როგორ იშოვა ბადრი პატარკაციშვილის ძმამ პირველი ფული და სად „ჩაიტყუა“ მან ამერიკელი ცოლი
კობა პატარკაციშვილი ქართულმა საზოგადოებამ უფროსი ძმის წყალობით, წლების წინ გაიცნო – მაშინ კობა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობდა. ძმის გარდაცვალების შემდეგ, ის თბილისში დაბრუნდა, თუმცა ბოლო დროს ამ ქალაქში ცხოვრება უფრო და უფრო უჭირს. ალბათ, ამიტომაც, დროის დიდ ნაწილს ისევ ამერიკაში ატარებს, სადაც მან პირადი ცხოვრება მომხიბვლელ ამერიკელ გოგონას დაუკავშირა. კობა პატარკაციშვილის ცხოვრება ძმასთან და მის გარეშე, ყველაზე დიდი ბედნიერება და „ბადრის დღე”, რომელიც პატარკაციშვილების დიდ ოჯახში დღემდე გრძელდება – თავისი ცხოვრების შესახებ ჩვენთან ექსკლუზიურად კობა პატარკაციშვილი საუბრობს.
– კობა, როგორ ხარ, რას საქმიანობ?
– ვცხოვრობ წყნარად, ჩემს პატარა ოჯახთან ერთად. ვეწევი კერძო ბიზნესს, საკმაოდ ბევრი ბიზნესგეგმა მაქვს სამომავლოდ, რომლის განხორციელებასაც ვაპირებ როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში.
– რატომ გააკეთე არჩევანი ბიზნესზე, ეს გენეტიკურად მოგდგამთ პატარკაციშვილებს?
– მე, მგონი, მართლაც ასეა. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე პროფესია მაქვს, სხვა მხარეს წასვლა არც მიფიქრია. პროფესიით სოციოლოგიც ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტიც, ბოლოს დავამთავრე ბიზნესის მაგისტრატურა. ძალიან ბევრი ღამე მაქვს გათენებული ბიბლიოთეკებში, როცა სოციოლოგიას ვსწავლობდი, მაგრამ მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, ვისაც მშვიდი, მეცნიერული ცხოვრება იზიდავს. მე არ ვარ კაბინეტის კაცი, მირჩევნია, აქტიურ რეჟიმში ვიყო. ვერ ვისვენებ ვერც დღე და ვერც ღამე. რაღაც სხვა ასტრალში ვარ (იცინის). რაც შეეხება პატარკაციშვილების კავშირს ბიზნესთან, მე არ ვიცი, რამდენად არის ეს გენეტიკის ბრალი, მაგრამ მეც საკმაოდ პატარა ასაკში დავიწყე ბიზნესზე „ფიქრი”. ალბათ, 13-14 წლის ვიქნებოდი, როცა პირველი ფული ვიშოვე, ოღონდ ანაზღაურება ნატურით ავიღე. ჩემი მეზობელი ჰალვის ბიზნესით იყო დაკავებული, მას დავეხმარე რეალიზაციაში. ის კაციც ადგა და ჰალვა მაჩუქა, მაშინ დაიწყო ჩემი „ბიზნესი” (იცინის).
– უფროსი ძმის ცხოვრების ტრაგიკულმა დასასრულმაც არ დაგაფიქრა იმაზე, რომ დიდ ბიზნესს და ფულს, პრობლემაც ბევრი ახლავს?
– არა, პირიქით, ცხოვრება რისკია და ამ რისკს არ უნდა გაექცე. არ ვიცი, ოდესმე დადგება თუ არა ის დრო, რომ ჩემი ბიზნესის მასშტაბი ბადრის ბიზნესს გაუტოლდეს, მაგრამ იმის გამო, რომ ცხოვრებაში პრობლემები შეიძლება შემექმნას, ვერ შეველევი იმ საქმეს, რომელიც მომწონს. ბადრის პოლიტიკამ შეუქმნა პრობლემები, თუმცა სათავე მაინც ბიზნესიდან მოდიოდა. დიდი ბიზნესი ხომ არ არსებობს პოლიტიკის გარეშე. მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, საინფორმაციო საშუალებებსაც კი არ ვუყურებ. პოლიტიკური პარტიების დასახელებაც კი არ ვიცი. მართალია, ყველაფერი ასაკს და გამოცდილებას მოაქვს, მაგრამ ამ მხრივ აზრი არა მგონია, შემეცვალოს. არა იმიტომ, რომ რაიმესი მეშინია – პატარკაციშვილებს არ გვჩვევია გაქცევა, არც ცარიელი სიტყვების რახა-რუხი, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. სიმართლე გითხრათ, ბადრის გარდაცვალების შემდეგ, უფრო გამიმძაფრდა ის განცდა, რომ უფრო მეტი რამ უნდა გავაკეთო ცხოვრებაში. ის ჩემთვის ყოველთვის იქნება იმ ღირებულებების საზომი, რაც ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ბადრიმ დამიტოვა ძალიან დიდი „მემკვიდრეობა” – უფროსი ძმის ღირსეული მაგალითი, რაც ყველაზე ფასეულია ჩემთვის და ამაში, რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები.
