როგორ დამეგობრდა ეკა ჩიტაშვილი მსოფლიოს მეგავარსკვლავებთან და ვინ ჩამოვა ბათუმში „გოლდენ ტალანტზე“
ქერა კულულები, გულწრფელი ღიმილი და საოცარი კომუნიკაბელურობა – ჩემთვის ეს ყველაფერი ეკა ჩიტაშვილის სავიზიტო ბარათად იქცა. ქალბატონს, რომელსაც ეკუთვნის ბათუმის გრანდიოზული სატელევიზიო კონკურსის „გოლდენ ტალანტის” იდეა და ორგანიზება, საოცრად საინტერესო და წიაღსვლებით სავსე ცხოვრება აქვს, რომელიც თოთხმეტი წლიდან უკვე კინოამბად იქცა.
ეკა ჩიტაშვილი: პროფესიით იურისტი ვიყავი, მაგრამ ახლა უკვე პროფესიონალი პროდიუსერი ვარ. ამ მიმართულებით განათლება უცხოეთში მაქვს მიღებული. თუმცა, შოუ-ბიზნესში თავიდან სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ომის შემდგომი პერიოდი იყო, სამი შვილი მყავდა და მატერიალურად ძალიან გვიჭირდა. აუცილებელი იყო, რაღაც გამეკეთებინა. იურიდიული განათლების მქონე ადამიანი, გაზეთში ვეძებდი სამსახურს, რადგან არ მინდოდა, ჩემი პრობლემებით ვინმე შემეწუხებინა. საშინლად მირთულდებოდა ბავშვების გამოკვება, ჩაცმა. მაშინ მეც და ჩემი მეუღლეც სტუდენტები ვიყავით, ერთ კურსზე ვსწავლობდით. თან, სრულიად მარტო ვცხოვრობდით. ჩემი ოჯახი მოსკოვში ცხოვრობდა. თვრამეტი წლის ვიყავი, უკვე სამი შვილი რომ მყავდა...
– რამდენი წლის გათხოვდით?
– თოთხმეტის. რადგან თოთხმეტი წლის გავთხოვდი, ექსტერნად დამამთავრებინეს სკოლა. მაშინ სკოლაში გათხოვილ გოგოებს არ აჩერებდნენ და თხუთმეტი წლისამ იურიდიულზე ჩავაბარე. მიყოლებით, დაუფიქრებლად გავაჩინე სამი შვილი და უცებ დავდექით ძალიან მძიმე რეალობის წინაშე. ბევრჯერ ყოფილა ისეთი სიტუაცია, სახლიდან ნივთები გამიტანია, გამიყიდია და ამით მომიტანია ბავშვებისთვის საჭმელი. შაქრიანი ფაფა რომ გამეკეთებინა ამას ვერ ვახერხებდი. ახალგაზრდობა, გართობა, მსგავსი რაღაცეები არც არასდროს მქონია. თოთხმეტი წლიდან საოჯახო საქმეებში გადავეშვი, დავიწყე დიასახლისობა, ბავშვების აღზრდა და ცოტა ხნის შემდეგ, უკვე სამსახურის საქმეები დამემატა. სხვათა შორის, ჩემი უფროსი გოგონა, ირინა ჩახუნაშვილი სამოდელო სააგენტო „მაქსიმუმის“ დირექტორია საქართველოში.
– ასე გამოდის ერთად იზრდებოდით.
