“ყოფილი ქმრების კლუბი„ “იმედზე„?
19 მაისს კლუბ „მისონში” გადაცემა „ყოფილი ცოლების კლუბის” წვეულება გაიმართა. საინტერესოა, რომ ამ ბოლო დროს, სხვადასხვა გადაცემებმა აქტიურად დაიწყეს სახელობითი წვეულებების გამართვა, სადაც ცნობილ ადამიანებსა და გადაცემის სტუმრებს ეპატიჟებიან, ერთობიან, მსჯელობენ გადაცემაზე და სხვა. „ყოფილი ცოლების კლუბის” წვეულება შედარებით განსხვავებული გამოვიდა. მისი წამყვანები ნუკი, ია და სალომე საპატარძლო კაბებში იყვნენ გამოწყობილნი, რაც, ალბათ, ერთგვარ სიმბოლოდ უნდა აღვიქვათ – მიუხედავად გადაცემაში მოთხრობილი მძიმე ისტორიებისა, ისინი მაინც ქორწინების მომხრეებად რჩებიან. მართალია, გადაცემას უკვე ძალიან ბევრი სკანდალიც სდევს თან, განაწყენებული ქმრები ხან ძველბიჭურად იმუქრებიან, ხან სკანდალურ გამოცემებს ინტერვიუებს აძლევენ და ხან სასამართლოში აპირებენ ჩივილს, მაგრამ ამას წამყვანების გართობისთვის ხელი ნამდვილად არ შეუშლია. რაც შეეხება განაწყენებულ ქმრებს, ჭორი გავრცელდა, რომ „იმედი” მათაც არ დატოვებს გულდაწყვეტილს და საეთერო დროს მისცემს – შექმნის გადაცემას „ყოფილი ქმრების კლუბი”. ურევია ამ ჭორში სიმართლის მარცვალი თუ არა, ამას თავად ვნახავთ, თუკი გადაცემა ეთერში გავა.