რა „დიდი აბის“ გადაყლაპვას ურჩევს საქართველოში საფრანგეთის ელჩი ქართველებს
საფრანგეთის ელჩს, მის აღმატებულება ერიკ ფურნიეს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს, თუნდაც, იმიტომ რომ ის, მაინცდამაინც, კარჩაკეტილ დიპლომატთა რიცხვს არ მიეკუთვნება. მეტიც, ხშირადაც გამოთქვამს ხოლმე თავის მოსაზრებებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ვერც სიტყვაძუნწობას დავაბრალებთ. იმედი გვქონდა, რომ ბატონ ფურნიესთან პირადად მოვახერხებდით შეხვედრას (ასეთი იყო დაპირება), თუმცა, საბოლოოდ, ფრანგმა დიპლომატმა ჩვენი შეკითხვებისთვის წერილობით პასუხის გაცემა ისურვა, რაც ჩვენთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი პატივია. ოღონდ ამის გამო ვერ მოვახერხეთ მისი ზოგიერთი პასუხის ზოგიერთი პასაჟის დაზუსტება ან ოპონირების გაწევა (წერილობითი ფორმით დაზუსტებაზეც თავაზიანი უარი მივიღეთ), რაზეც მკითხველს ბოდიშს ვუხდი. შევეცადეთ, ბატონი ელჩისთვის ყველა ის შეკითხვა დაგვესვა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ინტერესსა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
ერიკ ფურნიეს ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ დამამთავრებელი კლასების კონკურსის ლაურეატია; აქვს თანამედროვე ლიტერატურის სპეციალისტის, ისტორიის მასწავლებლის, ფრანგული ლიტერატურისა და ცივილიზაციის სპეციალისტის, აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციათა ეროვნული ინსტიტუტის დიპლომები.
არის უმაღლესი რანგის მრჩეველი საგარეო საქმეებში (აღმოსავლეთი). საქართველოში საფრანგეთის ელჩად 2007 წელს დაინიშნა, მანამდე კი სხვადასხვა დროს მუშაობდა: ისლამაბადში, თეირანში, ნიუ-დელიში, მოსკოვში. საქართველოში დანიშვნამდე კი, 2005 წლიდან მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი იყო. ფლობს რამდენიმე უცხო ენას: ინგლისურს, რუსულს, ჰინდის, ურდუსა და სპარსულს.
ბატონი ელჩის პასუხების სტილი (პუნქტუაციის ჩათვლით) დაცულია.
– ჩვენთვის დიდი პატივია თქვენგან ინტერვიუს აღება და, უპირველესად, დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ გამონახეთ დრო ჩვენს შეკითხვებზე საპასუხოდ, თუნდაც, წერილობითი ფორმით. ბატონო ელჩო, თქვენ მიეკუთვნებით იმ დიპლომატებს, რომლებიც აშკარად აკრიტიკებენ ხოლმე ჩვენს მმართველობას. რა არის ამის მიზეზი? თუმცა, პირადად მე, მივესალმები კრიტიკას.
– ვიდრე თქვენს კითხვებზე პასუხს გაგცემდეთ, ნება მომეცით გითხრათ, რაოდენ შორსაა რეალობიდან მათში ასახული ხედვა. დასანანია, ვინაიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ინფორმაცია ან არ მოძრაობს, ან სრულიად დამახინჯებულია. ეს, ალბათ, მედიის მთავარი პრობლემაა საქართველოში.
რაც შეეხება უშუალოდ კითხვას: დიპლომატიაში ლაპარაკი არ არის კრიტიკაზე ან, კიდევ უფრო ნაკლებად, განსჯაზე, არამედ ლაპარაკია ანალიზსა და დაკვირვებაზე. ხანდახან ხდება, რომ ფაქტების უბრალო აღწერა მტკივნეული მოსასმენია როგორც უმრავლესობისთვის, ისე ოპოზიციისთვის.
