“კარიბის ზღვის მეკობრეების„ თბილისური გრანდიოზული პრემიერა
ჯეკ ბეღურას ახალი თავგადასავლების ნახვა უკვე მთელმა მსოფლიომ შეძლო და გამონაკლისი არც საქართველოს მაყურებელი ყოფილა. 19 მაისს პრემიერა კინოთეატრ „ამირანში” იყო დაგეგმილი და იქ პრესის სრული შემადგენლობა მივიდა, რომ თავად ენახათ, რას მოაწყობდნენ თბილისური კინოთეატრები. „ამირანის” ფოიეში საზღვაო თემატიკის უამრავი აქსესუარი იყო გამოფენილი. „ალდაგი ბისიაის” თანამშრომლებმა სპეციალურად დადგმული ცეკვაც შეასრულეს, ხოლო ჯონი დეპისა და პენელოპა კრუსის როლში გიორგი და კრისტი ყიფშიძეები მოგვევლინენ. არაჩვეულებრივ კოსტიუმებში გამოწყობილმა – გიორგიმ და კრისტიმ პატარა სანახაობრივი სცენა გაითამაშეს. კრისტის უკვე დიდი ხანია, რაც პენელოპა კრუსს ამსგავსებენ და უნდა აღინიშნოს, რომ ამ როლმა მათ მსგავსებას კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი. თავად ფილმმა კი, რომელიც წლის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან კინომოვლენად მიიჩნევა, იმედგაცრუებული არავინ დატოვა. ჯეკ ბეღურას სასაცილო და საშიში თავგადასავლები მთელმა ოჯახმა ერთად უნდა ნახოს.