რა სატყუარას წამოეგო თამარ ივერი და რატომ გამოეცალა მას ფეხქვეშ მიწა
ქართველი „კონკია“, თამარ ჯავახიშვილი, საქართველოდან ჯერ კიდევ ათი წლის წინ წავიდა. ის მსოფლიოს წამყვანი თეატრების სცენებზე მღერის და უფრო და უფრო აოცებს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მსმენელს. სიმღერა ჯერ კიდევ პატარა თამარს, მამამ, ცნობილმა ქართველმა ბარიტონმა, ავთანდილ ჯავახიშვილმა დააწყებინა. გავლენა კი კასტა დივას არიამ მოახდინა, ბელინის არაჩვეულებრივი ოპერიდან „ნორმა“. როგორ დაიწყო დღეს უკვე თამარ ივერის საოპერო კარიერა, რა სირთულეები გამოიარა მან ცხოვრებაში და რატომ იდგა მისი სიმღერა კითხვის ნიშნის ქვეშ, ამ თემებზე ქართველი სოპრანო თავისი ცხოვრების დღიურებში გიამბობთ.
თამარ ივერი: ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ ჩემს ბავშვობას, მეღიმება, რადგან ძალიან მოუსვენარი და ანცი ვიყავი. თუკი რამ ხდებოდა უბანში, ყველაფრის ორგანიზატორი მე ვიყავი. ვინმე რომ ავიდოდა სახლის სახურავის გასაკეთებლად, კიბეს გამოვაცლიდი ან ტროტუარზე ძაფებს გავაბამდი იმ მიზნით, რომ ვიღაც სიბნელეში გამოივლიდა და წაიქცეოდა. გავიზარდე მუსიკოსისა და პედაგოგის ოჯახში: დედა გერმანული ენის პედაგოგი გახლდათ, მამა, ავთანდილ ჯავახიშვილი – ბარიტონი, ოპერის თეატრის სოლისტი. მახსოვს, მამა მარია კალასის, ენრიკო კარუზოს ჩანაწერებს ჩართავდა და მასმენინებდა, ნეაპოლიტანურ რომანსებს მასწავლიდა. 5-6 წლის ბავშვმა უკვე რამდენიმე რომანსი ვიცოდი, ეზო-ეზო დავდიოდი და ვმღეროდი. მეზობლები მთხოვდნენ – თამრიკო, აბა, რამე გვიმღერე და მანდარინებს, კანფეტებს მოგცემთო. „დათუნია“ შოკოლადის გამო, მაშინ, ალბათ, სამშობლოსაც გავყიდდი, ისე მიყვარდა. მეც, ვიდექი და ვმღეროდი. ერთი-ორჯერ, სიმღერის დროს, დედაჩემი მომეპარა და ყურზე ხელი წამავლო – წამოეთრიე, უბნის ჯამბაზოო. ჩემი პატარა ბიზნესი მქონდა, თუმცა, მხოლოდ შოკოლადების გამო არ ვმღეროდი, სიმღერა დიდ სიამოვნებასაც მანიჭებდა. ვგრძნობდი, რომ მსახიობობა მინდოდა, ამის მონაცემები მქონდა. ფილმში „იმერული ესკიზები“ არის ასეთი სცენა – ბავშვები აივანზე „ადიალას“ ჩამოაფარებენ, ვითომ სასცენო ფარდაა და სპექტაკლებს აწყობენ. ასე ვიყავით მე და ჩემი ამხანაგებიც – გავაბამდით ბაწარს, ჩამოვკიდებდით ფარდას, ჩავრთავდით იტალიურ ფირფიტებს და ხმას ვაყოლებდით. მამამ თეატრიდან გაფუჭებული მიკროფონი მომიტანა, ჩემს ბიძაშვილს ფანრები ჰქონდა, სხვადასხვა ფერის განათებებით, რაც ლამაზ ფონს ქმნიდა და, ასე ვთქვათ, ჩვენი პატარა, მოკრძალებული