– მე პირადად მოვისმინე თქვენი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი განცხადება საქართველოში ნეობოლშევიზმის შესახებ და ამის გამო სინანული გამოთქვით. მოგვიანებით სხვაგვარი ინტერპრეტაცია გაუკეთეთ თქვენს ნათქვამს, რა მიზეზით? თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ გაიმეორეთ ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის.
– ხომ ხედავთ? თქვენ ყველაფერს ამახინჯებთ: ჩემი სიტყვებიდან არაფერი უარვყავი, მაგრამ შევნიშნე, რომ ერთმა ჟურნალისტმა ჩემი გამოსვლის ერთი ნაწილი ამოჭრა, კონტექსტის გარეშე რომ გამოექვეყნებინა. საქმე მხოლოდ იმას ეხებოდა, რომ საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის აღქმა ისეთი სახით, როგორც ეს ფიგურირებდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შედგენილ მაღალი ხარისხის ანგარიშში, აყენებდა სერიოზულ პრობლემას, კერძოდ, ევროპის დახმარების ეფექტიანობის პრობლემას. მართლაც, თუ რეფორმები, რომლებსაც ვეხმარებით, შედეგს არ გამოიღებს, როგორც ეს სასამართლოს სფეროში მოხდა, მაშასადამე, არსებობს პრობლემა და საჭიროა მასზე დაფიქრება. ჩემი გამოსვლის მიზანი იყო, აღმენიშნა რისკი, რომ ფინანსური და პოლიტიკური დახმარების შედეგებს ქართული საზოგადოება ვერ ნახავდა.
– საფრანგეთი არის ერთ-ერთი იმ დასავლური ქვეყნებიდან, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოსთვის მაფის მინიჭებას ბუქარესტის სამიტზე. ანალიტიკოსების ნაწილმა, მოგვიანებით, ეს ფაქტი შეაფასა, როგორც მწვანე შუქის ანთება რუსეთისთვის სამხედრო აგრესიის დასაწყებად საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთი ვერ გაბედავდა ომს ნატოს წევრობის კანდიდატ ქვეყანასთან.
– დიახ, როგორც თქვენ ამბობთ, საფრანგეთმა ევროკავშირის ყველა ძირითადი ქვეყნების გვერდით, რომელიც მაშინ „ექვსეულის ევროპად” მოიხსენიებოდა, ჩათვალა, რომ 2008 წელს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება სარისკო იყო, ვინაიდან მრავალი საომარი ინციდენტის გამო რეგიონში არასტაბილური სიტუაცია იყო. ეს იყო ფრთხილი და გონივრული პოზიცია, რომელიც შემდეგში 2008 წლის ზაფხულის მოვლენებით გამართლდა. რაც შეეხება თქვენ მიერ ხსენებულ ანალიზს, მე მგონი, მოსკოვი უფრო კოსოვოს ცნობის შესახებ გადაწყვეტილებამ გააღიზიანა. ის სერბეთის დანაწევრებას პროვოკაციად თვლიდა. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, 7 აგვისტოს მოვლენები როგორ დაიწყო.
– რატომ არის საფრანგეთი ნატოში საქართველოს წევრობის წინააღმდეგი? უმორჩილესად გთხოვთ, გვითხრათ თქვენი არგუმენტები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნებს ჯერჯერობით, მაგრამ ჩვენ, ასევე, ვიცით, რომ ნატოს კავკასიაში საქართველოს გარდა, მოკავშირე არ ჰყავს და ეს არის მთავარი გასაღები ცენტრალური აზიისკენ. არ არის ეს საკმარისი იმისთვის, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რეალური მფარველობა გაუწიოს საქართველოს?! ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ დასავლეთის, მთლიანად ცივილიზებული მსოფლიოსი, ყველა იმ სიკეთისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეს, მაგრამ, თუ გულახდილები ვიქნებით, მეტს მოველოდით.
