რატომ არ მოსწონს ზანგი ბიჭები მარიამ ადარვას და როგორ გახდა 16 წლის მულატი „მის თბილისი“
6 მაისს ჩატარებულ სილამაზის კონკურსზე, „მის თბილისი” 16 წლის მულატი, მარიამ ადარვა გახდა. ის 3 თვიდან თბილისში ცხოვრობს და აქ იზრდება. მისი მამა ნიგერიელია, დედა – ქართველი. თავად მარიამს, რომელიც ძალიან ენერგიული, მხიარული გოგონაა, ნამდვილი ქართული ხასიათი აქვს. ამაში ინტერვიუს წაკითხვისას თავად დარწმუნდებით.
მარიამი: ძალიან მინდოდა, კონკურსში მონაწილეობა და მივიღე კიდეც. თუმცა, არ მეგონა, თუ გავიმარჯვებდი. ალბათ, იმიტომ გააკეთეს ჩემზე არჩევანი, რომ ყველასგან განსხვავებული ვიყავი. ჩემი გამარჯვება არავის გაუპროტესტებია, არაფერი უთქვამთ. ისე გამიხარდა, რომ შოკში ვიყავი, ვერ ვაზროვნებდი, არც გამიცინია. ახლა უკვე გამოვედი შოკიდან.
– დიდი ხანია, მოდელი ხარ?
– წლებია. მაია ჯანყარაშვილის სამოდელო სააგენტო „ეფ ფეისში” ვარ. ყოველთვის მინდოდა მოდელობა. დედა დაემორჩილა ჩემს თხოვნას და მიმიყვანა სააგენტოში. ბავშვობიდან ვმოდელობ. 2 წელი „პირველ სტერეოზე” წამყვანადაც ვმუშაობდი, საბავშვო მუსიკალური ხუთეული მიმყავდა. მინდა, ჟურნალისტი გამოვიდე. ეს უკვე გადაწყვეტილი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დედაც და მამაც ექიმები არიან, მე ჟურნალისტობა მინდა. ისინი მეწინააღმდეგებიან, უნდათ, მეც ექიმი გამოვიდე.
– ჯიუტი ხარ?
– ჩემი გამაქვს ხოლმე და მისრულებენ სურვილებს. თან დედისერთა ვარ. წამყვანობა ჯერ კიდევ „პირველ სტერეოში” მუშაობის დროიდან მინდა. თუმცა, მოდელობაც მომწონს, მიყვარს, მაგრამ ეს უფრო ჰობია. რაც მოდელი ვარ, თავს უფრო ვუვლი. მაკიაჟსაც სულ ვხმარობ, მიყვარს გამოპრანჭვა.
– სკოლაში დადიხარ?
– თანაკლასელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიყვარს ისინი და მათაც ძალიან ვუყვარვარ, გიჟდებიან ჩემზე. კლასში მასწავლებლებს თუ რამეს ვუშავებთ, ამას ყველა ერთად ვაკეთებთ, მარტო მე – არა. თუმცა, ხშირად ეს ჩემი და ჩემი ერთი თანაკლასელის ინიციატივით ხდება. ჩვენ „მიგვყავს კლასში პარადი“. მეგობრული ადამიანი ვარ, თუმცა ცელქიც. ყველაფერს, რასაც ხელს ვკიდებ, ფუჭდება. ძალიან თავისუფალი, მხიარული ვარ, სულ „ვღადაობ“. კლასელებთან, დაქალებთან, მეზობლებთან ერთად ყველგან მიყვარს სიარული, გართობა. ერთად რომ ვართ, თანაც ბევრნი, ძალიან კარგად ვერთობით. მარტო გართობას არ ვარ მიჩვეული.
– ხომ არ მღერი კიდეც?
– სერიოზულად არ მიმღერია. თუმცა, ერთ-ერთ შოუში მიპირებენ ამღერებას. სახლში სულ ვმღერი. დღე და ღამე სიმღერაში ვათენებ და ვაღამებ. სამაგიეროდ ცეკვა გამომდის კარგად. კიდევ ფეხბურთი მიყვარს, სულ ვთამაშობ. თავდამსხმელი ვარ და კარგად გამომდის გოლების გატანა. მეუბნებიან, შენგან კარგი ფეხბურთელი გამოვაო, მაგრამ სად მე და სად ფეხბურთი?! მხოლოდ ვერთობი. ფრენბურთი მიყვარს კიდევ.
– მოდი, შენი მშობლები გამაცანი.
– მოსკოვში დავიბადე, მამა ნიგერიელია, მის გვარზე ვარ – მარიამ ადარვა. ისე მერიკოს მეძახიან. ბელორუსიაში დედა და მამა ერთად სწავლობდნენ, იქ გაიცნეს ერთმანეთი და შეუღლდნენ. მერე მე დავიბადე და 3 თვის ვიყავი, თბილისში რომ ჩამომიყვანეს. მას შემდეგ სულ აქ ვცხოვრობ. მერე მამა წავიდა სამუშაოდ და დედაც მიჰყვა. ახლა ორივე ლონდონში კლინიკაში მუშაობს, ჩამოდიან ხოლმე. მე ბებიასთან და დეიდასთან ვიზრდებოდი. დეიდა დედასავით მყავს, ყველაფერია ჩემთვის. რამე რომ მინდა მშობლებისგან, შუამავლად მყავს. თუმცა, მშობლები ძალიან მენატრებიან, მაგრამ დეიდა მიქარწყლებს მონატრებას.
– მშობლებთან არ მიდიხარ ხოლმე?
– ჯერ არ ვყოფილვარ, მაგრამ ვაპირებ. მათ უნდათ, რომ სწავლა იქ გავაგრძელო, მაგრამ მე არ მინდა. სამეგრელოში დავდივარ ყოველ ზაფხულს. წალენჯიხაში გვაქვს სახლი და მეგრული კარგად ვიცი. ასევე, რუსულიც და ინგლისურიც. ახლახან ინგლისური ენის ოლიმპიადაში გავიმარჯვე, დამაჯილდოვეს კიდეც. ქართულიც უპრობლემოდ ვისწავლე. იცი, რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, ქუჩაში, ან ტრანსპორტში ჩემზე დაუწყიათ ლაპარაკი და მერე, მე თუ რამე არ მომწონებია, ქართულად მიპასუხია – აბა, გაჩერდი, თორემ ავდექი-მეთქი. გაოცებულები მიყურებენ, ხმას ვერ იღებენ. სულ არის ასეთი სიტუაციები – ვაიმე, მულატი და იწყებენ საუბარს. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ მეგრელები, რომ საუბრობენ ჩემზე მეგრულად და მეც მეგრულად ვპასუხობ. მერე მე ამაზე კარგად „ვღადაობ“. თავიდან ამ ყველაფერზე ნერვები მეშლებოდა, არ მსიამოვნებდა, ჩემები კი მეუბნებოდნენ, შენ იმიტომ გიყურებენ, ყველაზე ლამაზი და განსხვავებული ხარო. მაგრამ, მაინც მქონდა პატარა კომპლექსი. ახლა მეცინება, აბა, რა უნდა გავაკეთო.
– ძალიან აქტიური ხარ.
– სახლში, გარეთ, სულ ასეთი ვარ. ჩემს გარეშე ყოველთვის მოწყენილობაა. მე რომ მივალ, მაშინვე გახალისდებიან ხოლმე. ადრე თმას რომ მვარცხნიდა დედა, მთელ უბანს ესმოდა ჩემი ტირილი, ისეთი ჩახვეული თმა მქონდა. ხელი დააყოლე დედა-მეთქი, ვეუბნებოდი. საშინელი თმა მქონდა. როგორ ნელა არ უნდა დაევარცხნა, სულ მეწიწკნებოდა. ახლა შევიჭერი, ბალზამით ვიყენებ და ვიმორჩილებ.
– მკაცრი მშობლები გყავს?
– მამა უფრო მკაცრია, ვიდრე დედა. მამა სულ ამბობდა, ჩემი შვილი არ უნდა იყოს მოდელი და არც ჟურნალისტი, ექიმი უნდა გამოვიდესო, 6 საათზე სახლში უნდა ვიყო, თუმცა არ მამოწმებს, ალბათ, მენდობა, უფრო სწორად, დეიდას ენდობა.
– მამის ნათესავებს იცნობ?
– მამას 4 ძმა ჰყავს და მათ ბევრი შვილი ჰყავთ. ძირითადად, ფოტოებიდან და სკაიპით ვიცნობ. ბებია და ბაბუა გარდაიცვალნენ, არ ვიცნობდი და გული ძალიან მწყდება.
– ნიგერიაში არ გინდა წასვლა?
– იქ წასვლის არანაირი სურვილი არ მაქვს. იქ სულ შავები არიან, საქართველოში მირჩევნია. დედა მეხვეწება, წავიდეთო, მაგრამ უარს ვეუბნები.
– მონათლული ხარ?
– კი, მამა კათოლიკეა, მაგრამ 4 წლის ვიყავი, როდესაც მართლმადიდებლურად მოვინათლე. ოთხი ნათლია მყავს. ეკლესიაში დავდივარ, მოძღვარი მყავს, აღსარებას ვაბარებ, მარხვას ვინახავ.
– თაყვანისმცემლები ნამდვილად გეყოლება.
– კი, მყავს. თუ არ მომეწონება, ბიჭს არ დავიახლოვებ, თუ მომეწონება, მხოლოდ მაშინ ვიმეგობრებ. შეყვარებული არ მინდა, ვისაც ჰყავს, რა ხეირი? დღევანდელ დროს სიყვარული დროებითია, თორემ შოთა რუსთაველის დროს იყო ნამდვილი სიყვარული. ჯერ, ალბათ, ადრეა სიყვარული. თან, ცოტა ცანცარები არიან ბიჭები და ამიტომაც, არ ვიახლოვებ. ჯერ სერიოზული არავინ მინახავს და მერე ვნახოთ.
– როგორი ბიჭები მოგწონს?
– სერიოზული, ჩემსავით ხუმარა, განათლებული, ნაკითხი, ბევრდიპლომიანი, სიმპათიური. ან ჟურნალისტი უნდა იყოს, ან იურისტი. რაც მთავარია, ყურადღებიანი უნდა იყოს და კომპლექსებიანი არა. გახსნილი და თავისუფალი ადამიანები მომწონს.
– კანის ფერს აქცევ ყურადღებას?
– არ უნდა იყოს ზანგი, არც მულატი. საწინააღმდეგო რეაქცია მაქვს. უფრო თეთრი უნდა იყოს, სპორტული აღნაგობის და უნდა მომხიბლოს.