რატომ აიკრძალება მუსიკის მოსმენა საპარიკმახეროებში და სად უნდა შეათანხმონ რესტორნების მეპატრონეებმა მუსიკალური რეპერტუარი
საქართველოში ავტორთა უფლებებს არა მხოლოდ კანონმდებლობა, ავტორთა უფლებების საზოგადოებაც იცავს, თუმცა ამ სფეროში ისეთი ბაკქანალიაა, ვინ ვის სად რას „ჰპარავს”, ძნელი დასადგენი და გასარკვევია. პირატული, არალიცენზირებული პროდუქტის გამოყენება ქართველი ავტორების დავის საგანი არაერთხელ გამხდარა, მაგრამ, ერთი ცნობილი კახური ფილმისა არ იყოს, ვერც 500 და ვერც 3 000 ლარის გადახდის შიში ვერ „იჭერს” მოსარგებლეებს იმ ცდუნებისგან, რომ სხვისი ინტელექტუალური შრომა მოსაკრებლის გარეშე გამოიყენოს. ავტორთა საზოგადოების ახალი თავმჯდომარე, გიგა კობალაძე, ავტორთა უფლებების დაცვას ახალი სტრატეგიით გეგმავს – მალე საყვარელ მუსიკას ვერც საპარიკმახეროში მოუსმენთ და ვერც ინტერნეტსივრცეში. ამაზე კი ავტორთა უფლების დაცვის საზოგადოება „ზრუნვას” ახალი სატარიფო პოლიტიკითა და უცხოური გამოცდილების გაზიარებით იწყებს.
გიგა კობალაძე: „ავტორთა საზოგადოება“ 1999 წლიდან ფუნქციონირებს, ამის მიუხედავად, საქართველოში საავტორო უფლებების დაცვა და ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების ერთიანი სისტემის დანერგვა მაინც ვერ მოხერხდა. განსაკუთრებით ბევრი პრობლემა დაგროვდა მუსიკაში, კინოწარმოებაში, მწერლობაში; ავტორები ვერ იღებენ ჰონორარებს, რომლებიც ეკუთვნით მათ საკუთარი ნაწარმოებების სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ფორმით შესრულების დროს. საავტორო უფლებების დარღვევების ფაქტები ძალიან ხშირია. რაც ძალიან ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზით არის გამოწვეული – პირველ ყოვლისა, არ არსებობდა ავტორებისა და მოსარგებლეების ერთიანი ბაზა და მონიტორინგის სისტემა, რათა ყველა მოსარგებლესთან დამყარებულიყო კონტაქტი; არც ავტორები იყვნენ აქტიურად ჩართულები ამ პროცესში და, შესაბამისად, არ ხდებოდა საავტორო ჰონორარების შეგროვება და განაწილება.
– როგორ აპირებთ ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას?
– ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, რომელიც დამყარებულია სამ მთავარ მიმართულებაზე და გვაქვს იმედი, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში რადიკალურად შევცვლით სიტუაციას – ჩვენთვის პრიორიტეტულია საავტორო უფლების ობიექტი – ის, რაც უნდა გამოიყენოს რეალურად მოსარგებლემ, უნდა გაკეთდეს ელექტრონული ბაზები და მოხდეს ამ პროდუქტის აღრიცხვა. დღეს ჩვენს საზოგადოებაში არის 500-ზე მეტი წევრი, მომავალში უნდა მოხდეს საზოგადოების წევრთა რაოდენობის გაზრდა ახალი ავტორების აღმოჩენისა და არსებული ავტორების გაწევრიანების გზით, რომელთა შექმნილი პროდუქტის გამოყენება დღეს ხდება ყოველგვარი ნებართვის გარეშე; მეორე ძირითადი მიმართულება არის ამ პროდუქტის დაცვა, უნდა გატარდეს ის საკანონმდებლო მექანიზმები (ჯარიმებისა და სხვა სახით), რაც მოსდევს ამ პროდუქტის უკანონოდ გამოყენებას; ჩვენი სტრატეგიის მესამე მიმართულება არის მოსარგებლეებთან ურთიერთობა, რაც დღეს ხშირად არცთუ მეგობრულია.
