რა აკავშირებს თემურ ქამხაძეს ტომ კრუზის ცოლთან და როგორ აღმოჩნდა ის ალ პაჩინოს ახალგაზრდობაში
მსახიობი თემურ ქამხაძე მესამე წელია, ფლორიდაში ცხოვრობს და იქ განაგრძობს მოღვაწეობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს არცთუ ისე დიდი დროა, თავის დასამკვიდრებლად, შეძლო და წარმატებას გარკვეულ ეტაპზე მიაღწია. თავად მიაჩნია, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს და ეს საკმარისი სულაც არ არის. რას საქმიანობს ფლორიდაში და როგორია მისი ამერიკული ცხოვრება, ამას უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.
თემურ ქამხაძე: როცა უცხოეთში მიდიხარ სამუშაოდ, რაც არ უნდა ნიჭიერი და განათლებული იყო, თუ იმ ქვეყნის ენაზე არ მეტყველებ, აბსოლუტურად არავინ ხარ. მე, ფაქტობრივად, ენის გარეშე ჩავედი ამერიკაში. ბევრს იმის ილუზია აქვს, ამერიკაში ჩახვალ თუ არა დოლარებს ხეზე დაკრიფავ და ჩამოხვალ, მაგრამ ეს ასე არ არის.
– შენს შემთხვევაში როგორ მოხდა?
– ჩემი წასვლით რაღაც პროცენტი რისკთან იყო დაკავშირებული. 44 წლის ასაკში ხომ შეიძლება, ენა ვერ მესწავლა. არც ფიზიკურ სამუშაოს ვითაკილებ. მირჩევნია ვიმუშაო, ვიდრე მოვიპარო. მაგრამ, რა ვქნა, უბრალოდ არ მეხერხება „მალიარობა“, ჩემგან ხელოსანი არ გამოვიდოდა. ამიტომ სხვა გზა არ მქონდა, უპირველესად, თავი დავაკალი ენის სწავლას და ორი ენა ვისწავლე – ინგლისური და ესპანური. ყველა მსახიობი, ისევე როგორც მე, „ჰოლივუდზე“ ოცნებობს, რატომაც არა.
– ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ თავიდან როგორ მოხვდი ამერიკაში?
– ჩემი ბავშვობის მეგობარი ცხოვრობს იქ – პაატა ჭელიძე, რომელმაც ფლორიდაში თვე-ნახევრით დამპატიჟა. იქ ლათინი გოგო გავიცანი, რომელსაც დავუახლოვდი და ჩემი „გერლფრენდი“ გახდა. იმის გამო, რომ ენა არ ვიცოდი, მუნჯები ვიყავით. ერთმანეთს ჟესტებით ველაპარაკებოდით. სუფთა სინიორ რობინზონი და „პიატნიცა” ვიყავით. მერე საქართველოში ჩამოვიდა ჩემთან სტუმრად. ისიც ნახა, რომ აქ ვმუშაობდი და ჩემი საქმე მქონდა. მიუხედავად ამისა, შემომთავაზა, თუ სურვილი გაქვს, ერთად დავბრუნდეთ ამერიკაშიო. ამით გამოცდილებასაც მივიღებდი და ენასაც ვისწავლიდი. მეც დავთანხმდი და წავედი. ფილმშიც რომ არ მეთამაშა, იქ ან აწი აღარ ვითამაშო, მაინც არ ვინანებ რამეს. ასე რომ, გავრისკე და წავედი. დავიწყე სწავლა, თან საკმაოდ წარმატებით. ამასთან ერთად, ძალიან მალე ავიღე მუშაობის უფლება. მერე აუცილებელი გახდა მართვის მოწმობაც ამეღო, რადგან ამის გარეშე სამსახურის შოვნა ამერიკაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ინგლისურ ენაზე ვისწავლე ყველაფერი და ჩავაბარე. ეს იყო პირველი ეტაპი. მერე ცოლი მოვიყვანე.
– ვინ არის შენი მეუღლე?
– ის გოგო, რომელმაც ამერიკაში წამიყვანა – მერი ლუსი.
– ამ პერიოდში, პარალელურდ დაიწყო შენი სამსახიობო კარიერაც ამერიკაში. ამის შესახებ რას გვეტყვი?
