როგორი იყო სანდრო ცისკაძის გზა მიმტანობიდან ბარმენობამდე და ვისი თხოვნით მოხვდა ის „ნიჭიერში“
ვერაფრით წარმოვიდგენდი, რისი გაკეთება შეეძლოთ ბარმენებს იმაზე მეტის, რასაც კლუბებში ვხედავდი. „ნიჭიერმა” სანდრო ცისკაძემ საპირისპიროს დამტკიცება ერთი შოუთი შეძლო. სანახაობრივი, ტექნიკურად რთული, სახალისო, გამაოგნებელი შოუს შემდეგ, სანდრო ფინალშია და ცდილობს, ამ დღისთვის განსაკუთრებით მოემზადოს.
სანდრო ცისკაძე: ბარმენობაში სტანდარტული არაფერია, ყველაფერი იმპროვიზებულად ხდება. იგივე იყო ამ შოუზეც. ბარმენების მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიყავი იტალიაში, სადაც გავიცანი ლუკა ვალენტინი – ბარმენი, რომელთანაც დღეს ვმეგობრობ. მისი ვიდეოდან გამოვიყენე ამ შოუსთვის ბევრი რამ, ამის ნება თვითონ დამრთო. სხვათა შორის, თვითონაც იღებდა მონაწილეობას რუმინეთის „ნიჭიერში”. გავაკეთე და გამომივიდა. ყველა ფიქრობდა, რომ ბარმენობა მხოლოდ ბოთლების დატრიალება, ცეცხლის გამოშვება, კოქტეილის გაკეთებაა და მორჩა. ეს ასე არ არის. უამრავი ნიუანსია ამ საქმეში. სირთულეს ბარმენის გარდა, ვერავინ მიხვდება, მით უმეტეს კლუბში მოსული ადამიანი. ძალიან ბევრი შრომა და ვარჯიშია საჭირო.
– როგორ დაიწყო შენი, როგორც ბარმენის კარიერა?
– ვსწავლობდი გოეთეში, არ მინდოდა, მშობლებისთვის ფული გამომერთმია და მოვინდომე, მემუშავა, თავად მეშოვა ჯიბის ფული. დავიწყე მუშაობა „მარკო პოლოში” მიმტანად. კარგი მიმტანი ვიყავი. წესით მიმტანმა უნდა იცოდეს – მენიუში შეტანილი კოქტეილები რისგან შედგება, რა რას უხდება და სხვა. რასაც ვაკეთებ, ყოველთვის ბოლომდე მიმყავს ის. მინდა, გამორჩეული ვიყო და სრულყოფილად ვაკეთო ის საქმე, რითიც დაკავებული ვარ. მერე დამაინტერესა ბარმენობამ. იმ დროს დავიწყე მუშაობა შარდენზე მიმტანად. ცოტა ხანში დავწინაურდი და მიმტანების უფროსი გავხდი, პარალელურად კი, დავიწყე ბარმენობის შესწავლა. ზღვის სეზონზე კურორტზე წავედი ბარმენად სამუშაოდ. ძალიან ბევრი ვივარჯიშე და თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, დავიწყე ბარ „ტრაფიკში” მუშაობა. არასდროს გავჩერებულვარ, სულ ვვარჯიშობდი და ვმუშაობდი. ნელ-ნელა კოქტეილების მოგონებაც დავიწყე. ამის შემდეგ ჩატარდა კონკურსი – „ბაკარდი-მარტინი გრანპრი”, სადაც პირველი ადგილი ავიღე. ორ ნომინაციაში იყო პრიზი – კლასიკურსა და ფლეირინგში. ფლეირინგი არის ბოთლების ტრიალი. ამის შემდეგ კომპანია „ჯიდი-ალკომ” გამაგზავნა „ბაკარდი-მარტინის” მსოფლიო კონკურსზე, სადაც თვრამეტი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, მეშვიდე ადგილი ავიღე. უკრაინელების გარდა, იქ ყველა ქვეყანა იყო, სადაც გამორჩეულად ძლიერი ბარმენები არიან.
– ამას რა განაპირობებს? საკლუბო ცხოვრების მაღალი დონე?