– როგორც ვიცი, ძმამ სხვა მემკვიდრეობაც დაგიტოვა. მისი პირადი კავშირები არ გეხმარება ახლა ბიზნესში?
– ასე ვერ ვიტყოდი, – რაღაც გზები ბადრიმ დამიტოვა, რაღაცეებს თვითონ მივაგენი. მისი ბიზნესპარტნიორების უმეტესობა საკმაოდ ცუდად მოიქცა ბადრის ოჯახის წევრებთან, ასე რომ, მე საკუთარი თავისა და პარტნიორების იმედზე ვარ. ყველაზე დიდი მემკვიდრეობა, რაც ბადრისგან მერგო, არის ის განათლება, მისი წყალობით რომ მივიღე. საკმაოდ დიდხანს ვცხოვრობდი და ვსწავლობდი ამერიკაში, რაც მცირე თანხებთან არ იყო დაკავშირებული. ბადრი ამ ხარჯებს მთლიანად თავის თავზე იღებდა. ის ხომ სხვათა ცხოვრების გალამაზების დიდოსტატი იყო. მე ისე ვერ ვტკბები ცხოვრებით და ვერც ისე ხელგაშლილი ვარ, როგორც ამას ბადრი ახერხებდა. ის აფასებდა თითოეულ დღეს, ძალიან უყვარდა ადამიანები. მეც მასწავლა, როგორ უნდა მიანიჭო ბედნიერება და სიამოვნება ახლობლებს. ეს „საიდუმლო” მეც გამანდო და ალბათ, ჩემს ცხოვრებაშიც დადგება ასეთი პერიოდები. როცა ბადრი ამერიკაში ჩამოდიოდა, თუ დროს პოულობდა, ჩემთანაც მოდიოდა ხოლმე. მუდმივად რჩევებს მაძლევდა, რასაც ყოველთვის ვითვალისწინებდი. ჩემი სტუდენტური ცხოვრება ძალიან მოსწონდა. მახსოვს, ერთხელ ისიც კი მითხრა: არ შეიძლება, შენთან ერთად მეც ვისწავლოო? (იცინის).
– თქვენ ერთ ოჯახში არ გაზრდილხართ, ეს არ გიშლიდათ ხელს, ღვიძლი ძმებივით გქონოდათ ურთიერთობა?
– ჩვენ არასდროს გვქონია ის განცდა, რომ სხვადასხვა ოჯახში ვიზრდებოდით. ეს, უპირველესად, მამას დამსახურებაა. მისი ორივე მეუღლე დიდებული ქალბატონები არიან. მათ ერთმანეთთან არასდროს ჰქონიათ მტრული დამოკიდებულება. მე დიდ პატივს ვცემ ბადრის დედას, ნათელა დეიდას, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილი გადაიტანა. ეს ტკივილი დღემდე მოურჩენელი ჭრილობაა დედაჩემისთვისაც, მას ძალიან უყვარდა ბადრი. ეს იყო ორმხრივი სიყვარული და პატივისცემა. ჩვენ ისე ვცხოვრობდით, როგორც ერთი დიდი ოჯახი. ძალიან პატარა, 9 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. ბადრიმ იტვირთა არა მხოლოდ უფროსი ძმის, მამის როლიც.
– ახლაც ხშირად ხვდებით ერთმანეთს პატარკაციშვილები?
– კი. ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც ერთი ოჯახი, ყველანაირად ვუდგავართ ერთმანეთს მხარში, როცა ჩემი პატარა შვილი, ნიკოლასი თბილისშია, ისიც მიმყავს სტუმრად. დაბადების დღეს და რელიგიურ დღესასწაულებზე დავდივართ ბადრის საფლავზე. ეს ბადრის დღეებია, ჩუმად ჩემთვის ვესაუბრები ხოლმე მას. თუმცა, რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ამ ქალაქში მის გარეშე ცხოვრება ძალიან მიჭირს. ალბათ, ამიტომაც, ძალიან ხშირად ვარ ამერიკაში, რომელიც ჩემთვის მეორე სამშობლოდ იქცა.
– ამერიკაში, ალბათ, ამერიკელმა მეუღლემაც გადაგიბირა. როგორ შედგა თქვენი ოჯახი, როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?