შოუები გვქონდა. მაგრამ, გავიდა დრო და დადგა ეტაპი, როცა პროფესია უნდა ამერჩია. მინდოდა, ხელოვნებაში დავრჩენილიყავი, თუმცა, რა ფორმით, არ ვიცოდი. ერთი-ორჯერ ანსამბლებში მომისმინეს, კონკურსი გამოცხადდა – მომღერლებს ვეძებთო, მაგრამ, სადაც ვიმღერე, ყველგან მითხრეს, კლასიკური ხმა გაქვსო. ერთხელ სკოლაში „კონკიას“ დადგმა გადაწყვიტეს. გოგონები მივაწყდით – ყველას კონკიას როლი გვინდოდა. ნასწავლი მქონდა იმ სცენების ტექსტი, რაც უნდა გაგვევლო. როგორც წესი, ჟიურიში რამდენიმე კაცი იჯდა. ერთმა მეორეს უთხრა, დავამტკიცოთ როლზეო. გამიხარდა – რა კარგია, კონკია ვიქნები, ოცნება ამისრულდა-მეთქი, ისინი კი მეუბნებიან: არა, გენაცვალე, ძალიან მოგვეწონე, მაგრამ, ისეთი დიდი და შავი თვალ-წარბი გაქვს, გადავწყვიტეთ, რომ დედინაცვლის როლი უფრო მოგიხდებაო. ერთი ამბავი ავტეხე – დედინაცვლის თამაში არ მინდა-მეთქი. უარი ვთქვი. მართალია, საოპერო ხმა და ნიჭი მქონდა, მაგრამ, მეგონა, რომ ოპერის მომღერალი ქალი აუცილებლად მსუქანი უნდა ყოფილიყო. ძალიან ძნელია, 12 წლის ბავშვს კლასიკურ მუსიკაზე ელაპარაკო. ჩემი პირველი პედაგოგი და ყველაზე დიდი მრჩეველი მამა იყო. სამწუხაროდ, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაშინ მე ცხრამეტი წლის ვიყავი. ეს ისეთი შოკი იყო ჩემთვის და იმდენად გამიჭირდა მის გარეშე, საერთოდ ხელის ჩაქნევას ვაპირებდი ყველაფერზე. ყოველ ჩემს ნაბიჯს, ნამღერს თუ ფრაზას მამა აკონტროლებდა და მისი სიკვდილის შემდეგ თითქოს ნიადაგგამოცლილი დავრჩი. ვფიქრობდი, ღირს თუ არა ამ ყველაფრის მერე ეს საქმე გავაგრძელო-მეთქი. ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე, დეპრესიები მქონდა, ფაქტობრივად, ჩავიკეტე. აღარც კი მინდა ამის გახსენება. ისევ სიმღერამ გამომიყვანა მდგომარეობიდან. როდესაც დედამ და ახლობლებმა მითხრეს, მამას ოცნება იყო, შენ გემღერაო, ამის მერე მივიღე გადაწყვეტილება, სიმღერა გამეგრძელებინა. კი, ესტრადა მიყვარდა, როგორც ყველა პატარა გოგოს; ვოცნებობდი პოპვარსკვლავობაზე, მსახიობობაზე, რომ მეთამაშა „ქარწაღებულნი“ ან სხვა რამ, მაგრამ, როდესაც მამამ მომასმენინა ბელინის „ნორმა“, კასტა დივას არია, ლამის გადავირიე. რასაც მანამდე ვისმენდი – რომანსებს, არიებს, თითქოს არაფერი იყო, ამ არიამ კი ყველაფერი გადაფარა. მამა სულ მეუბნებოდა: ლამაზი ხმა გაქვს, დაიწყე ვოკალში მეცადინეობა, მინდა, რომ გამეცადინოო. ვჯიუტობდი. მერე ეს არია მომასმენინა – ყური უგდე, რა ლამაზი სიმღერაა. არ გინდა, შენც ასე იმღეროო? „ათიანში“ რომ მოარტყამ, ასე მოხვდა ჩემს გულს. ვუთხარი, კარგი, დავიწყებ შენთან მეცადინეობას, რამდენ ხანში შემიძლია, ასე ვიმღერო-მეთქი. თუ ინტენსიურად იმეცადინებ, ალბათ, ორ-სამ თვეში. ორკესტრს მე მოველაპარაკები და დაგიკრავენ ამ ოპერასო. ამის ინტერესით დავიწყე ყოველდღიური მეცადინეობა. გავიდა ხუთი თვე. მამას ვუთხარი, მიშოვე ნოტები და ვიმღერებ-მეთქი. იცი, თამრიკო, მინდოდა, დამენახა, რომ ხმაზე მუშაობის სურვილი გაქვს, თორემ, ეს არია სამ-ოთხ თვეში კი არა, ათ-თხუთმეტ წელიწადში თუ იმღერე, მადლობა უნდა თქვა, იმდენად რთული სიმღერააო. მოკლედ, მამამ მოახერხა ის, რომ შევედი ამ სამყაროში და ვეღარ გამოვედი. ყოველდღე ვმუშაობდი ხმაზე. ვიგრძენი, რომ ნოტები წინ წამოვიდა, სხვანაირად გაიჟღერა ჩემს ყელში, ვულკანივით ამოხეთქა. ეს, უბრალოდ, იყო მამას მიერ გადმოგდებული სატყუარა. ვგრძნობდი, რომ მხოლოდ ამ არიისთვის კი აღარ ვმუშაობ, არამედ, იმიტომ, რომ ეს საქმე უზომოდ შემიყვარდა. ასე დავრჩი საოპერო ხელოვნებაში. მამამ სწორად გათვალა – კასტა დივას არია თხუთმეტ წელიწადში ვიმღერე. რამდენიმე წლის წინ პაატა ბურჭულაძემ რიყეზე კონცერტი ჩაატარა, სახელწოდებით – „ბრავო“. პაატას ვუთხარი: ძალიან მინდა მამას ეს სიმღერა მივუძღვნა-მეთქი. მისი ოცნება იყო, ეს მემღერა და ვიცოდი, მის სულს ესიამოვნებოდა. საფლავზე მივედი და პირობა მივეცი – მამა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვიმღერო „მეტროპოლიტენ ოპერაში“, „ლა სკალაში“ და „კოვენტგარდენში“-მეთქი. მას მიაჩნდა, რომ თუ მომღერალი ამ თეატრებში არ იმღერებდა, დიდ მომღერლად არ ჩაითვლებოდა. როდესაც ამ თეატრებში ჩემი დებიუტი მქონდა, ჩამოვდიოდი, საფლავზე მივდიოდი და მამას ვეუბნებოდი: რასაც შეგპირდი, აგისრულე-მეთქი. ყოველთვის ვგრძნობ, რომ დარბაზში მისი სული ტრიალებს. ზოგჯერ რაღაც მოძრაობები არ გამიკეთებია, სწორედ იმიტომ, რომ, მას არ მოეწონებოდა. ვიცი, რა ესიამოვნებოდა და რა – არა. სულ მეუბნებოდა: რაც არ უნდა გაგიჭირდეს, სცენაზე საწყალი არ უნდა ჩანდე. როდესაც ხალხი შენს სახეზე შიშს კითხულობს, ის ვეღარ ისიამოვნებსო. მამა საოცარი ფსიქოლოგიც იყო. საოპერო სამყაროში იცნობდნენ, როგორც უაღრესად ერუდირებულ და განათლებულ კაცს, „ცოცხალ ენციკლოპედიასაც“ ეძახდნენ. არ არსებობდა საკითხი, რომ მას არ სცოდნოდა.
– კასტა დივას არია, რომელსაც მარია კალასი ასრულებდა, მართლა ულამაზესია და ძალიან წააგავს „ავე მარიას“. ის საქართველოს პატრიარქის საყვარელი სიმღერაა და გთხოვათ, მისთვის შეგესრულებინათ, როცა მას საპატრიარქოში ესტუმრეთ.