– კი, ჩემი მეუღლე ჩვიდმეტი წლის იყო, როცა ცოლად გავყევი. ჩვენ და ჩვენი შვილები, პრაქტიკულად, ერთად გავიზარდეთ. ერთი სიტყვით, გაზეთში ვნახე განცხადება – საბავშვო მუსიკალურ სტუდიაში მდივან-რეფერენტი სჭირდებოდათ და წავედი. მივედი გასაუბრებაზე. საკმაოდ განათლებული ვიყავი. ვიცოდი ინგლისური, რუსული, შემეძლო ბეჭდვა, მქონდა იურიდიული განათლება... გარდა ამისა, იყო შემოქმედებითი მხარეც. ექვსი წლიდან ვმღეროდი ანსამბლ „მზიურში” შურა ჯანელიძესთან, ვუკრავდი ანსამბლ „საუნჯეში” ჩანგზე, ვცეკვავდი ჭანიშვილთან, დავამთავრე თანამედროვე ცეკვების სტუდია სანაძესთან. მოკლედ, რაც კი იმ პერიოდში შეიძლებოდა, ყველაფერი ავიღე. გარდა ამისა, ვცურავდი და ქალაქის ჩემპიონიც კი ვიყავი. გასაუბრებაზე მიხვდნენ, რომ რადიკალურად განვსხვავდებოდი ვაკანსიაზე მისული გოგონებისგან და მითხრეს, ეს სამუშაო თქვენთვის, რბილად რომ ვთქვათ, შესაფერისი არ არისო და მოდი, ჩვენი სტუდიის მენეჯერი იყავითო. ეს იყო გოჩა გოჩიაშვილის საბავშვო სტუდია. ხელფასი დამინიშნეს ორმოცდაათი ლარი თვეში და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ეს ორმოცდაათი ლარი ეგრევე გადავანაწილე. განვსაზღვრე, რომ ამით ბავშვებს შაქარს, პურს, რძეს მივუტანდი. ერთი კვირა, რომ ვიარე სტუდიაში, მივხვდი, მხოლოდ მოვალეობას ვასრულებდი და გაცილებით მეტი შემეძლო. საკმაოდ ინდივიდუალური ვარ, მოწოდებით ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. ამიტომ არ შემეძლო რუტინული საქმის კეთება. მოვიფიქრე, გამეკეთებინა საბავშვო კონკურსი. გავაკეთე სამი კონკურსი, სადაც გაიყიდა ბილეთები და ბავშვები უბედნიერესები იყვნენ. აი, აქედან დაიწყო ყველაფერი (იცინის). მშობლებს ჰქონდათ კონკურსების გაგრძელების სურვილი, გამიჩნდა იდეა, გამეხსნა სამოდელო სააგენტო. სააგენტოს ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, ზალიკო ბერგერმა „მაქსიმუმი” დაარქვა. მოკლედ, დავიწყე სამოდელო ბიზნესი. ორი წლის შემდეგ მივხვდი, რომ სხვა რაღაცეების კეთებაც შემეძლო და გავხსენი სარეკლამო სტუდია, სადაც ფიარით, კომპანიების საზოგადოებასთან ურთიერთობით ვიყავი დაკავებული. არც ამით დავკმაყოფილდი და გადავწყვიტე, გამეკეთებინა კონცერტი. რუსეთთან თავიდანვე მჭიდრო კავშირები მქონდა. ჩემი ძმა იმ პერიოდში სტუდია „საიუზში” მუშაობდა და მეგობრობდა პროდიუსერებთან, მომღერლებთან, ვარსკვლავებთან. მოკლედ, გადავწყვიტე „ვიაგრა” ჩამომეყვანა.
– მახსოვს, ბომბი გასკდა თბილისში.
– კი, საკმაოდ უცხო იყო ეს ყველაფერი თბილისისთვის. კონცერტი „16 რაუნდში” ჩემს მეგობრებთან ერთად „სარკესთან” გავაკეთე. დღემდე ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან. „ვიაგრასთან” მოლაპარაკება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ვკონტაქტობდი ჯგუფის დირექტორთან, დიმა კასტიუკთან, რომელმაც „ვიაგრა” კონსტანტინე მელაძესთან ერთად დააარსა. დიმა ახლა ჩემი მეგობარია და ხშირად სხვადასხვა კონკურსზე ერთად ვართ ჟიურიში, მაგრამ მაშინ ძალიან მეშინოდა და ვნერვიულობდი მასთან ურთიერთობისას, ჩემთვის დიდი ფიგურა იყო (იცინის). „ვიაგრამ” ძალიან დიდი ფიარი გაგვიკეთა, ბილეთები გაიყიდა და ძალიან მაგარი კონცერტი გამოვიდა...
– შესაბამისად, ბავშვებს რძესთან ერთად შოკოლადიც შეხვდათ, არა?