– რა თანხა უნდა გადაიხადოს მოსარგებლემ, რომ სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილი პროდუქტის გამოყენება შეძლოს?
– ავტორთა საზოგადოების მიერ დადგენილი ტარიფები, რომლებიც დღეს მოქმედებს, დადგენილია მოსარგებლეთა კატეგორიების მიხედვით, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ ამ ტარიფების ლიბერალიზაციას, რათა უფრო მეტმა მოსარგებლემ შეძლოს ამ ტარიფებით სარგებლობა. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მოსარგებლე ავითვისოთ, დღეის მონაცემებით, ათვისებულია დაახლოებით ბაზრის 20 პროცენტამდე, იმისათვის, რომ გაიზარდოს ავტორთა შემოსავლები, უნდა ავითვისოთ მოსარგებლეთა დარჩენილი ის 80 პროცენტი, რომელთანაც ურთიერთობა არ არის დამყარებული. ტარიფები, რომლებიც დღესდღეობით მოქმედებს ტელე-რადიო მაუწყებლობისთვის, ასევე, მუსიკის საჯარო შესრულებისთვის კლუბებში, საკონცერტო დარბაზებში და ასე შემდეგ, დადგენილია სხვადასხვა კომპონენტის გათვალისწინებით, რომელშიც კომბინირებულია შემოსავლების ოდენობა, მუსიკალურობის დონე, დაფარვის ზონა, მოსახლეობის რაოდენობა; რესტორნებისა და კლუბებისთვის გათვალისწინებულია დასაჯდომი ადგილების რაოდენობა, სივრცის მოცულობა და სხვა. ეს, საბოლოო ჯამში, გვაძლევს ერთ კოეფიციენტს, რომლითაც ტარიფი გამოითვლება, თუმცა, ის ტარიფები, რაც დღეს მოქმედებს, საკმაოდ მაღალია.
– სამარშრუტო ტაქსებში და საპარიკმახეროებში რის მიხედვით ითვლით ტარიფს, იქაც აიკრძალება მუსიკის მოსმენა?
– თქვენ შეგიძლიათ, მაგნიტოფონისა და რადიოს მეშვეობით მუსიკას მოუსმინოთ სახლში, პირადი გამოყენებისთვის არავითარი ტარიფი არ არის დაწესებული, მაგრამ, საპარიკმახეროსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში, სადაც მუსიკა ჩართულია კომერციული საქმიანობისთვის, აუცილებლად უნდა ხდებოდეს სარგებლობისთვის დაწესებული თანხის გადახდა, როგორც ეს მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში ხდება. სამარშრუტო ტაქსებში ტარიფი დადგენილი არ იყო – ეს მოსარგებლეთა ის კატეგორიაა, რომელთათვისაც აქამდე ტარიფები არ არსებობდა და ეს თემა შემდგომი მსჯელობის საგანია, მანამდე ბევრი სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, თუმცა, ტარიფები დაწესდება ყველა მოსარგებლისთვის, ვინც სხვის მიერ შექმნილ საავტორო პროდუქტს კომერციული საქმიანობისთვის იყენებს. ამ მხრივ, მაუწყებლობის ორგანიზაციების შემდგომ, ყველაზე დიდი სეგმენტი არის ინტერნეტი. საქართველოში უკვე მილიონ შვიდასი ათასი ადამიანი სარგებლობს ინტერნეტით. ჩვენ დავიწყებთ ბრძოლას ინტერნეტში არალიცენზირებული პროდუქტის გამოყენების წინააღმდეგ და მათ ჩანაცვლებას ლეგალური და ლიცენზირებული პროდუქტით. ინტერნეტში ფასიანი გახდება როგორც მუსიკა, ასევე ფილმი და, ზოგადად, ყველა საავტორო უფლებით დაცული პროდუქტი, რაც კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება. ეს