოცრად დახვეწილი მანერებით, მომაჯადოებელი საუბრით და, რაც ყველაზე მეტად გვაგიჟებდა გოგოებს, ოდნავ მოჭუტული, საოცრად ვნებიანი მზერით. ისეთი გამოხედვა ჰქონდა, ვისაც უყურებდა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის მოსწონდა და მას ეარშიყებოდა. კურსზე ბიჭებმა ეჭვიანობა დაიწყეს და პროტესტის ნიშნად მის ლექციებს არ ესწრებოდნენ, ამიტომ მხოლოდ გოგოები ვისხედით და თვალებში შევციცინებდით ჩვენს კუმირს. რამდენიმე ხანში ვიგრძენი, რომ ჩვენი ახალგაზრდა პროფესორი სერიოზულად შემიყვარდა. ეს გოგოებს არ გამოჰპარვიათ და დიდსულოვნად „დამითმეს.” ის კი არა, მაჭანკლობაც იკისრეს. იმდენი მოახერხეს, რომ ერთ-ერთის დაბადების დღეზე დაპატიჟეს და ბოლოს ისე მოაწყვეს, რომ ჩემი სახლამდე მიცილების პატივი მას არგუნეს წილად. მთელი გზა მხოლოდ მაღალ მატერიებზე ვსაუბრობდით. აშკარად კარგად გავუგეთ ერთმანეთს. სახლამდე რომ მიმიყვანა, დამშვიდობებისას მთხოვა, კიდევ შევხვდეთ ერთმანეთსო. რა თქმა უნდა, სიხარულით დავეთანხმე. ასე ვხვდებოდით რამდენიმე თვის განმავლობაში და ორივე ძალიან კარგად ვგრძნობდით თავს. ლაშამ მითხრა, რომ ყოველთვის შენი სტილის გოგოები მომწონდაო. ყოველ შეხვედრაზე უფრო და უფრო მეტს ვიგებდით ერთმანეთის ხასიათისა და თვისებების შესახებ. მითხრა, რომ საკმაოდ მძიმე ხასიათი აქვს, მკაცრია ურთიერთობებში და მიაჩნია, რომ ოჯახში „პირველი ვიოლინო” მამაკაცი უნდა იყოს; რომ ვერ იტანს ზედმეტად აქტიურ, კაპას ქალებს და პატივს არ სცემს იმ მამაკაცებს, რომლებიც ქალების ჭკუაზე დადიან; რომ არის კონსერვატორი, დაწყებული ჩაცმის სტილით, დამთავრებული ურთიერთობებით; რომ არ უყვარს ზედმეტად „შეღებილ-შერემონტებული” ქალები და არ ცნობს სექსუალურ უმცირესობებს. ერთი სიტყვით, რამდენიმე თვეში მისი სრული პორტრეტი მქონდა (გულსა და გონებაში) და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთ სერიოზულ, ჭკუადამჯდარ და გაწონასწორებულ კაცს ვუყვარდი. თანდათან ჩვენი ურთიერთობა ისე განვითარდა, რომ ოჯახის შექმნაზე დავიწყეთ ჯერ ფიქრი, მერე – მსჯელობა, ბოლოს კი – გეგმების დაწყობა და ამ ყველაფრის ინიციატორი თვითონ იყო. მაგრამ, ისე ხდებოდა ხოლმე, რომ, როდესაც დათქმული თარიღი ახლოვდებოდა, ყოველთვის რაღაც გაუთვალისწინებელი მოვლენა გვიშლიდა ხელს. მერე კი გაირკვა, რომ ჩემს რჩეულს ცოლი ჰყავდა, მაგრამ, სანამ ამას მე გავიგებდი, იმ ქალს თვითონ გაუგია ჩემი არსებობის შესახებ, ერთ დღესაც, დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. საკმაოდ უხეში, ცივი და დაღლილი ხმა ჰქონდა. ისე კატეგორიულად მომთხოვა, შემხვდიო, უარის თქმა ვერ გავბედე. ძალიან მეშინოდა და ვღელავდი, მაგრამ, თან ვფიქრობდი, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გავარკვიო ყველაფერი-მეთქი და დავთანხმდი. თანაც, ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ვიყავი ლაშაზე, რომ დამიმალა და მომატყუა. იმ ქალმა მითხრა, მე გარეთ გამოსვლა არ შემიძლია და ამიტომ სახლში უნდა მოხვიდეო. ვიცოდი, ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ, ცნობისმოყვარეობამ მძლია და დათქმულ დროს ლაშას სახლში მივედი. ზარი რომ დავრეკე და კარი გაიღო, გაოცებისგან პირი დავაღე – ჩემ წინ დაბალი, მსუქანი, თმაშეუღებავი, შავტუხა ქალი იდგა. მე თავიდან მოსამსახურე მეგონა და შევყოვნდი, მაგრამ მან ხელი მომკიდა, სახლში ძალით შემიყვანა, სავარძელში ჩამსვა და დოინჯით დამადგა თავზე. კარგად რომ ამათვალიერ-ჩამათვალიერა, თვითონაც წინ დამიჯდა და მითხრა:

