ვის აქვს სადღეგრძელოს წარმოთქმის უფლება პრეზიდენტ ობამას ცნობილ სადილზე და რაში ავარჯიშებდნენ ქართველები ამერიკელებს სუფრასთან
უკვე თორმეტი წელია, რაც გიგი წერეთელი ამერიკის პრეზიდენტების ცნობილი სადილების მუდმივი სტუმარია. ტრადიცია, რომელიც ამერიკაში ეიზენჰაუერის პერიოდიდან არსებობს, არც ერთ წელიწადს არ ირღვევა. შეხვედრა, რომლის მასპინძელიც ამერიკის პრეზიდენტი და კონგრესია, სამი ათასამდე ცნობილ სტუმარს იღებს. ცნობილი პოლიტიკური და სასულიერო ლიდერები ტრადიციულ ამერიკულ სადილზე ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს რელიგიური ნიშის ქვეშ, სიყვარულსა და მეგობრობაზე საუბარში ჭრიან.
გიგი წერეთელი: მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ვმოღვაწეობ, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ოფიციალურ და არაოფიციალურ მიღებაზე ვარ დასწრებული. ცხადია, არსებობს პროტოკოლური ეტიკეტი, რომელიც ამ მიღებებზე ყოველთვის არის დაცული, თუმცა, თანამედროვე სამყაროში მოხდა წესების უნივერსალიზაცია და რამე არაჩვეულებრივს ვერსად შეხვდებით. შესაძლოა, ევროპულ ქვეყნებში არ არის ისეთი ჟესტიკულაცია, რაც დამახასიათებელია აზიის ქვეყნებისთვის, მაგალითად, ევროპაში არავინ შემოგთავაზებთ ხელით ფლავის ჭამას, რაც აზიაში პატივისცემის გამოხატულებად ითვლება. როგორც წესი, პროტოკოლური შეხვედრები ორგვარია: ოფიციალური და არაოფიციალური. ძალიან ხშირად სადილიც გამოიყენება სამუშაო პროცესის შემადგენელ ნაწილად. სუფრასთან პოლიტიკოსები მენიუსა და საკვების შემადგენელ კომპონენტებზე არ საუბრობენ, უმეტეს შემთხვევებში სუფრა არის ურთიერთობების გაღრმავების საშუალება. ხანდახან სადილზე უფრო ეფექტურია სხვადასხვა თემის განხილვა, ვიდრე ოფიციალურ შეხვედრაზე.
– როგორც ჩანს, საკვები უკეთესად „ხსნის” პოლიტიკოსთა ტვინს.
– არ მგონია, მით უმეტეს, თუ ასეთ სუფრასთან დიეტის დროს ხვდები (იცინის). როდესაც ღვინის მწარმოებელ ქვეყანაში ხარ, ან, თუნდაც, ამერიკაში, სადაც არაჩვეულებრივი ღვინოა, სადილს ყოველთვის ახლავს ღვინოც. რა თქმა უნდა, სუფრასთან ბოთლებით არ მიდის სმა, მაგრამ, ერთი-ორი ჭიქა ღვინის მირთმევა შეიძლება. ასეთ სადილებზე სადღეგრძელოების თქმა მაინცდამაინც მიღებული არაა, რადგან ეს კიდევ დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს სადილის მონაწილეს. ხშირად ამის შესახებ პროტოკოლშია შეტანილი, წინასწარ ვიცით, რომ ვინმე სადღეგრძელოს წარმოთქვამს და, როგორც წესი, ეს ძირითადად მასპინძელი არის ხოლმე – ის ესალმება სტუმარს, რომელიც შემდეგ მადლობას იხდის. ერთი სადღეგრძელოს უფლება ეძლევა ადამიანს, რომელიც ამ სადილზე ყველასთვის პატივსაცემი პიროვნებაა, ვისი გამოკვეთაც გამორჩეულად სურს მასპინძელს. არის სადილები, სადაც ვიღაცას სადღეგრძელო წინასწარ აქვს მომზადებული და ტექსტს კითხულობს, თუმცა, ხანდახან ექსპრომტებიც შესაძლებელია (იცინის). ასეთ სადილებზე სადღეგრძელოს წარმოთქმის დროს ბევრი საუბარი მიღებული არაა, გამონაკლისებს ჩვენ ვუშვებთ ხოლმე, რაც, ჩვენს სტუმრებს ძალიან მოსწონთ. სადღეგრძელოში ხდება ჩვენი ისტორიის, კულტურის გაცნობა. სხვათა შორის, ბევრი ტოლს არ გვიდებს ამ საქმეში. ამას წინათ ჩვენ ბათუმში ვუმასპინძლეთ საკმაოდ დიდ ამერიკულ დელეგაციას, რომელშიც ამერიკელი კონგრესმენები შედიოდნენ. ამ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ადამიანი, ვინც არის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მე კი ამერიკის კონგრესთან მეგობრობის ჯგუფს ვხელმძღვანელობ, მოკლედ, ის ადამიანი ჩემი პარტნიორია. ჩვენ ამერიკაშიც და, თბილისშიც ბევრი გვივარჯიშია ამ საქმეში და ახლა ვნახე, რომ, არა მარტო ჩემი კოლეგა, დელეგაციის წევრებიც ძალიან წინ იყვნენ წასულები (იცინის). ჩემი კოლეგა ავალდებულებდა ყველა კონგრესმენს, რომ აუცილებლად ეთქვათ თითო-თითო სადღეგრძელო, ასე რომ, ამ „საქმის” განვითარებაში საქართველოსაც მიუძღვის წვლილი.