იქნება სიმბოლური ფასი. ინტერნეტიდან არ გაქრება ფილმები, მაგრამ, აუცილებლად გახდება ფასიანი. ახლა მხოლოდ ერთი ვებ-გვერდი არსებობს, რომელზეც ხდება ფასიანი განთავსება, თუმცა, გვაქვს იმედი, რომ ასეთი ვებ-გვერდები მრავლად გაჩნდება. ხოლო, მუსიკა, ფილმი ფოტო და სხვა – არის ისეთივე ქონება, როგორც ნებისმიერი სხვისი კუთვნილი მატერიალური ნივთი. მას აუცილებლად უნდა დაედოს ფასი, რადგან მასში ჩადებულია ადამიანების ინტელექტი და შრომა. სატარიფო პოლიტიკის მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. ჩვენ გავეცანით განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას, ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას და, ამის გათვალისწინებით, მაგრამ, ქართულ რეალობაზე მორგებით, შევქმნით ქართულ სატარიფო პოლიტიკას. ამ პროცესში ჩართულები იქნებიან ავტორები.
– შემოსავლების რა რაოდენობას მიიღებენ თქვენი ორგანიზაციის მეშვეობით ავტორები და რა თანხა რჩება ტარიფებიდან ავტორთა საზოგადოებას?
– ჩვენს ორგანიზაციაში შემავალი ავტორები იხდიან სიმბოლური რაოდენობის საწევრო გადასახადს, მომავალში საწევრო გადასახადი შეიძლება ან საერთოდ მოიხსნას, ან, კიდევ უფრო სიმბოლური გახდეს. ეს სიტუაცია დღემდე დაულაგებელი იყო თავად ავტორებთანაც და, სწორედ ამიტომ, ის პრეტენზიები, რაც ავტორებისგან მოდიოდა, ხშირ შემთხვევაში სამართლიანია. ეს ავტორები ვერ იღებდნენ ადეკვატურ ჰონორარს, რაც მათ ეკუთვნოდათ. ჩვენი საზოგადოება არ ავალდებულებს ავტორს, გაწევრიანდეს ჩვენს ორგანიზაციაში, ეს არის ნებაყოფლობითი. ავტორს თავადაც შეუძლია, დაარეგულიროს ურთიერთობები მოსარგებლესთან, თუმცა, ჩვენ, როგორც კოლექტიური მართვის ორგანიზაცია, უფრო ეფექტურად დავიცავთ მათ უფლებებს, ვიდრე ამას მოახერხებენ დამოუკიდებლად, ჩვენი ორგანიზაციის გარეშე. ჩვენი წევრებისთვის მოსარგებლისთვის დაკისრებული ტარიფების მხოლოდ 20 პროცენტამდე რჩება ჩვენთან, რაც საჭიროა ადმინისტრირების ხარჯის დასაფარავად, შემოსავლის დანარჩენი ნაწილი კი გადაეცემა ავტორს.
– რა მექანიზმით გააკონტროლებთ არა მსხვილ მოსარგებლეებს, არამედ რესტორნებს, ბაზრობებს, საპარიკმახეროებს?
– ამისთვის არსებობს სხვადასხვა სისტემა, ჩვენ ვაპირებთ უცხოეთში არსებული გამოცდილების გაზიარებას, რაც იმ ქვეყნებში საკმაოდ მაღალ დონეზეა დარეგულირებული, თუმცა, ეს გამოცდილება უნდა მოერგოს ჩვენს რეალობას. მონიტორინგი განხორციელდება როგორც კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით, ასევე, ადამიანური რესურსის გამოყენებით, რომლებიც ივლიან სხვადასხვა ადგილებში და დაითვლიან და შეამოწმებენ ყველა იმ მოსარგებლეს, ვინც იყენებს ავტორთა მიერ შექმნილ პროდუქტს. ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას, მოიპოვებენ რეპერტუარს, რომლის შესრულებაზეც მათ ექნებათ ლიცენზია და რომელზეც შეთანხმებულები იქნებიან ავტორთა საზოგადოებასთან.