– საპატრიარქოში ვიყავი და მაშინ მითხრა, ჩემი საყვარელი არიაა და ხომ არ მიმღერებო. სამწუხაროდ, ნოტები არ მქონდა, რომ მემღერა, პროგრამაში არ იყო გათვალისწინებული. ამიტომ, დღემდე გულში ხინჯად მაქვს, რომ ჩვენს პატრიარქს ეს სურვილი ვერ ავუსრულე, მაგრამ, აუცილებლად ვიმღერებ იქ, სადაც პატრიარქი იქნება.
– თუ შეიძლება, გვიამბეთ იმ უცნაურობებზე, რაც ოპერის თეატრების კედლებს იქით მომხდარა.
– გავიგე, რომ ჩემმა რამდენიმე კოლეგამ – ნატალია ბიორომ, როსანა გურბანმა, რომლებთან ერთადაც ვიდექი სცენაზე, თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე; ალექსია კოზმანმა უცბად შეწყვიტა თავისი კარიერა. ასეთი სევდიანი ისტორიები საოპერო ხელოვნებას ძალიან შემოეჩვია, იმდენად მომთხოვნი გახდა და გამკაცრდა წესები. თუნდაც ის, რომ მსუქნებს აღარ იღებენ; მომღერლებს ავალდებულებენ, სცენაზე უამრავი მოძრაობა შეასრულონ – კიბეზე ავიდნენ, ჩამოვიდნენ, გაიქცნენ, გამოიქცნენ, ბევრი სხვადასხვა არია შეასრულონ. დებორა ლოიტს „კოვენტგარდენმა“ ოფიციალურად გაუუქმა კონტრაქტი – ჭარბი წონა გაქვთ და რეჟისორს არ სურს თქვენთან მუშაობაო. ამ დროს, ეს ქალი მსოფლიოში განთქმული მომღერალია. თუ ვოკალის გზას გადაუხვიე, თუ პარტიებმა შენი იოგები დააზიანა და ისე ვეღარ მღერი, როგორც საჭიროა, ძალიან მკაცრად გეპყრობიან. ამას კი ბევრი ვერ უძლებს და ამიტომ გახშირდა თეატრიდან წასვლები, თვითმკვლელობები.
– როდის და როგორ აღმოჩნდით უცხოეთში?
– როდესაც კონკურსებში გავიმარჯვე და დავბრუნდი, ავსტრიის „გრაცის“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისგან, კარენ ტონისგან შემოთავაზება მივიღე. მითხრა, რომ დასში ჩემი აყვანა სურდა. იმ პერიოდში ბათუმის თეატრის სოლისტი ვიყავი და ვფიქრობდი, ამით უფრო დიდ სახელს მოვუტანდი ჩემს ქვეყანას, თუმცა, სამუდამოდ იქ დარჩენაზე არც ვფიქრობდი. ეს იყო ორწლიანი კონტრაქტი, ასე ვთქვათ, ევროპაში თავის დამკვიდრების კარგი საშუალება. ორ წელიწადში „ნესტერის“ მედალი ავიღე „ევგენი ონეგინში“ ტატიანას როლის შესრულებისთვის და ამის შემდეგ ნელ-ნელა გაიხსნა მსოფლიოს თეატრების კარები ჩემთვის. მაგრამ, ეს არ იყო ადვილი. ამას თან ახლდა მარცხიც. საერთოდ, თუ მომღერალმა ეს ეტაპები არ გაიარა, სხვანაირად არაფერი გამოვა. მართალია, კონკურსებში გაიმარჯვე, მაგრამ, აინტერესებთ, ოთხსაათიან სპექტაკლს როგორ ჩაამთავრებ. როდესაც მკითხეს, სად რა გაქვს ნამღერიო, ვუპასუხე, არსად, საქართველოდან ჩამოვედი-მეთქი. სადმე რომ მოსინჯავთ ძალებს და სპექტაკლებში მიიღებთ მონაწილეობას, მერე მობრძანდით ჩვენთანო. როდესაც თეატრის სოლისტი ხდები და ხელფასს გინიშნავენ, იმდენად აღარ გიჭირს. ამ მხრივ მქონდა უკვე შესაძლებლობა, ქირა მეხადა, მოგზაურობაში წავსულიყავი. რა თქმა უნდა, დასაწყისში გამიჭირდა. ბინა რომ ვიქირავე, არაფერი გამაჩნდა და ბანკის ვალი დამედო, 5 000 ევრო გამოვიტანე, რომ ელემენტარული ნივთები შემეძინა. მერე ორი წლის განმავლობაში ვფარავდი ვალს. რასაც ვიღებდი, მაშინვე მეხარჯებოდა, არ მიჩერდებოდა. სანამ კერძო კონტრაქტები არ წამოვიდა, ორი წელიწადი ძალიან მიჭირდა.
