კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ითმენდა და ყლაპავდა ირაკლი სანაია და როდის დაიწყო მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგი

მსახიობი ირაკლი სანაია მაყურებელს პროექტ „დასიდან” ახსოვს. სხვა მონაწილეებთან ის მუდამ კონფლიქტში იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად მაინც გაიმარჯვა და რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა. როგორია მისი ცხოვრება ამ ეტაპზე და რა არის მისი ყველაზე დიდი აღმოჩენა, ამაზე ახალგაზრდა მსახიობი თავად გვესაუბრება.

– ხალხმა პროექტ „დასის“ შემდეგ გაგიცნო. თუ შეცვალა ამ პროექტმა შენი ცხოვრება?

– რა თქმა უნდა, ამ პროექტის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. „დასი“ იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი აღმოჩენა. სიმართლე რომ გითხრათ, არც კი მეგონა, თუ მიმიღებდნენ, გამარჯვებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო. თუმცა, ბედი ვცადე და გამიმართლა, ძალიან გამიმართლა.

– რატომ გეგონა, რომ არ მიგიღებდნენ?

– მეგონა, რომ საქართველოში ყველაფერი „ჩაწყობით“ იყო, მე კი მაშინ ცოტა ხელმოკლედ ვცხოვრობდი და არც პატრონი მყავდა, რომ დიდი რაოდენობით ესემესი გამოეგზავნათ ჩემთვის. თუმცა, ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით, მაინც მივედი. „დასის“ მსვლელობის დროს შინაგანი გრძნობა მქონდა, რომ გავიმარჯვებდი. როგორც ჩანს, სწორად ვგრძნობდი. მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგი დაიწყო. ერთხელ, ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი მიწვეული, სადაც ბატონი რობერტ სტურუა ჩართეს პირდაპირ ეთერში და მან თქვა, რომ მე ღმერთების ხელში ვიყავი. რადგან ბატონმა რობერტმა ასე თქვა, ესე იგი, მართლაც ასეა.

– რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდი. ეს ალბათ უკვე დიდი წარმატებაა.

– თავიდან ერთი წელი უნდა დავრჩენილიყავი რუსთაველის თეატრში. ამ პერიოდში დანიშნული მქონდა ხელფასი. იმ წელს მხოლოდ ერთი როლი მქონდა, რომელიც დიდ სცენაზე ვითამაშე. ეს იყო სპექტაკლი „სალამურა”, სადაც მეორე ვეზირი ვითამაშე. როდესაც ერთი წელი გავიდა, ბატონმა რობერტმა დამიძახა და მითხრა, თუ ჭკვიანურად მოიქცევი, დარჩები რუსთაველის თეატრშიო. ალბათ, ჭკვიანურად ვიქცევი, რადგან დღემდე აქ ვარ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამ სპექტაკლში ვითამაშე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რუსთაველის თეატრის დასის მმართველს, დავით უფლისაშვილს. მან იცის ადამიანის პატივისცემა, არტისტის დაფასება. უბედნიერეს ადამიანად მიმაჩნია თავი, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ.

– როგორც ჩანს, ძალიან იღბლიანი ხარ.

– მართალია, ძალიან იღბლიანი ვარ. საერთოდ, ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ – თუ რაღაცას ჩავიფიქრებ, ის აუცილებლად ბოლომდე მიმყავს. როგორც ჩანს, იღბალიც მეხმარება, რადგან ყველაფერი გამომდის. თუმცა, რამდენად ადვილად ხდება ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში, ამას ვერ გეტყვით. როცა ადამიანს ხელიც აქვს და ფეხიც, უნდა გაანძრიოს და ყველაფერი გამოუვა.

– მახსოვს, პროექტში ყოფნის დროს, ხშირად ეხვეოდი კონფლიქტებში. ცხოვრებაში კონფლიქტური ხარ?

– იცით რა, მიმაჩნია, რომ კონფლიქტური კი არა, იმდენად მომთმენი ვარ, რომ ეს საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს. თუნდაც დასში ყოფნის დროს, ყველაფერს ვითმენდი, ვყლაპავდი და ეს აღიზიანებდა სხვა მონაწილეებს, გადარეულები იყვნენ, როგორ ვიყავი ასე მშვიდად (იცინის). შეიძლება, შინაგანად ძალიან ამეშალოს ნერვები, მაგრამ ამას სხვას არ დავანახვებ. თუ ვიღაც შეურაცხყოფას მომაყენებს, ვცდილობ, არ ავყვე და კარგად და მშვიდად დავშორდე. თან, ეს ყველაფერი მეორე დღეს აღარ მახსოვს ხოლმე.

– ესე იგი შენი წყობიდან გამოყვანა შეუძლებელია?

– ამას სხვა ვერ დაინახავს, თორემ, ჩემთვის ძალიან მტკივნეული საკითხია. წყობიდან ყველა ადამიანი გამოდის და გამონაკლისი არც მე ვარ. თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება წყობიდან გამოვდივარ, მაგრამ, ეს ჩემს შიგნით იმალება.

– ესე იგი ცხოვრებაშიც თამაშობ?