– კარგი გოგო ჩანხარ, თან, გეტყობა, რომ შენც მოგატყუა ჩემმა ძვირფასმა ქმარმა. ალბათ, გიკვირს, ჩემნაირი გარეგნობის ქალი როგორ შეირთო ასეთმა სიმპათიურმა მამაკაცმა. არ დაგიმალავ, მეც შენსავით მოვიხიბლე მისი დანახვისთანავე, მაგრამ, აბა, რისი იმედი უნდა მქონოდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ყველა ილეთი გამომეყენებინა: ვიცოდი, რომ ძალიან ღარიბი ოჯახიდან იყო, მამაჩემს კი დიდი ქონება ჰქონდა. ავდექი და პირდაპირ ვუთხარი, მიყვარხარ და, თუ ცოლად შემირთავ, მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი იქნები და კარიერასაც გაგიკეთებს მამაჩემი, ოღონდ, იცოდე, თუ შენი ცოლი გავხდები, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მენდომება-მეთქი. მაშინვე დამეთანხმა. ერთ კვირაში დავქორწინდით და მას მერე ერთად ვართ. პრინციპში, თავის პირობას ასრულებს – მორჩილი და დამჯერი ქმარია. სულ თვალებში მიყურებს, ცდილობს, მასიამოვნოს, ეშინია, რამეზე არ გავბრაზდე, თორემ, იცის, ისევ ქუჩაში დარჩება და მამაჩემის ნაყიდ პროფესორობასაც დაემშვიდობება. მართალია, ხანდახან გაექცევა ხოლმე თვალი და შენნაირ გამოუცდელ გოგოებს ტვინს ურევს და აცუცურაკებს, მაგრამ ბოლოს ეს ყველაფერი ისევ ბოდიშების მოხდით, პატიების თხოვნითა და შერიგებით მთავრდება. ხანდახან მეც ვხუჭავ თვალს მის ასეთ ცელქობაზე და, როცა სიტუაცია სერიოზულდება, მხოლოდ მაშინ ვერევი საქმეში. ახლაც ასე მოხდა. სახლში კი იმიტომ დაგიბარე, რომ ჩემს სიტყვებში დაგარწმუნო: რამდენიმე წუთში თვითონაც მოვა და საკუთარი ყურით მოისმენ, რასაც იტყვის.

მართლაც, დაახლოებით ათ წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა. ქალმა კარი გააღო და ლაშას ხმაც გავიგონე:

– მოვედი, ჩემო საყვარელო, ხომ არ მოიწყინე უჩემოდ?