– და თქვენ ეს რეალურად მიგაჩნიათ?
– რა თქმა უნდა. მუსიკის საჯაროდ მოსმენის დროს რეპერტუარი და ინტენსივობა შეთანხმებული უნდა იყოს ჩვენთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ჩაითვლებიან დამრღვევებად და, როგოც დამრღვევებს, დაეკისრებათ საჯარიმო სანქციები. ჩვენ არ ვართ დამაჯარიმებელი ორგანო, ჩვენ ვერ გამოვწერთ ჯარიმას, თუმცა, ფაქტის აღმოჩენისა და აღნუსხვის შემდეგ ვაცნობებთ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, რომელიც აჯარიმებს ყველა დამრღვევს.
– კანონმდებლობით დადგენილია საჯარიმო სანქციები, ეს ტარიფებიც შეიცვლება ახლო მომავალში?
– ეს ტარიფები დადგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. ნებისმიერი საავტორო უფლების დარღვევისთვის არსებობს ჯარიმა 500-დან 3 000 ლარამდე – პირველ შემთხვევაში, ხოლო, იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 3 000-დან 5 000 ლარამდეა. ჯარიმის სახით ამოღებული თანხა მთლიანად შედის ბიუჯეტში. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღემდე არ არსებობს ამ ჯარიმების ამოქმედების პრეცედენტი, თუმცა, ჩვენი აზრით, ამ ჯარიმების ამოქმედება იქნება ძალიან ეფექტური ამ პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან, ქართველებზე, როგორც ჩანს, ჯარიმა ყველაზე კარგად მოქმედებს. არსებობს სასამართლო გზაც, რომელიც აქამდეც არსებობდა, მაგრამ, ნაკლებად გამოიყენებოდა.
– თქვენი ახალი სტრატეგია მხოლოდ ქართველ ავტორებზე ვრცელდება თუ უცხოელი ავტორების უფლებებზეც თქვენ მოგიწევთ ზრუნვა? ძალიან საინტერესოა, როგორ მიიღებს თუნდაც მადონა ჯარიმას მისი მუსიკის შესრულებისთვის ქართველი მძღოლებისგან?
– ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცავთ უცხოელი ავტორების უფლებებსაც. ჩვენი საზოგადოება წარმოადგენს დაახლოებით 2 მილიონამდე ავტორს მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ უშუალოდ არ გვაქვს ხელშეკრულება ამერიკელ თუ ბრიტანელ ვარსკვლავებთან, მაგრამ, ისინი თავიანთ ქვეყანაში არიან ისეთივე საზოგადოების წევრები, როგორც საქართველოს ავტორთა საზოგადოებაა. ჩვენ გაფორმებული გვაქვს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები მსოფლიოს თითქმის ყველა ასეთ საზოგადოებასთან და შესაბამისად გვაკისრია ორმხრივი ვალდებულება: დავიცვათ საქართველოში უცხოელი ავტორების უფლებები, მათ კი თავიანთ ქვეყანაში ქართველი ავტორების უფლებებზე იზრუნონ. როდესაც ინტერნეტ-პროვაიდერი, ტელევიზია ან რადიო იყენებს ლიცენზირებულ მასალას, ის იხდის მოსაკრებელს, რაც ჩვენს უცხოურ კოლეგა ორგანიზაციებში მიდის, ხოლო, ისინი როგორ გაუნაწილებენ ჰონორარს თავიანთ ვარსკვლავებს, ეს უკვე მათი განაწილების სისტემის მიხედვით ხდება.