– სად ამოიკითხეთ ყოველივე ეს? გადაიკითხეთ ბუქარესტისა და ლისაბონის სამიტების დასკვნები და ნახავთ, რომ ნატოს წევრი ქვეყნები არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს ალიანსში შესვლას. საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ ჩვენ პრინციპში საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს: ავღანეთში ჩვენი ქვედანაყოფები ერთმანეთის გვერდით დგანან და ამ თვეებში პირველად იწყებენ ავღანელი არტილერისტების მომზადების პროგრამის განხორციელებას. ჩვენი ძალების რეალური სიახლოვის უკეთეს ილუსტრაციას მე ვერ ვხედავ. პირველად ისტორიაში, ნატოს მისიის ფარგლებში, ფრანგი და ქართველი მეომრები ერთად იბრძვიან ტერორიზმის წინააღმდეგ.
– გრძნობთ პასუხისმგებლობას 2008 წლის 8 აგვისტოს ომის გამო. როგორც ითქვა, ფაქტობრივად, გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის გამო ჩავარდა საქართველოსთვის მაფის მინიჭება ბუქარესტში?
– ვინ წამოიწყო ომი? პირველმა ვინ ისროლა ცხინვალის მიმართულებით? თქვენ ვერ შეძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას და პასუხისმგებლობის ძებნას სხვაგან და არა იქ, სადაც ის არის. ამასთან დაკავშირებით, თუ ცოტა შორს მოძებნით, ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოთ მენშევიკურ რესპუბლიკას, რომელმაც 1921 წელს ოსეთის მოსახლეობა გაჟლიტა (4 000 დაღუპული, 25 000 ლტოლვილი), და არა საფრანგეთს ან სხვა სახელმწიფოებს. ამ საქმეში რეალური პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარის ნაციონალიზმს, რომელიც ევროპის ომების უმრავლესობის საფუძველი იყო, რომელიც, საბედნიეროდ, გადავლახეთ და ავირჩიეთ სხვა ღირებულებები, რომლებიც წარმოსახვითი ერების ოცნებებზე მაღლა დგას.
– 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით და ინიციატივით. რუსეთი დღემდე არ ასრულებს ამ შეთანხმებას. რას გრძნობს საფრანგეთი?
– საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში ნახავთ ათასობით შეთანხმებას, რომლებიც არ სრულდება. ამის ჩამოთვლა მოსაბეზრებელი იქნებოდა. ავიღოთ, მაგალითად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ორი ძირითადი კონვენცია საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების შესახებ, რომლებსაც საქართველო არ ასრულებს. ჩვენ მათ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მაგრამ სხვები მათ პრიორიტეტულად არ მიიჩნევენ. რაც შეეხება 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებს, მათი დამსახურებაა კონფლიქტის შეწყვეტა და რუსული სამხედრო ძალების გასვლა მათ მიერ დაკავებული ზონებიდან. ეს დიდხანს გაგრძელდა და გადაუჭრელი პრობლემებიც რჩება, მაგრამ არსებობს ჟენევის ფორმატი დიალოგის გასაგრძელებლად. ამ ფარგლებში შესაძლებელია წინსვლას მივაღწიოთ გაეროსა და ეუთოს მხარდაჭერით.
– „მისტრალის“ შესახებაც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. რატომ აპირებდა საფრანგეთი რუსეთისთვის მის მიყიდვას? რას მოუტანდა, გარდა თანხისა, ეს გარიგება? სიმართლე გითხრათ, უშუალოდ ჩვენ დიდად არ გვანაღვლებს, მაგრამ ცივილიზებული მსოფლიოსთვის შესაძლოა, ქცეულიყო თავსატეხად, რადგან არავინ იცოდა წინასწარ, სად განათავსებდა მას რუსეთი, დიდი ალბათობით, წყნარ ოკეანეში.
– საფრანგეთს არაფერი გაუყიდია. საიდან მოგაქვთ ყოველივე ეს? არანაირ ხელშეკრულებაზე არ არის ხელი მოწერილი.
– შეგიძლიათ, გვითხრათ, რა რეალური ინტერესები აქვს ევროკავშირს საქართველოში, გარდა სტანდარტული დეკლარაციისა, რომ მხარს უჭერენ ქართული დემოკრატიის განვითარებას. რეალურ ინტერესებს ვგულისხმობ.