– ოფიციალურ სადილებზე როგორ მენიუს წარადგენენ მასპინძლები?
– მენიუ ყოველთვის შეზღუდულია და საჭმელი სართულებად არ ყრია, რაც ორგანიზმს დამზოგავ რეჟიმში ამყოფებს. ოფიციალურ სადილზე მაინც ლიმიტირებული ხარ და ყველაფერს, მათ შორის კვებასაც, ჩარჩოებში აქცევ. მე ძალიან ბევრ მაღალი დონის შეხვედრაზე ვყოფილვარ პრეზიდენტებთან, მეფეებთან, დედოფალთან, პარლამენტის თავმჯდომარეებთან, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ სადმე განსაკუთრებული მენიუ ყოფილა წარმოდგენილი. ხანდახან ასეთ სუფრებზე წარმოდგენილია ხოლმე ეროვნული კერძი. სადილი რამდენიმე თავი კერძისგან შედგება: პირველი შეიძლება იყოს სალათა, ან წვნიანი, შემდეგ კი – ძირითადი კერძი, რომელსაც დესერტი მოჰყვება. ძალიან ოფიციალურ სადილებზე სტუმრებს სუპებს არ აჭმევენ, მაგრამ, ხანდახან ასეთი გამონაკლისებიც ხდება.
– ცოტა ხნის წინ თქვენ მოხვდით პრეზიდენტ ობამას სადილზე. როგორ იმართება სადილი ამერიკის პრეზიდენტის სახელით?
– მე უკვე თორმეტი წელია, რაც ამ სადილებს ვესწრები, მაგრამ წელს ამ ამბავს ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ეს ღონისძიება თავისი არსით ძალიან საინტერესოა, ჰქვია „ლოცვის საუზმე“ და ამერიკაში ეწყობა პრეზიდენტ ეიზენჰაუერის პერიოდიდან. მან ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილების მიღების დროს მოიწვია ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები, მათ ერთად ისაუბრეს, შემდეგ ერთადვე ილოცეს და ამ ლოცვამ უშველა საქმეს. მას შემდეგ თითქმის სამოცი წელი გავიდა და ამერიკაში ამ ტრადიციას არ არღვევენ. იმის მიუხედავად, რომ ამერიკაში სეკულარული საზოგადოებაა, სადაც არ არსებობს სახელმწიფო რელიგიები და დომინანტური ეკლესიები, ამ ადამიანებში რწმენა საკმაოდ ძლიერია. იქ რელიგიურობას არ აქვს ფასადური სახე, იშვიათად ნახავთ ნებისმიერი რანგის პოლიტიკოსის საჯარო გამოსვლას, რომელშიც არ იყოს ციტატა ბიბლიიდან და რელიგიური თქმულება, რაც თავსებადია ამერიკულ იდეოლოგიასთან. ეს სადილი იმართება ხოლმე თებერვლის პირველ კვირაში და, როგორც წესი, მას ესწრებიან პოლიტიკური ლიდერები, მაღალი რანგის სასულიერო პირები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. ესაა საშუალება, რომ შეიკრიბონ ადამიანები და ისაუბრონ სულიერ მრწამსსა და ქრისტეს უნივერსალურ პრინციპებზე. ეს არის მთავარი პრიორიტეტი, თუმცა ამ სადილზე საუბრობენ მსოფლიოში იმ პერიოდში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე. პრეზიდენტის სადილის ერთ-ერთი პრინციპი ისაა, რომ არასდროს ხდება მისი აფიშირება მედიასაშუალებებით. როდესაც პირველად ესწრები ამ შეხვედრას, ამას თავად გატყობინებენ. ფართოდ შეიძლება გაშუქდეს მხოლოდ პრეზიდენტის ან რომელიმე კონკრეტული მომხსენებლის გამოსვლა, რაც ძალიან პრესტიჟულია. საქართველოდან ამ შეხვედრაზე სიტყვით არასდროს არავინ გამოსულა, 2005 წელს კი მე მომეცა საშუალება, გამოვსულიყავი სტუმრების წინაშე და მესაუბრა ვარდების რევოლუციის შესახებ. ეს იმდენად საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისთვის, რომ რამდენჯერმე აპლოდისმენტებიც კი დავიმსახურე. პრეზიდენტის სადილს ყოველთვის ესწრება განსაკუთრებით საპატიო სტუმარი, წელს ასეთი სტატუსით მიწვეული იყო ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორი, წინა წლებში კი იყვნენ: ბონო, მეფე ჰუსეინი, ტონი ბლერი და ასე შემდეგ.