– კი (იცინის) და ეს ძალიან მახარებდა. ამის შემდეგ უკვე ჩამოვიყვანე ინ-გრიდი, რომელიც ახლა უკვე ჩემი უახლოესი მეგობარია, ყველაფერში ვეხმარებით ერთმანეთს, რეკომენდაციებით და სხვა. ექსკლუზივი არ მაქვს ამ არტისტზე, მაგრამ დაქალები ვართ და ბევრ რაღაცაში ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს. მივხვდი, რომ სამოდელო სააგენტოზე მეტად ეს სფერო მომწონდა. რამდენ ვარსკვლავთანაც მქონია ურთიერთობა, ყველასთან ვმეგობრობ და დღეს ჩვენი ურთიერთობა გასცდა ოფიციალურობის საზღვარს. მიუხედავად იმისა, თუ რას მივაღწიე, თავში არ ამვარდნია. ამის მიზეზი ალბათ, ისაა, რომ დიდი გაჭირვებაც ნანახი მაქვს და ვიცი, ყველაფრის ფასი. ინ-გრიდის შემდეგ გადავწყვიტე, „გლუკოზა” ჩამომეყვანა, რომელიც მაშინ ნანახი არავის ჰყავდა. ეს ნამდვილი შემოქმედებითი კულმინაცია იყო. კონცერტმა გაამართლა კი არა, დაინგრა სპორტის სასახლე. „გლუკოზას” შემდეგ „16 რაუნდში” დავიწყე პრომოუტერად ერთი წლით მუშაობა. შემდეგ გადავედი „ბერიკონში”, რომელიც კლუბად გადავაკეთე. ამ პერიოდში უკვე მთელ ქართულ შოუ-ბიზნესთან მქონდა ურთიერთობა და ზუსტად ვიცოდი, ყოველი მათგანის შესაძლებლობები – ვინ ცოცხლად მღეროდა, ვის რა უჭირდა, ვინ როგორი პრომოუტერი, ორგანიზატორი გახლდათ და, ვისთვის რისი დავალება შეიძლებოდა. შოუ-ბიზნესში შევედი, მაგრამ ძალიან მალე გავექეცი ამ ყველაფერს. უამრავი ჩამოყვანილი მომღერლისა და გაკეთებული კონცერტის შემდეგ, მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი და მესწავლა. საჭირო იყო ამ საქმის ხელობად ქცევა და პროფესიული ნიუანსების დახვეწა. როგორც კარგ საცივს სჭირდება უამრავი სანელებლის სწორი და ზუსტი შეზავება, ისეა არტისტიც, რომელიც როგორი ნიჭიერი და მაგარიც არ უნდა იყოს, ამ სანელებლებისა და მათი შეზავების მცოდნე ადამიანის გარეშე ვერაფერს იზამს. ეს საქართველოში არ არსებობს.
– და წახვედით რუსეთში.
– კი, მოსკოვში ჩავედი. ჩემი ძმაც იმ დროს საპროდიუსეროზე სწავლობდა და ჩავაბარე. სამი წელი ვისწავლე. სიგიჟემდე მიყვარს ეს საქმე და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. შემიძლია, არ ვჭამო, არ დავიძინო, არ დავჯდე და ჩემი საქმე ვაკეთო. ეს საქმე ჩემი ადრენალინია და არ ვუყურებ მას როგორც ბიზნესს. მოხდა ისე, რომ საერთაშორისო საკონცერტო კომპანია „მაქსიმუმი” გავხსენი მოსკოვში და იქ ჩამომყავდა უკვე უცხოელი მომღერლები, მსოფლიო მეგავარსკვლავები. დაიწყო ომი და წავედი მოლდოვაში. პატრიოტიზმი დაარქვით ამას, ან რაც გინდა ის, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო, იქ ვეღარ დავრჩებოდი. ბევრი ხელოვანი პოლიტიკაში გაერია და ეს საშინლად არ მომეწონა. სულ ვამბობდი, კულტურის მოღვაწეებმა ჩვენი საქმე ვაკეთოთ-მეთქი.
– რატომ მაინცდამაინც მოლდოვაში?
– ბევრი პროფესიონალი პარტნიორი მყავდა, თან დიდი ქვეყანაა, დიდი მასშტაბების, ევროპასთან ახლოს. ხშირად ჩამყავდა იქ ვარსკვლავები და მჭიდრო კავშირები მქონდა. დავიწყე რამდენიმე პრომოუტერთან თანამშრომლობა და შემომთავაზეს კულტურული ცენტრის ხელმძღვანელობა. ეს იმ ქვეყანაში ძალიან დიდი თანამდებობაა, რადგან კულტურის ცენტრი აფინანსებს კულტურის ყველა სფეროს მთელ ქვეყანაში. არსებობს ასეთი ადამიანი – ლეონიდ იაკოვლევიჩ ვალნიანსკი, მოლდოველი ოლიგარქი, რომელიც მეცენატია, ეხმარება სპორტს, კულტურას, მთავრობასაც, სტუდენტებს... ყველას ქვეყანაში. დავუდექი ამ ადამიანს გვერდში და კულტურის ცენტრის „ელატის“ ფილიალად, გავხსენით „ელატ კონცერტსი”. ამჟამად სწორედ იქ ვმოღვაწეობ. კულტურის ცენტრის ეგიდით, უკვე ოთხი საერთაშორისო კონკურსი ჩავატარეთ, სადაც ყოველწლიურად 25 ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოდიან. ეს არის ქვეყანაში ყველაზე ხარისხიანი სანახაობები, სახელმწიფო ზეიმია და ჩვენ ღონისძიებას ყოველთვის პარლამენტის თავმჯდომარე, მერი ან სხვა მაღალი პირი ხსნის. ამ სფეროში ავიღე რამდენიმე ჯილდო. ევროპის ქვეყნებს „ესენგეს” ქვეყნებიდან ვამარაგებდი კონკურსანტებით, ანაზღაურების გარეშე ვეხმარებოდი არტისტებს. მიმიწვიეს „ვაფაში”. ეს არის მსოფლიო ფესტივალებისა და არტისტების ასოციაცია მალტაში, რომლის წარმომადგენელიც გახლავართ. ჩემი ვალდებულებაა, ყველა საერთაშორისო ფესტივალს მივეხმარო და თითოეულზე ხუთი წარმომადგენელი მაინც წარვადგინო. ეს რომ შემიძლია, დავამტკიცე და მივიღე ჯილდო მსოფლიო საერთაშორისო კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ასევე, მივიღე წლის საუკეთესო პროდიუსერისა და საუკეთესო პრომოუტერის პრიზები. ამას, ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი.
