რატომ უნდა იდგეს 26 მაისს რუსთაველის მოედანზე გამართულ აღლუმზე გერმანიის ელჩი ყველაზე საპატიო ადგილზე
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 3 წიგნის და 36 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დავით პაიჭაძე ზურაბ ავალიშვილის საფლავის მოძებნისა და საქართველოში გადმოსვენების ინიციატორი და შემსრულებელია... სამწუხაროდ, საქართველოში არავინ ახსენებს, რომ ზურაბ ავალიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი შემოქმედია. ბატონი დავითი არაერთ სინტერესო საკითხზე გვესაუბრა
– ბატონო დავით, გერმანიაში ზურაბ ავალიშვილის საფლავს რომ ეძებდით, მეტად საინტერესო ქართველების გაცნობა მოგიხდათ... გვიამბეთ ძმებ ნიკურაძეებზე?
– ალექსანდრე და ივანე ნიკურაძეები მიუნხენში ცხოვრობდნენ. ისინი ჰიტლერთან აქტიურად თანამშრომლობდნენ. ალექსანდრე ისტორიკოსი იყო, მისი ფსევდონიმია სანდერსი. ალექსანდრეს რამდენიმე ცნობილი ნაშრომი გერმანულ ენაზე აქვს გამოცემული, ერთ-ერთი კი წიგნი, – „კავკასია” მეტად მნიშვნელოვანია. ეს წიგნი 1942 წელს გამოიცა. მასში კავკასიის პოლიტოლოგიური მიმოხილვაა ეთნოგრაფიული და ისტორიული კუთხით... საქართველოში ცნობილია, თითქოს გრიგოლ რობაქიძემ შეუქმნა ჰიტლერს თეორია, რომ ქართველები ინდო-ევროპელი და გერმანელების მონათესავე ხალხია. (ჰიტლერს ხომ მიზნად ჰქონდა დასახული ებრაელები გაეწყვიტა და სლავები დაემონებინა). თუკი ჰიტლერი საქართველოში შემოვიდოდა, იგი ქართველებს ისე უნდა მოპყრობოდა, როგორც თავის ნათესავებს. დღემდე ამ თეორიას გრიგოლ რობაქიძეს მიაწერენ, მაგრამ უტყუარი დოკუმენტია ის, რომ ალექსანდრე ნიკურაძის წიგნში – „კავკასია” ეს ყველაფერი წერია. თუმცა, ალექსანდრე ნიკურაძემ მშვენივრად იცოდა, ტყუილს რომ წერდა, მაგრამ ეს მისი ქართული პატრიოტიზმია... უაღრესად ნიჭიერი მიგნებაა, რომ გერმანელთა წინარექრისტიანული ღმერთის – ოდინის სამშობლო და სამოთხეც ამიერკავკასიაში, კერძოდ კი, საქართველოში ლოკალიზდება... როგორც გერმანიის პატრიოტმა, ალექსანდრე ნიკურაძემ 1943 წელს გამოსცა წიგნი „გადაწყვეტილების მიღების ჟამი”. 1943 წელს უკვე ნათელი იყო, გერმანელები ომს რომ წააგებდნენ. ამიტომაც, ალექსანდრე ნიკურაძემ რჩევა მისცა გერმანიის მთავრობას, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რომ ის კატასტროფა არ მომხდარიყო, რამაც გერმანიის გაყოფა გამოიწვია. ეს წიგნი ალფრედ როზენბერგის 50 წლის დაბადების დღეს მიუძღვნა. (ალფრედ როზენბერგი – მინისტრი, ჰიტლერის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული მოაზროვნე). ჰიტლერი ამ წიგნმა გააღიზიანა, ალფრედ როზენბერგს კი არ ჰქონდა იმდენი ძალა ჰიტლერს დაპირისპირებოდა. მე მიმაჩნია, რომ ნიკურაძეები ტრაგიკული პიროვნებები არიან, რადგან იძულებული იყვნენ ემიგრაციაში ეცხოვრათ და ისეთ რეჟიმთან ეთანამშრომლათ, რომელიც თავად გერმანელებსაც არ უყვარდათ.
– ივანე ნიკურაძე რა დარგში მოღვაწეობდა?
