კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კონკრეტულად რა მოხდება დედამიწაზე გლობალური დათბობის შედეგად და რატომ არის გარდაუვალი რამდენიმე ქვეყნის ჩაძირვა

მართალია, დედამიწის მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში: ხან გავლენის სფეროებს ედავებიან ერთმანეთს, ხანაც – მიწას ვერ ინაწილებენ, თუმცა, თუ გლობალურ დათბობასა და მომრავლებულ არანაკლებ გლობალურ კატასტროფებს გავიხსენებთ, შესაძლოა, მალე მიწა ფეხქვეშაც არ დაგვრჩეს. მართალია, მეცნიერები გვარწმუნებენ, იაპონიის მიწისძვრის შემდეგ დედამიწის ღერძი უმნიშვნელოდ გადაიხარაო, თუმცა, რაკი ეს პირველი გადახრა არ არის, თუ ასე გაგრძელდა, მნიშვნელოვნებასაც შეიძენს. კლიმატის ცვლილება უკვე უბრალო მოკვდავებისთვისაც თვალშისაცემია. მეცნიერები გვიხსნიან, რომ დედამიწაზე კლიმატის გადაწყობის პროცესია. მოკლედ, გლობალური დათბობა დაწყებულია და იმის შესახებ, მოახერხებს თუ არა ადამიანი მის შეჩერებას, გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი გრიგოლ ლაზრიევი გვესაუბრება.

– დავიწყოთ იმით, თუ რა იწვევს გლობალურ დათბობას: ატმოსფეროში არსებობს გაზები, რომლებიც თავისუფლად ატარებენ მზიდან წამოსულ სხივებს, დედამიწიდან წასულს კი ამუხრუჭებენ. ეს გაზები ყოველთვის არსებობდა ატმოსფეროში, მაგრამ გარკვეული წონასწორობა იყო შექმნილი და დედამიწაზე კლიმატი ჩამოყალიბდა. დაახლოებით, მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებიდან, როდესაც დაიწყო ეგრეთ წოდებული სამრეწველო რევოლუცია, ადამიანი შეუდგა წიაღისეული საწვავის მოხმარებას. მათი წვის პროცესში კი წარმოიქმნება ნახშირორჟანგი, საერთოდ, ყველა სათბური გაზი ხასიათდება თვისებით, რომ ამუხრუჭებს დედამიწიდან კოსმოსში გატყორცნილ სითბოს. რაკი ასეთი გაზების კონცენტრაციამ მოიმატა, დედამიწიდან გასხივებული სითბოს უფრო მეტი რაოდენობა რჩებოდა და დაიწყო ტემპერატურის მატება, რაც კლიმატის გადაწყობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. უკვე უეჭველია, რომ დედამიწაზე მატულობს ტემპერატურა და ეს მატება განაპირობებს სხვადასხვა მოვლენას. უპირველესად, იწევს ოკეანის დონე. ნებისმიერი ფიზიკური სხეული გათბობის შედეგად ფართოვდება, წყალიც ფიზიკური სხეულია და ამიტომაც ოკეანის დონემ საშუალოდ 9-12 სანტიმეტრით აიწია, რაც დიდ საფრთხეს უქმნის როგორც მცირე კუნძულოვან სახელმწიფოებს, ისე ისეთებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ზღვისა და ოკეანის პირასაა.

– გოლფსტრიმის დინება რა მდგომარეობაშია. სწორედ მის გადანაცვლებას უკავშირებენ ევროპაში მოხშირებულ უჩვეულო სიცივეებს?