– ჩემი მეუღლე ვანესა, ამერიკაში გაიზარდა, მაგრამ ნახევრად იტალიელია, ნახევრად ლათინელი – დომენიკის რესპუბლიკიდან. ჩვენ ერთმანეთი ოთხი წლის წინ ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე გავიცანით. ვანესა უნივერსიტეტში სწავლობს, მაგრამ არდადეგებზე, როგორც ამერიკელების უმეტესობა, უქმად არ ცდება და მაშინ ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობდა კონსულტანტად. ერთ დღეს იმ მაღაზიაში მეც მოვხვდი. ვანესას შერჩეული პულოვერი ჩემს გარდერობში დღესაც ინახება რელიკვიად (იცინის). ჩვენ მალე დავიწყეთ შეხვედრები. თუმცა, სიყვარული პირველივე შეხვედრაზე მოვიდა. მერე როცა მოვიდა უფრო დიდი სიყვარული, გაჩნდა ნიკოლასიც, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ის ბედნიერება, რაც მისმა დაბადებამ მომიტანა, მთლიანად გადაწონის ყველა ბედნიერ დღეს, რაც ნიკოლასის გაჩენამდე ჩემს ცხოვრებაში ყოფილა. მას მამაჩემის პატივსაცემად შალომიც დავარქვი. პატარკაციშვილი ისედაც გრძელი გვარია და მისი წარმოთქმა უჭირთ. ამიტომ, ბავშვს უფრო საერთაშორისო სახელი, ნიკოლასი შევურჩიეთ. ასე მაინც გავუმარტივე ცხოვრება (იცინის). ნიკოლასი ამერიკაში დაიბადა, ჯერ ერთი წლისაც არაა, ხან ამერიკაშია, ხან თბილისში, თვითმფრინავში იზრდება ბავშვი. მოგზაურობა მეც ძალიან მიყვარს და ვანესასაც. ნახევარი მსოფლიო შემოვიარეთ უკვე სამივემ ერთად. ვანესა და ნიკოლასი ამერიკის მოქალაქეები არიან. ოჯახში მარტო მე ვარ საქართველოს მოქალაქე. ამ სტატუსს, ალბათ, არასდროს შეველევი, თუმცა ამერიკა არის ქვეყანა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებ.
– ვანესას მოსწონს თბილისი?
– მოსწონს, ხალხი აქედან გარბის, მე კი ამერიკელი გოგო ჩამოვიტყუე-მეთქი (იცინის). ვანესა იქამდეც რამდენჯერმე მყავდა ჩამოყვანილი საქართველოში, სანამ ჩემი ცოლი გახდებოდა, ბადრისაც გავაცანი. როცა მასთან, ურეკში ჩავედით, ბადრის ძალიან მოეწონა ვანესა. საოცარი ფოიერვერკი მოუწყო მას ურეკში. ახლა ვანესა საქართველოში უფრო ხშირად ჩამოდის, ენის ბარიერიც გადალახა, ცოტა-ცოტა ქართული უკვე ისწავლა. მარტო გარეთ ქუჩაში გაიშვება, არ დაიკარგება თბილისში, სახლამდე გზას მოაგნებს. ნიუ-იორკში გაზრდილი გოგონასთვის, თბილისში ცხოვრება ცოტა მოსაწყენია, მაგრამ მე და ჩემი ოჯახი ვცდილობთ, გავუიოლოთ აქ ყოფნა. როცა აქ ვეღარ ძლებს, მივდივართ ამერიკაში, ნიუ-ჯერსიში, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ. ისეთი, ტრადიციული სიძესიდედრიანი ჩვენთან არაა, მაგრამ ცოტ-ცოტა ქართული ამბები მაინც დავნერგე სიძე-სიდედრის ურთიერთობაში. ბევრ საკითხში ჩვენებურად მოვაქციე ისინი. განსაკუთრებით მაშინ „გავაქართველე” ჩემი სიდედრი, როცა ნიკოლასი დაიბადა (იცინის).
– ქორწილი გქონდათ?
– ჯერ არ გვქონია. ბადრი და მამაჩემი რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ, აუცილებლად დააჩქარებდნენ ჩვენს ქორწილს. ბადრის სიკვდილის შემდეგ, საქორწინო განწყობა ნამდვილად არ მქონდა. თუმცა, ჯვრისწერას და ქორწილის გადახდას აუცილებლად ვაპირებთ. ეს იქნება პატარა, მაგრამ ლამაზი ამერიკულ-ქართული ქორწილი, ახლო მეგობრებით და ნათესავებით. მაგრამ, გული მწყდება, რომ იმ ლამაზ დღეს ჩვენს გვერდით ბადრი არ იქნება.