– ქართველი რეჟისორი, ნიკა ხომასურიძე სადიპლომო ფილმს იღებდა „ჰოლივუდში“. მან დამირეკა და მითხრა, სასწრაფოდ ჩაჯექი თვითმფრინავში და ლოს-ანჯელესში ჩამოფრინდი, ხვალ გადაღებაა დანიშნულიო. ერთი სიტყვით, გადავფრინდი, ჩემი ეპიზოდიც გადავიღეთ, დათო ბახტაძეც ვინახულე და ფანტასტიკური დრო გავატარეთ. ამის შემდეგ ჩამოვედი ფლორიდაში და სწავლა და ფიზიკური ვარჯიში გავაგრძელე ინტენსიურად.
– მსახიობობის გარდა, ამერიკელი პოლიციელიც გახდი.
– გამომდინარე იქიდან, რომ უცხო ქვეყანაში გადავედი საცხოვრებლად, საჭიროდ ჩავთვალე, მათი კანონები ძირფესვიანად მესწავლა. კოლეჯში ვისწავლე, გავიარე ოფიცრის მომზადების კურსები. პირველი სამსახური ძალიან კარგად მახსოვს, სადაც ძალიან კარგად მიხდიდნენ. 5 წელიწადში ერთხელ იმართება ამერიკული ფეხბურთის მატჩი, სადაც ძალიან ძვირი ღირს მოხვედრა. მატჩის წინ შოუს „ჰოლივუდის“ ვარსკვლავები ხსნიან. ფეხბურთელების პირად დაცვაში ვიყავი. ვაშინგტონიდან ჩამოვიდნენ და მათ გაგვატარეს ინსტრუქტაჟი. მერი ისე მედგა გვერდში, რომ ჩემთან ერთად დაამთავრა კურსები და მანაც მიიღო პირველი ოფიცრის წოდება. უნდოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო, რამე შეცდომა რომ არ მომსვლოდა. მაშინ ენა კარგად არ ვიცოდი და ძალიან ვნერვიულობდი. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური. ამის მერე კიდევ გავაგრძელე სწავლა, მივიღე იარაღის ტარების უფლება, რომელსაც სამუშაო დღის შემდეგ ვაბარებდი. შემდეგ კიდევ ჩავაბარე გამოცდა და იარაღით მუშაობის უფლება მომცეს. ბოლოს თავისუფალი ოფიცრის წოდებაც მივიღე. დღეს უკვე ამერიკის 15 შტატში იარაღის ტარების უფლება მაქვს.
– ქართველს არასდროს შეხვედრიხარ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს?
– მანქანა იყო არასწორად დაპარკინგებული, ამოვაგდე მისამართი და წავედი. კარი კავკასიური გარეგნობის მამაკაცმა გამიღო. ნიუ-იორკში რომ ყოფილიყო, არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ფლორიდაში ქართველები თითქმის არ არიან. ტიპმა პოლიციელის ფორმაში გამოწყობილი რომ დამინახა, ბოდიშების მოხდა დამიწყო. საიდან ხარ-მეთქი ვკითხე და რუსეთიდანო. დაეზარა, ალბათ, იმის ახსნა, რომ იმ ჯორჯიიდან არ იყო, რომელიც, მისი აზრით, მე ვიცოდი. მივხვდი, რომ ქართველი იყო. ქართველი ხარ, ბიჭო-მეთქი, ვკითხე. გადაირია ტიპი.
– მაინც დააჯარიმე?
– არა, რა დავაჯარიმე, დავმეგობრდით და მერე ისეთი საბუთი მივეცი, მწვანე ავუნთე – სადაც უნდოდა, იქ გააჩერებდა მანქანას.
პარალელურად, არც სამსახიობო პროფესიას ვივიწყებდი და რამდენიმე ქასთინგში მივიღე მონაწილეობა, მათ შორის ესპანურშიც. ერთ-ერთი იყო დიდი, ჰოლივუდური ქასთინგი. ორი კვირის შემდეგ დამირეკეს, მართალი გითხრა, ამის იმედი აღარც მქონდა. დამირეკეს და მითხრეს, გილოცავთ, თქვენ ესპანელი უნდა ითამაშოთო. მსოფლიოში ორი ყველაზე დიდი გემია, რომლებსაც ტყუპებს ეძახიან. ორივე დაქირავებული იყო ამ გადაღებებისთვის ორი კვირის განმავლობაში.
– რომელ ფილმზეა ლაპარაკი?
– ადამ სანდლერი, რომელიც ჰოლივუდში ამ წლის საუკეთესო კომედიური ჟანრის მსახიობად აღიარეს, ამ ფილმის პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელია. თამაშობს და-ძმას ერთად. მის გმირს უკვე მოხუცებულობაში ალ პაჩინო ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობს, ტომ კრუზის მეუღლე, ქეით ჰოლმსი.