– ეს არის თბილი დინება, რომელსაც ეკვატორული ნაკადი მიაქვს სკანდინავიისკენ. ის დიდი ბრიტანეთის კუნძულს ჩაუვლის და ამარაგებს იმ რეგიონს სითბოთი. გოლფსტრიმის დინებას საფრთხე შეექმნა გლობალური დათბობის გამო. ყინულის დნობის შედეგად მლაშე დინებაში ჩაედინება ცივი წყალი. მლაშე და ცივი მტკნარი წყლის შერევა კი გაცილებით დიდ საფრთხეს ქმნის: ეს იწვევს გოლფსტრიმის დინების შესუსტებას. მართალია, გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ გოლფსტრიმის დინება გაქრა, მაგრამ ის შესუსტდა და მიმართულებაც ოდნავ შეიცვალა. თუ დედამიწაზე დათბობის პროცესი გაგრძელდა და ადამიანმა იგნორირება მოახდინა კლიმატის ცვლილების პრობლემაზე, არ არის გამორიცხული, გოლფსტრიმის დინება გაქრეს.

– რომ გაქრეს, რა მოხდება?

– მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაიწყება გამყინვარების პერიოდი. დაახლოებით, 4-6 გრადუსით დაიკლებს საშუალო ტემპერატურა. ასეთი კლება კი დამანგრეველია: მოსპობს სოფლის მეურნეობას, ეკოსისტემებს, ეკონომიკაც კატასტროფის წინაშე დადგება.

– ჩვენ ვლაპარაკობთ გლობალურ დათბობაზე, რაც ყოველთვის დათბობით არ გამოიხატება. აცივების შემთხვევებიც არის. აგვიხსენით ეს სქემა.

– დედამიწაზე რთული ატმოსფერული და ოკეანური დინებებია. ხშირად მოგვისმენია, როდესაც საქართველოში სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ, მაგალითად, არქტიკიდან შემოიჭრა ცივი ჰაერის მასები. ეს ცირკულაციები საკმაოდ რთულია და, თუ სადმე თბილი ნაკადი დაიძვრება, მან შეიძლება, იქიდან ცივი ჰაერი წამოიღოს. ცირკულაციების გააქტიურება და სახეცვლილება იწვევს საერთო ტემპერატურის აწევას, მაგრამ ცივი მასების შემოსვლის გააქტიურებამ შესაძლოა, აციება გამოიწვიოს. მაგალითად, მეცნიერებმა შეისწავლეს, რომ შავ ზღვაში ვერტიკალური ცირკულაციაა, რომელსაც ქვედა ფენებიდან ამოაქვს ცივი წყალი და ეს ცივი წყალი სანაპირო ზოლზე აგრილებას იწვევს. მაგრამ გამყოფ ქედზე ვერ აღწევს, ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში ტრადიციული დათბობაა. გლობალური დათბობის გამო შესაძლოა, ეს ცირკულაცია გააქტიურდეს, უფრო მეტი ცივი წყალი ამოიტანოს და იმის ნაცვლად, რომ დათბეს, აცივება დაიწყოს დასავლეთ საქართველოში. ეს, ფაქტობრივად, დამტკიცებულია მეცნიერების მიერ.

– ეს მცირე ზომის შავი ზღვა თუ ასეთ ცვლილებას იწვევს, ოკეანეებში ხომ უფრო ძლიერი და მასშტაბური ცირკულაციებია. იქ რა ხდება?

– მარჯნის რიფებს ექმნება დიდი საფრთხე; საერთოდ, ოკეანეების მთელ ეკოსისტემას და ზოგიერთ ისეთ სახეობას, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ წყლის მიმოქცევაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ოკეანეც გვაღელვებს, მაგრამ საქართველო უფრო მნიშვნელოვანია. საქართველო თავისი ბიომრავალფეროვნებით უნიკალური ქვეყანაა. გვაქვს თითქმის ყველა კლიმატური ზონა, ამიტომ, ცხადია, შესწავლა აუცილებელია, რომ განვსაზღვროთ, რა შეიძლება, დაემართოს ჩვენს ეკოსისტემებს. ქართველი მეცნიერები მუშაობენ ამ მიმართულებით და ჯერჯერობით კატასტროფული საფრთხე არ გვემუქრება. მაგრამ, თუ გლობალური დათბობა ინტენსიურად გაგრძელდება, მაშინ შეიძლება, საფრთხე შეექმნას ბუნებრივ ეკოსისტემებს. არსებობს ასეთი პროგნოზი: მოგეხსენებათ, მაღალმთიანეთში, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, სადაც ალპური საძოვრებია, ტყე რაღაც სიმაღლემდე იზრდება მხოლოდ იმიტომ, რომ ტემპერატურული რეჟიმი არ არის საკმარისად კარგი. გლობალური დათბობის შედეგად კი, ტყეს ექნება საშუალება, ზემოთ წაინაცვლოს. მცენარეები უფრო მაღალ სიმაღლეებზე გაიზრდება და გამოდევნის საძოვრებსა და სათიბებს, რაც პრობლემას შეუქმნის მოსახლეობას.