– რაც შეეხება ბათუმის კონკურსს, მასთან დაკავშირებით რა ხდება?
– უკრაინის ტელეკომპანია იყო ჩემი პარტნიორი, რომელთან ერთადაც საერთაშორისო კონკურსი გავაკეთეთ. ისე მოხდა, რომ გრანდიოზული კონკურსის შემდეგ, პარტნიორებთან უსიამოვნო გარღვევა მოხდა. ამის შემდეგ მათთან ურთიერთობა აღარ გავაგრძელე. ვიფიქრე, რატომ უკრაინაში და არა საქართველოში-მეთქი?! დათო ოქიტაშვილს და რეზი ახაკაძეს – დათოს მოადგილეს ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა კონკურსი ბათუმში. ეს არის პირველი საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა მსოფლიოს ოცდახუთ ქვეყანაში, ანუ რამდენი კონკურსანტიც იქნება. სრულიად ახალი ფორმატი დავწერე, რომელიც იქცა თანამედროვე პოპ-მუსიკის ნამდვილ ფეშენ-კონკურსად. დარწმუნებული ვარ, ეს უამრავ ახალ ვარსკვლავს გააჩენს. საქართველოში მისი ორგანიზატორი „ჯორჯიან არტფესტია”, რომლის დამფუძნებლები არიან: ბატონი არჩილ დოლიძე, დავით ოქიტაშვილი და ქალბატონი ნათია ნათბილაძე. იმედი მაქვს, ყველაფერი ხარვეზების გარეშე, იდეალურად ჩაივლის.
– ჟიური ვინ იქნება?
– აბსოლუტურად გამჭვირვალე შეფასება იქნება. გვეყოლება ჟიურის ორი ჯგუფი – ვარსკვლავები და მონაწილე ქვეყნების ტელეკომპანიების გენერალური პროდიუსერები, ან წარმომადგენლები, რომლებსაც არ ექნებათ უფლება ხმა თავის ქვეყანას მისცენ. ვფიქრობ, ამაზე მეტი გამჭვირვალეობა არ შეიძლება.
– ვარსკვლავებიდან ვინ იქნება ჟიურიში?
– ამერიე, რომელიც „დისთნის ჩაილდში” ბიონსესთან ერთად მოღვაწეობდა; შონტელი, რომელსაც რიანას პროდიუსერი კურირებს, ასევე, გვყავს ქეით რაინი – ფრანგი მომღერალი, სემო ბერნიკი – კიმ დე ლუქსის ვოკალი, ვალერი მელაძე. მოლაპარაკება მიმდინარეობს თამარ გვერდწითელთან. გვინდა, ისიც ჩვენ გვერდით იყოს. კონკურსი გასტანს ოთხ დღეს. შვიდში იქნება გრანდიოზული გახსნა და ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებთ, თუ ვინ გახსნის მას. შემდეგ იქნება, ორი საკონკურსო დღე და დახურვა, სადაც სოლო კონცერტი ექნება დევიდ გუეტას ვოკალს და ყველა ჰიტის თანაავტორს – კრის უილისს. ცოტა არ იყოს, ბოლომდე არ ვენდე ქართული მხარის ორგანიზებას, მაინც პირველი ნაბიჯია და მოვიწვიეთ უკრაინელი სატელევიზიო რეჟისორები, დამდგმელი ქორეოგრაფი, რეჟისორი, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი. კონკურსს, 2010 წლის „მის ლიტვა“, წლის საუკეთესო წამყვანი ორ ენაზე წაიყვანს. მეორე წამყვანიც იქნება, უკრაინული მუსიკალური არხის წამყვანი. ძალიან ვნერვიულობ და იმედი მაქვს, ყველაფერი იდეალურად ჩაივლის.