– რატომ მოხდა ისე, რომ თქვენი პირადი ცხოვრება არ აეწყო?
– ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდან ძალიან ვუყვარდი, გარდაიცვალა. ცხადია, ამან დიდი ტკივილი მომაყენა და ისევ დეპრესიები დაიწყო, მაგრამ, ბედნიერი ვარ, რომ არსებობდა ადამიანი, რომელსაც ასე ვუყვარდი. კარგია, როცა გყავს შეყვარებული, მეუღლე, მაგრამ, ოპერის მომღერალი ქალის ქმრობა ძალიან რთულია, ისევე, როგორც ბალერინის. ჩემი კოლეგა ქალები ვერ დგამენ სერიოზულ ნაბიჯს და ხშირ შემთხვევაში მეგობრობის დონეზე რჩებიან. ან შენ უნდა დათმო, ან – მან, რაც გმირობის ტოლფასია. ყველას მოსწონს, როცა სცენაზე ლამაზი ქალი დგას და მღერის, მაგრამ, როდესაც ახლოს გაგიცნობენ და პირად ცხოვრებაზე ესაუბრები, ზუსტად იცი, რომ მზად არის შენთვის რაღაც დათმობაზე წავიდეს, რაღაც ითავოს და ეს ძნელი მომენტია. ოჯახი და შვილი ყველა ქალისთვის აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის გაჩენა დიდ რისკთან არის დაკავშირებული. როდესაც ოპერის მომღერალი ბავშვს აჩენს, სუქდება და შეიძლება, ხმაც შეეცვალოს.
– ბათუმის თეატრიდან წამოსვლა ახსენეთ. ვიცი, ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოგონებები გაქვთ.
– თეატრიდან არ მიშვებდნენ, რომ კონკურსზე წავსულიყავი და ორჯერვე მალულად მოვახერხე. ხელმძღვანელი გვყავდა ისეთი, ვიცოდი, რომ მეთქვა, გამიშვით-მეთქი, არ გამიშვებდა. მაინც ისე მოაწყობდა ყველაფერს, რომ არ წავსულიყავი. საბოლოო ჯამში, დადგა ჩემს ცხოვრებაში ის მომენტი, რომ ან ერთი თეატრის სოლისტად უნდა დავრჩენილიყავი, ან კონკურსებზე მევლო. როდესაც ვცადე ბედი და კონკურსები ვარჩიე, თეატრიდან გამათავისუფლეს, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. მეგონა, ჩემ გარშემო დიდი ორმოა და, საცაა, ჩავვარდები-მეთქი. ხუთი წელი ვიყავი ამ თეატრში და საკუთარი ოჯახივით მიყვარდა. იმ პერიოდში გაურკვეველი იყო ევროპაში ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხი, რადგან, კონკურსი ორ კვირაში მთავრდებოდა და უკან უნდა წამოვსულიყავი. შენახული მაქვს ჩემი გათავისუფლების ფურცელი, სადაც წერია: თამარ ჯავახიშვილი არ დაემორჩილა ჩემ მიერ გატარებულ სტრატეგიას, საეჭვო კონკურსებზე დაძრწისო... დღეს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ადამიანს, რომ თავის დროზე გამათავისუფლა. ვენას რომ გადაიჭრი, მერე სისხლი სხვა გზებს ეძებს სხეულში გასავლელად. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა – სასიცოცხლო არტერია რომ გადამეჭრა, მაშინ დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ევროპაში მომეკიდებინა ფეხი.