– ბევრი სტუმარი ესწრება პრეზიდენტის სადილს?
– ეს ვიწრო შეხვედრა ნამდვილად არაა, ეს არის დიდი შეკრება, რომელსაც ესწრება დაახლოებით სამი ათასი სტუმარი. სადილი იმართება სასტუმრო „ჰილტონში”, რომელსაც ვაშინგტონში ყველაზე დიდი დარბაზი აქვს. სასტუმრო იკეტება წინა დღეს, მუშაობას იწყებს საპრეზიდენტო დაცვა, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მთავარი ღონისძიება, რომელიც გრძელდება საათი – საათ-ნახევრის განმავლობაში, მიჰყავს ორ ცნობილ ადამიანს – სენატორს ან კონგრესმენს. მათ ის როლი აქვთ ამ შეხვედრაზე, რაც, დაახლოებით, თამადებს აკისრიათ ქართულ სუფრაზე (იცინის). შეხვედრას პრეზიდენტები ყოველთვის ესწრებიან მეუღლეებთან ერთად, წინა რიგებში სხედან „ლიდერშიპები”. ეს ღონისძიება სანახაობრივადაც საკმაოდ ლამაზია. მას ყოველთვის ესწრება ცნობილი მომღერალი; სრულდება როგორც ჯაზისა და ბლუზის, ასევე, კლასიკური მუსიკის საუკეთესო ნომრები. თუ შეკრებილი საზოგადოება ძალიან მძიმე თემებზე არ საუბრობს, იქ იუმორის საოცარ გრძნობასაც გამოხატავენ, რაც ორატორის ხელოვნებად ითვლება. ეს გარემო ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ადამიანებმა უფრო ახლოს გაიცნონ ერთმანეთი. ამ შეხვედრაზე პრეზიდენტები ხშირად საუბრობენ საკუთარ ცხოვრებაზე, პირად ამბებზე და ისეთ ინტიმურ თემაზეც კი, როგორიცაა მათი პირადი დამოკიდებულება რელიგიასთან. შეკრებას ესწრებიან სხვადასხვა რელიგიური მრწამსის წარმომადგენლები, თუმცა, ეს მათ ურთიერთობაში ხელს არ უშლით, პირიქით, მე მინახავს, როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს არაბი და ებრაელი ქრისტეს ცხოვრებასა და პრინციპებზე, რაც ყველასთვის უნივერსალურია. იმის მიუხედავად, რომ შეხვედრას ხშირად ესწრებიან ადამიანები ერთმანეთთან დაპირისპირებული ბანაკიდან, ამას სუფრასთან ნამდვილად ვერ იგრძნობთ – ისინი ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილები არიან, ზოგს კი ამ შეხვედრებიდან ისეთი ახლო ადამიანური ურთიერთობები უყალიბდება, რომ ერთმანეთთან ოჯახურ თემებზეც კი საუბრობენ, ანუ, თუ ადამიანს მიაჩნია, რომ შენი მეგობარია, ოჯახური საიდუმლოც კი შეიძლება გაგანდოს (იცინის).
– რა ეტიკეტების დაცვაა აუცილებელი პრეზიდენტის სადილზე?
– ამ სადილზე განსაკუთრებული ეტიკეტი არ არსებობს. სტუმრები, რა თქმა უნდა, ჩაცმულები არიან კონსერვატიულად, სავალდებულო არაა ფრაკში გამოწყობა, მაგრამ, არც ჯინსით არ მივა იქ არავინ. ზოგიერთი სტუმარი ეროვნულ სამოსშია ხოლმე გამოწყობილი, განსაკუთრებით – აფრიკელები. მე კოსტიუმების ბრენდებს არ ვათვალიერებ, მაგრამ, სენატორებსა და კონგრესმენებს ცუდად ნამდვილად არ აცვიათ. რადგან პრეზიდენტის სადილი დილის საათებში იმართება, სადილზე წარმოდგენილია ტრადიციული ამერიკული მენიუ, ბურღულეულის ფაფები, სიმინდის ბურბუშელა, ამერიკული ნამცხვარი, ჯემი, ხილი – ყველაფერი, რაც ამერიკული საუზმისთვის არის დამახასიათებელი. იქ აქტუალურია ფაფა, რომელიც ძალიან უყვართ ამერიკელებს და, ასევე, საუბრები სიყვარულზე, თანხმობასა და მეგობრობაზე, ყავისა და ჩაის თანხლებით… (იცინის).