– კი. უკრაინელები, არგენტინელები, გერმანელები ძალიან მაგრები არიან.
– რა არის ამ სფეროში ოსტატობის უმაღლესი დონე?
– ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული ტექნიკა. ეს ნიშნავს, რაც უფრო მეტი ბოთლის თუ შეიკერის გამოყენება შეგიძლია ერთდროულად. სამი, ოთხი, ხუთი შეიკერის ან ოთხი-ხუთი ბოთლის ერთდროულად ტრიალი. ფლეირინგში ამას ენიჭება გაცილებით დიდი მნიშვნელობა, ვიდრე კოქტეილის გემოს.
– ანუ, კლუბში იმის სანახავად მოდიან, რასაც აკეთებ და არა იმის, რასაც ასმევ?
– ასეა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი ბარმენობაში, ანუ სფეროში, რომელიც თითქმის არ განვითარებულა საქართველოში, ძალიან დიდი მიღწევაა. ეს რომ ყოფილიყო ჭიდაობაში, არც კი უნდა გაგვემხილა, მაგრამ ბარმენობაში მაგარია. ამის შემდეგაც არ გავჩერებულვარ, ყველანაირად ვცდილობდი, ამ საქმის პოპულარიზაციას. ბევრ სატელევიზიო შოუში ვიღებდი მონაწილეობას. ჯერ მარტო ექვსი თვის განმავლობაში, „იმედის” დილის გადაცემაში სამ კოქტეილს ვაკეთებდი. მონაწილეობა მიმიღია „ნანუკას შოუში”, „კომედი შოუში”. ვიყავი „ვანოს შოუში”.
– ვინ არის შენი კერპი ამ სფეროში?
– ჩემი ძირითადი ტექნიკა ემყარება ვლადიმირ ბურიანოვის, უკრაინელი ბარმენის სტილს. ულამაზეს და ურთულეს ილეთებს აკეთებს. ბურიანოვი და მისი მსგავსი ბარმენები, აღარ მუშაობენ. არის კიდევ ერთი ბარმენი – დანილა ურიბე. ეს ურუგვაელი, ულამაზეს ილეთებს აკეთებს. ისინი სხვადასხვა სასმლის სარეკლამო სახეები არიან. ერთადერთი, სადაც საკუთარი შესაძლებლობების ჩვენებას ახერხებენ, ეს მსოფლიოს ჩემპიონატები და სხვადასხვა კონკურსებია. სიმართლე გითხრა, ძალიან მინდა წასვლა და ალბათ, წავალ კიდეც უცხოეთში საცხოვრებლად, თუ აქ ასე გაგრძელდა. თითქმის არანაირი დაფასება და შემოსავალი ამ საქმეში არ არის.
– „ნიჭიერში” რატომ გახვედი?
– არ მინდოდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ბარმენთა ფედერაციას დავეხმარე. მთხოვეს და მათი სახელით გამოვედი. მაგრამ, არანაირად არ ვნანობ, ეს რომ გავაკეთე. დასაწყისშივე დარწმუნებული ვიყავი, რომ ფინალამდე გავიდოდი. ჯერ ერთი, რომ უცხო თემა იყო ქართული შოუებისთვის, მეორე – ძალიან საინტერესო შოუს დავდგამდი. „ნიჭიერის” ეს ვიდეო საკმაოდ პოპულარული გახდა, ძალიან ბევრმა მსოფლიოს ჩემპიონმა დამირეკა, მომილოცა წარმატება და შეიძლება, რამდენიმე მათგანი „ნიჭიერის” ფინალზეც ჩამოვიდეს და დამეხმარონ. არ არის გამორიცხული, სცენაზე პარტნიორობაც გამიწიონ. ჩამოსვლის ხარჯებს ისინი საკუთარ თავზე იღებენ, ძალიან ვთხოვე დახმარება და ყველაფერზე მოდიან.
– გარდა ამისა, რას აკეთებ?