– იმ ტყის გაკაფვა არ შეიძლება?

– ეს საკმოდ რთულია. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ საკვებად ვარგისი მცენარეები ვეღარ გაუძლებს ამ მაღალ ტემპერატურას და მათ ჩაენაცვლება სარეველები, რომლებიც უფრო ამტანებია. ამას გარდა, მნიშვნელოვანი პრობლემაა გვალვებისა და წყალდიდობების გახშირება. ყოველ წელს ძალიან ძლიერი წყალდიდობებია დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთში კი – ძლიერი გვალვები. ამას დაემატა ბუნებრივად მძიმე ფონი, როდესაც მოსახლეობამ გაჭირვების გამო მთლიანად გაჩეხა ქარსაცავი ზოლები. ქარი ისედაც აძლიერებს მიწის გამოფიტვის პროცესს, თან წარეცხავს ზედა, ნაყოფიერ ფენას. მეცნიერები ასაბუთებენ, რომ ეს ყველაფერი განპირობებულია კლიმატური ცვლილებებით.

– ამდენ მტკიცებას, ქარსაცავი ზოლები გაგვეკეთებინა, თუნდაც, რამდენიმე წლის წინათ რომ დაგვერგო, გაზრდილები იქნებოდნენ?

– ჩვენი თხოვნით გერმანიის მთავრობამ გარკვეული თანხა გამოყო და დაიწყო ქარსაცავი ზოლების რეაბილიტაცია.

– ჩვენ ამის ფულიც არ გვაქვს?

– ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით: ქარსაცავ ზოლზეცაა ლაპარაკი, საირიგაციო სისტემების აღდგენაზეც და ბევრ სხვა ღონისძიებაზეც, რომ ნიადაგის დეგრადაცია შესუსტდეს. საქართველოში ძალიან რთული ვითარებაა ნიადაგების მხრივ.

– წყალდიდობები მხოლოდ უხვ ნალექებს უკავშირდება?

– არა მხოლოდ, შეიცვალა ნალექების ხასიათი. თუ, ვთქვათ, თვიური ნალექი იყო 100 მილიმეტრი შესაძლოა, ისევ დარჩა, მაგრამ, თუ ეს რაოდენობა ერთ თვეზე იყო განაწილებული, ახლა შეიძლება, თვიური ნორმის ნახევარი ერთ დღეში მოვიდეს. ეს იწვევს თავსხმა წვიმას, მეწყერსა და ღვარცოფს. ამას გარდა, აქაც იგივე პრობლემაა: მოსახლეობამ ტყე გაჩეხა საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს. კონტროლი რომ არც ყოფილიყო, ეს მაინც არ უნდა გაეკეთებინათ, რადგან იციან, რომ ამას შესაძლოა, მოჰყოლოდა ღვარცოფი, მეწყერი და ასე შემდეგ. მოკლედ, ფონიც მძიმე იყო და, ამას რომ კლიმატის ცვლილებაც დაერთო, საკმაოდ ნეგატიური შედეგი მივიღეთ.

– თუ არსებობს დედამიწაზე მეტ-ნაკლებად დაცული ტერიტორიები, სადაც ისეთი მიკროსისტემაა, რომ გლობალური დათბობით ყველაზე ნაკლებად დაზარალდება?