– ივანე ფიზიკოსი იყო – აეროდინამიკაში მუშაობდა. მიუნხენთან ახლოს სოფელია, სადაც პასიონისტების მამათა მონასტერია. ამ მონასტრის სარდაფში იყო უზარმაზარი ლაბორატორია, სადაც ივანე მუშაობდა საბრძოლო თვითმფრინავებისა და ატომური ბომბის აეროდინამიკაზე. მან თავის კვალი სამოქალაქო ინდუსტრიაშიც დატოვა, რადგან ივანე ნიკურაძის მოდელი „პორშეს” ფირმამ მიიღო. ცნობილი მოდელი – „911” მისი ნახაზებითაა გაკეთებული. 70-იან წლებში ევროპაში ცალლიანდაგიანი მატარებელი იყო, რომლის აეროდინამიკური თვალსაზრისი ივანე ნიკურაძის შემუშავებული გახლდათ... სავარაუდოა, ძმები ნიკურაძეების ღვაწლი ექვთიმე თაყაიშვილისა და მისადმი მინდობილი განძის გადარჩენის საქმეშიც. ექვთიმე იხსენიებს გერმანელი ოფიცრების ფორმაში გადაცმულ ორ ქართველს, რომლებიც პარიზში ფაშისტების შესვლისთანავე გამოეცხადნენ და განძის დამალვაში მიეხმარნენ. თუმცა, ასე ხელაღებით თქმა, რომ ნამდვილად ნიკურაძეები იყვნენ, არ შეიძლება. ჩემთან პირად საუბარში ალექსანდრე ნიკურაძის ქვრივმა ეს ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა. ალექსანდრეს მეუღლე – ჰილდა ნამდვილი გერმანელი იყო. შვილს, ელისო ნიკურაძეს ქართული ესმოდა, მაგრამ ქართულად არ საუბრობდა. მე მათ ოჯახში შემთხვევით აღმოვჩნდი, რადგან ზურაბ ავალიშვილის საფლავს ვეძებდი. ზურაბ ავალიშვილს მეუღლე რომ გარდაეცვალა, თავადაც ავად გახდა და პარიზიდან მიუნხენში, ნიკურაძეების ოჯახში ჩავიდა. იქ წელიწად-ნახევარი ცხოვრობდა და ამ ოჯახში დალია სული... ზურაბ ავალიშვილის ცნობილი წიგნია „საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლებში”. ამ წიგნის პირველი ნაწილია გამოცემული, მეორე ნაწილი კი დღემდე გამოუცემელია.
– ზურაბ ავალიშვილის საფლავს როგორ მიაკვლიეთ?
– ქალბატონი ჰილდა ზურაბ ავალიშვილის საფლავის არენდის ფულს 1944 წლიდან 1990 წლამდე იხდიდა. იგი გაბრაზებული იყო, ბოლო ერთი წელია, არენდის გადახდის საშუალება აღარ მაქვს და ქართველებმა ამხელა მოღვაწეს უნდა მიხედოთო. საფლავზე რომ მივედით, აღმოჩნდა, რომ არენდის გადაუხდელობის გამო, ზურაბ ავალიშვილის საფლავზე ზემოდან ახალგაზრდა, ველოსიპედისტი ბიჭი დაესაფლავებინათ. მაშინვე ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეს, ქრისტეფორე კირკიტაძეს დავუკავშირდი. უამრავი პრობლემა შეიქმნა, მაგრამ სათვისტომოს მეოხებით 1993 წლის 22 მაისს ზურაბ ავალიშვილის ნეშტი გადმოვასვენეთ. აეროპორტში დაგვხვდა ედუარდ შევარდნაძე, მთლიანად მთავრობა, საპატრიარქოს წარმომადგენლები... ნეშტი სიონში დავასვენეთ და 25 მაისს დიდუბის პანთეონში დავკრძალეთ.
– რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზურაბ ავალიშვილზე ახალგაზდებმა თითქმის არაფერი იციან, 26 მაისსაც მისი სახელი და გვარი არავის ახსოვს...
– ზურაბ ავალიშვილი სამართალმცოდნე გახლდათ. იგი პეტერბურგში მოღვაწეობდა. იქ დაამთავრა უნივერსიტეტი და მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო – „გეორგიევსკის ტრაქტატის სამართლებრივი შეფასება”. მან ეს ტრაქტატი შეაფასა, როგორც პროტექტორატის ფორმა... ზურაბ ავალიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული უნივერსიტეტის დაარსებაში. იმ დროს ზურაბ ავალიშვილი რუსეთის დუმის დეპუტატი იყო და არსებობს წერილები, სადაც ივანე ჯავახიშვილი და ზურაბ ავალიშვილი ერთმანეთს წერდნენ, როგორ მოეგვარებინათ ესა თუ ის საკითხი. როდესაც რუსეთში რევოლუცია მოხდა, ნოე ჟორდანიამ ზურაბ ავალიშვილი თბილისში დაპატიჟა და სთხოვა კავკასიის კონსტიტუცია დაეწერა. ზურაბ ავალიშვილმა უთხრა, კავკასიის კონსტიტუციის დაწერა ნაადრევი მეჩვენება, უმჯობესია საქართველოს კონსტიტუციის დაწერაზე ვიფიქროთო... ნოე ჟორდანიას არ უნდოდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად, სოციალ-დემოკრატების მოღვაწეობა მიმართული იყო ამიერკავკასიის სეიმისა და კომისარიატის დაკომპლექტებაზე. ზურაბ ავალიშვილი კი აცხადებდა, არ მგონია, ამიერკავკასიის ფედერაცია რეალური აღმოჩნდესო... – ასეც მოხდა!
– რატომ?