– არა, რადგან არ ვამჟღავნებ ჩემს წყობიდან გამოსვლას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვთამაშობ. პირიქით, ტყუილის თქმა არც კი გამომდის, მაშინვე ხვდებიან ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემი მეუღლისთვის რაღაც ტყუილი მითქვამს და მაშინვე მიმხვდარა. მოკლედ, ტყუილი ჩემი საქმე არ არის.

– მეუღლე ახსენე. მომიყევი, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და ქალიშვილი – თამარი. ვგიჟდები მათზე. ჩემი თამარი ულამაზესი ბავშვია, ქერა კულულები აქვს, თვალებს ისე ლამაზად ახელს და ხუჭავს, რომ გადარეული ვარ ხოლმე. დედაჩემს ვამსგავსებ, ის ძალიან ლამაზი ქალი იყო. მე და ჩემი მეუღლე შავგვრემნები ვართ, თამარი ფერებით ჩვენ არ გვგავს.

– როგორი მამა ხარ?

– ძალიან მაგარი მამა ვარ. სახლში სულ მასთან ერთად ვთამაშობ, ვუვლი, პამპერსებსაც ვუცვლი ხოლმე. როცა „მამა“ დამიძახა, სულ გადავირიე და მაშინ ვიგრძენი, რომ მამა ვარ. საოცარი გრძნობაა.

– როგორი მეუღლე ხარ?

– კარგი მეუღლე ვარ, ალბათ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ცოლი მყავს. ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია. ჩვენ ერთმანეთი რუსთაველის თეატრში გავიცანით. ის ორგანიზატორ-მენეჯერი იყო და, როდესაც ხელშეკრულება გამიფორმა, მერე მეც გავუფორმე ხელშეკრულება (იცინის).

– თეატრის გარდა ფილმებშიც თამაშობ. მაინც რომელი გირჩევნია, კინო თუ თეატრი?

– დიახ, ფილმებშიც ვთამაშობ. მე ვიტყოდი, რომ გამიმართლა, როცა ბატონ ლევან თუთბერიძესთან ვიმუშავე ფილმში „უშენოდ, მგონი, მოვკვდები”. ვთამაშობ ნარკომან ბიჭს, რომელსაც ძმაკაცს უკლავენ. საკმაოდ საინტერესო ფილმია. ყველას ვურჩევ, ნახოს. თეატრი მირჩევნია თუ კინო, ეს ძალიან რთული სათქმელია. ორივეს სხვადასხვა სპეციფიკა აქვს, ვერც ერთის გარეშე ვერ გავძლებ. როდესაც ტელეეკრანზე გამოჩნდები, უკვე პოპულარული სახე ხდები, ქუჩაში გცნობენ და ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა.

– როგორ ფიქრობ, რაში დაგეხმარა პოპულარობა?

– სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არაფერში არ მეხმარება. მაგალითად, ერთ შემთხვევას გავიხსენებ: სამი წლის განმავლობაში მართვის მოწმობის გარეშე დავდიოდი. ერთხელაც, გამაჩერა პატრულმა და დამაჯარიმა. ვუთხარი, რომ მე პროექტ „დასის“ გამარჯვებული ვიყავი, ისიც ვუთხარი, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ, მოკლედ, რა აღარ ვუთხარი, მაგრამ, არაფერმა გაჭრა (იცინის).

– გითხრეს, რომ კანონი – კანონიაო?

– ზუსტად ასე მითხრეს (იცინის). მოკლედ, არაფერში არ მეხმარება ეს პოპულარობა (იცინის).

– შენს უარყოფით თვისებად რა მიგაჩნია?

– არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ უარყოფითი თვისებები არ მაქვს. თითქმის ყველა ადამიანს აქვს ნაკლი, რომლის გამოსწორებასაც ზოგი ცდილობს, ზოგი – არა. მე ყოველთვის ვცდილობ, საკუთარ თავში ვეძებო პრობლემა და აღმოვფხვრა. ბევრჯერ გამიკრიტიკებია ადამიანი ისეთი საქციელის გამო, რომელიც, შეიძლება, მეც მქონდეს გაკეთებული. ეს უარყოფითი თვისებაა, აბა რა არის. არ უნდა განსაჯო ადამიანი იმის გამო, რასაც შენ ყოველდღიურად აკეთებ. კიდევ, არის ერთი რამ, რასაც, ჩემი უდიდესი სურვილის მიუხედავად, ვერ ვაკეთებ – ეს არის ლოცვების კითხვა. არ ვიცი, იმ დროს რა მემართება ხოლმე. ან ძალიან მეძინება, ან სადღაც მიმეჩქარება, ან საშინლად დაღლილი ვარ... თუმცა, არის ერთი პატარა ბროშურა, რომელიც ჩემი შვილის ძიძამ მაჩუქა და რომელსაც ყოველთვის ვკითხულობ. მას ქვია „ღვთისმშობლის სიზმარი“. თქვენი საშუალებით, მინდა, ყველას ვთხოვო, შეიძინონ და წაიკითხონ. ამბობენ, ვინც ამ ლოცვებს წაიკითხავს ხოლმე, სიკვდილამდე სამი დღით ადრე ღვთისმშობელი გამოეცხადებაო.


скачать dle 11.3