– ფაქტობრივად, არ არსებობს სახელმწიფო, რომელზეც ნეგატიურ ეფექტს არ მოახდენს კლიმატის ცვლილება. შესაძლოა, რომელიმე სახელმწიფოში კლიმატის ცვლილებამ დადებითი როლი შეასრულოს: რაღაც კულტურა ვერ მოჰყავდათ და მოიყვანონ, მაგრამ, საერთო ჯამში, ვერ ნახავთ სახელმწიფოს მსოფლიოში, რომლისთვისაც კლიმატის ცვლილება დადებითი იქნება, რადგან ნეგატიური მოვლენები ბევრად სჭარბობს დადებითს.

– დედამიწაზე კუნძულოვანი სახელმწიფო ბევრია. არის პროგნოზი, რომ გლობალური დათბობის გამო შესაძლოა, ისინი გაქრნენ. ადამიანებს, ვთქვათ, გადაარჩენენ, მაგრამ რა გამოდის: რამდენიმე სახელმწიფო უბრალოდ გაქრება?

– კლიმატის ცვლილების კონვენცია პირობითადაა გარემოს დაცვის კონვენცია, რეალურად ის მთელი მსოფლიო ეკონომიკის მარეგულირებელი კონვენციაა. კლიმატის ცვლილებას რომ შეებრძოლო, უნდა შეამცირო სათბური გაზების რაოდენობა. ანუ ნაკლები დაწვა გაზი თუ ნავთობი; თუ ნაკლებს დავწვავთ, ნაკლებ ენერგიას მივიღებთ, მთელი ეკონომიკა კი ენერგიას ემყარება. ესე იგი, ყველამ უნდა შეწყვიტოს განვითარება. მსოფლიო ორ ნაწილადაა გაყოფილი: განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებად. განვითარებულებს ავალდებულებენ, შეამცირონ მოხმარება. ლაპარაკია იმაზე, რომ მათ 20-25 პროცენტით შემცირებას დაავალდებულებენ.

– ცოტა სასტიკად ხვდება ყურს, მაგრამ, რაკი ადამიანები არ ამცირებენ ამ საწარმოო გამონაბოლქვს, ბუნება თვითონ მოუვლის ამ პრობლემას და უბრალოდ გააქრობს სახელმწიფოებს?

– განვითარებულ ქვეყნებს აქვთ იმის პოტენციალი, რომ შეეგუონ ამ შეზღუდვებს, მაგრამ განვითარებად ქვეყნებს არ აქვთ იმის უნარი, დახმარების გარეშე შეებრძოლონ ამ პრობლემას.

– ვინ უფრო მეტად აბინძურებს: განვითარებადი თუ განვითარებული ქვეყნები?

– ყველაზე მეტად ატმოსფეროს ამჟამად სათბურის გაზებით აბინძურებს ჩინეთი, ასევე, ძალიან დიდია ინდოეთის წილიც.

– ბევრნი რომ არიან, იმიტომ?

– ბევრნი არიან და, ამასთან, ძალიან სწრაფად ვითარდებიან. ისინი მზარდი ეკონომიკის მქონე განვითარებადი ქვეყნები არიან და გამოდის ნონსენსი: განვითარებულმა ქვეყნებმა რომ შეამცირონ კიდეც წარმოება, ესენი იმდენს უმატებენ, რომ შემცირებას ეფექტი არ ექნება.

– ესე იგი, საშველი არ ყოფილა.

– ამ წლის ბოლოს სამხრეთ აფრიკაში იმართება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, რა ვალდებულებებს აიღებენ ქვეყნები 2013 წლიდან.

– თუ გლობალური დათბობა თანდათანობით მოხდება, არის იმის შესაძლებლობა, რომ შეეგუოს ახლებურ კლიმატურ პირობებს დედამიწა?