– როდესაც თურქეთმა ნახევარი საქართველო წაიღო, თბილისი ზურაბ ავალიშვილმა გადაარჩინა... 1918 წლის მაისში თურქეთს აღებული ჰქონდა აჭარა, ყარსი, ახალციხე, ახალქალაქი და ქუთაისი. ქუთაისიდან თურქებმა გამოუგზავნეს ამიერკავკასიის მთავრობას 24-საათიანი ულტიმატუმი, რომ ახალციხე და ახალქალაქი, გადაეცათ, თორემ თბილისს აიღებდნენ (იურიდიულად უნდა გაეფორმებინათ ახალციხე და ახალქალაქი, თორემ აღებული უკვე ჰქონდათ). ამ დროს ზურაბ ავალიშვილი მთავრობის მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკურ საკითხებში და როდესაც მას კითხეს რჩევა, ზურაბ ავალიშვილმა თქვა – ერთადერთი გამოსავალია, გერმანიას მივმართოთ საშველადო. იმ პერიოდში თურქეთი და გერმანია მოკავშირე ქვეყნები იყვნენ. საქართველოში გერმანელი ხალხის დიდი დასახლება იყო. ზურაბ ავალიშვილმა ცნობილი მოღვაწე, არტურ ლაისტი ჩაიყვანა ბათუმში, სადაც გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი, გენერალი ფონ ლოსოვი იყო ჩამოსული. არტურ ლაისტმა გენერალს უთხრა, 200 წელია, გერმანელები საქართველოში თავს ძალიან კარგად გრძნობენ და ამ ერს თურქეთს ნუ გაასრესინებთო... გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თურქეთი ჩვენი მოკავშირე ქვეყანაა, ვერაფერს გავხდებით და ერთადერთი გამოსავალია, კავკასიის ფედერაციის შემადგენლობიდან გამოხვიდეთ, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადოთ და გერმანიის მთავრობას მეგობრობის ხელშეკრულებით მიმართოთო. ამით თურქეთის ულტიმატუმს იურიდიული ადრესატი აღარ ეყოლებოდა... ზურაბ ავალიშვილმა ბათუმიდან დეპეშა გამოუგზავნა ნოე ჟორდანიას. ულტიმატუმს ვადა 26 მაისის 6 საათზე გასდიოდა, 5 საათზე კი ამიერკავკასიის სეიმის სხდომაზე, ქართულმა დელეგაციამ ამიერკავკასიის ფედერაციიდან გასვლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა. ამ ფაქტით სომხები და აზერბაიჯანელები სახტად დარჩნენ. მათ დამოუკიდებლობა 28 მაისს გამოაცხადეს. როდესაც საქართველოს დელეგაციამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გერმანიის მთავრობამ თურქეთს მიმართა, თბილისზე შეტევა შეეჩერებინა. ყველაზე მეტი დამსახურება საქართველოს დამოუკიდებლობაში გერმანიას აქვს და ეს უნდა ვიცოდეთ!.. როდესაც აღლუმებს ვატარებთ რუსთაველის მოედანზე, გერმანიის ელჩი ყველაზე საპატიო ადგილზე უნდა იდგეს და ზურაბ ავალიშვილის საფლავი მაინც დავალაგოთ.
თურქებსა და გერმანელებს ურთიერთობა დაეძაბათ და გერმანული წარმომადგენლობა ფოთში გადავიდა. 28 მაისს ქართული დელეგაცია ფოთში ჩავიდა და ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. თურქებმა დატოვეს ქუთაისი და ოზურგეთი... ქართველებს წიგნის წაკითხვა გვეზარება და არც ვიცი, რამდენს ექნება ზურაბ ავალიშვილის წიგნი წაკითხული. არადა, ერთადერთი წიგნია, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებს რომ ასახავს და ეს წიგნი სკოლებში ან უნივერსიტეტში უნდა ისწავლებოდეს. მიხაკო წერეთელმა და ივანე მაჩაბელმა 1914 წელს შექმნეს „საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის კომიტეტი”. ამ კომიტეტმა დადო ხელშეკრულება გერმანიის, თურქეთისა და ავსტრიის მთავრობასთან. ხელშეკრულებაში იგულისხმებოდა, რომ თუკი პირველი მსოფლიო ომი გერმანიისა და მისი მოკავშირეების გამარჯვებით დამთავრდებოდა, გერმანიას, თურქეთსა და ავსტრიას უნდა ეცნო საქართველო კომიტეტის მიერ მიცემულ საზღვრებში. ამ საზღვრებში აჭარის გარდა არტაანიც შედიოდა. ამ ხელშეკრულების მიხედვით მოხდა გერმანიის მიერ საქართველოს ცნობა.
ამის შემდეგ, გერმანიაში რევოლუცია მოხდა, გერმანიამ წააგო პირველი მსოფლიო ომი და ჩვენი საკითხი ინგლისელებისა და ფრანგების გამგებლობაში გადავიდა. ზურაბ ავალიშვილი ჯერ ლონდონში ჩავიდა, შემდეგ პარიზში. პირველი მსოფლიო ომი რომ დამთავრდა, „ვერსალის კონფერენციაში” მიიღო მონაწილეობა... შემდეგ საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა და აღარ დაბრუნდა ბოლშევიკების საქართველოში.