– სხვა არაფერი გაქვს სათქმელი? რაღაცეები გავიგე შენზე. რა გინდა, ისევ გავბრაზდე და სახლიდან მიგაბრძანო? – უპასუხა ცოლმა, რაზეც ჩემი ოცნების მამაკაცმა ლამის კუდის ქიცინითა და მლიქვნელობით, შესაბრალისი წკმუტუნით შეჰღაღადა:

– კარგი, რა, ჩემო ანგელოზო, ოღონდ შენ არ გამიბრაზდე და, თუ გინდა, მთელი კვირა მე გავაკეთებ სახლის საქმეებს.

– მინდა! – მოკლედ უპასუხა ცოლმა.

ლაშა მიხვდა, რომ ღრუბელმა გადაიარა და გახარებულმა ღიღინი დაიწყო, თან ცოლს რაღაცა სახალისო ამბებს უყვებოდა.

– მაინც ვინ არის ის ქალი? – თემას დაუბრუნდა ცოლი.

– არავინ, ერთი სულელი გომბიოა, გადამეკიდა, მოსვენება არ მომცა და მეც შემეცოდა, ერთი-ორი ქათინაური ვუთხარი, სულ ეს იყო, – თავი იმართლა ბატონმა პროფესორმა და ხმა აუკანკალდა, – ხომ არ მიბრაზდები?

– კარგი, არ გიბრაზდები, მაგრამ, შენთვის სიურპრიზი მაქვს, – „ახარა” ცოლმა.

– მართლა? – გაუხარდა ლაშას, – აბა, რა სიურპრიზია?

– მისაღებში წამოდი და გაჩვენებ, – უთხრა ცოლმა და ჩემი ძვირფასი შეყვარებული თავზე დამაყენა. უნდა გენახათ, რა დაემართა იმ საცოდავს: ჯერ ცისარტყელას შვიდივე ფერმა გადაუარა სახეზე, მერე მთლიანად გაშავდა, მერე სულელის ღიმილი გადაეფინა და ასე გაღიმებული იდგა კარგა ხანს. ბოლოს ამოიოხრა და, მხრებჩამოყრილმა და მუხლებაკანკალებულმა, ჩლაჩუნით დატოვა იქაურობა.

მე ისე შემზარა ამ სანახაობამ, აღარ ვიცოდი, რომელი უფრო შემძულებოდა ან შემცოდებოდა. მაგრამ, ერთ რამეში ნამდვილად დავრწმუნდი: ეს ორი „გვრიტი” ნამდვილად იყო ერთმანეთის ღირსი.

ია, 19 წლის.