– ევროპის ინტერესები საქართველოში მრავალრიცხოვანი და ძალზე მრავალფეროვანია: ეკოლოგია (ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა, მთის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა), ადამიანის უფლებები, ენერგია (მონაწილეობა ჰიდროელექტრორესურსების განვითარებაში) და კულტურა. პოლიტიკურ სფეროში ჩვენ საქართველოს ვეხმარებით, რათა არჩევნები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბიუროს წესების შესაბამისად ჩაატაროს. ყველა ევროპული სახელმწიფოს ინტერესია საზღვრებთან ჰყავდეს სტაბილური, დემოკრატიული, პროგნოზირებადი და სანდო სახელმწიფო.
– ხანდახან მეჩვენება, რომ დაპირებები საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ ცარიელი სიტყვებია დასავლეთისთვის, უბრალოდ გულს არ გვიტეხენ იმ მშობლების მსგავსად, რომლებიც შვილებს საოცრებათა ქვეყანაში წაყვანას ჰპირდებიან, თუ ისინი კარგად მოიქცევიან. ვცდები?
– მოდი, რეალისტები ვიყოთ: ევროკავშირი აღიარებს საქართველოს მისწრაფებას ევროპისკენ, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა, სწრაფად დაიწყოს გაფართოების ახალი ფაზა მაშინ, როცა წევრი ქვეყნების უმრავლესობის პოლიტიკური აზრია, უარი ეთქვას უცხოელი მოსახლეობისთვის საზღვრების გახსნის პრინციპს. პოლიტიკა შესაძლებელისა და შეუძლებლის ჰარმონიული შეერთებაა. სხვათა შორის, ევროსაბჭოს სხდომაზე კოპენჰაგენში, 1993 წლის 21-22 ივნისს, მოხდა გაწევრიანების პირობების შეხსენება, რომელთა შორის აღნიშნულია ეროვნულ უმცირესობათა პატივისცემა და დაცვა. ამ მხრივ კი წინსვლა უნდა განხორციელდეს, კერძოდ, ოსებისა და აფხაზების მიმართ.
– საქართველოს, ქართველი ხალხის ისტორია და ლიტერატურა ადასტურებს, რომ ქართული და ევროპული ღირებულებები იდენტურია. ვგულისხმობ იმას, რომ ქართველი, როგორც მასალა, ევროპელია, ოღონდ რიგ ობიექტურ მიზეზთა გამო, გამოუცდელი. როგორ ფიქრობთ, საკმარისად ეხმარება ევროპა ქართველებს, რომ ნამდვილი დემოკრატიის აშენება შეძლონ?
– ევროპა საუკუნეთა განმავლობაში შენდებოდა და, სხვათა შორის, უფრო მეტად იდეებზე დაყრდნობით (განმანათლებლობა XVIII საუკუნეში), ვიდრე სისტემებზე. ნელ-ნელა გამოიკვეთა დემოკრატიული საყრდენი, რომელზეც ამჟამად ჩვენი ინსტიტუტები დგას. საქართველო საერთო მოძრაობას შეუერთდება მას შემდეგ, რაც გადაყლაპავს ეგრეთ წოდებული „ევროკავშირის მიერ შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების” დიდ აბს, რომელიც მოიცავს საკანონმდებლო ტექსტებსა და წესდებებს, ნორმებსა და შეზღუდვებს. მაგრამ ეს რთული და ხშირად მტკივნეული პროცესია. საქართველოში მთელი ჩვენი საქმიანობის მიზანია დეტალურად ავხსნათ ამ გამოცდილების მიზეზები, მისი დასაბუთება და სარგებლობა საქართველოსთვის.
– შეაფასეთ ქართული მედია, მიუთითეთ მის ნაკლზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ისედაც ვიცით, მაგრამ თქვენი აზრი გვაინტერესებს. და, თუ ეს შესაძლებელია, გთხოვთ, დაარღვიოთ დიპლომატიური შეზღუდვები ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას. ქართული სიბრძნე ამბობს, რომ მეგობარს მხოლოდ სიმართლე უნდა უთხრა. თუ მეგობრებად მიგვიჩნევთ, მიგვითითეთ ჩვენს უარყოფით მხარეებზე.