– უკვე დამტკიცებულია, რომ ბუნებრივი ადაპტაცია ვერ მოესწრება. ადამიანი თუ არ ჩაერია, თავისით ვერ ასწრებენ მცენარეები და ცხოველები შეგუებას.

– გამოდის, რომ ადამიანს ენერგიის ალტერნატიული წყაროები ჰაერივით სჭირდება?

– ძალიან რთული ვითარებაა. ძალიან აქტუალურია ჰიდრორესურსები, მით უფრო, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი ამ მხრივ. მალე საქართველოში, ალბათ, მთელი ელექტროენერგია იქნება ჰიდრო. ამასთან, დიდი რაოდენობით მივაწვდით თურქეთს, იქიდან კი – ევროკავშირს.

– ქარი? სურამის ქედზე საოცარი ამბები გავიგე: ერთი პატარა მონაკვეთი მთელ საქართველოს გაანათებსო.

– ქარის ენერგეტიკაც ძალიან სწრაფად ვითარდება. საქართველოში, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი პატარა ტურბინა დგას, უფრო საჩვენებლად, მაგრამ პოტენციალი ძალიან დიდია. განახლებად ენერგიას თანდათან ოქროს ფასი ექნება.

– ვიხეირებთ გლობალური დათბობით?

– თუ კარგად გააზრებული პოლიტიკა გვექნა, ეს ოქროა: გინდა, ნავთობი გქონია და გინდა, ქარი.

– გლობალური დათბობის გამო ქარის ინტენსივობა და სიხშირე არ შეიცვლება?

– ამას შესწავლა უნდა, მაგრამ ისეც არ შეიცვლება, რომ სულ არ იყოს. ამ მხრივ, გლობალური დათბობა ჰიდრორესურსებსაც უქმნის პრობლემას, ამიტომ უნდა შევისწავლოთ, რა მოუვა ჩამონადენ ნალექებს.

– მეტი მკაფიოობისთვის, აღვწეროთ, რა მოხდება დედამიწაზე კლიმატური ცვლილების შედეგად?

– პირველი პრობლემა: სასმელი წყლის ნაკლებობა. მოგეხსენებათ, მდინარეებს კვებავს მყინვარები. მართალია, დათბობის შედეგად წყლის რაოდენობა მოიმატებს, რაც წყალდიდობებსა და ათასგვარ უბედურებას გამოიწვევს, მაგრამ მყინვარის დაკლება წყლის რაოდენობასაც შეამცირებს. განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას წყლის ნაკლებობა მნიშვნელოვან პრობლემას შეუქმნის. ამას გარდა, სურსათის ნაკლებობის პრობლემაც დადგება. მოსახლეობაც მატულობს და მათი მოთხოვნები და საშუალებებიც იზრდება. მაგალითად, თუ 60-იან წლებში ერთი ჩინელი 20 კილოგრამ ხორცს მოიხმარდა, ამჟამად 50 კილოგრამი სჭირდება. ჯერჯერობით ჩინეთი ახერხებს, რომ თავისი რესურსით დაიკმაყოფილოს სასურსათო მოთხოვნილება, მაგრამ დადგება მომენტი, რომ იძულებული გახდება, შეისყიდოს. დედამიწაზე კი რამდენი პროდუქცია შეიძლება, აწარმოო, რომ შენი მოსახლეობაც დააკმაყოფილო და სხვასაც მისცე?! ამიტომ საქართველომ უნდა შეძლოს, რომ ნაწილობრივ მაინც დაიკმაყოფილოს თავისი სასურსათო მოთხოვნილება საკუთარი ძალებით. გლობალური დათბობა ჰიდროენერგეტიკულ რესურსზეც აისახება. წაინაცვლებს საკურორტო ზონებიც: ზოგან გაქრება, ზოგან, სადაც საკურორტო ადგილი არ იყო, გაჩნდება, მაგრამ, საერთო ჯამში, ნეგატივი გაცილებით მეტი იქნება.


скачать dle 11.3