ყველა არ არის კაცი, ვისაც შარვალი აცვია

ჩემს დაქალს, მე ვიტყოდი, უცნაური რამ შეემთხვა. ჰყავდა შეყვარებული, რომელსაც იმიტომ დაშორდა, რომ ის მშობლებმა ინგლისში გაუშვეს სასწავლებლად. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ზუკას დედას ანი არ მოსწონდა სარძლოდ და, ვერაფრით რომ ვერ დააშორა თავისი შვილი, ამ ხერხს მიმართა. მერე ისე მოხდა, რომ ანიმ სხვა ბიჭი გაიცნო და ერთმანეთი შეუყვარდათ. არანაირი ურთიერთობა აღარ ჰქონდათ, სკაიპითაც კი აღარ ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. მეორე შეყვარებულთან, ნიკასთან, უკვე ქორწილზეც კი იყო მოლაპარაკებული, მაგრამ, ისე მოხდა, რომ ანი ორკვირიანი მივლინებით გაუშვეს სამსახურიდან ლონდონში. დათქმული ჰქონდათ, რომ ჩამოვიდოდა, ჯვარსაც მერე დაიწერდნენ და ქორწილსაც გადაიხდიდნენ. მაგრამ, ალბათ, ბედის ირონიით, ანი ლონდონში ჩასვლის მეორე დღეს თავის პირველ შეყვარებულს შეხვდა და მთელი ის ორი კვირა მასთან ერთად გაატარა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მოხდა თუ არა რამე მათ შორის, მაგრამ, როდესაც ანი უკან ბრუნდებოდა (ცხადია, ზუკა აცილებდა), ზუსტად მაშინ, ტრაპთან რომ უნდა გასულიყო, ზუკამ ხელიდან გამოსტაცა ბილეთი და ნაკუწებად უქცია. რა თქმა უნდა, ანი იმ რეისით ვერ გამოფრინდა. მერე კი ისე მოხდა, რომ კარგა ხანს დარჩა ლონდონში. აქ კი მშობლები და ნიკა ელოდნენ. თავიდან ანიმ ყველას ტყუილი უთხრა, აქ საქმის გამო მიწევს დარჩენაო, მაგრამ, კარგა ხანს რომ ვეღარ ჩამოვიდა, იძულებული გახდა, ეღიარებინა, რაც მოხდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა, ან ნიკა რა დღეში ჩავარდებოდა. ეს რომ ზუკას მშობლებმა გაიგეს (ალბათ, თავიანთი შვილისგან შეიტყვეს, რაც მოხდა), ახლა ამათ ატეხეს ერთი ამბავი – ძლივს ჩამოვაშორეთ ჩვენს შვილს და იქ ჩაკითხვა როგორ გაბედაო. მერე აღმოჩნდა, ლონდონში ზუკას ანი რომ შეხვდა, ძველი გრძნობები განუახლდა და შეეცადა, ანი დაებრუნებინა, მაგრამ, როდესაც დედამისმა თბილისიდან დაუწყო შეტევები და ისტერიკები – მაგ გოგოს შერთვა არ გაბედო, თორემ ჩამოვალ და მანდ მოვიკლავ თავსო, ჩვენი გაინგლისელებული რომეო დაშინდა და იმის „ჩალიჩი“ დაიწყო, რომ ანის თვითონ მოესურვებინა თბილისში დაბრუნება და ასე იოლად დაეძვრინა თავი ამ სიტუაციიდან. ანი მიხვდა, რომ მეორედ მოტყუვდა, ზუკას რომ დაუჯერა, უახლოეს რეისზე აიღო ბილეთი და თბილისში დაბრუნდა, ოღონდ, არავისთვის არ შეუტყობინებია. რამდენიმე დღე გონზე მოსასვლელად დასჭირდა, მერე კი თავი ვალდებულად ჩათვალა, ნიკას შეხვედროდა და ყველაფერი აეხსნა, მაგრამ იმან ანის ნახვა არ ისურვა. საწყალმა გოგომ სამსახურიც დაკარგა. მართალია, ალბათ, რამეს იშოვის, მაგრამ ძალიან ცუდად გრძნობს თავს. იცის, რომ არავის ბრალი არ არის, ამ დღეში რომ აღმოჩნდა და არც არავის აბრალებს საკუთარი თავის გარდა. ძალიან უჭირს მორალურადაც და ფიზიკურადაც. დაქალები გვერდიდან არ ვშორდებით, მაგრამ, ჩემი აზრით, მისთვის ყველაზე საუკეთესო წამალი სამსახურის შოვნაა – საქმეზე რომ გადაერთვება, თავის სატკივარზე საფიქრელად ნაკლები დრო დარჩება.

ის ვაჟბატონი კი, ზუკა, ლონდონში კი არა, სადაც არ უნდა მიიღოს განათლება, მაინც ნაძირალა, „დედიკოს ბიჭი“ და ქალაჩუნა დარჩება და ვერც ვერასდროს ააწყობს ოჯახს, რადგან, ალბათ, ცოლის კოცნა რომ მოუნდება, მაშინაც თავის კიკიმორა დედიკოს დაურეკავს ნებართვის ასაღებად. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ, ვისაც შარვალი აცვია, ყველა არ არის კაცი.

მაიკო, 27 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3