– ვმუშაობ კომპანიაში, რომელსაც საქართველოში იტალიური ნატურალური წყლები და წვენი შემოაქვს. მათი სახე ვარ და ამ პროდუქციისგან რა სასმელებიც და კოქტეილებიც მზადდება, ყველაფერს ვაკეთებ. სადაც შედის, იქნება ეს რესტორანი, ბარი, კლუბი თუ სხვა, მივდივარ და პერსონალს ვამეცადინებ.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– მყავს მეუღლე, ექვსი წლის წინ დავოჯახდი. გვყავს ძალიან საყვარელი შვილი ნატალიკო. სამი წლისაა უკვე. ძალიან ბედნიერი ოჯახი მაქვს და გახარებული ვარ ამით.
– სასიმამროს და სასიდედროს არ გაუკვირდათ შენი პროფესია?
– თავიდან, რა თქმა უნდა. მაგრამ დავამტკიცე, რომ ეს ძალიან სერიოზული საქმეა. არ არსებობს, რამე მიზნად დავისახო და ის არ გავაკეთო. შეიძლება, ბევრი დრო და შრომა დამჭირდეს, მაგრამ მაინც მივაღწევ. ყოველთვის მომწონდა კარგი ბოტასები და ვყიდულობდი 1 400-1 600-ლარიანს, მაშინ, როცა ხელფასი 1 000 ლარიც არ მქონდა. შეიძლება, სამი თვე მემუშავა, მაგრამ მაინც ვიყიდიდი.
– შეყვარებულთანაც ასე იყო, რომელიც მერე ცოლი გახდა?
– კი. ჩემი მეუღლე, სხვათა შორის, ჩემი პირველი შეყვარებულია. ასე ამოვიღე ისიც მიზანში. ერთმანეთი ჩინურ რესტორანში გავიცანით. ჩემი მეუღლის მშობლები, და საერთოდ, მთელი ოჯახი ხშირად დადიოდა ხოლმე იქ სადილად. მაშინ მიმტანი ვიყავი, თან ცოტა ეშმაკი მიმტანიც და მოვახერხე მისი გაცნობა. სხვათა შორის, მალე ვერ მოვხიბლე.
– ბოტასებივით მოხდა?
– დაახლოებით (იცინის). სულ პრობლემები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მიმტანი სიძე არავის უნდოდა. საპირისპიროს დამტკიცებაში სწორედ სატელევიზიო შოუები დამეხმარა. მათ დაინახეს, რომ სხვა მიმართულებით მივდიოდი. მერე, ბევრი აღარ გვიფიქრია. ზღვაზე ვიყავი, ის ბორჯომში ისვენებდა, იქიდან ჩავაკითხე ბორჯომში და გავიპარეთ. ახლა ჩემი ძირითადი სამსახური ბარმენობა არ არის, ის კომპანიაა, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე. ბარმენობით უბრალოდ ვერთობი, პარასკევსა და შაბათს „ბამბაში” ვარ.
– როგორც გავიგე, საოცარი გულშემატკივრობა იყო დარბაზში.
– სხვათა შორის, გვეგონა, ბილეთები იქნებოდა და პარასკევს ვაპირებდით ორასი ცალის ყიდვას. ყველა აპირებდა წამოსვლას – ჩემი მეგობრები, ვინც „ბამბაში” დადის. აღმოჩნდა, რომ ბილეთები აღარ იყო. გადავცვალეთ, ორმაგ ფასში ვიყიდეთ და თხუთმეტი ბილეთი ძლივს ვიშოვეთ. მაგრამ, აი, ის თხუთმეტი ადამიანი ისეთებს აკეთებდა, იმხელას ყვიროდნენ და ისე მგულშემატკივრობდნენ, რომ ყველა გადაფარეს.
– არ ნერვიულობდი?
– საშინლად. სხვათა შორის, ფსიქოლოგის დახმარებაც კი დამჭირდა იმისთვის, რომ მღელვარება დამეძლია და მშვიდად ვყოფილიყავი. ეს ძალიან დამეხმარა.
– ფინალში საოცრებას გვპირდები?
– ძალიან მაგარი რაღაცის გაკეთებას ვაპირებ. ვნახოთ, როგორ გამომივა. იმედია, მეგობრები ჩემ გვერდით იქნებიან.