– კონკრეტულად, შენ ადამთან გქონდა სცენები თუ ალ პაჩინოსთან?
– გემზე ადამის ახალგაზრდობის პერიოდს იღებდნენ და მეც იქ ვიყავი. მასთან ერთად მქონდა ერთი-ერთზე სცენა, რაც სრულიად შემთხვევით მოხდა. თავიდან ბეგრაუნდში ვიყავი, რომელთანაც სხვა ჯგუფი მუშაობდა. მთავარ რეჟისორს მხოლოდ ვარსკვლავებთან აქვს კავშირი. გადაღების დროს, მოულოდნელად, მთავარმა რეჟისორმა შემნიშნა, მოიყვანეთ აქეთო, თქვა და ამის შემდეგ, აბსოლუტურად ექსპრომტად, დანიშნა ჩემი და ადამ სანდლერის სცენის გადაღება. ეს ბედია, ასე ხშირად არ ხდება. ამიტომ, ყველა, ვინც იქ იყო, მილოცავდა. ეს ჩემთვის მართლა კარგი მოთელვა იყო.
– ამჟამად ხომ არ ხარ დაკავებული რომელიმე რეჟისორთან?
– საკმაოდ წარმატებული რეჟისორია ნიკა ხომასურიძე, რომელმაც ლოს-ანჯელესში დაამთავრა სარეჟისორო ფაკულტეტი. მას უნდა, გადაიღოს ფილმი – „ჯინსების თაობა” და უნდა, მეც მივიღო მონაწილეობა.
– ყველაფერთან ერთად ძალიან კარგი პლასტიკური მონაცემები გაქვს, მუშაობდი სტუდია „ბერიკებში” ქორეოგრაფად, ასევე გყავდა შენი ანსამბლი „ბერუა,” გაფორმებული გაქვს ბევრი სპექტაკლი და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან ბევრ მსახიობს აქვს შენი ქორეოგრაფიული სკოლა გავლილი.
– კი, ძალიან ბევრია ასეთი. მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილი, ია სუხიტაშვილი, პოლიკა, სოფო ნიჟარაძეც იყო ცოტა ხანი ჩემს ანსამბლში, დათო მაცაბერიძე და ასე შემდეგ. ძალიან ბევრნი არიან და მიხარია, რომ ჩემმა მოწაფეებმა დღეს წარმატებას მიაღწიეს. ერთ-ერთი ჩემი მოსწავლე, შმაგი ჯიმშერაშვილი, რომელიც ბოლოს ჩემი მარჯვენა ხელი იყო, საბერძნეთში წავიდა და სერიოზულ ვარსკვლავთან ერთად ცეკვავდა. 4 ათას მონაწილეს შორის, უკრაინელ მოცეკვავესთან ერთად, ფინალში გავიდა და გაიმარჯვა. ახლა კი ერთ-ერთი დიდი მაღაზიის მენეჯერია იქ. ენაც ისწავლა, უნივერსიტეტიც დაამთავრა და ძალიან წარმატებულია იმ ქვეყანაში.
– თბილისში გყავს შვილი, რომელიც მახსოვს, ბავშვობაში ცეკვავდა. დღეს რას საქმიანობს?
– ანა უკვე მეორე კურსზეა, ჯავახიშვილში სწავლობს იურიდიულ ფაკულტეტზე 100-პროცენტიანი დაფინანსებით. ადვოკატობა უნდა. ძალიან ჭკვიანი ბავშვია და მინდა, მაგისტრატურა ამერიკაში გაიაროს. ეს არის ჩემი ერთ-ერთი მიზანი.
– როგორც გავიგე, საქართველოში გამომგზავრების დროს სასიამოვნო სიურპრიზი გაგიკეთა მეგობარმა.
– მე და ლაშა ონიანი დიდი ხნის მეგობრები ვართ. თბილისში რომ მოვდიოდი, ლაშამ ძალიან მაგარი სიურპრიზი მომიწყო. დამირეკა და მითხრა, გერმანიაში ჩამომიარე აუცილებლადო. ჩავედი და ძალიან გამახარა, მანქანა დამახვედრა საჩუქრად. ასე რომ, დიდი მადლობა ლაშა ონიანს ლამაზი საჩუქრისთვის.
– რა მანქანა გაჩუქა?
– კომპაქტი „ბეემვე.” ამ მანქანით ათენში წავედი შმაგისთან, შემდეგ კი საქართველოსკენ ავიღე გეზი.