– უამრავ ანგარიშებშია აღწერილი ქართული მედიის სუსტი მხარეები: არხები, რომლებზეც ვერავინ გეტყვით, ვის ეკუთვნის; მთავარი რედაქტორები, რომლებიც თემებს თვითნებურად ირჩევენ; ჟურნალისტები, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შიშით თვითცენზურას მიმართავენ, პროფკავშირის არარსებობა საავტორო უფლებების დასაცავად; კვალიფიკაციის ნაკლებობა, რაც უმრავლესობას საშუალებას აძლევს, შეუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელოს; დაპირისპირებული დებატების არარსებობა; მოკლედ, არასრულყოფილი ინფორმაცია, რომელიც პროვინციებში ხშირად ხელმისაწვდომი არ არის.
– და ბოლოს, თქვენი საელჩოს ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ საქართველოში არ არის უსაფრთხო კრიმინოგენური გარემო, არის ცუდი გზები და არანაკლებ ცუდი კლიმატი, რაშიც ვერ დაგეთანხმებით კატეგორიულად. მართლაც, ასეთი საშიშ ადგილად მიგაჩნიათ საქართველო? მკითხველისთვის მივუთითებ ლინკს: http://www.ambafrance-ge.org/EssaiSPIP/spip.php?article307, ხოლო მათთვის, ვისთვისაც ინტერნეტი ხელმიუწვდომელია, მოვიტან ციტატას: „კლიმატური პირობები და მოუვლელი ასფალტის საფარი საგზაო მოძრაობას ხშირად რთულსა და სახიფათოს ხდის. სიჩქარის აკრძალვა ქალაქში 30კმ/სთ-ია, ხოლო გზადკეცილზე 60 კმ/სთ.
ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღვარზე მძვინვარე კონფლიქტური სიტუაციებიდან გამომდინარე, უცხოელ მოქალაქეებს კატეგორიულად ეკრძალებათ შემდეგ რეგიონებში გამგზავრება:
ჩრ. კავკასიის რესპუბლიკების მოსაზღვრე ზონები (ჩეჩნეთი, დაღესტანი, ჩრ. ოსეთი) და პანკისის ხეობა, სადაც ამჟამად დაახლოებით 4 000 ლტოლვილი იმყოფება.
აფხაზეთისა და სამხ. ოსეთის სეპარატისტული ოლქები:
ქართულ-აფხაზური შეტაკებების გახშირებისა და რეგიონში დაძაბული სიტუაციის გამო, იკრძალება აფხაზეთისა და მაღალმთიან კოდორის ხეობაში (ჯერ კიდევ აფხაზეთის სვანეთი) გადაადგილება.
თბილისიდან 60 კმ ჩრდილოეთის მიმართულებით გორის რაიონში, სამხ. ოსეთის მახლობლად, საკუთარი ავტომანქანებისა და სახელმწიფო ტაქსიზე თავდასხმების, განუკითხაობისა და ყველანაირი საქონლით უკანონო ვაჭრობის გამო, გადაადგილება არაა რეკომენდებული.
უცხოურ მანქანებზე გატაცებების მიზნით შეიარაღებული თავდასხმები ახლახან აღინიშნა თბილისში, ქუთაისში, უდაბნოში.
ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე, ისევე როგორც დედაქალაქში, უსაფრთხოების რაიმე სერიოზული პრობლემა არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით რიგით დანაშაულს (ქურდობა, ძარცვა). საერთო წესით, ღამე გადაადგილებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო“.
– არ ვიცი საიდან მოგაქვთ ყოველივე ეს. ერთადერთი რამ, რაც თავში მომდის „მოგზაურებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებთან” დაკავშირებით, არის სიფრთხილე გზებზე, რომლებიც მართლაც საშიშია საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუ არ მეთანხმებით, დასანანია, მაგრამ, რაც საქართველოში ჩამოვედი, ბევრი მეგობარი დავკარგე საგზაო კატასტროფებში. ამ საუბრის დასრულებისას მე მათზე ვფიქრობ.